16 დეკემბერი 2019 - 18:05

კედელზე მიკრული ბანანი ხელოვნება რატომ არის? ვინ ყიდულობს ამ გაუგებარ საგნებს ასე ძვირად?

თანამედროვე ხელოვნება

ფოტო: Instagram

ბოლო კვირებში თანამედროვე ხელოვნების შესახებ ბევრს ლაპარაკობენ. რამდენიმე დღის წინ ყველა განიხილავდა მხატვარ მაურიციო კატელანის ნამუშევარს „კომედიანტი“ - ბანანს, რომელიც კედელზე წებოვანი ლენტით იყო მიკრული. რამდენიმე „კომედიანტი“ ჯერ 120 ათას დოლარად გაყიდეს, შემდეგ კი ნამუშევარი ქართველმა მხატვარმა დევიდ დათუნამ შეჭამა. ფაქტმა სერიოზული კამათი გამოიწვია იმის შესახებ, შეიძლება თუ არა, რომ მსგავსი ობიექტები ხელოვნებად მივიჩნიოთ.

რომელი ხელოვნება მიიჩნევა თანამედროვედ? ათვლა რა დროიდან იწყება?

უფროსი თაობის ადამიანები თანამედროვე ხელოვნებაში ხშირად გულისხმობენ, როგორც 1920-იანი წლების ავანგარდს, ასევე 1960-იანი წლების „რედი-მეიდებს“ (მხატვრული ტექნიკა, რომლის დროსაც ზოგიერთ ობიექტს ან ტექსტს, რომელიც თავდაპირველად მხატვრული მიზნით არ შექმნილა, ავტორი საკუთარ ნაწარმოებად გარდაქმნის). ეს საკითხისადმი მოძველებული მიდგომაა, რომელიც ჯერ კიდევ 19-ე საუკუნიდან მოდის. დღეს modern-ის და Сontemporary-ის მნიშვნელობა მკაფიოდ გამიჯნულია. Сontemporary art-ი - მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ხელოვნებაა, დაწყებული ომისშემდგომი პერიოდიდან დასრულებული დღევანდელი დღით. თუმცა უფრო სწორი იქნება იმის თქმა, რომ თანამედროვე ხელოვნებას და მის პრინციპებს იმ სახით, რომლითაც ვიცნობთ, მე-20 საუკუნის 1960-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი. ასე რომ ათვლა ამ წერტილიდან შეიძლება.

ხელოვნება ლამაზი არ უნდა იყოს? გაუგებარი ან უშნო ხელოვნება ვის გაუგია?

ხელოვნების მთავარი ხიბლი ის არის, რომ ის არავისთან ვალდებული არ არის. ეს ადამიანური საქმიანობის ის სფეროა, სადაც დირექტივა არ უნდა არსებობდეს. ბუნებრივია, კაცობრიობის ისტორიაში ეს წესი მუდმივად ირღვეოდა, რადგან მმართველები და სხვადასხვა სტატუსის მატარებელი ადამიანები ძალიან კარგად გრძნობენ ხელოვნების ძალას და მის მოთვინიერებას ცდილობენ. მაგრამ კარგი ხელოვნების მთავარი ფასი არის მის უნარში იყოს როგორც თანამედროვე და დროული, ასევე სრულად განყენებული.

მე რომ ბანანი კედელზე მივაკრა, მხატვარი გავხდები?

კედელზე მიკრული ბანანი მაურიციო კატელანის ძალიან სახასიათო, მაგრამ მისი ერთადერთი ნამუშევარი არ არის. მან სახელი გაითქვა როგორც პროვოკატორმა და ცინიკოსმა. მაგალითად, ის ქმნიდა მეტეორით მოკლული რომის პაპის და მლოცველი ჰიტლერის ძალიან რეალისტურ ქანდაკებებს. თუ თქვენ შეძლებთ კედელზე მიკრული ბანანის შესახებ ერთი ხუმრობით მთელი პლანეტის ადამიანების თანამედროვე ხელოვნებაზე ალაპარაკებას - შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ მხატვარი ხართ.

და რატომ ღირს ეს ბანანი ასეთი ძვირი?

ვიდრე არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან ხუმრობაში ასობით ათასი დოლარი გადაიხადონ, ხუმრობა ამ ფასად გაიყიდება. ასეთია ხელოვნების ეკონომიკა.

ამ ბანანს ხელოვნებად ის ფაქტიც აქცევს, რომ მასში ამხელა ფული გადაიხადეს. კაპელანი არტ-ბაზრის მექანიზმის დემონსტრირებას ახდენს და ნაწლობრივ დასცინის კიდეც მას.

ესე იგი, ხელოვნება ხელოვნებად გაყიდვის მომენტში გარდაიქმნება?

არა! ხელოვნება ხელოვნებად იქცევა მაშინ, როდესაც მას მხატვარი ქმნის. მართალია, გაყიდვები ჩვენს კაპიტალისტურ სამყაროში ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მას მაინც არანაირი კავშირი აქვს ამა თუ იმ საგნის ობიექტური ღირებულების განსაზღვრასთან და არც არასდროს ჰქონდა. რემბრანდტი ხომ ფაქტობრივად სიღატაკეში გარდაიცვალა.

