20 დეკემბერი 2019 - 17:00

როგორ შევქმნა საახალწლო დეკორაცია საკუთარი ხელით? ინსტრუქცია 

ფოტო: Shutterstock.com

კალენდარზე დეკემბერი ბოლო დღეებს ითვლის. ამ დროს საახალწლო განწყობის შესაქმნელად ტრადიციულად სახლს და სამუშაო ადგილს სადღესასწაულოდ რთავენ. საახალწლო დეკორაციის შექმნას ბევრი დრო არ სჭირდება, ამას იოლად, თავადაც გააკეთებთ.

როგორ გავაკეთო საახალწლო გვირგვინი?

ევროპაში, როგორც წესი, მას მთავარ შემოსასვლელ კარზე ამაგრებენ. თქვენ შეგიძლიათ საახალწლო გვირგვინი შიდა კარზეც დაამაგროთ, რათა თვალში ხშირად მოგხვდეთ. მისი განთავსება ცარიელ კედელზე ან სადღესასწაულო მაგიდაზეც შეგიძლიათ. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ყურადღებით დაათვალიერეთ მიმდებარე ტერიტორია, რათა ახლომახლო ცეცხლის ღია წყარო არ იყოს. უსაფრთხოება უმთავრესია. 

ამ საახალწლო დეკორაციის დასამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ წრის ფორმის გვირგვინი, ფერადი და ორნამენტებიანი ლენტები, მაკრატელი და წებოვანი მასალა, ასევე - ნებისმიერი საახალწლო მორთულობა: ჟღარუნები, გირჩები თუ სხვადასხვა ფორმის სათამაშოები. 

გვირგვინი მორთეთ ლენტებით, რომლებიც რამდენიმე ადგილზე წებოვანი მასალით უნდა დაამაგროთ. დააკვირდით, რომ დაწებებული ადგილები უკანა, შეუმჩნეველ მხარეს მოექცეს. ამის შემდეგ კი სასიამოვნო დეკორაციული სამუშაო იწყება: დააწებეთ გირჩები, ბურთულები კი ძაფით ან წვრილი მავთულით დაამაგრეთ. თუ გვირგვინის დაკიდება გინდათ, არ დაგავიწყდეთ მარყუჟის გაკეთება. საამისოდ კი იმავე ლენტების გამოყენებაც შეგიძლიათ.

მომწონს ნაძვის ხის სათამაშოები პაპიე-მაშესგან...

არ არის აუცილებელი, პაპიე-მაშე თავად დაამზადოთ, როგორც ამას ბავშვობაში ბევრი ჩვენგანი აკეთებდა. დროის ეკონომიის მიზნით, შეგიძლიათ მზა ფორმები იყიდოთ. ბევრი მათგანი უკვე მარყუჟით იყიდება. თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ მოხატოთ ან სასურველი დეკორაცია გაუკეთოთ და ნაძვის ხეზე დაკიდოთ. 

ამისთვის დაგჭირდებათ პაპიე-მაშეს მზა ფორმა, აკრილის გრუნტი ან გუაში, ფუნჯი და მასტეხინი (პალიტრის დანა), რათა საღებავი დეკორაციისთვის გამოიყენოთ. ამ დროს გამოსადეგია ლამაზი ხელსახოცები ან სკრაპბუკინგის ქაღალდი, ფიგურები, მძივები და ლენტები დეკორისთვის. 

პირველ რიგში, პაპიე-მაშეს აკრილის გრუნტი წაუსვით და გააშრეთ. ამის შემდეგ ორი მხრიდან დეკორაციული ხელსახოცი ან სკრაპბუკინგის ქაღალდი დააწებეთ. დანარჩენი კი თქვენს მხატვრულ ამბიციაზეა დამოკიდებული. მზა ფორმის მორთვა შეგიძლიათ რითაც და როგორც გინდათ. მაგალითად, აიღეთ მაქმანებიანი ლენტები, ქაღალდის ფიგურები, მძივები, გირჩები ან მშრალი კენკრა სათამაშოზე დასაბნევად, რათა მან ტყე მოგაგონოთ.

ყველაზე მარტივი ნაძვის ხე როგორია?

ახალ წლამდე რამდენიმე დღე დარჩა, თქვენ კი გადატვირთული რეჟიმის გამო, ნაძვის ხე ჯერ არ მოგირთავთ? საამისოდ იდეალური ინსტრუქცია უკვე არსებობს. თუ თქვენ ყველა დეტალი გაქვთ, პროცესი სულ რაღაც ერთ საათს გაგრძელდება. ამ ყველაფერს კი ადვილად გაუმკლავდებიან როგორც ბავშვები, ისე - უფროსები. 

