17 იანვარი 2020 - 15:20

რა ინფორმაციას ინახავს თვითმფრინავის „შავი ყუთი“ და ვინ და როგორ შიფრავს მას?

შავი ყუთი

„შავი ყუთი“

ფოტო: Shutterstock.com

თეირანში ჩამოვარდნილი უკრაინული ავიალაინერის შავი ყუთის გაშიფრვა გრძელდება. Boeing 737-800-ზე თავდასხმის საქმის გამოძიებაში ყველა ის ქვეყანა მონაწილეობს, რომლის მოქალაქეებიც 8 იანვარს მომხდარ ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ. ეგრეთ წოდებული შავი ყუთების გაშიფრვას ირანელი და უკრაინელი ექსპერტები ცდილობენ. ორივე ბორტჩამწერი ძლიერად არის დაზიანებული. ამიტომ, თუ მათზე ჩაწერილი ინფორმაციის წაკითხვა ვერ მოხერხდა, შესაძლოა ირანს შავი ყუთების ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაგზავნა მოუწიოს. მაგალითად, კანადასა და საფრანგეთში, რომლებიც მსგავსი სამუშაოებისთვის გაცილებით თანამედროვე ტექნოლოგიებს ფლობენ.

შავი ყუთი რთულად ზიანდება და იოლი აღმოსაჩენია?

ეგრეთ წოდებული შავი ყუთი იგივე საბორტო თვითჩამწერი განსაკუთრებული მეთოდით დაცული ჩამწერი აპარატია, რომელიც კომპიუტერის მყარი დისკის ან მეხსიერების ბარათის მსგავსია. აქ რეგისტრირდება და ინახება ფრენის პარამეტრებისა და ავიალაინერის მუშაობის შესახებ ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ასევე - პილოტის კაბინაში მიმდინარე დიალოგი. ადრე ეს კომპონენტები ერთმანეთისგან დამოუკიდებელ, ორ სხვადასხვა აპარატში ინახებოდა, დღეს უკვე ხელმისაწვდომია კომბინირებული მოდელები, რომლებშიც ორივე ფუნქცია ერთად არის თავმოყრილი. თუმცა, წესების თანახმად, ამ შემთხვევაშიც კი აუცილებელია, ბორტზე ორი ასეთი კომბინირებული თვითჩამწერი იყოს. 

შავი ყუთი ისეთ მდგომარეობაშ უნდა იყოს, ნებისმიერ დატვირთვას გაუძლოს და სხვადასხვა ავარიული სცენარის განვითარებისას უვნებელი დარჩეს. სანამ მისი მოხმარება ნებადართული გახდება, ბორტჩამწერს ცდიან. ის უნდა უძლებდეს ბეტონის კედელზე 750 კმ/სთ სიჩქარის დარტყმას, სულ ცოტა, 5 წუთის განმავლობაში 2,25 ტონის სიმძიმის ზეწოლას, სულ ცოტა, ერთი საათის განმავლობაში 1100 გრადუს ცელსიუსამდე ტემპერატურასა და წყალქვეშ 6000 მეტრამდე სიღრმეში ყოფნას.  

შავი ყუთი ზღვაში უფრო სწრაფად რომ იპოვონ, მოწყობილობა მარილიან წყალთან კონტაქტის შედეგად, ავტომატურად რთავს რადიოშუქურას, რომლის სიგნალის დაჭერაც ორი კილომეტრის რადიუსშია შესაძლებელი. ეს მანძილი არც ისე დიდია, ამიტომ მაშველებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ თვითმფრინავის ფრაგმენტების მიახლოებითი მდებარეობა.

შავი ყუთი პილოტების პირად საუბარსაც იწერს?

საბორტო თვითჩამწერი თვითმფრინავის კაბინაში ყველანაირ ხმას იწერს. პილოტების საუბრის პარალელურად ის აფიქსირებს ინსტრუქციებს, რომლებსაც საბორტო კომპიუტერი გასცემს, სახმელეთო მომსახურების პერსონალთან კომუნიკაციას, ბორტგამცილებლების საუბარს, ასევე - ყველა იმ განცხადებას, რომელსაც ეკიპაჟის წევრები მგზავრებისთვის აკეთებენ. გარდა ამისა, მოწყობილობა აფიქსირებს ყველა იმ ბგერას, რომლებსაც გადამრთველები და მომუშავე ძრავები გამოსცემენ. 

