03 დეკემბერი 2019 - 15:23

პირში უსიამოვნო სუნი მაქვს. რა ვქნა? 

ფოტო: Shutterstock.com

თითოეული ჩვენგანი ერთხელ მაინც აღმოჩენილა სიტუაციაში, როდესაც თანამოსაუბრის პირიდან უსიამოვნო სუნი სცემს. ეს დისკომფორტი იმდენად დელიკატურია, რომ მის შესახებ პირდაპირ ძალიან ცოტა ადამიანი თუ გეტყვით. სტასტიკის თანახმად, ჰალიტოზი საკმაოდ ფართოდ არის გავრცელებული. მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 50%-ზე მეტს ეს პრობლემა სისტემატურად ან პერიოდულად მაინც აწუხებს.

რა არის ჰალიტოზი?

ჰალიტოზი ანუ პირის ღრუში უსიამოვნო სუნი დამოუკიდებელი დაავადება არ არის. მას სხვა დაავადება ან პრობლემა იწვევს. საჭმლის მომნელებელი სისტემის ამა თუ იმ დაავადების ან ჰიგიენის ნორმების დაუცველობის გამო პირის ღრუში ანაერობული მიკროორგანიზმები წარმოიქმნება. უსიამოვნო სუნიც სწორედ მათგან მოდის. როგორც წესი, ადამიანი საკუთარ პირის ღრუში უსიამოვნო სუნს თავად ვერ გრძნობს.

როგორ გავიგო, ამომდის თუ არა პირიდან უსიამოვნო სუნი?

პრობლემის მიგნებას დიდი დრო არ სჭირდება. ამისთვის რამდენიმე მეთოდი არსებობს:

- ჰკითხეთ ამის შესახებ ახლობელ ადამიანს, რომელსაც ენდობით; 
- კოვზის უკანა მხარე თქვენი ნერწყვით დაასველეთ, სწორედ ასეთი იქნება თქვენი პირის ღრუს სუნიც;
- ფლოსი (სტომატოლოგიური ძაფი) კბილებს შორის გაიტარეთ, რა სუნიც მასზე დარჩება, სწორედ ის იქნება თქვენი პირის ღრუს ამონასუნთქის შესაბამისი;
- საკუთარი მაჯა გალოკეთ და ნერწყვს აცალეთ, რომ გაშრეს. ეს სუნიც თქვენი ამონასუნთქვის მსგავსია.

რა იწვევს ჰალიტოზს?

მას ერთი კონკრეტული მიზეზი არ აქვს. ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია და გამომწვევი ფაქტორებიც სერიოზულობის მიხედვით განსხვავდება. ჰალიტოზს იწვევს: 

- სტომატოლოგიური დაავადებები. ეს შეიძლება იყოს კარიესი, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადება, ღრძილების ანთება, უხარისხო პროთეზი ან ორთოდონტული კონსტრუქცია; 
- პირის ღრუს ჰოგიენის არასაკმარისი დაცვა. თუ ადამიანი დღე-ღამის განმავლობაში, სულ ცოტა, 2-ჯერ მაინც არ იხეხავს კბილებს, საკვების ნარჩენების დაშლის შედეგად უსიამოვნო სუნი წარმოიქმნება.
- პირის ღრუს დაავადებები, ნაზოფარინქსი და ოროფარინქსი. მათ შორის არის ჰაიმორიტიც. 
- მოწევა და ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მოხმარება; 
- გარკვეული პრეპარატების მიღება. ეს შეიძლება იყოს ანტიჰისტამინები, ტრანკვილიზატორები, ანტიდეპრესანტები ან სურდოს საწინააღმდეგო ცხვირის წვეთები, რომლებიც პირის სიმშრალეს იწვევს. 
- შინაგანი ორგანოების სისტემური დაავადება; 
- თირკმლისა და ღვიძლის უკმარისობა; 
- შაქრიანი დიაბეტი
- კუჭ-ნაწლავის დაავადებები; 
- ონკოლოგიური დაავადებები;
- სტრესი; 
- შიმშილი ან გარკვეული ტიპის დიეტა.

წარმოსახვითი ჰალიტოზი მართლაც არსებობს?

