31 აგვისტო 2020 - 11:00

როგორ ვაქციოთ იდეა მოქმედ IT-პროდუქტად

ფოტო: Shutterstock.com

ამა თუ იმ აპლიკაციის ან მომსახურების იდეა გაგიჩნდათ? დარწმუნებული ხართ, რომ ის მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანის გულს მოიგებს? თუ ეს ასეა, ცოტა რამ დაგრჩათ - ჩამოაყალიბეთ პროდუქტის კონცეფცია და ის რეალობად აქციეთ. ამის გაკეთება კი შეგიძლიათ როგორც დამოუკიდებლად, ისე- ჯგუფურად. კონკრეტულად რა უნდა ქნათ? ამაზე ქვემოთ მოგიყვებით.

რით დავიწყო?

პირველ რიგში, თქვენი  ყველა იდეა უნდა ჩამოაყალიბოთ. რას წარმოადგენს ეს პროდუქტი, რა პრობლემას მოაგვარებს ის, როგორ წარმოგიდგენიათ მისი დიზაინი? შეეცადეთ ეს ყველაფერი თქვენი გონების რუკაზე (Mindmap) ჩამოაყალიბოთ. ლოგიკა მარტივია: მთლიანი სქემა ერთი ძირითადი თემის ან იდეის გარშემოა აგებული, საიდანაც სხვადასხვა სემანტიკური ბლოკ-კატეგორია "იზრდება". თითოეული მათგანი რამდენიმე იდეას შეიცავს. ერთი შეხედვით, ის ქაოტურად  გამოიყურება, მაგრამ ამ გზით შეგიძლიათ დიდი რაოდენობით უწესრიგო ინფორმაცია დაახარისხოთ. ეგრეთ წოდებული გონების რუკის შექმნა როგორც ქაღალდზე, ისე აპლიკაციაშია შესაძლებელი. ეს პროცესის სტრუქტურირებაში დაგეხმარებათ. მაგალითად, ამ მიმართულებით არსებობს ისეთი უფასო მომსახურება, როგორიც არის SimpleMind-ი ან XMind-ი.

მონახაზი გავაკეთე. ახლა რა ვქნა? 

ამჯერად იდეის გაანალიზების დროა. ბიზნესი მომხმარებლის გარეშე ვერ იარსებებს, ამიტომ მნიშვნელოვანია იცოდეთ, ვინ არის თქვენი კლიენტურა და როგორ გამოიყენებს ის ამ პროდუქტს. მოიძიეთ ღია წყაროებში არსებული ყველა ინფორმაცია და გაეცანით, რას აკეთებენ კონკურენტები. თუ b2b პროდუქტის იდეა გაქვთ, პოტენციური დამკვეთების საქმიანობა შეისწავლეთ.


მეორე მნიშვნელოვანი მოსამზადებელი ნაბიჯი არის პოტენციური აუდიტორიის გამოკითხვა ან კვლევის ჩატარება. ამისათვის ზუსტი კითხვარი უნდა შეადგინოთ და შესაბამისი აუდიტორია (სულ ცოტა, ოცი ადამიანი) შეარჩიოთ. მათი პოვნა პროფილირებულ ჯგუფებში შეგიძლიათ ან აარჩიეთ მათ შორის, ვინც თქვენი აზრით ამ პროდუქტით შეიძლება დაინტერესდეს. მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად შეგიძლიათ შექმნათ ონლაინ გამოკითხვის ფორმა და სოციალურ ქსელებში გაავრცელოთ.

ვინ გააკეთებს ამ ყველაფერს? მარტო ამას ვერ გავუმკლავდები! 

