20 ივნისი 2020 - 10:37

გახდება თუ არა დექსამეტაზონი COVID-19-ის სამკურნალოდ პანაცეა

ფოტო: Shutterstock.com

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ბრიტანელი ექიმების კვლევის შედეგები დექსამეტაზონთან დაკავშირებით COVID-19– ის მკურნალობის პროცესში გარღვევად გამოაცხადა. პრეპარატი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფ პაციენტებში სიკვდილიანობის მაჩვენებელს 1/3-ით ამცირებს. თუმცა საბოლოო დასკვნის გაკეთება ჯერ ნაადრევია.

როგორ ხდება ეს ყველაფერი? 

რემდესივირი, ჰიდროქსიქლოროქინი, დექსამეტაზონი - ყველა ეს პრეპარატი, ერთმანეთის მიყოლებით, COVID-19–ის სამკურნალო ეფექტიან საშუალებად  დასახელდა. ყველაფერი კი ერთი და იმავე სცენარის მიხედვით ვითარდება. პირველ ეტაპზე, კვლევითი ინსტიტუტი თავის ვებგვერდზე პერსპექტიული კვლევის შედეგებს აქვეყნებს და პრესრელიზს ავრცელებს. ამის შემდეგ მასობრივი საინფორმაციო საშუალებები ამ ინფორმაციას თვალყურს ადევნებენ, ამაზე კომენტარს აკეთებენ ექსპერტები და პრეზიდენტებიც კი. შემდეგ კი ადამიანები, გამოჯანმრთელების იმედით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით გარბიან აფთიაქებში, ყიდულობენ და იღებენ ამ მედიკამენტებს.

მხოლოდ ამის შემდეგ ექსპერტებს საშუალება აქვთ, კვლევის შედეგები შეისწავლონ და გადაამოწმონ. ამ ყველაფერს მოსდევს იმედგაცრუება ან იმ პირობების დაზუსტება, რომლის მიხედვითაც პრეპარატი ნამდვილად ეფექტიანია. ზოგჯერ კი აღმოჩნდება, რომ ამან შეიძლება ძლიერი გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს.

რა არის ცნობილი დექსამეტაზონზე?

დექსამეტაზონზე დღეისათვის არსებული ინფორმაცია მოიცავს იმ კონტროლირებადი კლინიკური კვლევის შედეგებს, რომელიც დიდ ბრიტანეთში ჩატარდა. ასეთ დროს ახალი კორონავირუსის სამკურნალოდ მოწმდება იმ პრეპარატების ეფექტიანობა, რომლებიც მედიკამენტების ბაზარზე უკვე არსებობს. კვლევაში მონაწილეობა 11,5 ათასზე მეტმა პაციენტმა მიიღო. ისინი მკურნალობის კურსს დიდი ბრიტანეთის 175 საავადმყოფოში გადიოდნენ. 

კვლევის იმ ნაწილს, რომლის ფარგლებშიც დექსამეტაზონი იტესტებოდა, Recovery ერქვა. მასში 2,1 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. მათ 10 დღის განმავლობაში დღეში 6 მგ დექსამეტაზონს აძლევდნენ. კონტროლირებადი ჯგუფი 4,3 ათასი ადამიანისგან შედგებოდა და მათ სტანდარტულად მკურნალობდნენ.

ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი კონტროლირებადი კლინიკური კვლევის წინასწარი შედეგები იძლევა ვარაუდის საშუალებას, რომ დექსამეტაზონი COVID-19-ის მძიმე შემთხვევების სამკურნალოდ მეტ-ნაკლებად ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა. დაკვირვების შედეგად გაირკვა, რომ Recovery-ს ჯგუფში ფილტვის ხელოვნური მართვის აპარატზე შეერთებული პაციენტების სიკვდილიანობა, კონტროლირებად ჯგუფთან შედარებით, ⅓-ით ნაკლები იყო. იმ პაციენტებში კი, რომლებიც ჟანგბადის თერაპიას გადიოდნენ, მაგრამ ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია არ დაჭირვებიათ, ლეტალობა 20%-ით შემცირდა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ახალი კორონავირუსის მსუბუქი ფორმის შემთხვევაში დექსამეტაზონის მიღებამ არანაირი შედეგი არ აჩვენა. 

როგორც კი კვლევის შედეგები გამოქვეყნდა, დიდ ბრიტანეთში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დექსამეტაზონი ახალი კორონავირუსული ინფექციის თერაპიულ საშუალებად გამოეყენებინათ.