საამისოდ დაგჭირდებათ ქაღალდის ან პოლისტიროლის ქაფის კონუსი, ძაფის სქელი ნართი, მძივები, პატარა სათამაშოები, სხვადასხვა სახის დეკორი, წებო და ფუნჯი. 

ძაფის ნართი გახსენით და მასზე მძივები დაამაგრეთ. წებო წაუსვით და კონუსს ირგვლის შემოატარეთ. კენწერო არც თუ ისე ესთეტიკური გამოვა, მაგრამ ამ ნაკლის შევსება იოლად არის შესაძლებელი დეკორაციული ვარსკვლავით ან სხვა მორთულობით. ზემოდან ნაძვს შეგიძლიათ დაამაგროთ ფიფქები ან სხვა ფიგურები.

ძალიან მომწონს კაშპო საახალწლო დეკორით. ამის გაკეთებაც შემიძლია?

რა თქმა უნდა. ასეთი კომპოზიცია კეთდება ცარიელი რაფისთვის. კაშპო მაშინ არის რეკომენდებული, თუ სახლში არ არიან აქტიური ცხოველები, რომლებსაც მისი ჩამოგდება შეუძლიათ. 31 დეკემბერს კი, სასურველია, მორთული კაშპო სადღესასწაულო სუფრის შუაგულში მოათავსოთ. 

საამისოდ თქვენ დაგჭირდებათ კაშპო ან გაუმჭვირვალე ლარნაკი, ხმელი ყვავილებისთვის ფლორისტული ქაფი, სხვადასხვა მცენარის ტოტი, მაკრატელი და წებო. ნაძვის ტოტს შეგიძლიათ დაამატოთ ბამბა, ლენტები, მძივები, გირჩები, დარიჩინის ჩხირები და სხვა დეკორაციული მზა ფიგურები.

საამისოდ ფლორისტული ქაფი უნდა დააყენოთ კაშპოს ზომაზე, ოდნავ დაასველოთ და მასში ტოტები ჩასვათ. ამ ყველაფერს სველ ქაფში ძალიან ადვილად შეძლებთ. შემდეგ ეტაპზე მასზე დეკორაციული ელემენტები მოათავსეთ. ეს შეიძლება იყოს მძივები, გირჩები ან ბურთები. ლენტებისგან კი დაამზადეთ ბაფთა და კაშპოზე დაამაგრეთ.

გირლიანდების დამზადებაც თავად შემიძლია?

სკანდინავიური გირლიანდა 10 წუთში მზადდება - მაშინაც კი თუ სტუმრები უკვე გზაში არიან. ამისთვის თქვენ დაგჭირდებათ დეკორაციული ბარათები, სკრაპბუკინგის ქაღალდი ან მუყაო, შედარებით მსხვილი თოკი და პატარა დეკორაციული სამაგრები. 

იღებთ სკრაპბუკინგის ქაღალდს და მას მუყაოს ნაჭერზე ორივე მხრიდან ამაგრებთ. შემდეგ ყოველი დეკორაციული ბარათი სამაგრით თოკზე დაკიდეთ. თუ დეტალები პატარა ზომისაა, ისინი ერთმანეთთან ახლოს დაამაგრეთ. დიდი მოცულობის ბარათები კი პირიქით, ერთმანეთს დააშორეთ.

გამჭვირვალე საახალწლო დეკორი როგორ შევქმნა? 

თუ თქვენ მოგწონთ დისნეის მულტფილმი „ურჩხული და მზეთუნახავი“, მაგრამ შუშის კოლბა არასდროს გაგიფორმებიათ, შეგიძლიათ საახალწლო დეკორი გააკეთოთ და გამჭვირვალე ჭურჭელში მოათავსოთ. ეს შეიძლება იყოს პატარა საახალწლო ბურთები და გირლიანდები.

ამისთვის დაგჭირდებათ შუშის კოლბა ან ლარნაკი, მყარი ბაზა და პატარა დეკორი (ნაძვის ხის ბურთები, ფერადი მძივები და გირჩები). ეს ყველაფერი საკმაოდ მარტივია: უბრალოდ ყველა ელემენტისგან ერთი კომპოზიცია უნდა შექმნათ. ლარნაკის შიგთავსი დეკორით შეავსეთ და ბაზაზე დაამაგრეთ. ამ დროს ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა პატარა გირლიანდა, რომელიც ანათებს.

სხვა თემები