13 მარტი 2020 - 21:30

რა უნდა აკეთოთ თვითიზოლაციაში ყოფნისას. ინსტრუქცია

ფოტო: shutterstock.com

ახალი კორონავირუსის კარანტინის ან თვითიზოლაციის სავალდებულო პერიოდი 2 კვირაა. ეს, ერთი შეხედვით, არასასურველი მოვლენა შეიძლება სასარგებლო საქმიანობისთვის გამოიყენოთ. ამ დროს შეგიძლიათ აკეთოთ ის, რისი ფუფუნებაც ადრე არ გქონდათ.

დღე პირველი. ივარჯიშეთ!

დღეს თქვენ სამსახურში არ უნდა წახვიდეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ტრანსპორტირებისთვის საჭირო დროის ფიზიკური დატვირთვისთვის გამოყენებას შეძლებთ. საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ რეგულარული ვარჯიშის შემთხვევაში თქვენ უფრო ხანგრძლივი და ჯანმრთელი ცხოვრება გექნებათ.

შეგიძლიათ 7-წუთიანი ინტენსიური ფიზიკური დატვირთვით დაიწყოთ ან ჩამოტვირთოთ მობილურის უფასო აპლიკაციები, როგორიც არის Nike Training Club-ი და თქვენთვის სასურველი აქტივობა აირჩიოთ. აქ მოცემულია ვერსიები როგორც iOS -ის, ასევე- Android-ისთვის.

დღე მეორე. მშობლები მოიკითხეთ! 

მშობლებთან დასარეკად და მათ მოსაკითხად, როგორც წესი, ხშირად დრო არ გრჩებათ. დღეს უკვე შეგიძლიათ ისინი მოიკითხოთ, ესაუბროთ მათთვის სასურველ თემებზე და მოუყვეთ, რა ხდება თქვენს ცხოვრებაში.

დღე მესამე. გემრიელი კერძი მოამზადეთ! 

თუ დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო სამზარეულოში ექსპერიმენტების ჩასატარებლად დრო ვერასდროს გამოყავით, ახლა შეგიძლიათ საქმეს თამამად შეუდგეთ. კონკრეტულად რა კერძს ან კერძებს მოამზადებთ, თქვენს გემოვნებასა და შესაძლებლობებზეა დამოკიდებული.

დღე მეოთხე. ტელეფონის აპლიკაციებში გაერკვიეთ! 

თქვენ თვითონაც კარგად იცით, რომ თუ ტელეფონის ეკრანს თვალყურს არ ადევნეთ, ის შეიძლება ნაგავსაყრელს დაემსგავსოს. აქ ხშირად აღმოაჩენთ ისეთ აპლიკაციებს, რომლებიც არავის არაფერში სჭირდება. მათი ორგანიზებისთვის კი სხვადასხვა მეთოდი არსებობს. ზოგი აპლიკაციებს ფერების ან ანბანის მიხედვით ალაგებს, სხვები კი მათ ეკრანზე ერთ საქაღალდეში ათავსებენ. თავად უნდა გადაწყვიტოთ, რომელი მეთოდია თქვენთვის უფრო მისაღები.

დღე მეხუთე. სცადეთ მედიტაცია! 

მედიტაცია დაგეხმარებათ განგაშის შეგრძნება მოიხსნათ და სამყაროს სხვა თვალით შეხედოთ. ყველაზე მარტივია, მედიტირება აპლიკაციის მეშვეობით დაიწყოთ. შეგიძლიათ დამოუკიდებლადაც სცადოთ, მაგრამ ინსტრუქციის გარეშე გაცილებით რთულია. ვისაც ინგლისურენოვანი ინსტრუქტორის მოსმენა სურს, შეუძლია აპლიკაცია  Headspace ჩამოტვირთოს, რუსულენოვანი სესიები კი InsightTimer -ზეა ხელმისაწვდომი.

დღე მეექვსე. მოიწყვეთ ფილმების ან სერიალების დღე! 

მთელი დღე რომ გეყოთ, მაგალითისთვის, შეგიძლიათ ნახოთ „ჰარი პოტერი“, „ბეჭდების მბრძანებელი“, „ვარსკვლავური ომები“. სერიალების საკმაოდ ფართო არჩევანია. მაგალითად, „სამეფო კარის თამაშები“ (თუ ჯერ არ გინახავთ!), „მძიმე დანაშაული“, „ნამდვილი დეტექტივი“, „უმჯობესია დაურეკოთ სოლს“ (მეხუთე სეზონი ახლახან დაიწყო) ან „სექსუალური განათლება“ (თუმცა მხოლოდ მეორე სეზონია ჯერ). ზოგადად, ფილმი ან სერიალი თქვენი ინტერესების შესაბამისად შეგიძლიათ შეარჩიოთ. 

