16 აგვისტო 2017 - 16:00

ქანდაკებების გამო ამერიკაში რასისტებს და ანტირასისტებს შორის შეტაკებებია. რა ხდება?

გენერალი რობერტ ლი, ემანსიპაციის პარკი, შარლოტსვილი

გენერალი რობერტ ლი, ემანსიპაციის პარკი, შარლოტსვილი

ანტიფაშისტურ მარშზე აქტივისტი ქალის დაღუპვიდან ორი დღის შემდეგ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კუ-კლუქს-კლანელებს და ქსენოფობებს ამერიკულ იდეალებთან კავშირი არ აქვთ. შარლოტსვილის მოვლენებზე პირველ განცხადებებში, ტრამპმა მომხდარი დაგმო, მაგრამ ძალადობაზე პასუხისმგებელი არ დაუსახელებია. ამერიკულმა პრესამ და საზოგადოების ნაწილმა მას მკაფიო შეფასებისკენ და იმის აღიარებისკენ მოწოდეს, რომ ქალაქში ნეონაცისტური და რასისტული დაჯგუფებების მარში ჩატარდა. დღეს ტრამპმა პირველი შეფასება გაიმეორა, მომხდარში დაპირისპირებული მხარეებიდან ორივე დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ სამხრეთელი გენერლების ძეგლების აღების წინააღმდეგია. 

შარლოტსვილში რა მოხდა?

12 აგვისტოს, ვირჯინიის შტატის ქალაქ შარლოტსვილში, საპროტესტო აქციაზე სხვადასხვა ქალაქიდან ულტრამემარჯვენეები შეიკრიბნენარსებობდა ვარაუდი, რომ მარშში მონაწილეობას 2000-6000 ადამიანი მიიღებდა. მიტინგის წინა დღეს, ქალაქში ჩირაღდნებით მსვლელობა მოეწყო. მონაწილეებმა გააპროტესტეს შარლოტსვილში, ემანსიპაციის პარკში აღმართული კონფედერატების არმიის გენერლის, რობერტ ლის ქანდაკების დემონტაჟის გეგმა.     

მარშის წინა დღეს დაიწყო შეტაკებები ულტრამემარჯვენეებსა და მათ მოწინააღმდეგეებს შორის. შარლოტსვილში ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა ტრადიციულად ხმას დემოკრატებს აძლევს. ულტრამემარჯვენეების მოწინააღმდეგეებს სხვა ქალაქებიდანაც შეუერთდნენ. შეტაკებებში, რომელიც ქალაქის სხვადასხვა ნაწილში მოხდა, 15 ადამიანი დაშავდა. საბოლოოდ, ქალაქის ხელისუფლებამ მარშის ჩატარება აკრძალა.      

ულტრამემარჯვენეების მოწინააღმდეგეებს ავტომობილი დაეჯახა. წინასწარი მონაცემებით, მძღოლი შეგნებულად დაეჯახა ანტირასისტუილი მარშის მოწინააღმდეგეებს, რომლებიც ემანსიპაციის პარკიდან ორი კვარტლის მოშორებით შეიკრიბნენ, სადაც მიტინგი იგეგმებოდა. დაიღუპა ერთი ადამიანი, 32 წლის ქალი, 30-ზე მეტი დაშავდა.

ავტომობილის მძღოლი დაკავებულია, მას ბრალი წაუყენეს. ავტომობილს, რომელიც დემონსტრანტებს დაეჯახა, ოჰაიოს შტატის 20 წლის მცხოვრები, უმცროსი ჯეიმს ალექს-ფილდსი მართავდა. მას ბრალს მეორე ხარისხის მკვლელობისთვის, მძიმე დაზიანებების მიყენებისა და საგზაო ინციდენტისთვის წაუყენებენ.

ჩამოვარდა პოლიციის ვერტმფრენი, რომელიც შარლოტსვილში მიფრინავდა. ვერტმფრენი, რომელიც შარლოტსვილში ადგილობრივი პოლიციის დასახმარებლად მიფრინავდა, ქალაქთან ახლოს ტყეში ჩამოვარდა. დაიღუპა ორი ადამიანი - პილოტი და პოლიციელი, რომელიც ვერტმფრენში იყო. ავიაკატასტროფის მიზეზებს იძიებენ.   

