24 დეკემბერი 2019 - 16:02

როგორ ეპყრობოდნენ ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანებს წარსულში და როგორ ეპყრობიან დღეს? ისტორია

ფსიქიატრიული

ქალაქ სენტ-ლუისის ფსიქიატრიული საავადმყოფო, აშშ

ფოტო: Wikicommons

ფსიქიკური აშლილობა არის დიაგნოზი, რომელიც გარშემო მყოფთა ნეგატიურ განწყობას იწვევს. ეს სტიგმა თანამედროვე საზოგადოებაშიც კი საკმაოდ აქტუალურია. ამიტომ ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანები ხშირად სამედიცინო დახმარებას არ ითხოვენ, რაც მათი ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად აუარესებს. სტიგმატიზაცია ძირითადად დაკავშირებულია იმასთან, რომ ფსიქიკური აშლილობის შესახებ არც ექიმმა და არც საზოგადოებამ ბევრი არაფერი იცის. თუმცა ახალი მიდგომებისა და მკურნალობის მეთოდების წყალობით, ამ საკითხისადმი დამოკიდებულება მეტ-ნაკლებად შეიცვალა.

ჰიპოკრატეს შეხედულება

ფსიქიკური აშლილობის პირველი კლასიფიკაცია შექმნა ძველ საბერძნეთში მოღვაწე ცნობილმა ექიმმა ჰიპოკრატემ, რომელსაც მედიცინის მამას უწოდებენ. დღესაც სწორედ მის მიერ დამკვიდრებულ ტერმინებს ვიყენებთ. სწორედ ასეთია „მანია“. გარდა ამისა, ჰიპოკრატე ფსიქიკური აშლილობის თავისებურებებს პროგრესულად უდგებოდა. ექიმი მათ ფიზიკური დაავადებისგან არ განასხვავებდა . ჰიპოკრატესთვის ამ ორ კატეგორიას შორის განსხვავება არ იყო. 

ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ ათასწლეულში მედიცინა ისლამურ სამყაროშიც აქტიურად ვითარდებოდა. მაგალითად, ავიცენა თავის პრაქტიკაში ჰიპოკრატეს ნაშრომებს ხშირად იყენებდა. ისლამური სამყაროს ექიმებსაც მიაჩნდათ, რომ ფსიქიკურ აშლილობას ბიოლოგიური მიზეზები ჰქონდა. 705 წელს ბაღდადში მსოფლიოში პირველი ფსიქიატრიული კლინიკა გაიხსნა. 

ძველ რომსა და მოგვიანებით ბიზანტიის იმპერიაში მენტალური ჯანმრთელობის შესახებ ჰიპოკრატეს შეხედულებები დაივიწყეს. ექიმებმა ფსიქიკური აშლილობის მიზეზების ძებნა ზებუნებრივ ძალებში დაიწყეს. მაგალითად, ამაში ბრალს დემონებს სდებდნენ. საზოგადოების მოუთმენლობა და წნეხი იმდენად დიდი იყო, რომ ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანს ოჯახის წევრები სახლიდანაც კი აგდებდნენ. ეს განქორწინებისთვის „ძალიან კარგ“ მიზეზად მიიჩნეოდა.

ფსიქიატრიის შავი დღეები

შუა საუკუნეების ევროპაში „ჯადოქრებზე“ ნადირობა ექიმებისთვის იმის მიზეზად იქცა, რომ საქმეში ინკვიზიცია და სახელმწიფო სასამართლო ჩაერთოთ. ერთ-ერთი პირველი, ვინც „შეპყრობილებისა“ და „ჯადოქრების“ დაცვა დაიწყო, მე-16 საუკუნეში მოღვაწე იოჰანეს ვეიერი იყო. ექიმი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ამ ადამიანებს ფსიქიკური აშლილობა აქვთ, ამიტომ მათი დასჯა ან წამება არ შეიძლებოდა, პირიქით - ისინი აუცილებლად საავადმყოფოში უნდა განთავსებულიყვნენ. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ იმდროინდელ სამედიცინო დაწესებულებებში ასეთი პაციენტებისთვის არაფრის გაკეთება შეეძლოთ. პირველი სპეციალიზებული ფსიქიატრიული კლინიკა - ლონდონის ბედლამი - ევროპაში მხოლოდ მე-18 საუკუნეში გაიხსნა.

