18 თებერვალი 2020 - 13:54

კორონავირუსი და რასიზმი. ინფექციური დაავადება უფრო სწრაფად ვრცელდება თუ პანიკური შიში?

ჩინეთის ქალაქ უხანში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ სახეობას  ლეტალური შედეგების საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ პაციენტების უმრავლესობა სრულად გამოჯანმრთელდა. მიუხედავად ამისა, ახალმა ვირუსმა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, საყოველთაო პანიკა გამოიწვია. თუ რამ განაპირობა ეპიდემიური შიში, ექსპერტებს თავიანთი არგუმენტები აქვთ.

არის თუ არა კორონავირუსის ახალი სახეობა მომაკვდინებელი? 

ადამიანების  ემოციური რეაქცია ინფექციურ დაავადებებზე ხანდახან ძალიან გადაჭარბებულია. ექსპერტების შეფასებით, ეს, შესაძლოა, შექმნილ ვითარებაში საზიანოც კი იყოს. სპეციალისტების განმარტებით, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია პროფილაქტიკური ზომების მიღება. საამისოდ კი აუცილებელია ხელების ხშირი დაბანა და სახეზე შეხებისგან თავის  მაქსიმალურად შეკავება. ეს წესები დაგვიცავს არა მხოლოდ კორონავირუსისგან, არამედ სხვა ინფექციური დაავადებებისგან. 


ჯერჯერობით, კორონავირუსის ახალი სახეობა  არ არის ისეთი მომაკვდინებელი, როგორც ეს მწვავე რესპირატორული სინდრომის (SARS - severe acute respiratory syndrome) შემთხვევაში დაფიქსირდა. ამ უკანასკნელმა 2002-დან 2003 წლამდე 774 ადამიანი იმსხვერპლა. მწვავე რესპირატორული სინდრომით დაავადებულთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 9,6% იყო, ახალი კორონავირუსის შემთხვევაში კი, ინფიცირებულთა დაახლოებით 2% გარდაიცვალა. თუმცა აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში მწვავე რესპირატორული სინდრომით დაავადების რვა თვის მონაცემებს გაუტოლდა.


კორონავირუსის ახალი სახეობით დაავადებული პაციენტების ნაწილი უკვე სრულად გამოჯანმრთელდა. ოფიციალური ჩინეთის განცხადებით, გარდაცვლილთა შორის ძირითადად არიან ხანდაზმულები ან სხვა დაავადებების მქონე პირები, რომელთა დასუსტებულმა იმუნურმა სისტემამ ვირუსი ვერ დაამარცხა. 


 ჯანდაცვის ექსპერტები ამტკიცებენ, რომ  ჩინეთის ფარგლებს გარეთ არსებული პანიკა დაუსაბუთებელი  და გადაჭარბებულია. ცხადია, დაავადების თავიდან ასაცილებლად, საზოგადოებამ უსაფრთხოების ნორმები უნდა დაიცვას, რაც ზემოთ ხსენებულ პროფილაქტიკურ ზომებს გულისხმობს. 


ამერიკელი მეცნიერების თქმით, შიში ვირუსის გავრცელებას ნამდვილად ვერ შეაფერხებს, პირიქით, ამას შეიძლება, უარყოფითი სოციალური შედეგი მოჰყვეს. პანიკის გამომწვევ ძირითად მიზეზად კი, ექსპერტები ინფექციური დაავადებების გამოვლენის ადრეულ ეტაპზე "უცნობი შიშის" არსებობას ასახელებენ.

დაავადება უფრო სწრაფად ვრცელდება თუ შიში?

ფსიქოლოგიურმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ადამიანები ნაცნობ საფრთხეებზე ნაკლები სიმძაფრით რეაგირებენ, მაშინ როცა ახალი საშიშროება შფოთვის დონეს საგრძნობლად ზრდის. მაგალითად, გულის დაავადებით გარდაცვალების ალბათობა რიგითი ამერიკელისთვის 7-დან ერთია, ხოლო ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპვის რისკი მხოლოდ  45 808-დან ერთი. მიუხედავად ამისა, ჩეპმენის უნივერსიტეტის 2016 წლის კვლევის თანახმად, ტერორიზმის მიმართ შიში „ამერიკული შიშების“ ხუთეულში მეორე ადგილს იკავებს. 


ანალოგიური სიტუაცია იყო ებოლას ეპიდემიის დროს. ფსიქოლოგების განმარტებით, როგორც კი ამ საფრთხის შესახებ ცნობილი გახდა, ყველა ცხელი წერტილი ერთდროულად ამოქმედდა. თუმცა ებოლას შემთხვევაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე მწვავე რესპირატორული სინდრომის ან ახალი კორონავირუსის შეთხვევაში. მაგალითად, 1976 წლიდან, მთელ მსოფლიოში, ებოლას 33 000 ადამიანი ემსხვერპლა.

