ვინ არის „ლუთერი“ და რით განსხვავდება ის მაროდიორისგან?
ფოტო: Shutterstock.com
ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ აშშ-ში დაწყებული საპროტესტო აქციების გაშუქებისას ახალ ამბებში ხშირად გვხვდება სიტყვა „ლუთერი“. მაგალითად, საერთაშორისო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეგრეთ წოდებულმა ლუთერებმა Apple-ის მაღაზიები გაძარცვეს. ვინ არიან ეს უკანასკნელნი? არის თუ არა განსხვავება „ლუთერსა“ და მაროდიორს შორის?
ვინ არის „ლუთერი“?
სიტყვა looter-ი ქართულად მძარცველს, looting-ი კი - ძარცვას ნიშნავს. თუმცა ეს თარგმანი ერთმნიშვნელოვანი სულაც არ არის და ამ კონტექსტში ენაში ჯერ კიდევ მკვიდრდება. მაგალითად, სიტყვა „loot”-ს ვიდეოთამაშების მოყვარულები უკვე დიდი ხანია ხმარობენ. მათთვის ეს არის ნადავლი, რომელიც მოკლული მოწინააღმდეგისგან რჩებათ. „loot”-ი ასევე ნიშნავს თამაშის მიმდინარეობისას მოთამაშის მიერ შეგროვილ ფასიან საგნებს, რომლებიც ვირტუალური ფულით შეძენილი ნივთებისგან განსხვავდება.
ინგლისურში სიტყვა looting („ლუთინგი“) არც თუ ისე იშვიათად განისაზღვრება როგორც ბრძოლის ველზე ქურდობა, მაშასადამე - სამხედრო დანაშაული. ქართულში ამ ქმედების აღსანიშნავად „მაროდიორობას“ ვხმარობთ. თუმცა სამხედრო „მაროდიორობის“ გამოსახატად ინგლისურში უფრო სხვა სიტყვის გამოყენება მოგვიწევს. ეს არის pillage. Looting-ს კი ხშირად იყენებენ მაშინ, როდესაც არეულობის, ხანძრის ან სხვა ტექნოგენური კატასტროფების დროს სხვადასხვა დაწესებულების ძარცვაზეა საუბარი. ზოგჯერ „ლუთერებს“ უწოდებენ იმ ადამიანებსაც, რომლებიც სტიქიური უბედურების შემდეგ სხვის ქონებას იტაცებენ (ხშირად გარდაცვლილ ადამიანებს ძარცვავენ). ამ ბოლო ორი მნიშვნელობით ამერიკის ზოგიერთ შტატში (კალიფორნია, ილინოისი, ჩრდილოეთ კაროლინა) „ლუთინგი“ სისხლის სამართლის დანაშაულია.
ვინ და რატომ უწოდა ტრამპს „ლუთერი“?
რთულია იმის თქმა, რომ ინგლისურ ენაში სიტყვა "ლუთერს" მკვეთრად გამოხატული ნეიტრალური მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არეულობის დაწყების შემდეგ looting-ი და shooting-ი (სროლა) გარითმა. მან აღნიშნა, რომ მაღაზიებზე თავდასხმებს (Looting) მოჰყვება მძარცველების წინააღმდეგ სროლა (Shooting). ამის გამო ჟურნალმა Atlantic-მა თავად ტრამპს უწოდა „ლუთერი“ და აშკარად - არა დადებით კონტექსტში.
„ლუთერებსა“ და „შუთერებზე“ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება ძალიან რეზონანსული აღმოჩნდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ დონალდ ტრამპი, ფაქტობრივად, მაიამის პოლიციის ყოფილი უფროსის, უოლტერ ჰედლის სიტყვებს ციტირებდა. 1967 წელს, როდესაც აფრო-ამერიკელები თანასწორუფლებიანობისთვის იბრძოდნენ, სასამართლო პროცესზე ჰედლიმ ამ გამოთქმით პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებების დროს ძალოვანი უწყებების მხრიდან მკაცრი ზომების მიღების გამართლება სცადა. მაშინ მაიამის პოლიციის ყოფილი უფროსი სამოქალაქო პირთა უფლებების უპატივცემულობაში დაადანაშაულეს.
ჰყავთ თუ არა „ლუთერებს“ დამცველები?
დიახ. მემარცხენე წრეების მეცნიერებასა და აფრო-ამერიკული პროტესტის იდეოლოგთა შორის "ლუთინგის" რეპუტაცია თანდათან "იწმინდება". კერძოდ, 2014 წლის აგვისტოში, ფერგიუსონში მომხდარი მოვლენების შემდეგ, ლიტერატურულ-კრიტიკულ გამოცემა The New Inquiry-ში ვიკი ოსტერვეილის ავტორობით გამოქვეყნდა ესსე “ლუთინგის დასაცავად“. თავის ნაშრომში ფილადელფიელი ჟურნალისტი ამტკიცებდა, რომ მაღაზიებზე თავდასხმები თეთრკანიანი ამერიკელების უპირატესობასთან ბრძოლის ისტორიულად გამართლებული საშუალებაა. გარდა ამისა, ამერიკელ ანარქისტებს შორის ძალიან პოპულარულია სამაგიდო თამაში Bloc by Bloc, რომლის მონაწილეებსაც „ლუთერებად“ გახდომას პირდაპირ სთავაზობენ.


