08 ივლისი 2020 - 14:52

Apple თავის კომპიუტერებში Intel-ის პროცესორების გამოყენებაზე უარს ამბობს. რას ნიშნავს ეს მომხმარებლებისთვის, დეველოპერებისა და თავად Apple-სთვის? 

Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტიმ კუკმა 22 ივნისს Mac-ისთვის ”ისტორიული დღე” უწოდა. ამის მიზეზი ის არის, რომ კომპანია თავის კომპიუტერებსა და ლეპტოპებში Intel-ის ნაცვლად საკუთარი წარმოების პროცესორების გამოყენებას გეგმავს. თუმცა ამ ცვლილების დანერგვას ორი წელი დასჭირდება და ეს მარტივი არავისთვის იქნება. Apple თავისი პროცესორებისთვის მთელ რიგ ახალ აპლიკაციებს იწერს, დეველოპერებს ამ სიახლესთან თავიანთი პროგრამების ადაპტირება მოუწევთ, მომხმარებლებისთვის კი ახალი კომპიუტერის არჩევა კიდევ უფრო გართულდება. 

რა პრობლემას ქმნის ეს პროცესორები?

2006 წელს Apple-მა PowerPC-ის პროცესორების გამოყენებაზე უარი თქვა. სწორედ ამ დროიდან კომპანია საკუთარ კომპიუტერებში Intel-ის პროცესორებს იყენებს. ამ გადაწყვეტილების შესახებ Apple-მა მაშინაც WWDC დეველოპერებისთვის გამართულ საკუთარ კონფერენციაზე წინასწარ განაცხადა. აღნიშნული შეხვედრა წელს 22 ივნისს დაიწყო და ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო მთლიანად ონლაინ რეჟიში წარიმართა.


Intel-ის პროცესორები Apple-ის სხვადასხვა კომპიუტერში გამოიყენება. მაგალითად, ორბირთვიანი Core i5 ძალიან თხელ 12-დიუმიან Macbook-შია ჩამონტაჟებული, ხოლო მძლავრ პერსონალურ კომპიუტერ Mac Pro-ში, სურვილის შემთხვევაში, 28-ბირთვიანი Xeon-ის ჩაყენებაა შესაძლებელი. 
ამავდროულად, Apple-ის სხვა მოწყობილობები, პირველ რიგში, iPhone-ები და iPad-ები მუშაობენ პროცესორებზე, რომლებიც კომპანიაშია დამზადებული. მათგან უახლეს მოდელს A13 Bionic-ი ეწოდება, iPhone 11-სა და ახალ iPhone SE- ში სწორედ ის არის ჩამონტაჟებული.


ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Apple თავისი კომპიუტერების საკუთარ პროცესორებზე გადაყვანას აპირებდა, მედიაში ოფიციალურ განცხადებამდე რამდენიმე წლით ადრე გაჩნდა. თუმცა ეს გზავნილი WWDC 2020-ის დაწყებამდე, განსაკუთრებით კი ბოლო თვეებში გახშირდა. ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი ის არის, რომ ბოლო წლებში Intel-მა პროცესორების წარმოების ზრდა ვერ უზრუნველყო.


პროცესორების შეცვლა მხოლოდ იმას არ ნიშნავს, რომ ამ დროს ჩიპები Apple-ის ლაბორატორიებში დამუშავდება და არა-Inte-ის. A13 Bionic-სა და Intel Xeon-ს განსხვავებული სტრუქტურა აქვთ. მარტივად რომ ვთქვათ, ამაზეა დამოკიდებული პროცესორი რა სახის ბრძანებებს იგებს.
განსხვავებით Intel-ის პროცესორებისგან, რომლებიც x86-ის სტრუქტურას იყენებს (ის პერსონალურ კომპიუტერებსა და ლეპტოპებში გვხვდება), Apple-ის ჩიპები დაფუძნებულია ARM-ზე, რომელიც, როგორც წესი, მობილურ მოწყობილობებში გამოიყენება. თუმცა არა მხოლოდ: მსოფლიოში ყველაზე მძლავრი სუპერკომპიუტერი Fugaku-ც ARM-პროცესორებზეა აგებული. 


ეს სტრუქტრული განსხვავება მნიშვნელოვანია, რადგან ARM- ზე მომუშავე პროგრამები x86-ზე ვეღარ იფუნქციონირებს და პირიქით. ამიტომაც Apple-ს, მის დეველოპერებსა და მომხმარებლებს უახლოეს წლებში მოუწევთ იფიქრონ, თუ როგორ უნდა შეუთავსონ ერთმანეთს ძველი აპლიკაციები და ახალი პროცესორები.

რას ნიშნავს ეს Apple-სთვის?

მთავარია, რომ კორპორაცია ახალი პროცესორების განვითარების გეგმის გაკონტროლებას თავად შეძლებს. მაგალითად, iPhone-ებსა და iPad-ებში ჩამონტაჟებული Apple-ის ჩიპები არამხოლოდ კომპიუტერულ და გრაფიკულ ბირთვს მოიცავს, არამედ - ნეიროპროცესორ Neural Engine-ს, რომელიც მოწყობილობებში ნეიროქსელებისა და სამანქანო შესწავლისთვის აქტიურად გამოიყენება. 


დღეისათვის Mac-ის უახლესი მოდელები Intel-ის ცენტრალური პროცესორის გარდა  დამატებით T1 ან T2 ჩიპებს მოიცავს. ისინი, პირველ რიგში, სისტემის სხვადასხვა კომპონენტში მონაცემების უსაფრთხო დამუშავებასა და შენახვაზეა ორიენტირებული. ეს ეხება როგორც თითის ანაბეჭდებს, ასევე - დისკზე არსებულ დაშიფრულ მონაცემებს. 