რასიზმი, როგორც პანიკის შედეგი

მას შემდეგ, რაც კორონავირუსის ახალი სახეობა გავრცელდა, საფრანგეთის, კანადის და აშშ-ის აზიური წარმოშობის მოქალაქეები რასისტული ინციდენტების შესახებ საუბრობენ. 
Guardian-ის ინფორმაციით , ტორონტოსთან ახლოს 9 000-მა მშობელმა ხელი მოაწერა პეტიციას, რათა სკოლაში არ დაუშვან ის მოსწავლეები, რომლებმაც ბოლო 17 დღის განმავლობაში  ჩინეთში იმოგზაურეს.


”ეს უნდა დასრულდეს. შეწყვიტეთ გარეული ცხოველების ჭამა და ამით თქვენ გარშემო ყველას დაინფიცირება”, -  წერს ერთ-ერთი ხელმომწერი, რომელიც იქვე დასძენს:  ”შეაჩერეთ ინფექციის გავრცელება, ან დარჩით კარანტინში, ან დაბრუნდით უკან!“
New York Times- ის ცნობით, ჰონგ-კონგის, სამხრეთ კორეისა და ვიეტნამის სხვადასხვა ბიზნესორგანიზაციაში გამოკრულია ნიშნები, რომლებიც მიუთითებს, რომ მომხმარებლები ჩინეთიდან არ არიან სასურველი სტუმრები. 


მას შემდეგ, რაც კორონავირუსის ფაქტი აშშ-შიც დაფიქსირდა, არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის აზიელი სტუდენტების განცხადებით, ისინი უმაღლეს სასწავლებელში ხუმრობისა  და იზოლაციის მსხვერპლი გახდნენ. ”როდესაც კლასში დავახველებ, ყველა მიყურებს!” - ამის შესახებ არიზონის უნივერსიტეტის ვიეტნამელმა პირველკურსელმა Business Insider-ს განუცხადა.


კორონავირუსის შესახებ ბევრი დეზინფორმაციაც გავრცელდა. მაგალითად, ის, რომ ორეგანოს ზეთით კორონავირუსის მკურნალობაა შესაძლებელი.

არსებობს თუ არა იმედი ახალი კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე? 

ექსპერტების აზრით, რა თქმა უნდა, არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რამაც კორონავირუსის მიმართ გლობალური შიში უნდა შეასუსტოს. პირველი მიზეზი არის ის, რომ ეს ვირუსი, ყველა სხვა წინა ინფექციასთან შედარებით, სწრაფად გამოვლინდა და დადასტურდა. ზუსტად ერთი კვირის შემდეგ, ოფიციალურმა ჩინეთმა ვირუსის გამოვლენა შეძლო და ეს ინფორმაცია სხვა ქვეყნების ლაბორატორიებს გაუზიარა. იელის უნივერსიტეტის მეცნიერთა განმარტებით, აქამდე ასეთ მოკლე ვადაში ვირუსის დადასტურების პრეცედენტი არ არსებობდა. 


მეორე მხრივ, სამედიცინო ტექნოლოგიების სფეროში მიღწეულმა წარმატებამ (მას შემდეგ, რაც 1960-იან წლებში კორონავირუსი აღმოაჩინეს) კლინიკურ ლაბორატორიებსა და ვირუსოლოგებს საშუალება მისცა, რომ ამ ზოონოზური ვირუსების გაცილებით ღრმა კვლევა ჩაატარონ. 


აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ამერიკელი მეცნიერების განმარტებით, სეზონური გრიპი ადამიანებს გაცილებით მეტ საფრთხეს უქმნის. ბოლო 4 თვის განმავლობაში, გრიპი, სულ ცოტა, 15 მილიონ ამერიკელს ჰქონდა. ოქტომბრიდან დღემდე კი, ამავე მიზეზით,  20 000  ადამიანი გარდაიცვალა. სპეციალისტების თქმით, გრიპის სეზონის პიკი დეკემბრიდან თებერვლამდე გრძელდება, ასე რომ, ჯერ ყველაფერი წინაა.

როგორ დავიცვა თავი კორონავირუსისგან?

პრევენციის მეთოდები ჩვეულებრივი გრიპისა და კორონავირუსის შემთხვევაში ერთი და იგივეა. ეს გულისხმობს ხელების ხშირ დაბანას, სახის არეში შეხებისგან თავის არიდებას, ჰიგიენის ნორმების დაცვასა და ინფიცირებულებთან კონტაქტისგან თავის შეკავებას. 


ამერიკელი მეცნიერების თქმით, რადგან სეზონური გრიპი ნაცნობი დაავადებაა, ეს მის მიმართ ადამიანების რეაქციას ასუსტებს. სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ კორონავირუსისადმი შიშის შედეგად, შესაძლოა, სეზონური გრიპის შემთხვევებმაც იკლოს. ამის მიზეზად კი ის სახელდება, რომ ადამიანები უფრო ფრთხილად იქნებიან.

სხვა თემები