05 აგვისტო 2020 - 11:27

კონფლიქტი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის: ვინ ვის და რაში ადანაშაულებს?   

აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე შეტაკებები გრძელდება, რეგიონში კი ვითარება ისევ დაძაბულია. 12 ივლისიდან, სამი დღის განმავლობაში, ორი ქვეყნის სამხედრო შენაერთებს შორის დაპირისპირება მძიმე სამხედრო ტექნიკის გამოყენებით გაგრძელდა, რის შედეგადაც 17 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის - მშვიდობიანი მოქალაქეები. ბოლო შეტაკება  22 ივლისს დაფიქსირდა. ორივე მხარე ერთმანეთს მძიმე ბრალდებებს უყენებს. Deutsche Welle კი თითოეული მათგანის  პოზიციებს გაეცნო.

როგორ ხსნიან ბაქოსა და ერევანში ესკალაციის მიზეზებს?

სომხეთის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც 12 ივლისს აზერბაიჯანელი მესაზღვრეების კუთვნილი ავტომობილი სომხეთის მიერ კონტროლირებად ზონაში შეიჭრა. ოფიციალური ერევანი ირწმუნება, რომ იძულებული იყო თავისი ტერიტორია დაეცვა. ბაქოში კი აცხადებენ, რომ საზღვარი ჯერ კიდევ არ არის დემილიტარიზებული, შესაბამისად, არანაირი შეჭრა არ ყოფილა და ყველაფერი, რაც მოხდა, სომხეთის მორიგი "პროვოკაციაა". 


ერევანში ამ ინციდენტს "გაეროს, ეუთოსა და ევროსაბჭოს წევრი ქვეყნის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ მიმართულ აგრესიასა" და "უპატიებელ შეცდომას"უწოდებენ. ამის შესახებ Deutsche Welle-ს სომხეთის რესპუბლიკის ნაციონალური ასამბლეისა და საგარეო პოლიტიკის მუდმივმოქმედი კომისიის წევრმა ანუშ ბეგლოიანმა განუცხადა.

აგრესიის ბრალდებას ბაქოში კატეგორიულად უარყოფენ. ”ნებისმიერი სამხედრო ოპერაცია საზღვარზე ჩვენს ინტერესებს ეწინააღმდეგება”, - განაცხადა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ ჰიკმეტ გაჯიევმა. 


მისი თქმით, სომხეთი ”იმედოვნებდა, რომ კონფლიქტის ახალ კერას შექმნიდა“, რათა ”ყურადღება გადაეტანა სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირების ძირითადი არსიდან, რაც მთიანი ყარაბაღისა და აზერბაიჯანის შვიდი რეგიონის ოკუპაციით არის განპირობებული“. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწის აზრით, ერევანი უპირატესობის მიღწევას "კონფლიქტში მესამე მხარის ჩართვით" ცდილობს. ამ შემთხვევაში გაჯიევი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას გულისხმობს. 


"სომხეთისთვის უფრო მომგებიანია კონფლიქტის გადატანა საზღვარზე, ვიდრე- ყოფილი მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის მიმდებარედ. რადგან სომხეთი იმედოვნებს, რომ შეძლებს კონფლიქტში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ჩართვას, თუ შეიარაღებული კონფლიქტი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე იქნება,"- აცხადებს აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი არაზ ასლანლიც. ის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული კვლევების კავკასიის ცენტრის ხელმძღვანელია.

ბაქოში დარწმუნებული არიან, რომ ეს გეგმა ჩაიშალა. ”კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში არავინ მოისურვა ამაში ჩართვა“, - გაუნცხადა DW-ს პოლიტოლოგმა და საკონსულტაციო კომპანია Strategic Consultancy Group-ის ხელმძღვანელმა ფარხად მამედოვმა. 


12 ივლისს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარ ინციდენტს ერევანში განსხვავებულად ხსნიან. სომხური მხარე დარწმუნებულია, რომ ამით აზერბაიჯანმა ღიად დააფიქსირა თავისი პრეტენზია არა მხოლოდ მთიან ყარაბაღზე, არამედ თავად სომხეთზეც. ”ამ ქმედებების ახსნა უნდა ვეძებოთ არა მხოლოდ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ანტისომხურ რიტორიკაში, არამედ კონკრეტულ ტერიტორიულ პრეტენზიებში, მათ შორის, სომხეთის დედაქალაქ ერევანზე”, - დარწმუნებულია ანუშ ბეგლოიანი.