დიახ. არსებობს რეალური და წარმოსახვითი ჰალიტოზი. ეს უკანასკნელი შეიძლება ემოციური დაძაბულობის, აღგზნებისა და ფსიქიკური დარღვევების ფონზე წარმოიქმნას. რეალური ჰალიტოზის მიზეზი კი ყველაზე ხშირად (85%-ი) პირის ღრუს არასაკმარისი ჰიგიენაა. მეორე ადგილზეა სტომატოლოგიური პრობლემა. ამ ჩამონათვალში რიგით მესამეა სიგარეტის მოწევა.

საკვები პირში უსიამოვნო სუნს როგორ იწვევს? 

ჰალიტოზის სიმპტომები შესაძლოა კვების თავისებურებებს უკავშირდებოდეს. ეს განსაკუთრებით ეხება კვების რაციონში ისეთი პროდუქტების არსებობას, როგორიც არის ხახვი და  ნიორი. მათი მიღების შედეგად მფრინავი არომატული ნივთიერება სისხლძარღვებში ხვდება, იქიდან - ფილტვებში, ფილტვებიდან კი ამონასუნთქ ჰაერს მოჰყვება. ამ ადამიანთა 90%-ის შემთხვევაში პრობლემა კბილებსა და ღრძილებს უკავშირდება. ამასთანავე, გარეგნულად შეიძლება კბილს არაფერი ეტყობოდეს, არც ტკივილი ან სხვა რაიმე დისკომფორტი ფიქსირდებოდეს. 

სტომატოლოგიური პრობლემები თუ არ გაქვთ, უსიამოვნო სუნის მიზეზი შიგნით ორგანიზმში უნდა ეძებოთ. ამ დროს აუცილებელია ოტორინოლარინგოლოგის კონსულტაცია. ცხვირის ღრუს ქრონიკულ დაავადებებს, ყელისა და ყურის პრობლემებსაც კი შეუძლია თქვენი ამონასუნთქის სიმსუბუქეზე იმოქმედოს. ასევე აუცილებელია გასტროენტეოროლოგისა და თერაპევტის კონსულტაცია. არც თუ ისე იშვიათად ხდება, რომ პაციენტს თავადაც არ აქვს წარმოდგენა, რომ მას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ან ენდოკრინული სისტემის ფარული დაავადება აქვს. თუ პრობლემას სერიოზულად მიუდგებით, ის ადრე თუ გვიან გადაიჭრება. ამისათვის კი საჭიროა უსიამოვნო სუნის მიზეზის სიღრმისეული გამოკვლევა.

პროფილაქტიკური ზომები არსებობს?

დიახ, არსებობს. თქვენ ჰალიტოზი რომც არ გქონდეთ, პროფილაქტიკური ზომების გათვალისწინება აუცილებელია: 

- პირველ რიგში, დაიცავით პირის ღრუს ჰიგიენა! უსიამოვნო სუნის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი სწორედ ეს არის. კბილები და ენის ზედაპირი დღეში, სულ ცოტა, 2-ჯერ უნდა გაიხეხოთ. სასურველია, ეს პროცედურა 2 წუთს მაინც გაგრძელდეს. კბილებს შორის სივრცე კი სტომატოლოგიური ძაფით უნდა გაიწმინდოთ. ყოველი კვების შემდეგ რეკომენდებულია, პირის ღრუს გამოვლება;

- აუცილებელია რაციონალური კვება! აუცილებლად ისაუზმეთ, შეზღუდეთ რაციონში კვერცხი, მწარე წიწაკა და ყველი. კარიესის პროფილაქტიკისთვის ტკბილეული მხოლოდ მცირე ულუფად მიირთვით. კერძებში გამოიყენეთ საკმარისი რაოდენობის მწვანილი და ბოსტნეული. გაამდიდრეთ თქვენი საკვები მცენარეული ზეთით, ყოველდღიურად მიიღეთ იოგურტი, რომელიც ლაქტობაცილებს შეიცავს. შეზღუდეთ ალკოჰოლური სასმელის მიღება, შეწყვიტეთ სიგარეტის მოწევა;

- პირის ღრუს ლორწოვანი გარსი სისტემატურად დაიტენიანეთ! დალიეთ საკმარისი რაოდენობის წყალი ლიმონით ან მის გარეშე, მინერალური წყალი ან მწვანე ჩაი;

- სტომატოლოგს წელიწადში, სულ ცოტა, 2-ჯერ მაინც უნდა ესტუმროთ;

- პირის ღრუდან უსიამოვნო სუნის წარმოქმნისთანავე მიმართეთ ექიმს!

სხვა თემები