18 აგვისტო 2017 - 02:46

მანქანების ადამიანებზე დაჯახება ტერორისტების ახალი ტაქტიკაა?

ტერაქტი ბერლინში

ტერაქტი ბერლინში

ბოლო დროს ევროპაში მომხდარი ტერაქტების უმრავლესობას დამნაშავეები მანქანებით აწყობენ. 17 აგვისტოს, ბარსელონაში, სატვირთო მანქანის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია, სულ ცოტა, 13 ადამიანი, დაშავდა 100-ზე მეტი. 19 ივნისს, ლონდონში, ფინსბერი პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მიკროავტობუსი მეჩეთიდან გამოსულ ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა. ინციდენტის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, 10 დაშავდა. 3 ივნისს, ლონდონის ხიდზე, თეთრი ფერის მიკროავტობუსი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. შემდეგ, ავტომობილიდან გადმოხტა სამი ადამიანი, რომლებიც დანებით თავს დაესხნენ გამვლელებს. მალევე, დანით შიარაღებულმა კაცმა დაჭრა გამვლელები ხიდთან ახლოს მდებარე Boro Market-თან. 3 ივნისის თავდასხმას, 7 ადამიანი ემსხვერპლა, 50-მდე დაშავდა. 22 მარტს, ისევ ლონდონში, დამნაშავე ვესტმინსტერის ხიდზე ჯერ ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა, შემდეგ კი პარლამენტთან მანქანიდან გადმოხტა და დანით დაჭრა პოლიციელი. დაიღუპა 4 ადამიანი, 40 დაშავდა. 2016 წელს ნიცაში და ბერლინში ორი მსგავსი ტერაქტი მოხდა, ორივეგან მთლიანობაში დაიღუპა 100-მდე ადამიანი, ასობით დაშავდა.

მანქანა ტერაქტის მოწყობის ახალი იარაღია თუ მას ადრეც იყენებდნენ?



ტერაქტი ბარსელონაში​

საკმაოდ ძველი მეთოდია. მას car-ramming-ს ან vehicle-ramming-ს (ტარანი ავტომობილით) უწოდებენ. თუმცა, ბოლო წლებში ის ტერორისტებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა. მას ხშირად იყენებენ პალესტინელი რადიკალები ისრაელში. 2015 წელს ისრაელის ხელისუფლებამ ტარანის მცდელობის 50-ზე მეტი შემთხვევა დააფიქსირა. როგორც წესი, დამნაშავეები მანქანით ეჯახებოდნენ ისრაელელ ჯარისკაცებს ან პოლიციელებს, ასევე ავტობუსების გაჩერებაზე მდგარ მოქალაქეებს.

ამ ტიპის ყველაზე მასშტაბური ტერაქტი ნიცაში, 2016 წლის 14 ივლისს, ბასტილიის აღების დღესასწაულზე მოხდა. წარმოშობით ტუნისელმა ტერორისტმა სატვირთო მანქანის დაჯახებით მოკლა 86 და დააზიანა ასობით ადამიანი. მსგავსი თავდასხმა ევროპაში მანამდეც ხდებოდა: 2014 წელს 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა დიჟონის და ნანტის ბაზრობებზე.

ავტომანქანებით თავდასხმა როდიდან გახშირდა?

2000-იანი წლების ბოლოდან და 2010-იანი წლების დასაწყისიდან. მსგავსი სამი ტერაქტის შემდეგ, ანალიტიკური კომპანია Stratfor-ის ექსპერტებმა ივარაუდეს, რომ პალესტინელი მებრძოლები ისრაელელების წინააღმდეგ ახალ ტაქტიკას ამუშავებდნენ. რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფებებმა ღიად მოუწოდეს მხარდამჭერებს “უწმინდურების” მოსაკლავად მანქანები გამოეყენებინათ.  

2010 წელს, ალ-ქაიდას ერთ-ერთი ტერორისტული განშტოების ინგლისურენოვანმა  ჟურნალმა Inspire გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც მიმდევრებს უხსნიდა, თუ როგორ მოეწყოთ ტერაქტები სატვირთო მანქანებით და ჯიპებით. ავტორი აღნიშნავდა, რომ მსგავს თავდასხმებს ადრე ხშირად არ იყენებდნენ, ამიტომ მას მოულოდნელობის ეფექტი აქვს.

რატომ დაიწყეს ტერორისტებმა ამ მეთოდის ხშირად გამოყენება?



ტერაქტი ლონდონში

ის უფრო ეფექტურია. ამის შესახებ ღიად ლაპარაკობენ თავად დამნაშავეები და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხების ექსპერტები. მანქანა მკვლელობის გაცილებით იოლად ხელმისაწვდომი იარაღია, ვიდრე თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა. იმავე მიზეზით, ისრაელში თავდასხმის მთავარ მეთოდად იქცა ჩვეულებრივი სამზარეულოს დანებით თავდასხმა. სპეცსამსახურებისთვის გაცილებით რთულია ასეთ ტერაქტებთან გამკლავება, ვიდრე აფეთქებებთან, რადგან ბომბის აღმოჩენა სხვადასხვა ტექნოლოგიით, ბევრად იოლია. თან ასეთ ტერაქტებს წინ უძღვის დაგეგმვა, რომლის კვალის მიგნებაც შესაძლებელია.

როგორ უმკლავდებიან სახელმწიფოები ასეთ ტერაქტებს?

ჯერჯერობით მთავარი მეთოდი - საჯარო თავშეყრის ადგილებთან დამცავი კონსტრუქციების აღმართვაა. ასე დაიცვეს მაგალითად ბევრი ატობუსის გაჩერება ისრაელში 2015 წლის თავდასხმების სერიის შემდეგ. შეიძლება მომავალში მათი პრევენცია შესაძლებელი გახდეს ტექნოლოგიების საშუალებითაც: მანქანები აღიჭურვება სისტემებით, რომელიც ავტომატურად გააჩერებს ავტომობილს, თუკი მძღოლს დაჯახების საფრთხეზე რეაქცია არ ექნება. მედიის ცნობით, სატვირთო მანქანა, რომლითაც ბერლინში 2016 წლის დეკემბერში ტერაქტი მოეწყო, სწორედ ასეთი სისტემით იყო აღჭურვილი, რის შედეგადაც მსხვერპლი მოსალოდნელზე ნაკლები აღმოჩნდა. 2012 წელს ევროკავშირმა მიიღო წესები, რომლის თანახმად, ყველა ახალი მძიმე მანქანის ავტომატური დამუხრუჭების სისტემებით აღჭურვა სავალდებულოა.

წყარო: Meduza

სხვა თემები