რით განსხვავდება ბავშვის ნახატი რომელიმე გამოჩენილი მხატვრის ნამუშევრისაგან?

ბავშვი ხატავს ისე, როგორც შეუძლია, ზრდასრული ადამიანი კი - როგორც უნდა.

როგორ გავარჩიო ერთმანეთისაგან ცუდი და კარგი თანამედროვე მხატვარი?

კარგ მხატვარს ცუდისაგან ყოველთვის გამოარჩევს გამოხატვის სითამამე, იდეის სიმკვეთრე და კონცეფციის სისრულე. მაგრამ თუ ეს განმარტება ძალიან აბსტრაქტულია, შეიძლება უბრალოდ ვიკითხოთ - კარგი და ცუდი ვისთვის და რისთვის? 

დღეს არ არსებობს „სწორი რეპუტაციის“ ცენტრალიზებული ინსტიტუტი, სადაც ადამიანებს აფასებენ, რომ შემდეგ მათ იარლიყები მიაკრან. მხატვარმა შესაძლოა დაიწყოს მარტივი ნამუშევრებით, სხვების კოპირებით, შემდეგ კი განავითაროს თავისი ვიზუალური ენა, რომელსაც უკვე მისი მოსწავლეები გადაიღებენ. რა მომენტში გახდება ის კარგი ან ცუდი? - უბრალოდ ეს ხელოვნებაზე სალაპარაკოდ ბოლომდე სწორი კატეგორიები არ არის.

როგორ გავხდე თანამედროვე მხატვარი?

დასაწყისისთვის საკუთარ თავს ჰკითხეთ, რისი გაზიარება გინდათ სამყაროსთვის და რატომ? შესაძლოა ამან ხელოვნების სამყაროში არა, მაგრამ სხვა სფეროში მიგიყვანოთ და ეს ნორმალურია.

თანამედროვე მხატვრები ფულს როგორ შოულობენ?

ზოგი ნამუშევრებისთვის გრანტებს იღებს, სხვებს კი ძირითადი სამუშაო აქვთ და დანარჩენ დროს თავიანთ შემოქმედებას უთმობენ. ვიღაც წარმატებით ჰყიდის თავის ნამუშევრებს, სხვას კი - ნათესავები ბევრ ფულს უტოვებენ. მთლიანობაში, მხატვრებს „ჩვეულებრივი“ ადამიანებისაგან გამოარჩევს ის, რომ ბევრი მათგანი მალევე ვერც ხვდება როგორ იშოვოს ფული შემოქმედებით. თუმცა მხატვრები ხშირად აფორმებენ წიგნებს, თანამშრომლობენ სარეკლამო სააგენტოებთან ან ჟურნალებთან, არქიტექტურულ ბიუროებთან ან დიდ სავაჭრო ცენტრებთან.

და ფულის გულისთვის მხატვრები სისულელეებს არ აკეთებენ?

მაგალითად, გარკვეული დროის შემდეგ გაიკრვა, რომ კონსერვის ქილებში, რომლებსაც ცნობილი მხატვარი პიერო მანძონი ყიდდა სახელწოდებით „მხატვრის ფეკალიები“, არანაირი ფეკალიები არ იყო. თუმცა ამ საკითხზე არავის უნერვიულია. 

არსებობს დღეს არაკომერციული ხელოვნება (გარდა სტრიტ-არტისა)?

რა თქმა უნდა. არაკომერციული ხელოვნებით არის დაკავებული მხატვრული უნივერსიტეტების ყველა სტუდენტი. მხატვრები უამრავ ნამუშევარს ქმნიან არა მყიდველისთვის, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ არ შეუძლიათ ის არ შექმნან. ხელოვნება დიდწილად მოთხოვნილებაა და არა მხოლოდ სამუშაო. თუმცა, რა თქმა უნდა, მხატვარსაც გააჩნია.

არტ-ობიექტებთან მიკრული განმარტებითი ტექსტების კითხვა აუცილებელია?

მანიფესტი არის ნამუშევრის კონცეფცია, რომელიც განსაზღვრავს როგორ უნდა შეხედოთ მას და რა უნდა გაიგოთ, რაც მისი სწორად დანახვისთვის აუცილებელია. თუმცა, საეჭვოა თქვენს აღქმაზე კონცეფცია მოქმედებდეს, რომელიც უფრო დამატებითი ინფორმაციაა. ხელოვნება შეიძლება ძალიან განსხვავებული იყოს, მაგრამ თითოეულ ნამუშევარს აქვს კონტექსტი. თუ მაყურებელი სხვა კონტექსტშია, სჯობს მას ნამუშევრის აღქმაში დაეხმარო - სწორედ ამისთვისაა საჭირო მანიფესტები.

შესაძლებელია რომ თანამედროვე ხელოვნება უკონტექსტოდ არსებობდეს?

