14 იანვარი 2020 - 18:40

ყოფილი პაპი მოქმედის წინააღმდეგ. რატომ გახდა ცელიბატი დავის საგანი?

რომის პაპი

რომის პაპი ფრანცისკე, ყოფილი პაპი ბენედიქტე XVI

ფოტო: Shutterstock.com

ყოფილი რომის პაპი ბენედიქტე XVI ცელიბატის პრაქტიკის გადახედვის წინააღმდეგ საჯაროდ გამოვიდა. ეს არის დაუქორწინებლობის აღთქმა, რომელსაც, ტრადიციის მიხედვით, კათოლიკური სამღვდელოება დებს. ამ პრაქტიკის შემსუბუქების პრეცენდენტები მოქმედმა პაპმა ფრანცისკემ ცალკეულ შემთხვევებში უკვე დაუშვა. ექსპერტები ბენედიქტეს ამ გამოსვლას (2013 წელს პაპის ტახტის დატოვების შემდეგ) ვატიკანის პოლიტიკაში ღიად ჩარევის პირველ საჯარო მცდელობად აფასებენ. სპეციალისტთა მოსაზრებით, ეს მოქმედ მოდელს ეჭვქვეშ აყენებს. ამ სქემის მიხედვით, გადამდგარი პაპი პონტიფექსის სტატუსს ინარჩუნებს ისე, რომ ამ წოდებასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს არ ასრულებს. თანამედროვე საზოგადოებრივ და საეკლესიო ცხოვრების წესზე მკვეთრად კონსერვატიული მოსაზრებები ბენედიქტემ ადრეც არაერთხელ გამოთქვა.

ბენედიქტე XVI-ს აზრით, ცელიბატს ებრძვიან ისინი, ვინც „ეშმაკის სიცრუე“ დაიჯერა 

ბენედიქტე XVI, ერისკაცობაში იოზეფ რაცინგერი, 92 წლისაა. გერმანელი საეკლესიო მოღვაწე, 2005-2013 წლებში რომის პაპი იყო. ის გახლდათ 600 წლის განმავლობაში კათოლიკური ეკლესიის პირველი წინამძღვარი, რომელმაც პაპის ტახტი საკუთარი სურვილით დატოვა. ეს გადაწყვეტილება კი მოგვიანებით „ღვთიური ხილვით“ ახსნა. რაცინგერი ეკლესიური კონსერვატიზმის წარმომადგენლად მიიჩნევა.

ცელიბატის შეცვლის საწინააღმდეგო მოსაზრებები მოცემულია წიგნის „ჩვენი გულის სიღრმიდან“ ფრაგმენტებში, რომელიც ფრანგულმა გამომცემლობა Le Figaro-მ 12 იანვარს გამოაქვეყნა. 15 იანვარს კი გამოცემის ოფიციალური პრეზენტაცია იგეგმება. წიგნი ბენედიქტე XVI-ისა და გვინეის კარდინალის, რობერტ სარას თანაავტორობით შეიქმნა. რობერტ სარა ვატიკანში ღვთისმსახურების საკითხებზეა პასუხისმგებელი. ჟურნალი Time-ი კარდინალ სარას პაპ ფრანცისკეს „ჩუმ კრიტიკოსად“ მიიჩნევს.

„იესო ქრისტეს მსახურება გვიბიძგებს ცხოვრებისკენ, რომელიც მასთან გვაერთიანებს და უარს გვათქმევინებს ყველაფერზე, რაც მხოლოდ ჩვენ გვეკუთვნის. ღვთისმსახურისთვის ეს არის ცელიბატის აუცილებლობა, ასევე - ლიტურგიკული ლოცვები, ღვთის სიტყვის გაცნობიერება და მატერიალურ კეთილდღეობაზე უარის თქმა“, - წერს ბენედიქტე XVI. ყოფილი რომის პაპის აზრით, ქორწინებაც და ღვთისმსახურებაც ადამიანისგან საკუთარი თავის სრულად მიძღვნას მოითხოვს, ამიტომ ისინი ერთმანეთთან შეუთავსებელია. „მე უბრალოდ არ შემიძლია გავჩუმდე“, - წერს ბენედიქტე XVI.

