17 თებერვალი 2020 - 13:29

როგორ ვიპოვოთ ციფრულ სფეროში ახალი პროფესია? ინსტრუქცია 

ფოტო:shutterstock.com

ჯერ უნდა გაერკვეთ, რას ნიშნავს ციფრულ სფეროში მუშაობა. ყველაზე ხშირად აქ ციფრული მარკეტინგი იგულისხმება, რაც ამა თუ იმ კომპანიის ბრენდის ინტერნეტში პოპულარიზაციას ნიშნავს. თუმცა, გაცილებით სწორი იქნებოდა ამ ტერმინის უფრო ფართო პროფესიული სპექტრის კონტექსტში განხილვა (UX-დიზაინერითა და ანალიტიკოსით დაწყებული, ქოფირაითერით დამთავრებული). თითოეული მათგანი სრულიად განსხვავებულ საქმეს აკეთებს. თუმცა, ამისთვის ისინი ციფრულ ინსტრუმენტებს იყენებენ და მათი მეშვეობით კომპანიებს კონკრეტული მიზნის მიღწევაში ეხმარებიან. რა უნდა იცოდეთ, თუ ციფრულ სფეროში მუშაობა გინდათ? კონკრეტულად რითი შეგიძლიათ დაკავდეთ და სად არის შესაძლებელი ამ ყველაფრის სწავლა?

რომელი პროფესიაა ციფრულ სფეროში ყველაზე აქტუალური?

ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ახალმა ტექნოლოგიებმა და ხელოვნური ინტელექტის ფართოდ გავრცელებამ, შესაძლოა, მომავალში "უსარგებლო" თანამშრომლების მთელი კლასი შექმნას. ამ კატეგორიაში შეიძლება მოხვდნენ არა მარტო მძღოლები და კურიერები, ასევე, იურისტები, ბუღალტრები და სხვა პროფესიის წარმომადგენლები, რომელთა საქმიანობაც ქაღალდზე მუშაობის სისტემას უკავშირდება (ალგორითმი ასეთ დავალებებს არც თუ ისე ცუდად უმკლავდება). ხელოვნური ინტელექტი, დიდი ალბათობით, ანალიტიკოსების ჩანაცვლებასაც შეძლებს. 


პროფესიის შერჩევისას, უმჯობესია, თავიდან აირიდოთ ისეთი პროფესიები, რომლებიც ერთი ტიპის დოკუმენტების ბრუნვას ან მონაცემებთან მონოტონურ მუშაობას ეხება. ამიტომაც, ბევრი ციფრული პროფესია ძველებურად აქტუალურია და მათზე დიდი მოთხოვნაა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ეს სფერო გარკვეულწილად გადატვირთულია. კვლევის მიხედვით, მარკეტინგის მიმართულებით ვაკანსიები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ამ სფეროში დასაქმების მსურველთა რაოდენობა. რაც შეეხება ანაზღაურებას, პრეტენდენტებს მასზე გაცილებით მაღალი წარმოდგენა აქვთ, ვიდრე ეს სინამდვილეშია. თუმცა, კვალიფიციური სპეციალისტების ნაკლებობა აქაც იგრძნობა. ასე რომ, სანამ სპეციალობას აარჩევთ, მნიშვნელოვანია, თქვენი მოლოდინი და ბაზრის მოთხოვნები ერთმანეთს შეუსაბამოთ.

როგორ შევარჩიო ჩემი მომავალი პროფესია? 

ციფრულ სფეროში ახალი პროფესია თქვენი გამოცდილებისა და ინტერესების შესაბამისად უნდა ეძებოთ. თუ თქვენ კარგად ხატავთ და ყველაფრის ვიზუალიზაციისადმი მიდრეკილება გაქვთ, შეგიძლიათ საკუთარი ძალები ვებდიზაინში მოსინჯოთ. თუ აზრების ჩამოყალიბება წერილობით გეხერხებათ, ამისათვის ქოფირაითინგის სხვადასხვა ფორმა არსებობს (ეს შეიძლება იყოს SMM-მენეჯმენტი ან e-mail-მარკეტინგი). თუ ყველაფრის სისტემატიზაცია და ციფრებთან მუშაობა გიყვართ, გზა ხსნილი გაქვთ ანალიტიკისკენ. თუ გინდათ რამე ახალი შექმნათ და თქვენი ჰიპოთეზა დაამტკიცოთ, პროდუქტებისა და UX-დიზაინი თქვენი სფეროა. 


თუ გიჭირთ იმის გაგება, რისი კეთება გინდათ, შეგიძლიათ პროფესიული ორიენტაციის დამდგენი კითხვარი შეავსოთ. მაგალითად, არსებობს ჯ. ჰოლანდის ტესტი, რომელიც დაგეხმარებათ განსაზღვროთ, რომელი მიმართულებისკენ ხართ უფრო მიდრეკილი. 

როგორ უნდა გავიგო, რა ხდება ამ ინდუსტრიაში?

