20 აგვისტო 2020 - 09:10

რა უნდა ვიცოდეთ ძუძუთი კვების შესახებ

ფოტო: Shutterstock.com

ძუძუთი კვების შესახებ ძალიან ბევრი მოსაზრება არსებობს. მათგან ზოგი მითია, ზოგიც კი - რეალობა. მართლა ამდენად სასარგებლოა ძუძუთი კვება? აქვს თუ არა მას უარყოფითი მხარეები? და ზოგადად, რა აუცილებელ ცოდნას უნდა ვფლობდეთ ბუნებრივი კვების შესახებ?

რა შეიძლება მოჰყვეს ძუძუთი კვების შეწყვეტას?

დედასა და შვილს გარკვეული დაავადებების განვითარების რისკი გაეზრდებათ, მაგრამ არც ისე ძალიან. თუმცა თითოეულ კონკრეტულ სიტუაციაში, შედეგიც შეიძლება განსხვავებული იყოს. სამედიცინო თვალსაზრისით, დადებითი რეზულტატი ბევრად იშვიათია. ამიტომაც ექიმების რეკომენდაციაა, რომ დედამ შეძლებისდაგვარად არჩევანი ძუძუთი კვებაზე გააკეთოს.

მართალია თუ არა, რომ ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებს გარკვეული დაავადებები იშვიათად უვითარდებათ?

დიახ. მაგალითად, ეს დაავადებებია:  


-    მწვავე შუა ოტიტი; 
-    სასუნთქი გზების დაავადებები;
-    გახანგრძლივებული/ძლიერი დიარეა;
-    სიცოცხლის პირველ ორ წელიწადში ატოპიური დერმატიტი;
-    ახალშობილთა მოულოდნელი (უეცარი) სიკვდილის სინდრომი;
-    ახალშობილთა ნეკროზული ენტეროკოლიტი; ამ დაავადების დროს ნაწლავური სისტემა ზიანდება. კერძოდ, მისი ლორწოვანი გარსი კვდება, შემდეგ კი ზოგიერთ შემთხვევაში, სხვა ქსოვილებიც იღუპება. ეს ძირითადად ნაადრევად დაბადებულ ჩვილებში  გვხვდება.


არსებობს უფრო მოკრძალებული მტკიცებულებებიც, რომლებიც მიუთითებენ იმაზე, რომ ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილებს 1-ლი ტიპის შაქრიანი დიაბეტი, ნაწლავების ანთება და კარიესი იშვიათად უვითარდებათ. ასეთ შემთხვევაში პატარებს წამოქაფებაც (სამედიცინო ენაზე გასტროეზოფაგური რეფლუქსი) ნაკლებად აწუხებთ. გარდა ამისა, ძუძუთი კვების დროს ვაქცინაციამდე და მის შემდეგაც ჩვილები უფრო ნაკლებ ტკივილს განიცდიან.


აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სხვა დაავადებების ან ინტელექტუალური განვითარების მაჩვენებელზე ხელოვნური კვების უარყოფით შედეგებზე საუბარი ნაკლებად დამაჯერებელია.

იცავს თუ არა ძუძუთი კვება გარკვეული დაავადებებისგან დედასაც? 

დიახ. ძუძუთი კვების წყალობით, ქალის საშვილოსნო თავის ნორმალურ ზომას უფრო სწრაფად უბრუნდება და მშობიარობის შემდეგი სისხლდენაც ნაკლებად ძლიერია. 


არსებობს მონაცემები, რომ მეძუძურ დედებს იშვიათად უვითარდებათ:
-    ძუძუს კიბო; სხვადასხვა წყაროს თანახმად, ძუძუთი კვების ყოველი ერთი წელი ამ რისკს 6-9% -ით ამცირებს. თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვის დაბადება სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკს თავდაპირველად ზრდის, შემდეგ კი ეს საფრთხე ისევ იკლებს. 
-    საკვერცხეების კიბო; ძუძუთი კვება ამ დაავადების რისკს საშუალოდ 30%-ით ამცირებს. 
-    ენდომეტრიუმის კიბო; ძუძუთი კვების ყოველი სამი თვე ამ დაავადების რისკის 3%-ით შემცირებას გულისხმობს.