რეგიონული პრობლემების მიმართულებით მომუშავე სომეხი ექსპერტის, მანველ გუმაშიანის აზრით, აზერბაიჯანის ხელისუფლებას "არასდროს დაუმალავს, რომ მას აქვს პრეტენზია არა მარტო მთიან ყარაბაღზე, არამედ მთელ სომხეთზე მისი დედაქალაქის ჩათვლით". 2018 წლის თებერვალში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა: ”ერევანი არის ჩვენი ისტორიული ტერიტორია და ჩვენ, აზერბაიჯანელები, ამ ისტორიულ მიწაზე უნდა დავბრუნდეთ!“.

რა ძირითადი დაბრკოლებები არსებობს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში?

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარმა ივლისის შეტაკებებმა, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით წარმართულ მოლაპარაკებების პროცესზე, რა თქმა უნდა,  უარყოფითი გავლენა იქონია. თუმცა პრობლემები ივლისის ესკალაციამდე დაიწყო. საერთაშორისო შუამავლების სამიტი, რომელსაც ეუთოს მინსკის ჯგუფი სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენელთა მონაწილეობით ატარებდა, 2017 წლიდან არ გამართულა. 


სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანი „კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით, ეუთოს მინსკის ჯგუფის წარმომადგენლებთან თანამშრომლობას გააგრძელებს“. თუმცა სომხეთი ამ პროცესში მთიანი ყარაბაღის ხელისუფლების ჩართვას დაჟინებით მოითხოვს. ”არცახის (მთიანი ყარაბაღი) მოსახლეობის ბედი არ შეიძლება მათი მონაწილეობის გარეშე  გადაწყდეს,” - განუცხადა DW-ს  სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ანა ნაღდალიანმა. მან გაიხსენა, რომ ადრე მთიანი ყარაბაღის ხელისუფლება  მოლაპარაკებებში ჩართული იყო და დასძინა, რომ მათი მონაწილეობა "მოლაპარაკებებისა და სამშვიდობო პროცესის არსიდან გამომდინარეობს". 


ამ პირობას აზერბაიჯანი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ”ჩვენ არ შეგვიძლია ყარაბაღი მოლაპარაკების მაგიდასთან მოვიწვიოთ, რადგან ეს სამშვიდობო პროცესს საუკუნის მეოთხედით უკან დააბრუნებს,”- აცხადებს პოლიტიკური კონსულტანტი ფარჰად მამედოვი. მას მხედველობაში აქვს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 1994 წლის შეთანხმება, რომელსაც სომხეთის, აზერბაიჯანისა და თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი. ბაქოში დარწმუნებული არიან, რომ ეს პირობა არის ოფიციალური ერევნის მხრიდან სამშვიდობო მოლაპარაკებების ბოროტად გამოყენება. იმის ნაცვლად, რომ "განხილულ იქნას ძირითადი პრობლემები: ტერიტორიის დაბრუნება, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება,"- აცხადებს DW-სთან ინტერვიუში ჰიკმეტ გაჯიევი. 


მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების მთავარ ბარიერად ოფიციალური ბაქო იმ ფაქტს მიიჩნევს, რომ სომხური მხარე ”მთიან ყარაბაღს სომხეთად თვლის”. ”მოლაპარაკებების კუბოში ბოლო ლურსმანი სომხეთის პრემიერმინისტრმა თავად ჩააჭედა როდესაც თქვა, რომ მთიანი ყარაბაღი სომხეთია. ეს აზერბაიჯანის ტერიტორიის ღია ანექსიაა,“- განაცხადა ილჰამ ალიევის თანაშემწემ ჰიკმეტ გაჯიევმა. 