დღე მეშვიდე. დაიწყეთ ახალი წიგნის კითხვა! 

წიგნის ბოლომდე წაკითხვა აუცილებელი სულაც არ არის. თუ თქვენ წიგნი დაიწყეთ და ბოლომდე ვეღარ კითხულობთ, შეეშვით და ახალი შეარჩიეთ.

დღე მერვე. დაიწყეთ რამე ახლის სწავლა! 

დრო საკმაოდ გაქვთ, ამიტომაც შეგიძლიათ ისწავლოთ ისეთი რამის კეთება, რაც ყოველთვის გაინტერესებდათ და საამისო დრო ვერასდროს გამონახეთ ან სულაც ახალი ინტერესის სფერო აღმოაჩინეთ. მაგალითისთვის, შეგიძლიათ პოდკასტების ჩაწერა დაიწყოთ ან ახალი პროფესია აითვისოთ. შეგიძლიათ ელექტრონული მუსიკის შექმნა ისწავლოთ ან თქვენი ინგლისური გაიუმჯობესოთ, ან სულაც ჩინური ენის შესწავლას მიჰყოთ ხელი.

დღე მეცხრე. კარადა დაალაგეთ! 

დაალაგეთ კარადა და ყველა ის ტანსაცმელი, რომლის ჩაცმასაც აღარ აპირებთ, ცალკე გადადეთ.

დღე მეათე. საქმეების დაგეგმვის მეთოდი შეცვალეთ! 

რამდენიმედღიანი ყოფნა სახლში საშუალებას გაძლევთ, საქმეების დაგეგმვის თქვენეულ მეთოდს გადახედოთ. შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ბევრი დაპირება ვერ შეასრულეთ ან სულაც თქვენ მიერ გათვალისწინებული დავალებები ერთი დღისთვის ძალიან ბევრია და დროა, ჩამონათვალი შეამციროთ. ამისათვის კი შეგიძლიათ დევიდ ალენის Getting Things Done -ის მეთოდი გამოიყენოთ.

დღე მეთერთმეტე. ბიუჯეტის წარმოება დაიწყეთ! 

არასდროს არის გვიან, რომ ხარჯების ზუსტი აღრიცხვა დაიწყოთ. მაგალითისთვის, საამისოდ არსებობს ამერიკული მომსახურება You Need a Budget. მისი მთავარი წესია, რომ ხელფასის ჩარიცხვის დღიდან ყოველი ლარის აღრიცხვა აწარმოოთ. გეგმის შესადგენად კი შეგიძლიათ სხვადასხვა პლატფომა გამოიყენოთ.

 დღე მეთორმეტე. ისწავლეთ გამოძინება! 

ძილი რომ უფრო ხარისხიანი გქონდეთ, ამისთვის სხვადასხვა რამის გაკეთება შეგიძლიათ:


-    დაწექით და ადექით ერთსა და იმავე დროს; 
-    დაიძინეთ ჩაბნელებულ, გრილ და მშვიდ ოთახში (შეგიძლიათ საძილე ნიღაბი გამოიყენოთ); 
-    არ მიიღოთ ალკოჰოლი და არ მოწიოთ; 
-    ძილის წინ წაიკითხეთ წიგნი, მიიღეთ თბილი აბაზანა ან მოუსმინეთ მშვიდ მუსიკას; 
-    მოერიდეთ დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე კომპიუტერისა თუ ტელეფონის ეკრანს; 
-    არ მიიღოთ კოფეინი დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე, თუ ეს თქვენზე მოქმედებს;
-    არ მიიღოთ ცხელი აბაზანა და დაძინებამდე ვარჯიშით თავი არ დაიტვირთოთ; 
-    ნუ გადართავთ დილით მაღვიძარას დრო და დრო, რადგან ასეთი ძილი ხარისხიანი სულაც არ არის. უმჯობესია, მაღვიძარა თავიდანვე მაქსიმალურად გადაწიოთ.

დღე მეცამეტე. ნებისმიერი საქმით დაკავდით! 

აქ უკვე ჩვენი რჩევის გარეშეც შეგიძლიათ იოლად გახვიდეთ. ამ დროს თქვენ უკეთ მიხვდებით, რა უნდა აკეთოთ.

დღე მეთოთხმეტე. ახალი კვირისთვის მოემზადეთ! 

-    საქმეების განრიგი შეადგინეთ; 
-    საჭმელი მოამზადეთ; 
-    მოიფიქრეთ, რა უნდა ჩაიცვათ; 
-    დაისვენეთ! 

სხვა თემები