05 დეკემბერი 2019 - 21:50

იცით თუ არა, რა კრიტერიუმებით განასხვავებენ განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს?

ნიუ-დელი, ინდოეთი

ნიუ-დელი, ინდოეთი

ფოტო: Shutterstock.com

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია განვითარების დონის მიხედვით ქვეყნების ჩამონათვალს სისტემატურად აქვეყნებს. მსგავს კვლევებს სხვა საერთაშორისო გაერთიანებებიც ატარებენ, თუმცა კრიტერიუმები მეტ-ნაკლებად განსხვავებულია. რა უდევს საფუძვლად ქვეყნების ტიპოლოგიას? რა კრიტერიუმებით აკუთვნებენ მათ ამა თუ იმ კატეგორიას? რას ნიშნავს განვითარებული, განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყანა?

სულ რამდენი სახელმწიფოა თანამედროვე მსოფლიოში?

გაეროს მონაცემებით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით დღეისათვის 195 დამოუკიდებელი სახელწიფო არსებობს. ამ ჩამონათვალშია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი 193 ქვეყანა და 2 არაწევრი, დამკვირვებლის სტატუსის მქონე სახელმწიფო - ვატიკანი და პალესტინა. მსოფლიოში ქვეყანა უფრო მეტია, ვიდრე სახელმწიფო, რადგან პირველი ტერმინი უფრო ფართოა, ვიდრე მეორე.

ქვეყნები ერთმანეთისგან ფართობით, მოსახლეობით, ნაციონალური და ეთნიკური შემადგენლობით, ეკონომიკური განვითარების დონითა და თავისებურებით განსხვავდებიან. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის თუ რა როლი აქვთ მათ საერთაშორისო ბაზარზე.

როგორ ხდება ქვეყნების კლასიფიკაცია? 

მსოფლიოს ქვეყნების სისტემატიზება ძალიან მნიშვნელოვანი და ამავდროულად, ძალიან რთული დავალებაა. ამა თუ იმ ქვეყნის ფორმირებისა და განვითარების თავისებურებებზე ხომ უამრავი მასალა არსებობს. აქ იგულისხმება შიდა ეკონომიკური სტრუქტურის ჩამოყალიბების კანონზომიერება, მსოფლიო მეურნეობასა და შრომის საერთაშორისო ბაზარზე ამა თუ იმ ქვეყნის წილი და სხვ. 

და მაინც, ქვეყნების საყოველთაოდ აღიარებული ტიპოლოგია დღემდე არ არსებობს. ქვეყნები, რომლებიც საზოგადოების საქმიანობის შედეგია, ბევრად ცვალებადია, ვიდრე ცოცხალი ან არაცოცხალი ბუნების ობიექტები. მეორე მხრივ, ეს ცვალებადობა სრულად შესაბამისი ობიექტური კრიტერიუმების ჩამოყალიბებას ართულებს. ამ ნეგატიური მომენტის გადალახვა კი ქვეყნების ტიპოლოგიისადმი უფრო ფრთხილი მიდგომით არის შესაძლებელი, რაც ამა თუ იმ სახელწიფოს ჩამოყალიბების ისტორიული ფესვების შესწავლას, ფორმირების კანონზომიერებაზე დაკვირვებასა და მსოფლიო ეკონომიკის კონტექსტში მის კვლევას გულისხმობს.

საერთაშორისო ორგანიზაციები (გაერო, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და სხვ.) ქვეყნების ტიპებს მათი ფორმირების, განვითარების ისტორიული თავისებურებებისა და მაკროსტატიკური მონაცემების შესაბამისად  გამოყოფენ.

გაერო რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს?

გაეროს მეთოდიკის მიხედვით, უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კოეფიციენტია. ეს გულისხმობს მთლიან შიდა პროდუქტს, მთლიან ეროვნულ პროდუქტსა და ორივე მათგანის შეფარდებას ერთ სულ მოსახლეზე. ქვეყნის ეკონომიკური განვითარებას სწორედ წლების განმავლობაში დაფიქსირებული მთლიანი შიდა და მთლიანი ეროვნული პროდუქტების დინამიკა ასახავს. 

მნიშვნელოვანი კომპონენტია დარგობრივი ეკონომიკის სტრუქტურა და ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დასაქმება ეროვნული ეკონომიკის მიმართულებით. სწორედ ამით გაეროს ექსპერტები ეკონომიკის ყველა სექტორის ურთიერთკავშირსა და მათში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის ჩართულობას აანალიზებენ. ასევე განისაზღვრება ეკონომიკის თითოეული სექტორის როლი ქვეყნის საერთო ეკონომიკაში. 

ამა თუ იმ სახელმწიფოს შედარება სხვა ქვეყნებთან საწარმოო ინდუსტრიაში ახლად შექმნილი პროდუქციის ინდიკატორის მიხედვით (ღირებულება, დამატებითი გადამუშავება ან წმინდა ღირებულება) მისი განვითარების რეალურ დონეს მეტ-ნაკლებად ასახავს.

გაეროს ექსპერტები შეფასებისას „ინდუსტრიალიზაციის კოეფიციენტსაც“ იყენებენ. ეს უკანასკნელი ასახავს, მთელი მსოფლიოს ინდუსტრიული პროდუქციის რა პროცენტული მაჩვენებელი მოდის მთელი მსოფლიოს მოსახლეობის 1%-ზე, რომელიც ამ ქვეყანაში ცხოვრობს. ეს არის დროში ცვალებადი კრიტერიუმი, რომელიც კარგად ასახავს განვითარების არათანმიმდევრულობასა და ქვეყნის ადგილის ცვლილებას მსოფლიო კაპიტალისტურ სისტემაში. 