როგორ მოქმედებს დექსამეტაზონი? 

COVID-19-ის მძიმე ფორმის დროს პაციენტის იმუნური სისტემა ხშირად ისეთ ძლიერ პასუხს იძლევა, რომ მას „ციტოკინური შტორმის“ გამოწვევა შეუძლია. ეს კი თავის მხრივ მწვავე რესპირატორულ დისტრეს-სინდრომს ავითარებს.  

აქტიური ნივთიერება დექსამეტაზონი კორტიკოსტეროიდების ჯგუფს მიეკუთვნება და ის ახშობს იმუნურ სისტემას, რასაც თან ახლავს ანტიანთებითი ზემოქმედება და უკვე არსებული ანთებითი პროცესის შემცირება. დექსამეტაზონი ფართოდ არის გავრცელებული, ის ძვირადღიდებული მედიკამენტი არ არის და მისი შოვნა მთელი მსოფლიოს მასშტაბით საავადმყოფოებსა და აფთიაქებშია შესაძლებელი. როგორც წესი, პრეპარატი ინიშნება კანისა და სისხძარღვების დაავადების, თავის ტვინში სიმსივნით გამოწვეული შეშუპების დროს, ასევე-ღებინებისა და გულისრევის წინააღმდეგ, როდესაც ეს სიმპტომები კიბოსსაწინააღმდეგო თერაპიას ახლავს.

როგორ აფასებენ კვლევის შედეგებს ექსპერტები? 

დექსამეტაზონის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის მთავარი გამომწვევი მიზეზი ისიც იყო, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ამ პრეპარატის კვლევას ახალი კორონავირუსის წინააარმდეგ ბრძოლაში "გარღვევა" უწოდა. "ვულოცავ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას, ოქსფორდის უნივერსიტეტს, ბევრ საავადმყოფოსა და პაციენტს, რომლებმაც თავიანთი წვლილი შეიტანეს ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამეცნიერო გარღვევაში", - განაცხადა მან.

თუმცა საიმედო განცხადება ამ "ახალ სასწაულებრივ წამალთან" დაკავშირებით დღემდე არც ერთ მეცნიერს არ გაუკეთებია. მიუხედავად იმისა, რომ ეს პრეპარატი დიდი ხანია ცნობილია, მისი ეფექტიანობა COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის პროცესში ბოლომდე შესწავლილი ჯერ კიდევ არ არის. 

ამ საკითხზე სამეცნიერო პუბლიკაციებიც არ არსებობს, ხოლო კონტროლირებადი კლინიკური კვლევის შედეგები სხვა ექსპერტების მიერ ბოლომდე გადამოწმებული ჯერ კიდევ არ არის. ამასთანავე, ბრიტანელმა მეცნიერებმა კვლევის პირველადი შედეგები, შემდეგი შესწავლის მიზნით, ონლაინ გამოაქვეყნეს.

გერმანელი ექსპერტები ფრთხილი ოპტიმიზმით არიან განწყობილი იმ მონაცემების მიმართ, რომელიც უკვე არსებობს. ”შედეგები ძალიან კარგად გამოხატავს ჩვენს ამჟამინდელ წარმოდგენას იმის შესახებ, რომ იმუნური სისტემის გადაჭარბებული რეაქცია COVID-19-ის გვიან ეტაპზე გადამწყვეტ როლს ასრულებს. კვლევის შედეგები, რომლებიც ჯერ სრულად არ გამოქვეყნებულა, ადასტურებს კორტიკოსტეროიდების გამოყენების ეფექტიანობას SARS-CoV-2-ის მძიმე ფორმით მიმდინარეობისას”, - აღნიშნავს კიოლნის საუნივერსიტეტო კლინიკის ინფექტოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი გერდ ფეტკენჰოიერი. 


ანალოგიურ თვალსაზრისს იზიარებს ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის კლინიკის ინფექტოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი მარია ვერეშილდი. "კორტიზონი იმუნური სისტემის ჩახშობის კლასიკური გზაა. გასაკვირია, თუ რამდენად ძლიერი იყო დექსამეტაზონის გამოყენების ეფექტი", - აცხადებს ის. თუმცა საბოლოო დასკვნის გაკეთება ამ პრეპარატის ეფექტიანობის შესახებ, მხოლოდ არსებული მონაცემების დეტალური შესწავლის შესახებ იქნება შესაძლებელი“, - ხაზს უსვამს პროფესორი ვერეშილდი.

სხვა თემები