შარლოტსვილში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ვირჯინიის გუბერნატორმა ტერი მაკოლიფმა ქალაქში საგანაგებო მდგომარეობა შემოიღო და დაპირისპირებულ მხარეებს არეულობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

ტრამპმა დაგმო შარლოტსვილში მომხდარი ძალადობა, მაგრამ არა ულტრამემარჯვენეები. ამერიკული მედიის ცნობით, ტრამპის განცხადება ზოგადი იყო. პრეზიდენტმა, რომელიც ნიუ-ჯერსის გოლფკლუბში შვებულებას ატარებდა, მხოლოდ ის თქვა, რომ ერთიანობის შენარჩუნება აუცილებელია და რომ “ამერიკაში მსგავსი ძალადობის ადგილი არ არის”.

ტრამპის განცხადება არ მოეწონათ არც დემოკრატებს და არც რესპუბლიკელებს. ორივე პარტიის წარმომადგენლებმა მომხდარი შეაფასეს ბოროტებად, რასიზმად და ექსტრემიზმად. მათ მოუწოდეს ტრამპს, ყველაფერს დაარქვას თავისი სახელი.   

ულტრამემარჯვენეების პროტესტის მიზეზი ქანდაკების აღება გახდა?

აშშ-ში, სამოქალაქო ომში მონაწილე სამხრეთელი გენერლების ძეგლების აღების კამპანია რამდენიმე წლის წინ დაიწყო, თუმცა მოვლენების კატალიზატორი მასობრივი მკვლელობა გახდა, რომელიც 2015 წლის 17 ივნისს, ქალაქ ჩარლსტონში, ამერიკის სამხრეთის ყველაზე ძველ აფრიკულ ეპისკოპალურ ეკლესიაში მოხდა. 21 წლის თეთრკანიანმა რასისტმა დილან რუფმა ემანუელის ეკლესიაში ლოცვაზე შეკრებილებს ცეცხლი გაუხსნა და მიიმალა. 9 ადამიანი, მათ შორის პასტორი, დაიღუპა, სამი ადამიანი დაშავდა.  

დანაშაულის მეორე დღეს მთელ სამხრეთ კაროლინაში ეკლესიაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად დროშები დაუშვეს, ერთადერთი, საბრძოლო დროშის გარდა, რომელიც შტატის საკანონმდებლო ორგანოს მეზობლად, კონფედერაციის ჯარისკაცების მონუმენტის თავზე ფრიალებდა. მის დაშვებას სპეციალური კანონი კრძალავდა. 20 ივნისს, ამ დროშის მოხსნის მოთხოვნით, შენობასთან მრავალათასიანი აქცია გაიმართა. გადაწყვეტილებას მხარი ამერიკელი პოლიტიკოსების დიდმა ნაწილმა, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამაც დაუჭირა. აშშ-ის სენატში მრავალსაათიანი განხილვის შემდეგ დროშის მოხსნის და მუზეუმისთვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღეს. მაშინ სამხრეთ კაროლინის გუბერნატორი, დღეს გაეროში აშშ-ის ელჩი ნიკი ჰეილი იყო.       

ემენუელის ეკლესიაში მომხდარი მკვლელობის შემდეგ, აშშ-ის სამოქალაქო ომში მონაწილეთა ძეგლების აღების მოთხოვნა გააქტიურდა და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ამერიკაში ამ მოვლენებს ერთნაირად არ აფასებენ: ნაწილისთვის ამერიკული სამხრეთის სიმბოლოები სიმაყის საგანია, სხვებისთვის -  შეხსენება სამარცხვინო მონათმფლობელურ წყობაზე.

ბევრი ასეთი ქანდაკებაა აშშ-ში?