კარგი პროდუქტის შესაქმნელად პროფესიონალთა ჯგუფი უნდა შეკრათ. პროექტის მართვა უფრო მოსახერხებელი იქნება, თუ   პასუხისმგებლობის სფეროებს გაყოფთ. მაგალითად, ერთი ადამიანი იდეის განვითარებასა და ბიზნესზე იქნება პასუხისმგებელი, მეორე კი- დამუშავებასა და ტექნოლოგიებზე. როგორც წესი, თანამშრომლების ძებნა ახლო წრეში იწყება (მეგობრები, თანაკლასელები, თანაკურსელები, ყოფილი კოლეგები და სხვ.), თანდათანობით კი ძებნის არეალი ფართოვდება. მაგალითად, შეგიძლიათ განცხადება სტარტაპ ჯგუფებში გაავრცელოთ. ასევე შესაძლებელია დახმარებისთვის სპეციალური მომსახურების სააგენტოებს მიმართოთ ან  დაიქირავოთ აუთსორს კომპანია, რომელიც მთელ სამუშაოს საკუთარ თავზე აიღებს. საჭირო სპეციალისტების მოძიება სპეციალურ ვებგვერდებსა და ღონისძიებებზეც (შეხვედრები, IT კონფერენციები, ბიზნეს ინკუბატორები, ჰაკათონები) არის შესაძლებელი. 

ამავდროულად, კადრების გადინებისთვის მზად უნდა იყოთ. თქვენ ჯერ ბევრ ფულს ვერ დახარჯავთ, ამიტომაც გუნდს იდეისთვის მუშაობა მოუწევს. ასე რომ, დარჩებიან მხოლოდ ისინი, ვინც პროდუქტით ნამდვილად არის დაინტერესებული.

ფულის გამომუშავებას როგორ ვაპირებთ?

მონეტიზაციის მოდელი უნდა შეიმუშავოთ. ის სხვადასხვანაირად შეიძლება იყოს მოწყობილი. მაგალითად, შეგიძლიათ შემოსავალი მიიღოთ როგორც ერთჯერად შენაძენზე, ასევე- გამოწერილ მომსახურებაზე. შემოსავლის ერთ-ერთი წყაროა რეკლამა. ასევე არსებობს მოდელი freemium, როდესაც გამოწერა უფასოა, რომლის შემთხვევაშიც ფუნქციონალი შეზღუდულია. ფასიანი კი მისი მხოლოდ პრემიუმ ნაწილია.

მონეტიზაციაზე ჩამოვყალიბდი. ახლა პროდუქტის წერა უნდა დავიწყო? 

სანამ დაიწყებთ, ტექნიკური ნიუანსები შეიმუშავეთ. პირველ რიგში, ჩამოყალიბდით როგორი იქნება თქვენი ფრონტენდი. თუ თქვენ შექმნით სტატიკურ ვებგვერდს, რომელიც ხშირად არ განახლდება, შეგიძლიათ ის WordPress- ზე ან Tilda- ზე ააწყოთ. თუ გსურთ დაგეგმოთ ინტერაქტიული ან დინამიკური კონტენტის მქონე ვებგვერდი, თანამედროვე ფრეიმვორკებს (React, Vue, Angular) უნდა მიმართოთ.


მეორე მხრივ, უნდა გადაწყვიტოთ ბექენდის საკითხი. ეს არის კოდი, რომელიც თქვენს სერვერზე მიმდინარე ყველა პროცესს განსაზღვრავს და მომხმარებლის მოთხოვნებს ასრულებს. სანამ კოდზე იფიქრებთ, ენა უნდა აირჩიოთ. დღეს ყველაზე პოპულარულია Python-ი. ის უნივერსალურია და ყველგან გამოიყენება. Java შედარებით რთულია, ამიტომაც მასზე მუშაობა უფრო ძვირია. ის ძირითადად დიდ კომპანიებშია პოპულარული. მცირე სტარტაპებს ურჩევნიათ Ruby on Rails– ით იმუშავონ. ის პირველი ვერსიის ამოქმედებას რამდენიმე საათში ხდის შესაძლებელს. როდესაც ენის საკითხს გადაწყვეტთ, აუცილებელია ჰოსტინგზე, მონაცემთა ბაზის სისტემასა და კიბერუსაფრთხოებაზე ჩამოყალიბდეთ (უმნიშვნელო დაუცველობამაც კი შეიძლება მომხმარებლების ნდობის დაკარგვა გამოიწვიოს).

კარგი, ახლა უკვე ნამდვილად დროა, პროდუქტის შემუშავება დავიწყო!