ბაქოში დარწმუნებული არიან, რომ ერევანი სამშვიდობო პროცესს აწარმოებს და მხარს უჭერს ერთადერთი მიზნით -  აზერბაიჯანის ხელისუფლებას არაფერი დაუთმოს. გაჯიევმა სომხეთის პოზიციას თვალთმაქცობა უწოდა: "ერთი მხრივ, ისინი მშვიდობაზე საუბრობენ, მაგრამ საკუთარი ქმედებებით ამტკიცებენ, რომ მოლაპარაკებების პროცესით დაინტერესებული არ არიან". აზერბაიჯანის აღშფოთება სომხეთსა და მთიან ყარაბაღს შორის ახალი გზის მშენებლობის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ გამოიწვია. 


ერევანში ბაქოს პოზიციას "მაქსიმალისტური" უწოდეს. ”აზერბაიჯანული მხარის გაგებით, სამშვიდობო პროცესი კონკრეტულად მათ ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. რადგან ეს ასე არ ხდება, აზერბაიჯანული მხარე მოლაპარაკებების პროცესისა და მინსკის ჯგუფის მუშაობის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს”, - აცხადებს ანა ნაღდალიანი.

ვინ რას იმუქრება ესკალაციის ფონზე?

აზერბაიჯანი კონფლიქტის მოგვარების პროცესით იმედგაცრუებას არ მალავს. ”30-წლიან ოკუპაციასა და მილიონ ლტოლვილს არც ერთი ქვეყანა არ მოითმენს”, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ ჰიკმეტ გაჯიევმა. ილჰამ ალიევის ბოლოდროინდელი განცხადებების კომენტირებისას (აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ორ მეზობელ ქვეყანას შორის ომის ხელახლა დაწყების შესაძლებლობებზე ისაუბრა), გაჯიევმა დაადასტურა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ღია ომის განახლების „მაღალი ალბათობა“ არსებობს. 


„ამ საკითხისადმი აზერბაიჯანის მიდგომა ასეთია: ჩვენ მშვიდობიან გზას ვემხრობით. თუმცა ამ გზის ბოლო უნდა ჩანდეს, ეს გზა შედეგს უნდა იძლეოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში სამხედრო დაპირისპირება გარდაუვალი იქნება“, - ასე აყალიბებს ოფიციალური ბაქოს პოზიციას პოლიტოლოგი არაზ ასლანლი.

ივლისის ესკალაციის შემდეგ ორივე ქვეყნის კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამხედრო შეტევების შესაძლებლობის საჯარო განხილვები დაიწყო. კერძოდ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა ვაგიფ დარგიაჰლიმ მეწამორის ატომური ელექტროსადგურის სამხედრო შეტევაზე ისაუბრა. ამის საპასუხოდ, სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ ეს განცხადება "სერიოზული საერთაშორისო გამოძიების საგანი უნდა გახდეს, რადგან ის აზერბაიჯანის, როგორც ტერორისტული სახელმწიფოს არსს გამოხატავს". დეპუტატ ანუშ ბეგლოიანის თქმით კი, სომხეთის პარლამენტმა "არაადეკვატური ადამიანების თვითმკვლელ განცხადებებზე" კომენტარისგან თავი შეიკავა. 


აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე გაჯიევი DW-სთან საუბარში ხაზს უსვამს, რომ მეწამორის ატომურ ელექტროსადგურზე შესაძლო სამხედრო იერიშის შესახებ გაკეთებული განცხადება "აზერბაიჯანის ოფიციალურ პოზიციას არავითარ შემთხვევაში არ ასახავს და ეს ერთ-ერთი ოფიცრის პირადი აზრი იყო".

„კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმის მუქარას სომხური მხარე თავად არის მიჩვეული და საამისოდ „ისკანდერის“ რაკეტებს იყენებს“, - დასძინა გაჯიევმა. 


თავის მხრივ, მეზობელი ქვეყნის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმის შესაძლებლობას ოფიციალურად სომხეთშიც უარყოფენ. აზერბაიჯანში არსებულ პოტენციურ სამიზნეებს შორის კი ექსპერტები მინგეჩაურის წყალსაცავის კაშხალს, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გამავალ სხვადასხვა დიდ ნავთობისა და გაზსადენების მილებს ასახელებენ. მათ შორის არის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი.

სხვა თემები