ფილიპ პინელის იდეები

საფრანგეთის დიდი რევოლუციის შემდეგ ცვლილება ყველა სფეროში დაიწყო. ეს შეეხო იმ მიმართულებებსაც, რომლებიც ათწლეულებისა და ასწლეულების განმავლობაში უცვლელი იყო. სწორედ ამით ისარგებლა ფსიქიატრმა ფილიპ პინელმა. მან ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტებისადმი მიდგომა შეცვალა. 1792 წელს ბისეტრის ციხის ფსიქიატრიულ განყოფილებაში პაციენტებს ხელბორკილები მოხსნეს, სამი წლის შემდეგ კი პინელმა იმავე შედეგს სალპეტრიერის ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიც მიაღწია.  

ფილიპ პინელი პაციენტების ტვინს შეისწავლიდა, მაგრამ მან ვერაფერი აღმოაჩინა ისეთი, რაც ფსიქიკური აშლილობის მიზეზზე მიუთითებდა. მაშინ ექიმმა დაასკვნა, რომ ამის მიზეზი ადამიანების ცხოვრების არასწორი წესია. პინელის აზრით, თუ ესა თუ ის პირი სწორად ქცევას ისწავლიდა და ცხოვრების მართებულ წესს დაიცავდა, მას ფსიქიკური აშლილობა არ განუვითარდებოდა. თუმცა ამ შეხედულებამ პაციენტებისთვის წესებისა და შეზღუდვების დამატებითი სისტემა აამოქმედა. ახლა მათ მოეთხოვებოდათ საკუთარი ქცევის უფრო მკაცრი კონტროლი, ვიდრე ფსიქიკური აშლილობის არმქონე ადამიანებს. ზოგიერთი მკვლევარი იმასაც ფიქრობს, რომ პინელმა ძველი ხელბორკილები ახლით ჩაანაცვლა.

ლობოტომია, ფროიდი და ანტიფსიქიატრები

მეოცე საუკუნის შუა ხანებში შიზოფრენიის მქონე პაციენტებს ლობოტომიით (ქირურგიული ჩარევა, რომლის დროსაც თავის ტვინის ერთი ნაწილს მეორისგან აცალკევებენ) მკურნალობდნენ. ეს ოპერაცია მაშინ ნამდვილ გარღვევად იქცა. ლობოტომიის შემდეგ გამოჯანმრთელების ალბათობა საავადმყოფოში გამომწყვდევის ლამის ერთადერთი ალტერნატივა იყო. 1937 წელს The New York Times-ის რეპორტიორმა უილიამს ლოურენსმა ლობოტომიას „სულის ოპერაცია“ უწოდა. მისი პოპულარობის პიკზე დიდ ბრიტანეთში წელიწადში დაახლოებით 1000, აშშ-ში კი - 5000 ოპერაციას აკეთებდნენ. ამ ყველაფრის პარალელურად ლობოტომიის ეფექტიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ რჩებოდა. ამ მეთოდის იდეოლოგმა, ფსიქიატრმა უოლტერ ფრიმანმა მდგომარეობის გაუმჯობესება მხოლოდ 3 პაციენტის შემთხვევაში დააფიქსირა.  

1950-იანი წლების შუა ხანებში ლობოტომიის გამოყენების სიხშირე მკვეთრად შემცირდა. ამავე დროს მოუდსლის ცნობილ ფსიქიატრიულ კლინიკაში პაციენტების მკურნალობა ოჯახისგან მათი იზოლირებით დაიწყეს. ექიმები ზიგმუნდ ფროიდის ნაშრომებით ხელმძღვანელობდნენ. ეს უკანასკნელი ფსიქიკური აშლილობის მიზეზებს მშობლებისა და შვილების ურთიერთობაში არსებულ პრობლემებსა და ბავშვობაში გადატანილ ემოციურ ტრავმებს უკავშირებდა. თუმცა მალე ცნობილი გახდა, რომ ეს მეთოდი არა თუ ეხმარებოდა პაციენტებს, პირიქით - ნეგატიური სიმპტომების განვითარებას უწყობდა ხელს. ამ ყველაფრის პარალელურად ევროპაში დაიწყო ანტიფსიქიატრთა მოძრაობა (ეს ადამიანები საკუთარ თავს ასე უწოდებდნენ). ისინი პაციენტებისთვის საავადმყოფოს კარის გაღებასა და ამით საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას მოითხოვდნენ. სწორედ ეს გახდა სოციალური რეაბილიტაციის ცნების საფუძველი.