ეგრეთ წოდებულ შავ ყუთში იწერება და ინახება პილოტების კერძო საუბრებიც. ამიტომაც ამ ჩანაწერების გაანალიზება და გაშიფრვა სრული კონტროლის ქვეშ უნდა მიმდინარეობდეს. აქვე უნდა იქნეს გათვალსიწინებული პირად მონაცემთა დაცვის ვალდებულება. ამ დიალოგების შინაარსი შეიძლება გამოყენონ მხოლოდ იმისათვის, რომ ავარიის ან ტექნიკური ხარვეზის მიზეზი დადგინდეს. 

საბორტო თვითჩამწერში მხოლოდ ბოლო 120 წუთის ხმოვანი მასალა ინახება, უფრო ძველი ინფორმაცია კი ავტომატურად იშლება. ეგრეთ წოდებული შავი ყუთის ბოლო მოდელებში კი მხოლოდ ბოლო 30 წუთის საუბარი რჩება. გარდა ამისა, პილოტს აქვს ტექნიკური შესაძლებლობა, რომ ჩაწერა შეაჩეროს ან წაშალოს. თუმცა, როგორც საავიაციო კატასტროფების საგამოძიებო დაწესებულებების სპეციალისტები განმარტავენ, ეს პრაქტიკაში არ ხდება.

საბორტო თვითჩამწერზე, რომელიც ფრენის ტექნიკურ პარამეტრებსა და ავიალაინერის მდგომარეობას აფიქსირებს, პილოტებს პირდაპირი წვდომა აღარ აქვთ. ძველი მოდელების შემთხვევაში, მფრინავს ფრენის დაწყებამდე ეს აპარატი ხელით უნდა ჩაერთო, მაგრამ თანამედროვე ავიაციაში ეს ავტომატურად ხდება.

რა სახის ტექნიკურ ინფორმაციას იწერს შავი ყუთი?

ბოლო წლებში შავ ყუთში შენახული ინფორმაციის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. სპეციალისტების განმარტებით, დღეისათვის საბორტო თვითჩაწერები ასობით და ათასობით სხვადასხვა პარამეტრს აფიქსირებენ. მათ შორის არის ფრენის ტრაექტორია, სიმაღლე, სიჩქარე, თვითმფრინავის მდებარეობა, ძრავის მუშაობა და სხვ.

როგორ და სად იშიფრება შავი ყუთი?

სპეციალისტების თქმით, ეგრეთ წოდებულ შავ ყუთზე არსებული მასალებს შიფრავენ არა მხოლოდ ავიაკატასტროფის დროს, არამედ ყოველი სერიოზული ინცინდენტის შემდეგ, რომელიც ტექნიკურ პრობლემას უკავშირდება. როგორც წესი, მსგავსი შემთხვევების დროს კატასტროფის თავიდან არიდება ძალიან იშვიათია. 

საბორტო თვითჩამწერზე არსებული ინფორმაციის ანალიზისა და გაშიფრვისთვის მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე სპეციალიზებული ცენტრი არსებობს. თითოეულში შესაძლებელია ყველა ტიპის ეგრეთ წოდებულ შავ ყუთზე მუშაობა. მაგალითად, გერმანულ განყოფილებაში შესაძლებელია როგორც დასავლეთ ევროპაში, ისე რუსეთში წარმოებული რამდენიმე სახეობის საბორტო თვითჩამწერზე მუშაობა. თუმცა არის შემთხვევები, რომ ისინი დახმარებისთვის უცხოელ კოლეგებს მიმართავენ. 

ექსპერტების აზრით, მომავალში შესაძლებელია თვითმფრინავის ბორტზე ვიდეორეგისტრატორების დამონტაჟება, რომელიც პილოტების კაბინაში გამოსახუელებასაც ჩაიწერს. ამ ტიპის რადიოშუქურის სიმძლავრეც ბევრად მეტი იქნება. 

და კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: საბორტო თვითჩამწერების საერთო სახელი „შავი ყუთი“ ინგლისურ ენაში დამკვიდრებული განსაზღვრების - black box - კალკია. სინამდვილეში საბორტო თვითჩამწერები შავი სულაც არ არის. ის ყოველთვის მკვეთრი ნარინჯისფერია, რათა მაშველებმა თვითმფრინავის ნამსხვრევებში იოლად იპოვონ.

სხვა თემები