16 აგვისტო 2020 - 23:40

რა ხდება მარსზე? რატომ მიფრინავენ წითელ პლანეტაზე აშშ-ის, ჩინეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მისიები?

ფოტო: Shutterstock.com

2020 წლის შემოდგომამდე მარსზე ერთდროულად სამი ქვეყნის მისია გაემგზავრება. საქმე ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩინეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს. თუ NASA-მ თავისი მისია მარსზე უკვე არაერთხელ გაგზავნა, ჩინეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები ამ საქმეში ახალბედები არიან. თუმცა მრავალწლიანი გამოცდილების არქონის მიუხედავად, მათი პროგრამებიც საკმაოდ წარმატებულია. სამივე მარსიანული მისიის ამოცანები, მათ შორის არსებული განსხვავებები და ტექნიკური დეტალები Deutsche Welle-მ დააზუსტა.

NASA-ს მისია: არის თუ არა მარსზე სიცოცხლე? 

მარსზე დაგეგმილ 2020 წლის მისიას, რომელსაც ამერიკული აეროკოსმოსური სააგენტო ასრულებს, Perseverance-ი („შეუპოვრობა“) ეწოდა. ეს სახელწოდება ამერიკელი სკოლის მოსწავლეების მიერ გაგზავნილი 28 ათასი განაცხადიდან შეირჩა მას შემდეგ, რაც  NASA-მ 2019 წელს  გამოაცხადა კონკურსი "მოიფიქრე როვერის სახელი". მოხალისე ჟიურის წევრებმა ფინალისთვის ხუთი ვარიანტი შეარჩიეს, რის შემდეგაც NASA -ს ვებგვერდზე ხუთი დღის განმავლობაში ხმის მიცემა მიმდინარეობდა. გამარჯვებულის ტიტული მეშვიდეკლასელმა ალექსანდერ მაზერმა მოიპოვა. ახლა მას შეუძლია ოჯახთან ერთად ფლორიდის კოსმოდრომიდან კოსმოსური ხომალდის გაშვებას თვალყური ადევნოს. 155 ნახევარფინალისტის სახელი კი დატანილი იქნება სპეციალურ ჩიპზე, რომელიც მარსზე როვერის მეშვეობით გაფრინდება. 


მისიის გაშვება 22 ივლისიდან 11 აგვისტომდეა დაგეგმილი. მარსმავალის გაგზავნის თარიღიდან გამომდინარე, მან წითელ პლანეტას 31 იანვრიდან 18 თებერვლამდე უნდა მიაღწიოს. დაშვების ადგილად შერჩეულია ჯეზეროს კრატერი, რომელიც მარსიანული ეკვატორიდან ჩრდილოეთით მდებარეობს. ექსპედიციის მთავარი ამოცანაა გაარკვიონ, არის თუ არა  მარსზე სიცოცხლე. მისიის მიზნებზე საუბრისას, NASA-ში აღნიშნავენ, რომ 23 კამერით აღჭურვილი მარსმავალი Perseverance-ი "წყალს გაჰყვება". დაშვების ამ კონკრეტულ ადგილზე არჩევანის გაკეთებაც სწორედ ამით აიხსნება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ  ჯეზეროს კრატერის მიდამოში დამშრალი მდინარის დელტა და ტბის ფსკერი მდებარეობს. თანამედროვე ტექნიკური ინსტრუმენტებით აღჭურვილი მარსმავალი (მისი წონა 1043 კილოგრამს შეადგენს) მთისა და ნიადაგის ნიმუშებს შეაგროვებს. ეს უკანასკნელი შეიძლება წარმოიქმნა იმ დროს, როდესაც წითელ პლანეტაზე წყალი იყო და შესაბამისად, არის ალბათობა, რომ აღნიშნული სინჯები ძველი ცხოვრების ნიშნებსაც შეიცავს. 