1940-იანი წლების ბოლოს მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ღებინების საწინააღმდეგო წამალს ჰალუცინაციის მოხსნა შეეძლო. ამ პრეპარატმა ნეიროლეპტიკების (ფსიქოზის საწინააღმდეგო პრეპარატი) ერას დაუდო საფუძველი.

ნეიროლეპტიკებმა, ანტიდეპრესანტებმა და ტრანკვილიზატორებმა ფსიქიატრიაში რევოლუცია მოახდინეს. ამით ბევრ ადამიანს საშუალება მიეცა, სიმპტომები ეკონტროლებინა. 

XX საუკუნის მეორე ნახევარში ექიმები ჰიპოკრატეს იდეებს დაუბრუნდნენ, რაც ფსიქიკური და სომატური დაავადებების ერთიანობას გულისხმობს. ნეიროვიზუალიზაციის წყალობით, მეცნიერებმა ფსიქიკური აშლილობის ბიოლოგიური ბუნების მიმართულებით პროგრესს მიაღწიეს. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ პაციენტების მკურნალობა და ადაპტაცია მედიკამენტოზური თერაპიის, ფსიქოთერაპიისა და სოციალური რეაბილიტაციის გარეშე შეუძლებელი იყო.

სტიგმასთან ბრძოლა

საზოგადოების დამოკიდებულება ფსიქიკური აშლილობისადმი სტერეოტიპებზეა დაფუძნებული. სპეციალისტთა განმარტებით, მედიცინაში ყველაზე ძლიერი სწორედ ამ სახის სტიგმაა. ადამიანებს მიაჩნიათ, რომ ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტი არაპროგნოზირებადი, აგრესიული და საზოგადოებისთვის სახიფათოა. თუმცა კვლევებმა და გამოცდილებამ აჩვენა, რომ უმრავლეს შემთხვევაში არცერთი ზემოთ ხსენებული თეორია არ დამტკიცებულა. 

სტიგმა და ფსიქიკური აშლილობის მკურნალობის შესახებ არსებული მითი ადამიანებს აიძულებს, დახმარება არ ითხოვონ. სპეციალისტები ამგვარ ქმედებას შიშს უკავშირებენ. პაციენტი ფიქრობს, რომ თუ ფსიქიატრთან მივა, მას აღრიცხვაზე აიყვანენ და ამან შეიძლება ბევრი მიმართულებით პრობლემა შეუქმნას. თუმცა ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ექიმისთვის დაგვიანებული მიმართვა მდგომარეობას ართულებს. მთავარი კი ამ ყველაფერში ის არის, რომ სანამ ადამიანი საჭირო სამედიცინო დახმარებას მიიღებს, დიდი ალბათობით, იქამდეც შეიძლება ოჯახი, ახლობლები და სამსახური დაკარგოს. 

სტიგმის წინააღმდეგ საბრძოლველად ექიმები საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ. ეს შეიძლება იყოს საგანმანათლებლო კამპანია ან ფლეშმობი. მსგავსი ღონისძიებები ადამიანებს ეხმარება გაიაზრონ, რომ ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტი ჩვეულებრივისგან არაფრით განსხვავდება. მათ აქვთ რეალური განცდები, რომლებიც ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად აუარესებს. ადამიანური ისტორიები კი გვეხმარება, დავუახლოვდეთ ერთმანეთს და გადავლახოთ ის უფსკრული, რომელიც სტერეოტიპებმა შექმნეს.

წყარო: Meduza

სხვა თემები