მაშასადამე, ძუძუთი კვებას მხოლოდ დადებითი შედეგები აქვს? 

არა, მას შეიძლება უარყოფითი შედეგებიც მოჰყვეს. აშშ-ში აივ ინფიცირებულ ქალებს ძუძუთი კვებას არ ურჩევენ. ეს ვრცელდება იმ შემთხვევაზეც, თუ ის მედიკამენტოზურ მკურნალობას გადის და სისხლში ვირუსი არ ფიქსირდება. თუმცა არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და გაეროს ბავშვთა ფონდი ქალებს, რომლებიც ანტივირუსულ თერაპიულ კურსს გადიან და სისხლში ვირუსის დაბალი მაჩვენებელი აქვთ, ურჩევს, ძუძუთი კვებაზე უარი არ თქვან, რადგან შეიძლება ამ შემთხვევაში სარგებელი გაცილებით მეტი იყოს. ეს განსაკუთრებით აქტუალურია დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის, სადაც საკმარისი სუფთა სასმელი წყალი ყოველთვის არ არის და ხელოვნურ კვებაზე გადასვლა სხვადასხვა ინფექციური დაავადების განვითარების რისკს ზრდის. 


ძუძუთი კვება შეიძლება  მავნე იყოს მაშინაც, თუ ჩვილს მემკვიდრეობით გადაეცა დაავადება, რომელსაც კლასიკური გალაქტოზემია ეწოდება. ამ შემთხვევაში დედის რძის მიღება მძიმე სიმპტომებს იწვევს. 


ძუძუთი კვების პროცესს ქალის ცხოვრების ხარისხის გაუარესებაც შეუძლია. ამ დროს გარკვეული მედიკამენტების მიღება იზღუდება. გარდა ამისა, ძუძუთი კვებამ შეიძლება ტკივილი და მასტიტი გამოიწვიოს. ამიტომაც არჩევანი ყოველთვის თავად ქალმა უნდა გააკეთოს. გადაწყვეტილების მიღებამდე კი მან ძუძუთი კვების ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე უნდა აწონდაწონოს. მისი არჩევანი კი განსჯის საგანი არ უნდა გახდეს.

რა ასაკამდე აქვს აზრი ბავშვის ძუძუთი კვებას? 

სამედიცინო ორგანიზაციების რეკომენდაციების თანახმად, მხოლოდ ძუძუთი კვება, სულ ცოტა, 6 თვემდე, დანამატებთან ერთად კი, სულ ცოტა, 1 წელია სასარგებლო (შესაძლოა, 2 წელიც). ამ ვადის გახანგრძლივებაც შეიძლება. ეს ბავშვისა და დედის სურვილზეა დამოკიდებული. კვლევებმა აჩვენა, რომ გახანგრძლივებული ძუძუთი კვება ზოგიერთი დაავადებისგან დასაცავად დამატებით თავდაცვით ეფექტს იძლევა, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ არის. 


რა თქმა უნდა, რძის შემადგენლობა დროთა განმავლობაში იცვლება, მაგრამ არ არსებობს მომენტი, რის შემდეგაც რძე „წყალწყალა“ ხდება. უბრალოდ, დროთა განმავლობაში, ბავშვი უფრო მეტ სარგებელს სხვა პროდუქტებისაგან იღებს, ეს კი მოსახერხებელია როგორც შვილისთვის, ისე - დედისთვის.

როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი ძუძუთი კვებას? 

უმჯობესია, ეს ეტაპობრივად გააკეთოთ, მაგრამ ამის იდეალური სქემა არ არსებობს. როგორც წესი, ორიდან ოთხ წლამდე ბავშვი დედის რძის მიღებაზე უარს თავად ამბობს. თუ ის ამას უფრო ადრეულ ასაკში აკეთებს, ეს მოვლენა დროებითია და რამდენიმე დღის შემდეგ ის დედის რძეს დაუბრუნდება. თუ ძუძუთი კვების შეწყვეტა კონკრეტული დროისთვის არის დაგეგმილი, საჭიროა ეტაპობრივად ხელოვნური საკვების დამატება.

სხვა თემები