30 აპრილი 2020 - 08:57

დისტანციური სწავლება. როგორ მოვახერხოთ, რომ ბავშვი არც სასკოლო პროგრამას ჩამორჩეს და არც მშობელს შეუშალოს ხელი მუშაობაში?

ახალმა კორონავირუსმა თანამედროვე საზოგადოების ყოველდღიურობა რადიკალურად შეცვალა. ერთ-ერთ ასეთ სფეროს, რა თქმა უნდა, განათლების სისტემა წარმოადგენს. კერძოდ, სასკოლო და საუნივერსიტეტო სწავლება მასობრივად ონლაინ რეჟიმზე გადავიდა. გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს. ამ ცვლილების შედეგად, მშობლების უმრავლესობა ვალდებულია, იყოს პასუხისმგებელი როგორც შვილების სასწავლო პროცესსა და დასვენებაზე, ასევე იმაზე, რომ მათ უფროსებს მუშაობაში ხელი არ შეუშალონ. როგორ უნდა გავუმკლავდეთ ახალ მოცემულობას წარმატებით და ეფექტიანად?

ჩამოაყალიბეთ კონკრეტული სასწავლო სტრუქტურა

თვითდისციპლინას ყველა ბავშვი არ არის მიჩვეული, ამიტომაც მათ შეიძლება უფროსების დახმარება დასჭირდეთ. ფსიქოლოგებისა და განათლების ექსპერტების რჩევით, თვითიზოლაციის პირობებში მშობელმა შვილთან ერთად ყოველდღიური განრიგი დეტალურად უნდა შეადგინოს. ამისათვის კი ზუსტად უნდა იყოს გაწერილი სადილისა და დასვენების დრო. უმჯობესია, რომ მშობლისა და შვილის შემთხვევაში ეს პერიოდები ერთმანეთს დაემთხვეს. კარგი იქნება, თუ დღის წესრიგს ამობეჭდავთ და თვალსაჩინო ადგილზე დაკიდებთ. ნებისმიერი კონფლიქტის წარმოქმნის შემთხვევაში თქვენ გექნებათ არგუმენტი, რომ ამის შესახებ თქვენ წინასწარ შეთანხმდით. 


თქვენი განრიგის სასკოლო რეჟიმზე ზუსტად მორგება კარგი იდეა ნამდვილად არ არის. პირველ რიგში, თუ მთელ დღეს სასწავლო საგნებსა და  დავალებების შემოწმებას დაუთმობთ, დისტანციური მუშაობისთვის დრო აღარ დაგრჩებათ. მეორე მხრივ, სახლში სწავლა სასკოლო პროცესისგან მაინც განსხვავდება, რადგან ონლაინ რეჟიმში ამა თუ იმ თემის გააზრება და გაგება შედარებით რთულია, ვიდრე უშუალოდ გაკვეთილზე. ამიტომაც თუ ჩვეულებრივ პირობებში მათემატიკის საშინაო დავალებას თქვენი შვილი 40 წუთს ანდომებდა, ახლა კი ერთ საათი მაინც ჭირდება, ეს სავსებით ნორმალურია. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს თვითდისციპლინის პრობლემა არ აქვს, მას შეუძლია დავალებები სასურველი თანმიმდევრობით შეასრულოს, რადგან მთავარია დღის ბოლოს ყველაფერი მზად ჰქონდეს.

შეზღუდეთ გაჯეტების მოხმარების ხანგრძლივობა

მოსაწყენი საქმის კეთებისას ყურადღება უფროსებსაც კი ეფანტებათ. მაგალითისთვის, მუშაობისთვის განკუთვნილ დროს ისინი, არც თუ ისე იშვიათად, სოციალურ ქსელში ატარებენ. რა თქმა უნდა, კონცენტრირება უფრო უჭირთ ბავშვებს, განსაკუთრებით კი - უმცროსკლასელებს. ამიტომაც მათ მოტივაციასთან დაკავშირებით შეიძლება დახმარება დასჭირდეთ. ამისათვის შეთანხმდით, რომ მეცადინეობის დროს ყველა ის გაჯეტი, რომელიც ამ პროცესში საჭირო არ არის, ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს. ისინი შეიძლება ჯილდოს სახით გამოიყენოთ, როდესაც თქვენი შვილი გაკვეთილს ისწავლის ან დავალებას კარგად შეასრულებს.

