02 მარტი 2020 - 20:15

ვირუსული ინფექციები და თრომბოზი - რა რისკებთან არის დაკავშირებული ავიამიმოსვლა? 

ფოტო: Shutterstock.com

ბოლო დროს განსაკუთრებით გახშირდა საუბარი იმის თაობაზე, რომ თვითმფრინავი სხვადასხვა მიკრობისა თუ ბაქტერიის გამავრცელებელია. ავიამიმოსვლამ ადამიანის ჯანმრთელობას ნამდვილად შეიძლება პრობლემები შეუქმნას, თუმცა ეს მხოლოდ ვირუსებს არ ეხება. არის თუ არა შესაძლებელი თვითმფრინავის სალონში ინფექციური დაავადების გავრცელება? არის თუ არა დაკავშირებული ხანგრძლივი ფრენა თრომბოზთან?

არის თუ არა თვითმფრინავის სალონი ინფექციური დაავადებების გამავრცელებელი?

სამგზავრო თვითმფრინავი, შესაძლოა, ვირუსული დაავადების გამავრცელებლად იქცეს. ამის მიზეზი კი ადამიანების ერთი ქვეყნიდან მეორეში გადაადგილებაა, რაც ახალი კორონავირუსის გარკვეულ შემთხვევებში დაფიქსირდა. თუმცა უშუალოდ ინფექციის გავრცელების ფაქტი დღემდე არ არის დადასტურებული. აქვე ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ „ინფექციის აკიდების“ რისკი თვითმფრინავში იმაზე მაღალი არ არის, ვიდრე საზოგადოებრივ ტრანსპორტში ან ოფისში. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ერთი საათის განმავლობაში ლაინერის სალონში ჰაერი 20-30-ჯერ იცვლება. ამისათვის კი სუფთა ჰაერი ნაწილობრივ გარედან შემოედინება. დანარჩენი ჰაერი კი, რეცირკულაციის რეჟიმში, სალონში ტრიალებს. თანამედროვე თვითმფრინავების უმრავლესობის სავენტილაციო სისტემაში ჰეპა (ანტიალერგიული) ფილტრები გამოიყენება. შესაბამისად, ისინი ძალიან კარგ შედეგს იძლევა.

არის თუ არა გრიპის ვირუსის გავრცელების მაღალი რისკი ავიარეისის დროს?

2018 წელს ამერიკელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის ფარგლებშიც 10 სხვადასხვა ავიარეისის განმახორციელებელი თვითმფრინავების ბორტიდან ჰაერისა და სხვადასხვა ზედაპირის დაახლოებით 230 სინჯი აიღეს. ამ ანალიზის ფარგლებში არანაირი რესპირატორული დაავადება არ აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ფრენები გრიპის აქტიურ სეზონზე შესრულდა. 

სხვა შემთხვევაა, როდესაც თქვენთან ახლოს ან უშუალოდ თქვენს გვერდით გრიპის ვირუსის მქონე თანამგზავრი ზის. ამასთან ერთად, თუ ის ახველებს ან აცემინებს, ინფიცირების რისკი უფრო მაღალია, თუმცა არც იმაზე მეტი, ვიდრე ეს ავტობუსში ან ოფისში იქნებოდა.

არის თუ არა ეფექტიანი სადეზინფექციო საშუალებები და რესპირატორული ნიღბები? 

ინფექციისგან თავის დასაცავად, შეგიძლიათ თვითმფრინავის სალონში სადეზინფექციო საშუალებები აიტანოთ. სანამ საკვებს ან სასმელს შეუკვეთავთ, აუცილებლად დაიბანეთ ხელი და ჩამოსაშლელი მაგიდა გაწმინდეთ. 

თუ თავად ხართ გაციებული და არ გინდათ სხვებსაც გადასდოთ, რესპირატორული ნიღაბი ატარეთ. თუმცა ზოგადად, უმჯობესია, გრიპის სიმპტომების მქონე ადამიანმა ფრენა გააუქმოს ან სხვა დროისთვის გადადოს. გარდა ამისა, ავიაკომპანიების წარმომადგენლებს აქვთ უფლება, რომ თვითმფრინავში ჩაჯდომის ნებართვა არ მისცენ მგზავრს, რომელსაც მწვავე ინფექციური დაავადება აღენიშნება.