ამა თუ იმ ტიპის მიკუთვნებისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმია საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები. ეს არის კაპიტალის ექსპორტი მაღალგანვითარებული ქვეყნებისთვის, განვითარებადი სახელმწიფოსთვის კი - უცხოური კაპიტალდაბანდება.

ასევე მნიშვნელოვანია ქვეყნის წილი მსოფლიო ექსპორტში. ეკონომიკური ექსპორტის ეფექტიანობას ადგენენ სპეციალური ფორმულით, რომელიც ითვალისწინებს ექსპორტის ეფექტიანობის კოეფიციენტს, ქვეყნის ექსპორტს ერთ სულ მოსახლეზე,  ქვეყნის ექსპორტის წილი კონკრეტულად მის მშპ-სა და ამავდროულად მსოფლიო მშპ-ში.

ქვეყნების კატეგორიებად დაყოფისას მხოლოდ ეკონომიკური ფაქტორია მნიშვნელოვანი? 

ამა თუ იმ ქვეყნის ტიპის განსაზღვრისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია სოფლის მეურნეობაში კაპიტალიზმის განვითარების თავისებურებები და დონე. მოცემულ შემთხვევაში არჩეულია ორი მაჩვენებლის კომბინაცია. ეს არის სოფლის მეურნეობაში შრომის ნაყოფიერება და მიწის ათვისების დონე ან მიწის ნაყოფიერება.

ამა თუ იმ ქვეყნის გარკვეული კატეგორიისთვის მიკუთვნების დროს თითოეული კატეგორიის მახასიათებლებს შორის მნიშვნელოვანია სოციალური ფაქტორი. სწორედ მოსახლეობის წიგნიერებისა და  განათლების დონე ქმნის წარმოდგენას, სამუშაო ძალა რა დონეზეა მომზადებული და რა რაოდენობის მაღალკვალიფიკაციური ადამიანური რესურსი აქვს ამა თუ იმ ქვეყანას. ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განვითარებადი ქვეყნებისთვის, სადაც ამ სფეროში დიფერენციაცია განსაკუთრებით თვალსაჩინოა. პოსტინდუსტრიული ქვეყნებისთვის კი სამეცნიერო კვლევების განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

რას ნიშნავს სტატუსი „განვითარებადი“ ეკონომიკა ან „გარდამავალი“?

თანამედროვე მსოფლიოს ქვეყნები 3 ჯგუფად იყოფა: ეკონომიკურად განვითარებული (პოსტინდუსტრიული) ქვეყნები, ეკონომიკურად სუსტად განვითარებული და განვითარებადი ქვეყნები და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნები.

ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებს მიეკუთვნებიან აშშ, იაპონია, საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, კანადა და სხვ. ისინი თავიანთი სამრეწველო წარმოების 50%-ზე მეტსა და სოფლის მეურნეობის 25%-ზე მეტს დანარჩენ მსოფლიოს აძლევენ. საშუალოდ განვითარებულ ქვეყნებს მიეკუთვნებიან საბერძნეთი, ესპანეთი, პორტუგალია, ირლანდია. ისინი თანამედროვე ტექნიკურ პროგრესს ცოტათი, მაგრამ მაინც ჩამორჩებიან.  

გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს მიეკუთვნებიან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები. მათი ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ ცენტრალიზებული დაგეგმვის ნაცვლად საბაზრო ურთიერთობები განვითარდეს. ეს ჯგუფი ჩამოყალიბდა 1990-იან წლებში, როდესაც სოციალისტური სისტემა ჩამოიშალა. 

გაეროს კლასიფიკაციით, განვითარებად ქვეყნებს მიეკუთვნებიან ქვეყნები, რომლებიც ძირითადად აზიაში, აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში მდებარეობენ. სწორედ ასეთი ტიპის ქვეყნებში ცხოვრობს მთელი მსოფლიოს მოსახლეობის ¾ და მათ ხმელეთის ½ უჭირავთ. თუმცა მსოფლიო წარმოების ინდუსტრიაში მათი წილი 20%-ზე ნაკლებია, სოფლის მეურნეობაში კი 30%-ს აღწევს. ამ ჩამონათვალშია საქართველოც.

არის თუ არა ქვეყნების კლასიფიკაცია ზუსტი? 

შეიძლება ითქვას, რომ ვერ. გაეროს კლასიფიკაციით, ზოგიერთი ქვეყანა მთელი რიგი მაჩვენებლებით ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებს მიუახლოვდა. მაგალითად, 1997 წელს სინგაპურმა, ტაივანმა და სამხრეთ კორეის რესპუბლიკამ განვითარებადი ქვეყნების კატეგორიიდან განვითარებული ქვეყნების ჯგუფში ოფიციალურად გადაინაცვლეს. თუმცა სოციალურ-ეკონომიკური და ქვეყნის პოლიტიკური განვითარების დონით (მეურნეობის დარგობრივი და ტერიტორიული სტრუქტურა, უცხოურ კაპიტალზე დამოკიდებულება) ისინი კვლავ უფრო განვითარებად ქვეყნებს მიეკუთვნებიან.


ამ კლასიფიკაციის სირთულეების გამო გაერო ცდილობს, უკვე არსებულ კრიტერიუმებს უფრო კონკრეტული და ობიექტური ფაქტორები დაუმატოს. მაგალითად, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, განათლების დონე, მოსახლეობის შემოსავლიანობის საშუალო მაჩვენებელი, რომელიც ადამიანის განვითარების ინდექსს ასახავს. ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით გაეროს ექსპერტები ქვეყნებს 3 ჯგუფად ყოფენ: მაღალი, საშუალო და დაბალი ადამიანის განვითარების ინდექსის მქონეებად, რაც არსებულ მონაცემებს რეალურ სურათთან კიდევ უფრო აახლოებს. 

სხვა თემები