ყოფილი პონტიფექსი მოქმედ პაპს პირდაპირ არ მიმართავს, სამაგიეროდ ამას აკეთებს მისი თანაავტორი. „მე თავმდაბლურად ვთხოვ პაპ ფრანცისკეს, ღვთისმსახურებში ცელიბატის შემსუბუქების ნებისმიერ მცდელობას ვეტო დაადოს“, - წერს კარდინალი სარა.

წიგნის საბოლოო ერთობლივ დასკვნაში ორივე ავტორი აღნიშნავს, რომ კათოლიკურ საზოგადოებაში მწვავე სკანდალების ჭარბი რაოდენობის გამო გაჩენილი კრიზისი „საკრალური დაუქორწინებლობის საკითხის მუდმივად კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებით“ კიდევ უფრო მწვავდება. „ყველას- ეპისკოპოსებს, მღვდლებსა და მრევლს- საჭიროა ცრუ სიამოვნებებზე, თეატრალურ წარმოდგენებზე, ეშმაკისეულ სიცრუესა და მოდურ ცდუნებებზე  დაუყოვნებლივ უარის თქმა. ყოველივე ეს არის სამღვდელოების დაუქორწინებლობის დარღვევისკენ მიმართული. ყველას- ეპისკოპოსებს, მღვდლებსა და მრევლს- საჭიროა დაუყოვნებლივ, რწმენის თვალებით შეხედოთ ეკლესიასა და სამღვდელოების დაუქორწინებლობას, რაც მის საიდუმლოებას იცავს,“- ხაზს უსვამენ თეოლოგები.

პაპმა ფრანცისკემ უკვე დაუშვა ცელიბატის შემსუბუქების შემთხვევები

2019 წლის ოქტომბერში 185-მა კათოლიკე იერარქმა ამაზონის რეგიონში შექმნილი სიტუაცია განიხილა. როგორც სხდომაზე აღინიშნა, ამ ნაწილში სასულიერო პირთა ნაკლებობა იმდენად დიდია, რომ მორწმუნეთა ნაწილი ზიარებას თვეობით ელოდება. ამ პრობლემასთან გასამკლავებლად ეპისკოპოსებმა მუდმივი დიაკვნების (კათოლიკური იერარქიის ქვედა ფენის წარმომადგენელი, რომელსაც ქადაგება შეუძლია, მაგრამ აღსარების ჩაბარება და ზიარება - არა. მათთვის ქორწინება ნებადართულია) მღვდლის რანგში აყვანის შესახებ წინადადება წამოაყენეს. ამ მოსაზრებას მხარი 128 ეპისკოპოსმა დაუჭირა. ისინი დარწმუნებული არიან, რომ ამ ფორმით შესაძლებელი გახდება „ქრისტიანული გაერთიანებების მხარდაჭერა ღვთის სიტყვის გავრცელებითა და საიდუმლოს აღსრულებით ამაზონის რეგიონის ყველაზე შორეულ კუთხეშიც კი“.

საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხზე თავად პაპმა ფრანცისკემ უნდა მიიღოს. მან, სხდომის შედეგების გათვალისწინებით, ოქტომბრის ბოლოს განაცხადა, რომ თავად დაუქორწინებლობის აღთქმის შეცვლის წინააღმდეგია, მაგრამ ის ცელიბატში არა ბიბლიურ დოგმას, არამედ ტრადიციას ხედავს. ამიტომაც პაპი ფრანცისკე დაუქორწინებლობის აღთქმის შემსუბუქებას შესაძლებლად მიიჩნევს.

ცელიბატი ჯერ კიდევ ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში არსებობდა, მაგრამ კათოლიკური სამღვდელოებისთვის სავალდებულო მხოლოდ XII საუკუნეში გახდა. უფრო მეტიც, ამერიკული გამოცემა National Catholic Reporter-ის შეფასებით, ცელიბატზე უარის თქმა ახლაც შესაძლებელია. მაგალითად იმ შემთხვევაში, თუ კათოლიკე სასულიერო პირი გახდება ადამიანი, რომელიც ადრე სხვა რელიგიის მიმდევარი იყო და შესაბამისად, ოჯახიც უკვე ჰყავს. პაპი ბენედიქტე კი ამტკიცებს, რომ ჯერ კიდევ ძველი ქრისტიანები, რომლებიც დაქორწინების შემდეგ ხდებოდნენ სასულიერო პირები, მომავალში ცხოვრების ჩვეულ წესზე უარს ამბობდნენ და თავშეკავების აღთქმას დებდნენ.