აშშ-ში რამდენიმე ასეული (თუ ათასი არა), მონუმენტი და მემორიალია, რომელიც ეძღვნება სამოქალაქო ომს და ომისშემდგომ რეკონსტრუქციას - სამხრეთის შტატების რეინტეგრაციის პროცესს, რომლებიც ჩრდილოეთისგან გამოყოფისთვის გაჩაღებულ ომში დამარცხდნენ. ძეგლები განთავსებულია ბრძოლის ადგილებში, ქალაქების პარკებში და სახელისუფლო დაწესებულებების წინ, მოედნებზე.   

მეისონ-დიქსონის ხაზის (პირობითი საზღვარი მონათმფლობელურ სამხრეთს და თავისუფალ ჩრდილოეთს შორის) ორივე მხარეს მდებარე ქანდაკებები ომის გმირებს ეძღვნება, თუმცა მათ მიმართ დამოკიდებულება ხშირად დიამეტრულად განსხვავებულია. მათ, ვისაც პირობითი საზღვრიდან ჩრდილოეთისკენ, გმირ-განმანთავისუფლებლებს უწოდებენ, მეორე მხარეს დამპყრობლებად და ძველი სამხრეთის დამანგრევლებად მიიჩნევენ. და პირიქით: სამხრეთელი გმირებისადმი მიძღვნილი ძეგლები ამერიკელების უმრავლესობისთვის მოღალატეთა ძეგლებია, რადგან ისინი აშშ-სგან გამოყოფისთვის იბრძოდნენ; რომ სამხრეთის გენერლები მონათმფლობელები იყვნენ, და ჩრდილოეთისგან გამოყოფასაც ამ წყობის შენარჩუნებისთვის ცდილობდნენ.

კონფედერციის დროშა, რომელიც ხშირად ამ მემორიალებზეა აღმართული, კვლევების თანამად, ამერიკელების უმრავლესობაში არანაირ ემოციას არ იწვევს, განსხვავებით მონათმფლოებელების ქანდაკებებისგან, რომლებიც ეგრეთ წოდებული Lost Cause-ის კონცეფციის ნაწილია (რომანტიზებული წარმოდგენა 1861-1865 წლების სამოქალაქო ომზე, რაც დღემდე გავრცელებულია აშშ-ის სამხრეთში, თუმცა დიდწილად თეთრკანიან მოსახლეობაში).  

ამ მონუმენტებს შორიისაა, გენერალ რობერტ ლის ქანდაკება, რომელიც ჩრდილოელების აზრით ცნობილი იყო იმით, რომ თავის მონებს აწამებდა, შეგნებულად უნგრევდა მათ ოჯახებს, ყიდდა შავკანიანების ცოლებს, ქმრებს და შვილებს.

გენერლის დიდი ქანდაკება, რომელიც ქალაქ ნიუ-ორლეანში იდგა, 20 მაისს აიღეს.

რამდენი ძეგლი აიღეს?

აშშ-ში ძეგლების აღების კამპანია 2014 წლის ბოლოს დაიწყო. ის სამხრეთის შტატებში პოლიციურ განუკითხაობას და სამართალდამცეველების მიერ შავკანიანების მკვლელობების გახშირებულ ფაქტებს მოჰყვა. ახალი ორლეანის ხელისუფლება აქტივისტების მოთხოვნებს დათანხმდა და ძეგლების მოხსნის და მათი მუზეუმებისთვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო. მაგრამ ამ გადაწყვეტილებას ქალაქში ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა, ამიტომ ძეგლების მოხსნა ღამით, პოლიციის დაცვის თანხლებით მიმდინარეობდა, მონუმენტების შენახვის დროებით ადგილს არ ასაჯაროებდნენ.

2017 წლის მარტიდან მაისამდე, ახალ ორლეანში კონფედერაციის ოთხი მასშტაბური მონუმენტი აიღეს. ესენია, კონფედერაციული შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯეფერსონ დევისის ქანდაკება, ლიბერთი-ფლეისთან ბრძოლისადმი მიძღვნილი ობელისკი, გენერალ პიერ ბორეგარის ცხენოსანი ქანდაკება და ბოლოს, გენერალ რობერტ ედვარდ ლის ძეგლი.