ნუ ჩქარობთ. თავდაპირველად უნდა გააკეთოთ მაქსიმალურად გამარტივებული პროტოტიპი - MVP (Minimum Viable Product- მინიმალურად სიცოცხლისუნარიანი პროდუქტი). ასე უწოდებენ პროტოტიპს, რომელსაც მხოლოდ ერთი ძირითადი ფუნქცია აქვს და არანაირი დამატებითი მახასიათებელი ან რთული დიზაინი. ის საჭიროა, რათა პროდუქტი მომხმარებელთა მცირე ჯგუფზე გამოსცადოთ და უკუკავშირი (Feedback) დაამყაროთ. ეს საშუალებას მოგცემთ გაიგოთ, საჭიროა თუ არა თქვენი მომსახურება მათთვის, ვისზეც ის გათვლილი გაქვთ. მაგალითად, როდესაც ასეთ მომსახურებას Apple-ი და Google-ი მომხმარებელს სთავაზობენ, მათი სპეციალისტები აპლიკაციებს ბაზარზე გამოჩენამდე ამოწმებენ.

როგორც ჩანს, ყველაფერი გამოცდილია! ახლა დროა?

ჯერ არა. თავდაპირველად თქვენი პროდუქტი ბიზნეს ექსპერტს უნდა აჩვენოთ. მას შეუძლია პოტენციური აუდიტორიის, მოგებისა და რენტაბელობის განსაზღვრა. ექსპერტს შეგიძლიათ შეხვდეთ დიდ IT ფორუმებზე, კონფერენციებსა და სტარტაპ შეხვედრებზე.

ჩემი IT პროდუქტის სრულად ამოქმედებისთვის ფინანსები სად მოვიძიო? 

შეგიძლიათ იპოვოთ ინვესტორი, მიიღოთ გრანტი ან გამოიყენოთ ქრაუდფანდინგი (Crowdfunding ინვესტირების ფორმა, როდესაც სხვადასხვა ადამიანი ან ორგანიზაცია ამა თუ იმ ბიზნეს იდეას ერთდროულად აფინანსებს). თანხის მოძიება შეგიძლიათ უახლოესი გარემოცვიდან დაიწყოთ. ეს არის მეგობრები, ოჯახის წევრები და სულელები, რომლებსაც თქვენი სჯერათ (3F- friends, family and fools). სტარტაპის ინტერესებშია, რომ მოიძიოთ არა მხოლოდ ფული, არამედ - ჭკვიანი ფული. ეს არის ინვესტორი, რომელიც ბაზრის გაანალიზებაში, მის შეფასებასა და საჭირო კონტაქტების მოძიებაში დაგეხმარებათ. როგორც წესი, ასეთ ადამიანებს შეგიძლიათ შეხვდეთ ისეთ ღონისძიებებზე, სადაც სტარტაპები თავიანთ პროექტებს წარადგენენ. ინვესტიციის მისაღებად, უმჯობესია თან იქონიოთ მზა MVP და დეტალურად გაწერილი ბიუჯეტი, რომელიც ყველა სახის ხარჯს მოიცავს. ინვესტორებთან შეხვედრა ჰაკათონებზეც შეგიძლიათ.

რა არის ჰაკათონი?

ჰაკათონი არის IT პროდუქტების შემქმნელთა ერთგვარი კონკურსი, სადაც პროგრამისტები, დიზაინერები და მენეჯერები გარკვეულ პრობლემას ერთობლივად წყვეტენ. იდეიდან დასრულებულ პროდუქტამდე მიმავალი გრძელი გზა ჰაკათონზე 36-48 საათში უნდა გაიაროთ. მსხვილი კომპანიებისთვის ასეთი კონკურსები არის შანსი ეფექტიანი IT გადაწყვეტილებები იპოვონ და სპეციალისტები მოიზიდონ, ხოლო მონაწილეთათვის - შესაძლებლობა საკუთარი თავი წარმოაჩინონ, იდეები განახორციელონ და ექსპერტებს დაუკავშირდნენ.

სხვა თემები