დასავლური მედია წერს, რომ ბენედიქტეს საჯარო გამოსვლები ეწინააღმდეგება მის სიტყვებს, რომლებიც მან 2013 წელს, პაპის ტახტის დატოვების შემდეგ წარმოთქვა. მაშინ ყოფილი პონტიფექსი ამბობდა, რომ მთელ დარჩენილ დროს ლოცვაში და ამქვეყნიური სამყაროსგან შორს გაატარებდა. ბენედიქტემ დუმილი 2019 წელს ღია წერილით დაარღვია. მან განაცხადა, რომ კათოლიკური ეკლესიის ამჟამინდელი პრობლემების საფუძველი 1960-იანი წლების სექსუალური რევოლუცია და ლიბერალიზმის გავრცელება გახდა. ჯერ კიდევ ამ მიმართვაში საეკლესიო ექსპერტებმა მოქმედი პაპის, ფრანცისკეს კრიტიკა დაინახეს. ამ უკანასკნელს, ბენედიქტესგან განსხვავებით, პროგრესული იდეების მომხრედ მიიჩნევენ.

ბენედიქტეს ბოლო განცხადებას კი ექსპერტები ვატიკანის პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის პირველ ღია მცდელობას უწოდებენ. National Catholic Reporter-ის ექსპერტების შეფასებით, ეს „სერიოზული დარღვევაა“, რომელსაც ყოფილ და მოქმედ პონტიფექსებს შორის ურთიერთობაში აქვს ადგილი. გერმანული Die Welt-ის მოსაზრებით კი, შექმნილი სიტუაცია არსებულ მოდელს ეჭვქვეშ აყენებს. 

თავის მხრივ, ჟურნალი Time-ი აღნიშნავს, რომ ყოფილი პაპის თანაავტორობით შექმნილი წიგნის წარდგენა ფილმის „ორი პაპი“ პრემიერას ემთხვევა. აქ ნაჩვენებია გამოგონილი დიალოგი კონსერვატორ ბენედიქტესა და ლიბერალ ფრანცისკეს შორის. როგორც გამოცემა წერს, ფილმი ასახავს ორი იერარქის აბსოლუტურად განსხვავებულ მსოფლმხედველობას, რასაც ბენედიქტეს ბოლოდროინდელი გამონათქვამებიც ადასტურებს.

მოქმედებს თუ არა დაუქორწინებლობის აღთქმა მართლმადიდებელ ეკლესიაში?

მართლმადიდებელ ეკლესიაში დაუქორწინებლობა მხოლოდ „შავ“ სამღვდელოებაზე, მაშასადამე, ბერებზე (არქიმანდრიტი, ეპისკოპოსი, მთავარეპისკოპოსი, მიტროპოლიტი, პატრიარქი) ვრცელდება. ჩვეულებრივ, „თეთრ“ სამღვდელოებას (დიაკვანი, მღვდელი, დეკანოზი) კი აქვს უფლება, დაქორწინებული იყოს. თუმცა მან ოჯახი სასულიერო პირად კურთხევამდე უნდა შექმნას. თეოლოგების განმარტებით, როგორც არ შეიძლება მირონცხება ნათლობამდე, ზიარება აღსარებამდე, ასევე - მღვდლად კურთხევა ცოლის მოყვანამდე (თუ, რა თქმა უნდა, ამ ადამიანს ოჯახის შექმნის სურვილი აქვს). მაშასადამე, მართლმადიდებელ ეკლესიაში ჯვრისწერა ყოველთვის წინ უნდა უსწრებდეს მღვდლად კურთხევას.

საჭიროების შემთხვევაში და განსაკუთრებული ლოცვა-კურთხევით კი ცელიბატის წესიც მოქმედებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მღვდელმთავარს შეუძლია  დაუქორწინებლობის აღთქმა დაადებინოს სასულიერო პირს, თუ საამისოდ ორივე მხარის ნება-სურვილი არსებობს. პატრიარქი კი შეიძლება გახდეს ეპისკოპოსი, მთავარეპისკოპოსი, მიტროპოლიტი ანუ  მხოლოდ საბერმონაზვნო დასის წარმომადგენელი. 

სხვა თემები