კიდევ ერთი ფაქტორი არის ფული. ანალიტიკოსების შეფასებით, კომპიუტერებში საკუთარი პროცესორების გამოყენება კორპორაციას 40–60%–ით იაფი დაუჯდება, ვიდრე- მათი Intel-ისგან შეძენა.

რა ნიშნავს ეს დეველოპერებისთვის?

ბევრ სამუშაოს. Apple-ის დეველოპერებს ამ სიახლის დაანონსებამდე სერიოზული მუშაობა მოუწიათ. ARM-კომპიუტერებზე მუშაობს არამხოლოდ ახალი macOS Big Sur-ი, არამედ-კომპანიის ყველა აპლიკაცია. მათ შორის არის პროფესიონალი ვიდეორედაქტორი Final Cut Pro.


Apple-ი ამაზე არ გაჩერებულა. კომპანიამ მოამზადა პოპულარული პროექტების განახლებული ვერსია, რათა მათ ახალ პროცესორებზე მუშაობა შესძლონ. კორპორაციამ ასევე წინასწარ დაიწყო Microsoft-სა და Adobe-თან თანამშრომლობა, რათა ახალ კომპიუტერებში Word-ის, Excel-ის, Powerpoint-ის, Photoshop-ისა და Lightroom-ისდაყენება შესაძლებელი იყოს. მაგალითად, WWDC-ის ფარგლებში აჩვენეს, რომ Mac- ი Apple-ის პროცესორის მეშვეობით Adobe Photoshop-ის 5-გიგაბაიტიან ფაილს უპრობლემოდ გაუმკლავდა. 


აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ Mac-ის ყველა აპლიკაციის ახალ სტრუქტურაზე გადასვლას Apple მხოლოდ საკუთარი ძალებით ვერ შეძლებს. ამისათვის საჭიროა ამ აპლიკაციების შემქნელთა თანამონაწილეობა. კორპორაციაში ამტკიცებენ, რომ პროგრამების უმრავლესობის ცვლილების პროცესი მხოლოდ „რამდენიმე დღეს“ გაგრძელდება. 


Mac-ის გადასვლა ARM-პროცესორებზე დაახლოებით ორ წელს გაგრძელდება. თუმცა ამის შემდეგაც საკმაოდ დიდხანს მომხმარებლებს კვლავ მილიონობით Intel-კომპიუტერი ექნებათ. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დეველოპერებს აპლიკაციების ორი ვერსიის შემუშავება მოუწევთ. სპეციალური Universal 2 ფორმატი ერთდროულად იმუშავებს როგორც ARM-ისთვის, ისე - Intel-ისთვის. ამ შემთხვევაში მხოლოდ შესასრულებელი კოდი იქნება განსხვავებული: ყველა დოკუმენტი ერთადერთ ეგზემპლიარად შეინახება.

დაბოლოს, დეველოპერებს, რომელთაც სურთ, რომ თავიანთი პროგრამები ARM- კომპიუტერებისთვის რაც შეიძლება სწრაფად ადაპტირდნენ, 500 აშშ დოლარის დახარჯვა მოუწევთ. სწორედ ამდენი ღირს სპეციალურ უნივერსალურ პროგრამა App Quick Start Program-ზე წვდომა. ის მოიცავს არამხოლოდ გადასვლისთვის საჭირო დოკუმენტაციასა და ინსტრუმენტებზე ნებართვას, არამედ - A12Z Bionic პროცესორის მქონე Mac mini-სა და iPad Pro-ს დაქირავებას.

რას ნიშნავს ეს სიახლე მომხმარებლებისთვის?

პირველ რიგში, აშკარა კარგ ამბებზე ვისაუბროთ. ARM-ჩიპი, სულ ცოტა, უფრო ენერგოეფექტური იქნება. ამის შესახებ Apple თავად აცხადებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს ელოდება მაკბუქები, რომლებიც დატენვის გარეშე საკმაოდ დიდხანს ძლებს.  


მეორე კარგი ამბავი არის ის, რომ ასეთ კომპიუტერებში iOS- აპლიკაციების გაშვება შესაძლებელი იქნება. საქმე იმაშია, რომ iPhone-სა და iPad-ში არჩევანი ბევრად ფართოა, ვიდრე macOS-ზე. როგორც ჩანს, რამდენიმე წელიწადში, ეს სხვაობა ასეთი მნიშვნელოვანი აღარ იქნება. 

ცუდი ამბავი ის არის, რომ უახლოეს წლებში Apple-ის ახალი კომპიუტერის შეძენისას, მის თავისებურებებში გარკვევა მოგიწევთ. რა არის უმჯობესი, Intel MacBook ახლავე იყიდოთ თუ პირველ ARM-მოწყობილობებს დაელოდოთ? 

დიახ, დეველოპერებს ნამდვილად აქვთ დრო და საჭირო ინსტრუმენტები, რომ თავიანთი პროდუქცია ახალი მოდელის კომპიუტერებს მოარგონ. თუმცა რა მოხდება, თუ მათ შესაბამისი რესურსი არ აქვთ? ან უკვე აკეთებენ სხვა რამეს და ძველ პროდუქციასთან დაბრუნება აღარ სურთ? 

ამ შემთხვევაში Apple-მა გაითვალისწინა სპეციალური ტექნოლოგია Rosetta 2, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, დეველოპერის ჩარევის გარეშე ARM-კომპიუტერებში ძველი აპლიკაციები ჩატვირთოს.

სხვა თემები