17 აგვისტო 2020 - 00:04

ოქროს ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. გაგრძელდება თუ არა ძვირფასი ლითონის გაძვირება? 

ფოტო: Shutterstock.com

ერთი უნცია (დაახლოებით 30 გრამი) ოქროს ფასმა ორი ათას დოლარს გადააჭარბა. მსგავსი რამ ისტორიაში არასდროს მომხდარა. ზოგადად, ოქრო შემოსავლის თვალსაზრისით ობლიგაციებსა და ბევრ სხვა აქტივს ჩამორჩება. ამის მიზეზია ის, რომ ობლიგაციებში პროცენტებს იხდიან, ოქროში კი - არა. თუმცა დღეის მდგომარეობით ბევრი ქვეყნის ეკონომიკაში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, საპროცენტო განაკვეთები ნულამდე შემცირდა და სავარაუდოდ, ეს მაჩვენებელი ამ დონეზე კიდევ რამდენიმე წელს შენარჩუნდება. ამიტომაც ოქრომ ზემოთხსენებული დანაკლისი დროებით აინაზღაურა და უფრო მიმზიდველი აქტივი გახდა. გარდა ამისა, მსოფლიო ბაზარზე არსებული გაურკვევლობა ინვესტორებს უბიძგებს რისკიანი აქტივებიდან უფრო კონსერვატიულზე გადავიდნენ. სწორედ ასეთია ოქრო.

რამ გამოიწვია ეს გაურკვევლობა? პანდემიამ?

დიახ. ფინანსურ ბაზრებზე დიდი გაურკვევლობა სწორედ ახალი კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია. COVID-19-ის მასობრივმა გავრცელებამ მთელ მსოფლიოში ცენტრალური ბანკები აიძულა, საპროცენტო განაკვეთები ნულამდე შეემცირებინათ. ამ ეტაპზე სრულიად გაურკვეველია, კიდევ რამდენ ხანს უნდა ველოდოთ ეფექტიანი ვაქცინის შექმნა-დანერგვასა და ეკონომიკური საქმიანობის სრულად აღდგენას. ამის გამო, ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი ბიზნესი გადარჩება და რამდენი გაკოტრდება. ეს ყველაფერი კი თითქმის ყველა ფინანსური აქტივის მომგებიანობაზე პირდაპირპროპორციულად აისახება.

კიდევ რატომ იზრდება ოქროს ფასი?

ნებისმიერი სხვა საქონლის მსგავსად, მიწოდება და მოთხოვნა ოქროსაც აქვს. როგორც წესი, ახალი საბადოების აღმოჩენისას, ძვირფასი ლითონის ფასი იკლებს. მაგალითად, ბოლო 30 წლის განმავლობაში 278 ახალი საბადოა ნაპოვნი, თუმცა ბოლო ათწლეულში, მათგან მხოლოდ 25 იყო დიდი. 


დანარჩენი დროის განმავლობაში ოქრის ფასი ძირითადად მასზე მოთხოვნის ცვალებადობით განისაზღვრება. რადგანაც ოქრომჭედლობის ან ელექტრონიკის გარდა ამ ძვირფას ლითონს პრაქტიკული გამოყენება თითქმის არ აქვს, მის უმეტესობას ფინანსური ინვესტორები ყიდულობენ ან ყიდიან. ეს კი თავის მხრივ ეკონომიკურ სიტუაციაზე ზემოქმედებს.

ოქროს ახლანდელი ფასი მართლა რეკორდულია? 

ასე ცალსახად არა. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ 2 000 აშშ დოლარი ნომინალური მაჩვენებელია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დოლარში ასახული ყველა ფასი, იქნება ეს ოქრო თუ სხვა საქონელი, დროთა განმავლობაში უბრალოდ ინფლაციის გამო იზრდება. ოქრო კი სხვებთან შედარებით დაახლოებით ასეთივე ძვირი 1980-იანი წლების დასაწყისში უკვე იყო.