მოქმედებს თუ არა ჰაერის წნევა ადამიანის ჯანმრთელობაზე?

ხანგრძლივი ფრენის დროს თვითმფრინავი 11-12 კილომეტრის სიმაღლეზე იმყოფება. ამასთან, ჰაერის წნევა თვითმფრინავში რეგულირდება და ზღვის დონიდან 2000 მეტრის სიმაღლის ატმოსფერულ წნევას შეესაბამება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, სწორედ ამიტომ ადამიანის სისხლში ნაკლები ჟანგბადი ხვდება. ჯანმრთელ მგზავრს ამასთან დაკავშირებით პრობლემა ნამდვილად არ ექნება. თუმცა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონეთათვის შემცირებულ ჟანგბადს გარკვეული სირთულეების შექმნა შეუძლია.

რა უნდა ქნათ, თუ ფრენისას ყურები გეხშობათ? 

თვითმფრინავში ჰაერის შედარებით დაბალი წნევის გამო ყურები ხშირად გეხშობათ. ყურის არეში წნევის დასარეგულირებლად საკმარისია ან საღეჭი რეზინი დაღეჭოთ, ან უბრალოდ დაამთქნაროთ. ამ პრობლემის გადაჭრა ნერწყვის ხშირი ყლაპვითაც შეგიძლიათ. თუ ამ ყველაფერმა შედეგი არ გამოიღო, არსებობს სხვა მეთოდიც: ღრმად ჩაისუნთქეთ, ცხვირის ნესტოზე თითები მოიჭირეთ და ეცადეთ, ცხვირიდან ამოისუნთქოთ. თუმცა ვისაც სინუსიტი აქვს, ეს ვერ უშველის. ადამიანებისთვის, რომლებსაც ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება აქვთ, ფრენა საერთოდ არ არის რეკომენდებული.

შესაძლებელია თუ არა, ფრენამ თრომბოზი გამოიწვიოს?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველი 6 ათასი მგზავრიდან ერთს ხანგრძლივი ფრენის შემდეგ სისხლის მიმოქცევის პრობლემა აქვს. ეს კი სისხლის კოლტების წარმოქმნას იწვევს. მსგავსი რამ არც არის გასაკვირი, რადგან ადამიანი თვითმფრინავში დიდი ხნის განმავლობაში ზის და თითქმის არ მოძრაობს. თრომბს კი სწორედ არასაკმარისი ფიზიკური აქტიურობა იწვევს. 

თრომბოზით დაავადების მაღალი რისკის ჯგუფში არიან ქალები, რომლებიც ჰორმონალურ პრეპარატებს იღებენ, ფეხმძიმეები, ჭარბი წონისა და ონკოლოგიური დაავადების მქონე ადამიანები.

იწვევს თუ არა ფრენა გაუწყლოვნებას? 

თვითმფრინავში ჰაერის ტენიანობა მხოლოდ  და მხოლოდ 20%-ს შეადგენს. მაშინ როდესაც ადამიანის კომფორტული თვითშეგრძნებისთვის ეს მაჩვენებელი 50% მაინც უნდა იყოს. ეს ადამიანის ჯანმრთელობას პირდაპირ საფრთხეს ნამდვილად არ უქმნის, მაგრამ ჰაერის დაბალი ტენიანობა კანისა და თვალების სიმშრალეს იწვევს. ამიტომაც ფრენისას, სასურველია, კანის დამატენიანებლისა და თვალის წვეთების ტარება. მათ კი, ვინც კონტაქტურ ლინზებს ხმარობს, უმჯობესია, სათვალე გაიკეთონ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ჯერჯერობით არ არის დამტკიცებული, რომ ჰაერის დაბალი ტენიანობა ორგანიზმის გაუწყლოვნებას იწვევს. თუმცა თვითმფრინავში რეკომენდებულია გაფილტრული, ბოთლის წყლის დალევა. მართალია, თვითმფრინავის ონკანის წყალი სისტემატურად მოწმდება, მაგრამ უმჯობესია, მისი მხოლოდ ხელის დასაბანად გამოყენება. ეს განსაკუთრებით ეხებათ იმ ადამიანებს, რომლებსაც სუსტი იმუნური სისტემა აქვთ.

სხვა თემები