04 დეკემბერი 2019 - 16:40

გავიზარდე, მაგრამ მგზავრობისას გული მაინც მერევა. რა მჭირს?

ვესტიბულარული აპარატი

ფოტო: Shutterstock.com

თავბრუსხვევა, წონასწორობის დაკარგვა ან მგზავრობის დროს გულისრევის შეგრძნება ზოგიერთი ადამიანის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ვიღაცისთვის ეს არც თუ ისე მნიშვნელოვანი მოვლენაა, სხვა კი ამ სიმპტომებს უფრო სერიოზულად უდგება და დახმარებისთვის ექიმსაც მიმართავს. ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომებს დეტალური და სიღრმისეული გამოკვლევა სჭირდება. სპეციალისტების განმარტებით, ამ ყველაფრის ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზია ვესტიბულარული აპარატის დარღვევა.

ვესტიბულარული აპარატი რა არის?

ხერხემლიანი ცხოველებისა და ადამიანის შიდა ყურის ნაწილი, რომელსაც ვესტიბულარული ანალიზატორის რეცეპტორები აქვს. ის სივრცეში თავისა და სხეულის მდებარეობის მცირეოდენ შეცვლასაც კი  მომენტალურად აღიქვამს. ვესტიბულარული აპარატი სხეულის წონასწორობის დაცვაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ვესტრიბულარული ანალიზატორის ცალკეული ნაწილების დარღვევის შემთხვევაში სპეციფიკური სიმპტომები ჩნდება. სწორედ მათი გაანალიზების შედეგად შეუძლია ოტორინოლარინგოლოგს დაავადების ლოკალიზაციის დადგენა. ეს შეიძლება იყოს როგორც შიდა ყურის ნახევრად წრიული არხების რეცეპტორები, ისე - ცერებრალური ქერქი. 

ყველაზე ხშირად ვესტიბულარული აპარატის დარღვევას იწვევს შიდა ყურის ნახევრად წრიული არხების მიდამოებში არსებული შეშუპება, თავის ქალის უკანა ფოსოში ნერვის დაზიანება ან თავის ტვინში ვესტიბულარული ბირთვები, რასაც შიდა ქალის ჰიპერტენზიის განვითარება ახლავს. ვესტიბულარული აპარატის დარღვევის გამომწვევი პათოლოგიური პროცესი შეიძლება იყოს სიმსივნური, ანთებითი ან სისხლძარღვოვანი.

რა სიმპტომები აქვს ვესტიბულარული აპარატის დარღვევას?

ეს არის თავბრუსხვევა და თვალის კაკლის უნებლიე მოძრაობა - ნისტაგმი. შესაძლო თანმხლები სიმპტომებია გულისრევის შეგრძნება, ღებინება, წონასწორობის დაკარგვა, სუნთქვის რიტმისა და პულსის ცვლილება, არტერიული წნევის რყევა, ჭარბი ოფლიანობა, სინათლეზე თვალის გუგის რეაქციის ცვლილება, სახის კანის სიფერმკრთალე ან სიწითლე. 

ვესტიბულარული დარღვევის სიმპტომები მოულოდნელად, შეტევებს შორის მეტ-ნაკლები ინტერვალებით იჩენს თავს. შეტევებს შორის პერიოდში ადამიანი თავს უკეთ გრძნობს. ვესტიბულარული აპარატის დარღვევა ვლინდება თავის მდებარეობის შეცვლის, მძაფრი სუნისა და ძლიერი ხმების წარმოქმნის ან ჰაერის ტენიანობის ცვლილების დროს. 

ვესტიბულარული აპარატის დარღვევის დიაგნოზს სიღრმისეული გამოკვლევა სჭირდება. ეს შეიძლება იყოს აუდიომეტრია, ხერხემლის არტერიების ულტრაბგერითი დოპლეროგრაფია, თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია და სხვა თანამედროვე გამოკვლევები.

რა იწვევს ვესტიბულარული აპარატის დარღვევას?

ვესტიბულარული ნევრიტი. მას, როგორც წესი, ინფექცია ლიქენი იწვევს. ეს არის ვესტიბულარული აპარატის დარღვევის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ფორმა. მას ახასიათებს: თავბრუსხვევა წრეზე ტრიალის ილუზიით, გულისრევის შეგრძნება და ღებინება. ეს სიმპტომები განსაკუთრებით მძაფრად 3-4 დღეს გრძელდება, შემდეგ ქრება, მაგრამ სრული გამოჯანმრთელებისთვის 1 თვე მაინც არის საჭირო. ხანდაზმულებში ის შეიძლება რამდენიმე თვესაც გაგრძელდეს.

ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობა. ვესტიბულარული აპარატის დარღვევა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებასთან ერთად იჩენს თავს. ის განსაკუთრებით ხშირად 60 წელს მიღწეულ ადამიანებში ვლინდება. ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობა შეიძლება წარმოიშვას ინსულტის, შიდა ყურის ორგანოების ან ვესტიბულარული ნერვის პრობლემების შემთხვევაში. ამ დროს ადამიანს ეწყება გულისრევის შეგრძნება, აღებინებს, წონასწორობას კარგავს. ამის გამო პაციენტი ხშირად ეცემა, კოორდინაცია და მხედველობითი აღქმა დარღვეულია და გამოსახულების გაორება იწყება. ასეთ პაციენტს მეტყველების პრობლემებიც ექმნება. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ სიმპტომები მოკლევადიანია. თუ პაციენტს მსგავსი თვითშეგრძნება გაუგრძელდა, დეტალური გამოკვლევებისთვის საავადმყოფოში უნდა გადაიყვანოთ.

ორმხრივი ქრონიკული ვესტიბულოპათია თავს იჩენს პრეპარატებით ინტოქსიკაციის დროს. მას თან ახლავს თავბრუსხვევა, ღებინება და წონასწორობის დაკარგვა. ვესტიბულარული აპარატის დარღვევის მიზეზი შეიძლება იყოს მენიერის დაავადება ან ქალა-ტვინის ტრავმები. ხანგრძლივი თავბრუსხვევა ბაზილარულ შაკიკსაც ახასიათებს. ის ძირითადად მოზარდ გოგოებშია გავრცელებული. ისინი ტრანსპორტში რყევის შედეგადაც ცუდად გრძნობენ თავს. 

ვესტიბულარული აპარატის დარღვევის მიზეზებია ასევე ეპილეფსია და გაფანტული სკლეროზი. ამიტომ სანამ მკურნალობას დაიწყებთ, ჯერ პრობლემის გამომწვევი მიზეზი უნდა დაადგინოთ.

ვესტიბულარული აპარატის გავარჯიშება შესაძლებელია?

დიახ. ზოგ ადამიანს ვესტიბულარული აპარატი მთელი ცხოვრების განმავლობაში კარგად უმუშავებს, სხვებს კი წონასწორობასთან დაკავშირებით პრობლემები ბავშვობიდან აქვთ. სანერვიულო არაფერია, რადგან ვესტიბულარული აპარატის ფუნქციონირების გაუმჯობესება სახლიდან გაუსვლელადაც შეგიძლიათ. 

ძირითადი წესები, რომლებიც უნდა დაიცვათ:

- ყოველ დღე, დაახლოებით 20-25 წუთი ივარჯიშეთ. პირველ კვირას ფიზიკურ დატვირთვას 10 წუთზე მეტი არ დაუთმოთ, ხანგრძლივობა ეტაპობრივად გაზარდეთ; 
- საკვები ვარჯიშამდე, სულ ცოტა, 1 საათით ადრე მიიღეთ; 
- კურსის ხანგრძლივობაა 2-3 თვე; 
- ამ დროის განმავლობაში  სიგარეტის, ალკოჰოლის, კოფეინისა და ანტიდეპრესანტების არსებობა დაივიწყეთ.

წესები საკმაოდ მარტივია და მათი დაცვა ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია. ექიმები რეკომენდაციას უწევენ დილის ან საღამოს ვარჯიშს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ვარჯიშების რეგულარულობა. უმჯობესია, ფიზიკურად ყოველ დღე დაიტვირთოთ. თუ თქვენ ვარჯიში მხოლოდ კვირაში ერთხელ, ან თვეში რამდენჯერმე გაგახსენდებათ, შედეგიც არ გექნებათ. ახალბედებს შეიძლება თავიდან გულისრევის შეგრძნება, თავბრუსხვევა და თავის ტკივილი ჰქონდეთ, მაგრამ არ უნდა შეჩერდეთ, რადგან ეს სავსებით ნორმალურია და ეტაპობრივად ყველაფერი დალაგდება.

რა ვქნა, რომ ჩემს შვილს ვესტიბულარული აპარატის დარღვევა არ ჰქონდეს?

თქვენს შვილს რომ წონასწორობასთან დაკავშირებით პრობლემა არ ჰქონდეს, ამაზე ადრეული ასაკიდანვე უნდა იზრუნოთ. არაფერია იმაში ცუდი, რომ თქვენ ის ხანდახან დააბზრიალოთ, ეს სასარგებლოც კი არის. ბევრი მშობელი ამ მოსაზრებას ეწინააღმდეგება, მაგრამ სულ ტყუილად. კიდევ ერთი მეთოდია ცეკვა და ყოველდღიური ვარჯიში. არ აუკრძალოთ ბავშვს საქანელაზე ქანაობა და ბატუტზე ხტომა. ეს თამაშები მის ვესტიბულარულ აპარატს ამყარებს, გარდა ამისა, ბავშვი ამ დროს ბედნიერია.

სხვა თემები