Perseverance-ი მოწინავე სანავიგაციო სისტემით, პანორამული და სტერეოსკოპული კამერებით არის აღჭურვილი. მასზე განთავსებულია MOXIE-ს ექსპერიმენტული მოწყობილობა, რომელიც მარსიანული ატმოსფეროდან (ის ძირითადად ნახშირორჟანგისგან შედგება) ჟანგბადის მოპოვებას შეეცდება. გარდა ამისა, მას შეუძლია გაუშვას უპილოტო მფრინავი აპარატი Mars Helicopter-ი, რათა მიმდებარე ტერიტორია უფრო დეტალურად გამოიკვლიოს. ის ორი მიკროფონითაც არის აღჭურვილი. NASA-ში იმედოვნებენ, რომ ეს ყველაფერი Perseveranc-ს საშუალებას მისცემს "შეეხოს, გამოსცადოს და ბოლოს და ბოლოს, მოისმინოს მარსის ბგერები". 


მთისა და ნიადაგის ყველა ნიმუში, რომელსაც მარსმავალი ბურღისა და რობოტიზებული ხელის მეშვეობით მოიპოვებს, ლითონის სტერილურ კონტეინერებში მოთავსდება და  პლანეტის ზედაპირზე დარჩება. დედამიწაზე მათი ტრანსპორტირებისთვის კი NASA მორიგ მისიას 2026 წელს გეგმავს.

რა უნდა ჩინეთს? დაეწიოს და გაუსწროს ამერიკას! 

ჩინურ ექსპედიციას Tianwen-1-ი („ზეცისკენ მიმართული კითხვები“) ეწოდება. ეს არის ჩინელი პოეტის, ციუ იუანის პოემის სახელწოდება. ის დაახლოებით ჩვენს წელთაღრიცხვამდე 340-278 წლებში მოღვაწეობდა და ძველი ჩინეთის ერთ-ერთ უდიდეს პოეტად ითვლება. სახელის შესარჩევი კონკურსი 2016 წლის აგვისტოს ბოლოს  დაიწყო. გამარჯვებული სპეციალურმა ჟიურიმ 36 ათასამდე განაცხადიდან შეარჩია და საბოლოოდ ეს პროცესი ონლაინ კენჭისყრით დასრულდა. მისიის სახელწოდება ოფიციალურად 2020 წლის 24 აპრილს (ამ დღეს ჩინეთში კოსმონავტიკის დღე აღინიშნება) გამოცხადდა.


ჩინური კოსმოსური აპარატის გაშვება 23 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით, ჰაინანის კუნძულზე მდებარე ვენჩანის კოსმოდრომიდან არის დაგეგმილი. დაშვების ადგილად შერჩეულია მარსიანული დაბლობის რაიონი უტოპია, რომელსაც ინტერპლანეტარულმა ზონდმა 2021 წლის თებერვალში უნდა მიაღწიოს. 


NASA-ს პროგრამის მსგავსად, ჩინური მისიის მიზანია მარსზე სიცოცხლის კვალის პოვნა და ასევე იმის გაგება, შეიძლება თუ არა მომავალში წითელ პლანეტაზე ატმოსფერო კოლონიზაციის შესაფერისი გახდეს. თუმცა ჩინეთისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია კოსმოსურ სფეროში თავი დაიმკვიდროს, მის მთავარ კონკურენტს დაეწიოს და შეძლებისდაგვარად გაუსწროს კიდეც. 


ამიტომაც მისია Tianwen 1 უფრო ამბიციურია, ვიდრე - ამერიკული. გეგმის თანახმად, მარსზე უნდა მოხვდეს არა მარტო როვერი, არამედ ორბიტული აპარატიც, რომელიც კამერებისა და რადარების მეშვეობით პლანეტას შეისწავლის. 
ჩინური მარსმავალი ამერიკულ როვერზე ოთხჯერ მსუბუქია. მისი წონა დაახლოებით 200 კილოგრამს შეადგენს. მასზე არსებული რადიოლოკაციური სადგური საშუალებას იძლევა  მარსის ზედაპირის ქვეშ 100 მეტრის სიღრმეში ჩააღწიოს და მისი გეოლოგიური სტრუქტურა შეისწავლოს. მას ასევე შეუძლია ნიადაგის შემადგენლობას ქიმიური ანალიზი ჩაუტაროს და ბიომოლეკულები მოიძიოს.


