12 იანვარი 2020 - 18:15

ჩაი ოქროზე ძვირი ღირს? ყველაზე პოპულარული სასმელის ისტორია

ჩაი

ფოტო: Shutterstock.com

ჩაი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სასმელია (წყალს თუ არ ჩავთვლით). საუკუნეების განმავლობაში კაცობრიობამ ჩაისთან დაკავშირებული ასობით ტრადიცია და რიტუალი, მისი დამუშავებისა თუ დაყენების ათობით ტექნოლოგია მოიგონა. ერთ ფინჯან ჩაის შეუძლია სხვა კულტურულ მოცემულობაში, კლიმატურ პირობებსა თუ ეპოქაში გადაგვიყვანოს.

რითი განსხვავდება შავი და მწვანე ჩაი თეთრისგან? 

კარგ ჩაის გემოსა და არომატის მდიდარი პალიტრა აქვს. ის შეიძლება იყოს ყვავილოვანი, მოტკბო გემოთი და შებოლილიც კი. ყველაფერი დამოკიდებულია ხარისხსა და დამუშავების მეთოდზე. სპეციალისტები ჩაის 1200-ზე მეტ სახეობას განასხვავებენ. ის შეიძლება 5 კატეგორიად დაიყოს: შავი, მწვანე, თეთრი, ულუნი და პუერი. ძირითადად ისინი ფერმენტაციისა და დამუშავების მეთოდით განსხვავდებიან. 

შავი ჩაის ფოთლებს ღრმა ფერმენტაციას უტარებენ, შემდეგ კი ტემპერატურულად ამუშავებენ. მაგალითად, ასამის მცენარეულ ჩაის სპეციალურ ღუმელ-ტოსტერებში აჩერებენ. ლაპსანგ სუშონგს კი მუხის შეშისგან მიღებულ ნაკვერჩხალზე კიდებენ, რაც მას შებოლილის გემო აძლევს. 

მწვანე ჩაი ნაკლებად ფერმენტირებულია. ამიტომ, ის თავის ფერსა და სხვადასხვა გემოს ნოტების უმრავლესობას (იქნება ეს ხილის, ციტრუსის თუ წიწვის) ინარჩუნებს. ზოგიერთ სახეობას ორთქლითა და ძლიერი პრესით ამუშავებენ.

ულუნის ჩაი ნახევრად ფერმენტირებულია, გემოთი კი შავ და მწვანე ჩაის ერთდროულად მოგვაგონებს. თეთრ ჩაის ყველაზე ნორჩი ყლორტებისგან ამზადებენ. მათ ფერმენტაცია არ უტარდება, უმალ აშრობენ. ამიტომ ნაყენის ფერი უფრო ღიაა, გემო კი - მსუბუქი და ტკბილი. პუერის ფოთლებს მაღალი ტენიანობის პირობებში სრული ფერმენტაცია უტარდება. ნაყენის ფერი მუქია, არომატი კი - უფრო მძაფრი (შოკოლადის და სხვ). 

ჩაის გემოზე მოქმედებს არა მარტო მისი დამუშავების მეთოდი, არამედ გეოგრაფიული პირობები - ჰავა, ნიადაგის თავისებურებები, ზღვის დონიდან პლანტაციების მდებარეობა და სხვ. ჩაის ყოველი შეკვრა არის ერთგვარი მოგონება კლიმატზე, ბუნებასა და ლანდშაფტზე. მაგალითად, ჩაი დარჯილინგი, რომელსაც ჩაის სახეობებს შორის შამპანიურს უწოდებენ, ჰიმალაის ჩრდილოეთ ნაწილის მთიანი პლანტაციების გემოს ინახავს, კენიური ჩაი კი ეკვატორთან ახლოს, წითელ ვულკანურ მასივებზე მოჰყავთ.

ჩაი პირველად ჩინეთში დალიეს თუ ინდოეთში?

ჩაის წარმომავლობასთან ბევრი ლეგენდაა დაკავშირებული. ჩინური ვერსიით, ის ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2727 წელს წარმოიშვა. ეს მოხდა მაშინ, როდესაც იმპერატორი შენ-ნუნი ჩაის ბუჩქის (Camellia sinensis) ქვეშ წყალს ადუღებდა. ამ დროს ხიდან რამდენიმე ფოთოლი ქოთანში ჩავარდა და ეს ტრადიციაც აქედან იღებს სათავეს. 

