22 თებერვალი 2020 - 00:16

იურისტი, ექსტროვერტი და ხელოვნების მოყვარული. ვინ არის საბერძნეთის პირველი ქალი პრეზიდენტი

ფოტო: Twitter

საბერძნეთის უზენაესი ადმინისტრაციული სასამართლოს აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარე, 63 წლის ეკატერინი საკელაროპულუ საბერძნეთის პრეზიდენტი გახდა. ის ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტია. უპარტიო ეკატერინი საკელაროპულუმ შეცვალა კონსერვატორი პროკოპის პავლოპულოსი, რომლის ხუთწლიანი ვადა მარტში იწურება. ახალი პრეზიდენტის კანდიდატურა პრემიერმინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა წამოაყენა. მას მხარი დაუჭირეს როგორც მმართველმა პარტიამ - “ახალმა დემოკრატიამ“, ასევე, რადიკალური მემარცხენე ძალების ოპოზიციამ და სოციალურმა პარტიამ - „ცვლილებების მოძრაობა“.

ვინ არის ეკატერინი საკელაროპულუ?

ეკატერინი საკელაროპულუმ 1978 წელს ათენის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. სამი წლის შემდეგ ის სახელმწიფო საბჭოს (ქვეყნის საკონსტიტუციო და უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლო ერთდროულად) მომხსენებელი გახდა. 1989-1990 სასწავლო წელს ეკატერინი საკელაროპულუ სორბონის უნივერსიტეტში საკონსტიტუციო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით ასპირანტურის მსმენელი იყო. ამის შემდეგ კი ქალაქ თესალონიკის სასამართლო აკადემიაში კითხულობდა ლექციებს. 2015 წელს ეკატერინი საკელაროპულუ უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს, 2018 წლის ოქტომბერში კი უწყების ხელმძღვანელი გახდა. 


ექსპერტების შეფასებით, უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობაზე ქალის დანიშვნის გადაწყვეტილებას განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვა აქვს. მათივე განმარტებით, ეს ასევე არის წამახალისებელი მაგალითი საბერძნეთში მცხოვრები ყველა ახალგაზრდა ქალისთვის. თუმცა პოლიტოლოგები იმასაც დასძენენ, რომ ახალი პრეზიდენტის დანიშვნის შესახებ გამართული პოლემიკა მხოლოდ გენდერული თემის მომგებიანობით არ უნდა შემოიფარგლოს. მათივე განმარტებით, ეკატერინი საკელაროპულუ არის წარმატებული ადვოკატი და უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოს ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების ავტორიც სწორედ ის გახლავთ. ექსპერტების თქმით, ის ყოველთვის ცდილობდა ბალანსის შენარჩუნებას და არა - კონფრონტაციას. სწორედ ამას მიიჩნევენ სპეციალისტები ქვეყნის პრეზიდენტისთვის ერთ-ერთ აუცილებელ თვისებად. 


როგორც ათენში გამომავალი გაზეთი Kathimerini იუწყება, ახალ პრეზიდენტს ექსტროვერტის ძლიერი ხასიათი აქვს, ის ასევე კულტურისა და ხელოვნებისადმი დიდ ინტერესს გამოხატავს. რატომ დაჭირდა ამდენი წელი, რომ ქვეყნის სათავეში ქალი ჩამდგარიყო? ამას პოლიტოლოგები იმით ხსნიან, რომ ეს შეიძლება დროის საკითხი იყო, რადგან ქალები საბერძნეთში სხვადასხვა უწყებაში მაღალ თანამდებობებს ყოველთვის იკავებდნენ. ამის მაგალითად კი მოჰყავთ ის ფაქტი, რომ ქვეყნის სოციალისტური პარტია „ცვლილებების მოძრაობის“ თავმჯდომარე ქალია. 

პრეზიდენტი პოლიტიკური გამოცდილების გარეშე?

სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით (მაგალითად, საფრანგეთი), საბერძნეთის პრეზიდენტი ძირითადად წარმომადგენლობით ფუნქციებს ასრულებს. ის ყოველდღიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში არ ერევა. თუმცა პრეზიდენტი ითვლება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინტეგრაციულ ფაქტორად ბერძნულ პოლიტიკაში, რადგან მას ხშირად მიმართავენ რჩევისთვის, განსაკუთრებით კი - კრიზისის დროს.

პროკოპის პავლოპულოსი ქვეყანაში არსებული ფინანსური კრიზისის დროს იმ აზრს ემხრობოდა, რომ ქვეყანა ძველებურად ევროზონაში უნდა დარჩენილიყო. სწორედ ამ მიზნით, მას მაშინდელ ფრანგ კოლეგა ფრანსუა ოლანდთან რეგულარული კონტაქტი ჰქონდა. პავლოპულოსის წინამორბედმა, კაროლოს პაპულიასმა კი 2012 წლის პოლიტიკური კრიზისის დარეგულირებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. მაშინ საბერძნეთში არჩევნები ზედიზედ ტარდებოდა და  ულტრამემარჯვენე პარტიის გამარჯვების არც თუ ისე მცირე ალბათობა არსებობდა. 


ნებისმიერ შემთხვევაში, საბერძნეთის ყოფილ პრეზიდენტებს რაღაც საერთო ნამდვილად აქვთ: ყველა მათგანი გამოცდილი პოლიტიკოსი და პოლიტიკური ისტებლიშმენტის ნაწილი იყო. ეკატერინი საკელაროპულუზე კი ამას ვერ ვიტყვით. ამიტომაც პოლიტოლოგები და ექსპერტები მისი დანიშვნის გადაწყვეტილებას გაბედულ ნაბიჯად მიიჩნევენ. სპეციალისტების აზრით, მას არ აქვს კონკრეტული პარტიული პროფილი, ამიტომაც რთულია წინასწარ იმის თქმა, თუ როგორ იმოქმედებს ახალი პრეზიდენტი. მათ შორის - მისი კანდიდატურის წარმდგენ კონსერვატიულ პარტიასთან მიმართებით. 

სხვა თემები