ახალი ორლეანის გარდა, ძეგლების გადატანის გადაწყვეტილებები 2015 წლიდან მიიღეს ბალტიმორში, ლუისვილში, სენტ-ლუისში. თუმცა მათთან ბრძოლაში ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება დემონტაჟის სიძვირეა. ის საშუალოდ 200 ათასი დოლარიდან ნახევარ მილიონ დოლარამდე ჯდება, ამის ფუფუნება ბევრ ქალაქს არ აქვს. ამიტომ პროცესი ან ჭიანურდება ან აქტივისტები იმას ჯერდებიან, რომ ძეგლებს აკრავენ ფილებს, სადაც განმარტებულია ამა თუ იმ მოვლენის ისტორიული კონტექსტი.    

კონფედერატების ძეგლები აშშ-ის მხოლოდ სამხრეთში არ არის აღმართული. ისინი უამრავ ამერიკულ ქალაქშია გაბნეული, მათ შორის ერთ-ერთი - ჩრდილოეთში, მონტანის შტატში, კანადის საზღვართან 300 კილომეტრშია. ამ ძეგლების უმრავლესობასთან დაკავშირებით არაფერი ხდება. მეტიც, 2000 წლის შემდეგ აშშ-ში ასეთ ახალ ძეგლებსაც დგამენ. USA Today-ის მონაცემებით, მარტო ჩრდილოეთ კაროლინაში 35 მსგავსი მონუმენტი გაჩნდა.

აშშ-ში კანონი სადავო სიმბოლოებს არ კრძალავს?

ამერიკული კანონებით, ნაცისტური დროშით მიტინგზე მისვლა და ნაცისტური გამონათქვამები, არ იკრძალება.

აშშ-ში სვასტიკის დემონსტრირება და ჰოლოკოსტის უარყოფა ნებადართულია. ამერიკაში ნებადართულია სიმბოლოები და გამონათქვამები, რომლისთვისაც ბევრ სხვა ქვეყანაში ადამიანებს იჭერენ. მაგალითად, აშშ-ში არანაირი პასუხისმგებლობა არ არსებობს სვასტიკის დემონსტრირებისა და ნაცისტური მისალმებისთვის (გერმანიაში ორივე აკრძალულია); ჰოლოკოსტის უარყოფისთვის (აკრძალულია ევროკავშირის 28 ქვეყანაში); წინასწარმეტყველი მუჰამედის გამოსახულებების გამოქვეყნებისთვის (აკრძალულია ბევრ ისლამურ ქვეყანაში). შარლოტსვილში, ულტრამემარჯვენეების მიტინგზე ნაცისტური დროშების გამოყენებაში არაფერი უკანონო არ ყოფილა.  

აშშ-ის კონსტიტუციით ნებისმიერი გრძნობის შეურაცხყოფა შეიძლება. ამერიკული კონსტიტუციით ქსენოფობიური გამონათქვამები ნებადართულია. კონსტიტუციის პირველი შესწორება, რომელიც სიტყვის თავისუფლების გარანტია, ასეთ გამონათქვამებს იცავს ისევე, როგორც ნებისმიერ სხვას. “სიძულვილის ენა”, ანუ შეურაცხმყოფელი განცხადებები ნებისმიერი ჯგუფის (აფროამერიკელების, ებრაელების, ბაპტისტების, სოციალისტების, დიასახლისების, საშუალო ასაკის თეთრი კაცების და ასე შემდეგ) მიმართ კანონით არ ისჯება. კანონით დასჯადია “პროვოკაციული გამონათქვამი”, კერძოდ კონკრეტული ადამიანისთვის ნათქვამი სიტყვები, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ჩხუბი ან შეტაკება. ამ ტიპის გამონათქვამებს უწოდებენ fighting words-ს და ის არ იზღუდება გამონათქვამებით, რომელიც მიმართულია ზიზღის გაღვივებისკენ. მეტიც, აშშ-ის უმაღლესი სასამართლოს 1992 წლის გადაწყვეტილების თანახმად, “პროვოკაციულ გამონათქვამებში” რაიმე კატეგორიის გამოყოფა (მაგალითად, რასისტული განცხადებები ან რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფა) ანტიკონსტიტუციურია.       