ეს არის მთელი თანამედროვე სამყაროს მთავარი წესი: ის, რაც თქვენ რამდენიმე წლის წინ ისწავლეთ, უკვე მოძველდა. შესაბამისად, თქვენი უნარ-ჩვევების განვითარებაზე მუდმივად უნდა ზრუნავდეთ და სიახლეებს ადევნოთ თვალი. დღეს უკვე საამისოდ ძალიან ბევრი შესაძლებლობა არსებობს. ეს შეიძლება იყოს ონლაინგაკვეთილები, კონფერენციები და ვებსემინარები. ციფრული მარკეტინგის უფასო კურსების პოვნა სპეციალურ ვებგვერდებზე შეგიძლიათ, YouTube-ზე კი ამ მიმართულებით არაერთი ღია გაკვეთილია ატვირთული. ეს ეხება თითქმის ყველა ციფრულ დისციპლინას, იქნება ეს SEO, SMM, UX-დიზაინი თუ  ახალი პროდუქტების შექმნა. თუმცა თუ თქვენ ახალი უნარ-ჩვევის შეძენა გინდათ, სჯობს შეარჩიოთ ისეთი კურსები, რომელთა ფარგლებშიც საშინაო დავალებები და პრაქტიკის გავლის შესაძლებლობა გექნებათ.

მიუდექით თქვენს კარიერას როგორც ბიზნესპროექტს! 

მუდმივად შეაფასეთ თქვენი ახლანდელი პოზიცია, რესურსები, გამოცდილება, ძლიერი და სუსტი მხარეები. ასე თქვენ შეძლებთ თვითგანვითარების კურსში კორექცია შეიტანოთ. თუ საკუთარ ღირსებასა და ნაკლს სწორად შეაფასებთ, ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკება უფრო მარტივი იქნება. 


იფიქრეთ პერსპექტივაზე: დაუსახეთ თქვენს თავს კონკრეტული მიზანი და ვადები. რისი მიღწევა გინდათ და როდის? კომპანიის ბიზნესგაერთიანებას ჩაუდგებით სათავეში თუ 2021 წლის გაზაფხულისთვის საკუთარ პროექტს დაიწყებთ? თუ მიზანი გარკვეულია, საჭიროა ეტაპობრივი გეგმის შედგენა. განსაზღვრეთ, რა უნდა გააკეთოთ პირველ რიგში და რა - შემდეგ. კვლევების მიხედვით, უმჯობესია, სტრატეგია წერილობით ჩამოაყალიბოთ. სტატისტიკის თანახმად, ადამიანები თავიანთ მიზანს 42%-ით უფრო ხშირად აღწევენ, როდესაც კონკრეტული გეგმა ქაღალდზე გადააქვთ. ეს ჩამონათვალი ძალიან გრძელი არ უნდა იყოს: უმჯობესია, თუ მხოლოდ 7-8 პუნქტი იქნება. მიზანი მაქსიმალურად კონკრეტულად ჩამოაყალიბეთ.

სპეციალურ კურსებზე რომ ჩავეწერო?

სამეცნიერო კვლევების თანახმად, დასაქმებული ადამიანების 87% სამსახურის პარალელურად კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუშაობას კარიერული ზრდის წინაპირობად მიიჩნევს. რა თქმა უნდა, ონლაინკურსების ეფექტიანობა მსმენელზეა დამოკიდებული, რადგან დისტანციური სწავლება მეტ მობილიზებასა და თვითკონტროლს მოითხოვს. ამიტომაც სანამ კურსს დაიწყებთ, მკაფიოდ ჩამოყალიბდით, ეს ნამდვილად გჭირდებათ თუ არა.

თქვენს მიღწევებზე სხვებსაც მოუყევით!

იაქტიურეთ სოციალურ ქსელში ან შექმენით საკუთარი ბლოგი: დაწერეთ, უკვე რა ისწავლეთ და კიდევ რისი სწავლა გსურთ. ასე თქვენ შეგიძლიათ პოტენციური საქმიანი პარტნიორებისა თუ დამსაქმებლების  ყურადღება მიიპყროთ. სტატისტიკის მიხედვით, ადამიანების 85% სწორედ სოციალური და პროფესიული კავშირების შედეგად საქმდება. დახმარებისთვის ინტერნეტსაზოგადოებას მიმართეთ, გამოაქვეყნეთ პოსტები თემატურ ჯგუფებში. საქმიანი კონტაქტები საშუალებას გაძლევთ იდეები გაცვალოთ და კარგი სოციალური კაპიტალი დააბანდოთ. გარდა ამისა, დაინტერესდით თემატური კონფერენციებით, ტრენინგებითა და სემინარებით (როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო დონეზე). მათში მონაწილეობა მიიღეთ არა მხოლოდ როგორც მიწვეულმა სტუმარმა, არამედ როგორც გამომსვლელმა. ეს გამოცდილება თქვენს საუბარს უფრო დამაჯერებელს, ინფორმაციას კი უფრო სტრუქტურირებულს გახდის.

სხვა თემები