დაეხმარეთ თქვენს შვილს საშინაო დავალების შესრულებაში 

როდესაც სახლში ხართ, არის ალბათობა, რომ თქვენმა შვილმა დავალების შესრულებაში დახმარება გთხოვოთ. მაგრამ რა უნდა ქნათ, თუ თქვენ მეშვიდე კლასის ქიმიის კურსიდან არაფერი გახსოვთ? შეგიძლიათ მიმართოთ ნაცნობებს, რომლებიც ამ საკითხში კარგად ერკვევიან. ასევე შეგიძლიათ სახელმძღვანელოში არსებულ შესაბამის პარაგრაფს დამოუკიდებლად გაეცნოთ ან საგანმანათლებლო ვიდეოები ნახოთ (ასეთი საკმაოდ ბევრია YouTube-ზეც). ამავდროულად, ცალკეული საგნები შეგიძლიათ პროფესიონალ პედაგოგებს ანდოთ.

მოაწყვეთ ერთობლივი შესვენებები 

თქვენს ერთობლივ გრაფიკში აუცილებელია იყოს შესვენება, რომელიც 15-20 წუთს გაგრძელდება. ამ დროის გატარება ბევრნაირად შეგიძლიათ. მაგალითად, სამაგიდო თამაშებით გაერთეთ, ივარჯიშეთ, ნახეთ შემეცნებით-გასართობი ვიდეოები YouTube-ზე: გაიმეოროთ ქიმიური ექსპერიმენტი ან ბატარეისა და მავთულისგან ძრავა გააკეთოთ. სპეციალისტები ასევე რეკომენდაციას უწევენ ისეთ აქტივობებს, რომლებიც მოტორიკის განვითარებას უწყობს ხელს. მაგალითად, ფაზლი ან რუბიკის კუბი. ოთახი, სადაც ბავშვი დღის უმეტეს ნაწილს ატარებს, რეგულარულად უნდა გაანიავოთ. გახსოვდეთ, რომ როდესაც ჰაერი მძიმდება. კონცენტრაცია უჭირთ როგორც უფროსებს, ასევე - ბავშვებს.

დაიცავით ძილის რეჟიმი

დაიძინეთ და გაიღვიძეთ დაახლოებით იმავე დროს, როგორც ამას კარანტინამდე აკეთებდით. როდესაც თვითიზოლაცია დასრულდება და ბავშვი ისევ სკოლაში წავა, ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება მისთვის გაცილებით ადვილი იქნება. სხვათა შორის, ეს ეხება უფროსებსაც: თუ ბავშვები ხედავენ, რომ მათი მშობლები გვიან იძინებენ, დისციპლინის დაცვა მათთვის უფრო რთულია.

გააფართოვეთ ონლაინ-კომუნიკაცია და მოიფიქრეთ გართობის ახალი საშუალებები

თვითიზოლაცია და დისტანციური სწავლა არ არის იმის მიზეზი, რომ თქვენმა შვილმა თანაკლასელებთან ურთიერთობა გაწყვიტოს. სეირნობა და ერთმანეთის მონახულება ნამდვილად არ ღირს, მაგრამ ურთიერთობების შენარჩუნება ინტერნეტითაც (სოციალური ქსელები) არის შესაძლებელი. ზოგისთვის ონლაინ თამაშებით კომუნიკაციაა გამოსავალი, რაც სავსებით ნორმალურია. მთავარია, ის გართობის ერთადერთი საშუალება არ გახდეს. 


ეს ის დროა, როდესაც თქვენს შვილს რამე ახლის სწავლა შეუძლია. მაგალითად, ახალი უცხო ენა ან ელექტრომუსიკის შექმნა. საგანმანათლებლო ვიდეოებსა და სხვადასხვა შემოქმედებით კურსებს (იქნება ეს ვოკალური თუ სამწერლო) წრეების ჩანაცვლება დროებით შეუძლიათ. კარანტინი შეიძლება საკუთარ თავში გარკვევის მიზეზიც გახდეს. ფსიქოლოგთან ან ქოუჩთან საუბარი შეიძლება თქვენს შვილს საკუთარი ინტერესებისა და მომავალი პროფესიის არჩევაში დაეხმაროს. მსგავსი კონსულტაციების გავლა დისტანციურად არის შესაძლებელი.

სხვა თემები