გარდა ამისა, ჩინური მარსმავალი სანავიგაციო და ტოპოგრაფიული კამერებით, მეტეოროლოგიური ცვლილებების მოწყობილობითა და ორი დეტექტორით არის აღჭურვილი. რადიოლოკაციური სადგურის არსებობა ჩინეთის ექსპედიციის ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი ფაქტორია: მსგავსი მოწყობილობა წითელ პლანეტაზე პირველად აღმოჩნდება.

რა მიზანი ამოძრავებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებს?

არაბთა გაერთიანებული საამიროები აპირებს გახდეს პირველი არაბული ქვეყანა, რომელიც ინტერპლანეტარულ ფრენას განახორციელებს. აღნიშნული ქვეყნის პროგრამას "ნორე" ("იმედი") ეწოდება. მისი მეორე სახელია "საამიროების მარსიანული მისია". ორბიტული აპარატი, რომელიც მარსზე იაპონური კოსმოდრომიდან გაფრინდება, დუბაის მუჰამედ ბინ რაშიდის კოსმოსურ ცენტრში კოლორადოს უნივერსიტეტის ატმოსფერული და კოსმოსური ფიზიკის ლაბორატორიასთან თანამშრომლობით შეიქმნა. მისი გამშვები „ფანჯარა“ 15 ივლისიდან 13 აგვისტომდე ღია იქნება. კოსმოსურ აპარატს იაპონური რაკეტების მეშვეობით გაუშვებენ.


ამერიკული და ჩინური კოსმოსური პროგრამებისაგან განსხვავებით, არაბთა გაერთიანებული საამიროების მისიის მიზანი უფრო მოკრძალებულია. "ნორე" მარსის ატმოსფეროს ორბიტიდან დააკვირდება, რათა მთელი წლის განმავლობაში წითელი პლანეტის ყველა რეგიონის კლიმატის პირველი სრულყოფილი სურათი შექმნას. კოსმოსური ზონდი ასევე პირველად შეისწავლის მარსის ატმოსფეროს ქვედა ფენებს, სადაც რეალურად მარსიანული ამინდი (მტვრის ქარიშხლის ჩათვლით) იქმნება. ხომალდი სამი კამერით არის აღჭურვილი და მათი საშუალებით შეუძლია წითელი პლანეტის ატმოსფეროს ხილულ, ინფრაწითელ და ულტრაიისფერ დიაპაზონში დააკვირდეს. 


არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მარსის ორბიტას მისიამ ქვეყნის დაარსებიდან 50 წლის იუბილემდე მიაღწიოს. ეს თარიღი 2021 წლის 2 დეკემბერს აღინიშნება. ახალი კოროვირუსის პანდემიის შედეგად გამოწვეული გაუთვალისწინებელი გარემოებებისგან დაზღვევის მიზნით, კოსმოსური აპარატი და პროგრამის ზოგიერთი მონაწილე იაპონიაში დათქმულ ვადაზე გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ 2020 წლის აპრილის დასაწყისში გაიგზავნა. დაგეგმილ დროზე ადრე. თუ არაბთა გაერთიანებული საამიროების მისიის გაშვება ამა თუ იმ მიზეზით ვერ მოხერხდა, მორიგ „ფანჯარას“ კიდევ ორი წელი უნდა ელოდონ. 


არაბთა გაერთიანებულ საამიროებში არ უარყოფენ იმ ფაქტს, რომ სამეცნიერო მისიის პარალელურად, ამ გეგმის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია ქვეყნის ეკონომიკისთვის ახალი ბიძგის მიცემა. ხელისუფლების წარმომადგენლები ამ თემაზე ღიად საუბრობენ. ისინი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეკონომიკასთან ინტეგრაციაზე ამახვილებენ ყურადღებას. გარდა ამისა, პროგრამა რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების წახალისებას, მეცნიერებისა და კვლევების მიმართ მათი ინტერესის გაზრდას ითვალისწინებს.

სხვა თემები