ინდოეთში სხვა ისტორიას ჰყვებიან. ლეგენდის მიხედვით, უფლისწულმა ბოდჰიდჰარმამ  თავისი სამშობლო დატოვა და ბუდიზმის საქადაგებლად მთელი 9 წლით ჩინეთში წავიდა. მან დაიფიცა, რომ ამ ხნის განმავლობაში არ დაიძინებდა. მესამე წლის მიწურულს უფლისწული ძალიან დაიღალა და გადაწყვიტა, ჩაის რამდენიმე ფოთოლი დაეღეჭა, რომელმაც მისცა ძალა, ამ მდგომარეობისთვის კიდევ 6 წელს გაეძლო.

მე-16 საუკუნემდე ჩაი რელიგიურ სწავლებასთან ერთად ძირითადად აზიაში იყო გავრცელებული. ევროპელებიდან ჩაი პირველად პორტუგალიელებმა გასინჯეს. ისინი იყვნენ მისიონერები და ვაჭრები, რომლებიც აზიაში მოგზაურობდნენ და ოჯახის წევრებს ჩაი საჩუქრის სახით ჩაუტანეს. მე-17 საუკუნის განმავლობაში ჰოლანდიელებისა და ინგლისელების წყალობით, ჩაი მთელ ძველ მსოფლიოში გავრცელდა. მალე ინგლისელებმა მოიფიქრეს ჩაის სმის თავიანთი მეთოდი, მათ ნაყენს რძე და შაქარი დაუმატეს. მე-19 საუკუნეში კი დღის მეორე ნახევარში ჩაის სმა ტრადიციად იქცა.

რა ადგილი უჭირავს ჩაის სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციაში?

ჩაი ბევრი ქვეყნის კულტურაში ღრმად არის ფესვგადგმული. სწორედ ასეთია ჩინეთი, სადაც ამ რიტუალის გარეშე ნიშნობა და ქორწილიც კი არ იმართება. მაგალითად, საქმრომ ნიშნობაზე საცოლის ოჯახს საჩუქრად ჩაი უნდა მიართვას. როგორი იქნება პასუხი, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ჩამოასხამს ჩაის საპატარძლო ან როგორ მიირთმევს მას. 

მაროკოში ჩაი მეგობრობისა და სტუმარმასპინძლობის სიმბოლოა. ამ სასმელით აღნიშნავენ იუბილეს, მოლაპარაკებებს აწარმოებენ ან უბრალოდ ისვენებენ. მწვანე ჩაის პიტნითა და შაქრით პატარა ჭიქით სვამენ და მათი რაოდენობა სტუმრებისას უნდა აღემატებოდეს. ამავდროულად, თუ ვინმე ჩაიზე დაპატიჟეს, უარის თქმა არ შეიძლება, რადგან ეს მასპინძელს გაანაწყენებს. 

ინდოეთის წარმოდგენა შავი ჩაის - მასალას (რძითა და სანელებლებით) გარეშე შეუძლებელია. ჩვეულებრივ, მას სტუმარს სთავაზობენ ან პირდაპირ ქუჩაში სვამენ. 

იაპონიაში ჩაი ახალ წელს მნიშვნელოვან როლს ასრულებს. წლის პირველი საათები და პირველი დღეები განსაკუთრებული პერიოდია, როდესაც ჰაცუგამის ცერემონია („პირველი ფინჯნის დღესასწაული“) იმართება. ამ დროს „ბედნიერ ჩაის“ სვამენ, ახალ წელს ერთმანეთს წინსვლასა და წარმატებას უსურვებენ.

რატომ ინტერესდებიან ჩაით კოლექციონერები? 

ჩაის ყიდიან არა მხოლოდ მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში, არამედ - დახურულ აუქციონებზეც. 2002 წელს 20 გრამი ულუნის ჩაი „და ხუნ პაო“ თითქმის 29 000 დოლარად გაიყიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ 1 კილოგრამი ასეთი ჩაი 1,4 მილიონი დოლარი ეღირებოდა, რაც 33-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე იმ დროს იმავე მოცულობის ოქრო ღირდა. ერთი გრამი „ვინტაჟური“ პუერი კი, რომელიც ასობით წლის წინ არის მოყვანილი, დაახლოებით 1000 დოლარი ღირს. აქციებისა და ანტიკვარული ნივთების მსგავსად, ასეთი ჩაი შეიძლება არც თუ ისე ცუდი ინვესტიცია იყოს.  ერთ წელიწადში მსგავსი საკოლექციო პუერის ღირებულებამ, შესაძლოა, 10-15%-ით მოიმატოს.

სხვა თემები