რა თქმა უნდა. ის შეიძლება რაღაც მნიშვნელოვან იდეას ატარებდეს ან უბრალოდ ესთეტიკურად მიმზიდველი იყოს.

რა ვიყიდო, რომ შემდეგ ძვირად გავყიდო? რომელ მხატვარს მივადევნო თვალი?

ამ საქმის სპეციალისტები გვირჩევენ, თვალი მივადევნოთ სამხატვრო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებს. მაგალითად, ინგლისში, St Martinʼs-ის ყველა გამოშვებაში აუცილებლად არის რამდენიმე იმედისმომცემი მხატვარი. ბევრი ფული თუ გაქვთ, შეგიძლიათ ისეთი ტიპის ბაზრებს ესტუმროთ, როგორებიცაა Art Basel ან Frieze, იმისთვის რომ იცოდეთ რა ტენდენციებია გაბატონებული. ასევე უნდა იკითხოთ პროფილური ჟურნალები და რა თქმა უნდა, აცილებლად უნდა ესტუმროთ გამოფენებს. თანამედროვე ხელოვნების სამყაროს არ უყვარს უცნობები, ამიტომ მასში ინტეგრირება აუცილებელია.

ამბობენ, რომ მუზუმები ასეთ ნამუშევრებს საგანგებოდ იაფად ყიდულობენ და შემდეგ ძვირიად ყიდიან...

არა, ეს მითოლოგიზებული წარმოდგენაა. რა თქმა უნდა, როდესაც მუზუმში რომელიმე მხატვრის ან მხატვრული მიმართულების გამოფენა იხსნება, ეს ავტომატურად ზრდის მის ცნობადობას და ბაზარზე წარმატების შანსებს. თუმცა აქ იგულისხმება ქვეყნები, სადაც ეს ბაზარი განვითარებულია და არა მაგალითად, საქართველო, სადაც მხატვრები გადარჩენისთვის იბრძვიან.

ვინ არის დღეს ყველაზე ძვირადღირებული თანამედროვე მხატვარი?

დღევანდელ დღეს ცოცხალი მხატვრის ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევარია ჯეფ კუნსისკურდღელი“, რომელიც 2019 წლის მაისში 91 მილიონ დოლარად გაიყიდა. მისი ღირებულება იმით განისაზღვრება რომ კუნსი XX და XXI საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული (ყველა თვალსაზრისით) მხატვარია. „კურდღელი“ - ნიშნეული ნამუშევარია, რომელიც მის მფლობელს უპირობოდ მიაკუთვნებს ელიტას. ის 1986 წელს, მაშინ შეიქმნა, როდესაც არტ-ბაზარი დღევანდელი სახით ყალიბდებოდა. მას შემდეგ მისი ფასი შეუქცევადად იზრდებოდა, ისევე როგორც კუნსის სხვა ნამუშევრების ფასიც, რომლებიც მუდმივად იფინებოდა, ქუჩებს რთავდა და აუქციონებზე იყიდებოდა. ეს კურდღელი ღირებულია არა ფაქტობრივად, არამედ სიმბოლურად და რა თქმა უნდა, მისი ფასი თავდაპირველ ღირებულებას მილიონჯერ აჭარბებს. შესაძლოა, მის დღევანდელ მფლობელს ამ ნამუშევრის სწორედ საინვესტიციო მიმზიდველობა ხიბლავს.

მომავალში ხელოვნება კიდევ უფრო უცნაური გახდება?

ზუსტად არავინ იცის, მაგრამ შესაძლებელია ვარაუდი, რომ ხელოვნებაში, ისევე როგორც ჩვენი ცხოვრების სხვა სფეროებში, ყველაფერი სწრაფად და შეუმჩნევლად იცვლება. შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ თანამედროვე ხელოვნების მეინსთრიმში აღმოჩნდება, მაგალითად, ისლამური ხელოვნება ადამიანის გამოსახულების აკრძალვით, ან პირიქით, ადამიანები უფრო მეტად დაინტერესდებიან თავიანთი შიდა ორგანოებით. ყველა შემთხვევაშია, ის საზოგადოებაში მიმდინარე აქტუალურ პროცესებს ასახავს.  

რა წავიკითხო, ვნახო და მოვისმინო, რომ თანამედროვე ხელოვნებაში გავერკვე?

შეეცადეთ საბავშვო წიგნით, მაგალითად, ჯეკი და სიუზი კლეინის  „რა არის თანამედროვე ხელოვნება?“ დაიწყოთ. ის ძალიან სასარგებლოა დასაწყისისთვის, რომ რთული ტერმინების და კონტექსტების გარეშე მიხვდეთ, თუ როგორ მუშაობს ხელოვნება დღეს. არსებობს ბევრი კარგი ფილმი, მაგალითად, 2010 წლის „Ugly Beauty“ ან ჯონატან პარკერის „Untitled“, რომელიც ძალიან სასარგებლოა ხელოვნების სამყაროს, მისი პირობითობის და იმავდროულად, ხიბლის გასაგებად. ის სასაცილოცაა და ძალიან გულწრფელიც.

სხვა თემები