სიძულვილის გაღვივების აკრძალვის მცდელობები იყო, მაგრამ უშედეგო. მარტო ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, აშშ-ის სენატში ორ კანონპროექტს განიხილავდნენ, რომლებიც მიმართული იყო ანტისემიტური გამონათქვამების შეზღუდვისკენ. უფლებადამცველების წინააღმდეგობის ფონზე ორივე კანონპროექტზე კენჭისყრა გაჭიანურდა.

“სიძულვილის ენა” კომპანიების და ორგანიზაციების შიდა წესებით რეგულირდება. აშშ-ში არსებობს ბევრი ორგანიზაცია, რომელიც სიძულვილის გამოვლენის ფაქტებს ერძვის და ხშირად თავის პოზიციას სასამართლოებშიც იცავს. ერთ-ერთია ანტიდიფამაციური ლიგა, რომლის მიზანია “ანტისემიტიზმის და შეუწყნარებლობის ყველა ფორმისთვის” წინააღმდეგობის გაწევა, მათ შორის სასამართლოებშიც. შეურაცხმყოფელი და ქსენოფობიური გამონათქვემებისგან თავის შეკავების თხოვნას მოიცავს ბევრი საჯარო ინტერნეტ სერვისის მოხმარების წესი. მაგალითად, კომპანია GoDaddy-მ ნეონაცისტური საიტის The Daily Stormer -ისთვის ჰოსტინგის გაუქმება ახსნა არა ამერიკული კანონების დარღვევით, არამედ მათი სერვისების მოხმარების წესების დარღვევით. თუმცა, როგორც გამოცემა Vox -ი აღნიშნავს, წარსულში GoDaddy-ის გამოცემის შეურაცხმყოფელ პუბლიკაციებზე რეაქცია არ ჰქონია.

ანტირასისტულ კამპანიაში მხოლოდ რიგითი მოქალაქეები მონაწილეობენ?

არა. ულტრამემარჯვენეებს ომი გამოუცხადეს ტენოლოგიურმა გიგანტებმაც.

ნეონაცისტური ვებგვერდი The Daily Stormer-ი Google-მაც დაბლოკა. მას შემდეგ, რაც კომპანია GoDaddy-მ 13 აგვისტოს The Daily Stormer-ის ვებგვერდი გათიშა, გამოცემა Google-ზე "გადაბარგებას" შეეცადა. თუმცა, კომპანიამ მას ამის საშუალება არ მისცა და განაცხადა, რომ The Daily Stormer-ის შინაარსი არღვევს მის შიდა წესებს.

Airbnb-ი რასისტული შეხედულების მომხმარებლებს ბლოკავს. კომპანია ამტკიცებს, რომ შემუშავებული აქვს წესები, რომლითაც რადიკალური შეხედულებების მხარდამჭერებს ავლენს და მათ შარლოტსვილში ბინის დაქირავების საშუალებას არ აძლევს.

Facebook-ი რასისტულ სტატიებზე ბმულებს შლის. The Daily Stormer-ის ერთ-ერთ სტატიას, რომელშიც ავტორი ანტირასისტულ აქციაში დაღუპულ ქალს ლანძღავდა და შეუარაცხყოფას აყენებდა, Facebook-ზე 65 ათასი გაზიარება ჰქონდა. ქსელის მოდერატორებმა ამ სტატიაზე ბმულების წაშლა დაიწყეს.

ტრამპს მრჩევლები ტოვებენ. შარლოტსვილის მოვლენების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტთან არსებული მეწარმეთა საბჭო ერთდროულად სამმა ადამიანმა დატოვა: ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიის Under Armour-ის ხელმძღვანელმა კევინ პლანკმა, ფარმაცეპტული ფირმის Merck-ის ხელმძღვანელმა კენეტ ფრეიზერმა და Intel-ის ხელმძღვანელმა ბრაიან კრზანიჩმა. სამივემ მიზეზად შარლოტსვილის ძალადობა და ამ მოვლენისადმი ყურადღების მიპყრობის სურვილი დაასახელა.

სხვა თემები