13 აპრილი 2020 - 11:31

როგორ გავხადოთ ხანდაზმულების თვითიზოლაცია მათთვის უფრო საინტერესო?

მიმდინარე პანდემიის დროს მთავარ რისკჯგუფს ასაკოვანი ადამიანები მიეკუთვნებიან. კორონავირუსული ინფექციის სიკვდილიანობა ყველაზე ხშირი 60, განსაკუთრებით კი 70-80 წელს გადაცილებულ ადამიანებშია. სწორედ ამიტომ, თვითიზოლაციის წესი სწორედ მათთვის არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, თუმცა მათი დარწმუნება ზოგჯერ არც ისე ადვილია.

მშვიდად აუხსენით მათ შექმნილი სიტუაცია

ასაკოვანი ადამიანის დარწმუნება არც ისე მარტივია. ისინი მიმდინარე მოვლენებს საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებას ხშირად ადარებენ. თუმცა მსგავსი მასშტაბის პანდემია მათ ვერ ემახსოვრებათ, ამიტომ, შესადარებელიც არაფერია. 


ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია ასაკოვან მშობლებთან, ბებიებსა და ბაბუებთან მშვიდი კომუნიკაცია გქონდეთ. ასე გაცილებით მეტს მიაღწევთ, საამისოდ კი მოთმინება გჭირდებათ. ეს არის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი, ამიტომაც აუცილებელია სიმშვიდე და ყოველგვარი უთანხმოების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გვერდზე გადადება. 


აუცილებელია, მათ მშვიდად აუხსნათ, რომ მოცემულ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალი სახლში დარჩენაა. ამ დროს შეგიძლიათ იუმორიც ჩართოთ: თქვენც სიამოვნებით იქნებოდით თვითიზოლაციაში, რომ არა გარეთ გასვლის გადაუდებელი აუცილებლობა.

შეახსენეთ ჰიგიენის წესები

ოჯახის ხანდაზმულ წევრებს შეახსენეთ ჰიგიენის ნორმები, რომელთა დაცვაც პანდემიის დროს აუცილებელია. გახსოვდეთ, რომ ხელები ყოველ 20 წუთში ერთხელ უნდა დაიბანონ.   


მოუყევით მათ დაავადების სიმპტომების შესახებ და თუ რომელიმე მათგანი იჩენს თავს, უმალ უნდა დაურეკონ ექიმს ან თქვენ. როგორც ამბობენ, „სიფრთხილეს თავი არ ტკივა“, ამიტომაც მათ ტემპერატურა დღეში ერთხელ მაინც უნდა გაიზომონ. თუ ინტერნეტზე წვდომა აქვთ, ეს მათ ინფორმირებულობას გაზრდის და თქვენც დავალებას შეგიმსუბუქებთ.

შესთავაზეთ ფილმებისა და სერიალების ჩამონათვალი 

სასურველია, ფილმები/სერიალები მშობლიურ ენასა და მსუბუქ თემაზე იყოს. ჩამონათვალი უნდა იყოს მრავალფეროვანი და უმჯობესია, კინოსეანსებს მათთან ერთად თქვენც დაესწროთ. ამ დროს შეგეძლებათ, მათ რეაქციებს დააკვირდეთ. ამ ყველაფრის გაკეთება დისტანციურადაც შეგიძლიათ. ამისთვის არსებობს ვიდეოზარები, რომელთა გამოყენება მათთან კომუნიკაციისთვის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.

შეახსენეთ, რომ არსებობს კროსვორდები და სამაგიდო თამაშები 

ეს შეიძლება იყოს კარტი, დომინო, ჭადრაკი, შაში და სხვ. თუ სახლში არცერთი მოეპოვებათ, უყიდეთ და მიუტანეთ. ოღონდ კარებთან დატოვეთ, შემთხვევით რომ არ დააინფიციროთ ისინი.

შესთავაზეთ ალტერნატიული გასართობი საშუალებები

ეს უნდა იყოს რაიმე სიახლე მათ ცხოვრებაში. მაგალითად, ხატვა, კითხვა, ძველი ფოტოებით გენეალოგიური ხის შედგენა, მემუარების წერა ან ხმოვანი ჩანაწერების გაკეთება. თუმცა ამ ყველაფერში თქვენც უნდა იყოთ ჩართული, უმჯობესია, დისტანციურ რეჟიმში.

ურჩიეთ, დაურეკონ იმ მეგობრებსა თუ ნაცნობებს, ვისთანაც კონტაქტი დიდი ხანია არ ჰქონიათ

ჩვენ ახლა უნიკალურ სიტუაციაში ვიმყოფებით. დღეს დედამიწის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ერთი პრობლემა აქვს. ამიტომაც საუბრის თემის მოძებნა ძალიან ადვილია იმ ადამიანებთანაც კი, რომლებთანაც წლებია, ურთიერთობა არ გვქონია.

დაეხმარეთ საკვები პროდუქტებით მომარაგებაში

შეადგინეთ მათთან ერთად იმ პროდუქტების სია, რაც სჭირდებათ. სურსათ-სანოვაგე კარებთან დატოვეთ, სახლში არ შეხვიდეთ, თქვენ შეიძლება უსიმპტომოდ იყოთ ინფექციის მატარებელი, მათთვის კი ეს საბედისწერო აღმოჩნდეს.

იყავით მაქსიმალურად ინფორმირებული

მშობლები, ბებიები და ბაბუებიც ადევნებენ თვალს საინფორმაციო გამოშვებებს. თუმცა, პირველ რიგში, თქვენ უნდა იყოთ ყველა მოვლენის საქმის კურსში, რათა დაურეკოთ თქვენი ოჯახის ხანდაზმულ წევრებს და დაამშვიდოთ ისინი.

ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხარისხიანი სამედიცინო ინფორმაციის მიღება და ყალბი სიახლეების რეალურისგან გამიჯვნა. შექმნილი სიტუაცია ასაკოვნებისთვის გაცილებით საშიში და მძიმეა. ისინი ამას კარგად აცნობიერებენ, თუმცა ხშირ შემთხვევაში გარეგნულად არ იმჩნევენ.

სხვა თემები