როგორ აისახება ეს ეკონომიკის ზოგად მდგომარეობაზე?

ეს იმას ნიშნავს, რომ  ინვესტორებისთვის დაზოგვის უსაფრთხო საშუალების პოვნა საკმაოდ რთულია. მართალია, არსებობს რამდენიმე კომპანია, რომლებიც სავარაუდოდ, გრძელვადიანი პერსპექტივით ახალი კორონავირუსის გამო თავიანთ ბიზნესს გააფართოებენ. პირველ რიგში, ეს ონლაინ გაყიდვებისა და გართობის, ასევე ადგილზე მიტანის მომსახურების სფეროებს ეხება. თუმცა საწარმოთა უმრავლესობას წარმოდგენა არ აქვს, მათ ბიზნესს რამდენიმე წელიწადში რა ბედი ეწევა. ამიტომაც ინვესტორები თითქმის ნებისმიერ სფეროში კაპიტალდაბანდებას ერიდებიან. 


ამ სიტუაციაში ბევრი მათგანი ინვესტიციას აბანდებს ისეთ ტრადიციულ აქტივებში, როგორიც არის სარეზერვო ვალუტა და აშშ-ის სახელმწიფო ობლიგაციები. შესაბამისად, მათი ფასებიც 2020 წელს მკვეთრად გაიზარდა. ამასთან, განვითარებულ ქვეყნებში ცენტრალური ბანკების მიერ განხორციელებული ახალი და უჩვეულო ზომები როგორც ინფლაციის, ასევე დეფლაციის რისკს  ქმნის. ამ საფრთხეების მასშტაბის დადგენა რთულია, რადგან არ არსებობს ისტორიული მონაცემები, რომელთა საფუძველზეც ამ უნიკალური ზომების ეფექტის პროგნოზირება იქნებოდა შესაძლებელი. ეს კი დოლარში ან სხვა ვალუტაში შემოსავლის მქონე აქტივების მიმზიდველობას ამცირებს, რადგან ინფლაციის გამო ვალუტის ღირებულება საქონელთან მიმართებით შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს. ოქროში ინვესტიციის შედეგად მიღებული შემოსავალი კი ინფლაციასთან ერთად ავტომატურად გაიზრდება ან შემცირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ძვირფასი ლითონი მსგავსი რისკებისგან უკეთ არის დაცული.

ოქროს მაღალი ფასი დიდხანს შენარჩუნდება? 

რთული სათქმელია. ფინანსურ ბაზარზე ფასების უმეტესობა შეიძლება საკმაოდ მკვეთრად შეიცვალოს, რადგან ისინი გარკვეულ პროცესებზეა დამოკიდებული. როგორც კი ამა თუ იმ კომპანიის, ინდუსტრიის რომელიმე დარგის ან ეკონომიკის კონკრეტული მიმართულების სამომავლო მდგომარეობის შესახებ რაიმე სიახლე ვრცელდება, ასეთი აქტივების ფასებიც მომენტალურად იცვლება. ჩვენ უკვე ვნახეთ უამრავი მოულოდნელი ახალი ამბავი COVID-19-ის ახალი შემთხვევების რაოდენობის ზრდის, მთავრობების ანტიკრიზისული ზომებისა და ვაქცინის ძიების შესახებ. სავარაუდოდ, ეს პროცესი გაგრძელდება. ასე რომ, ოქროს ფასი შეიძლება კიდევ არაერთხელ და საკმაოდ მკვეთრად შეიცვალოს.

გამოდის, რომ ახლა დოლარის ან ევროს ყიდვას, ოქროს შეძენა სჯობს?

ახლა - ნაკლებად. როგორც ჩანს, ბევრი ინვესტორი ფიქრობდა, რომ ძველ ფასად ოქროს შეძენა უფრო მომგებიანი იყო, ვიდრე - სხვა აქტივებისა. თუმცა მათ ის უკვე იყიდეს, ძვირფასი ლითონი გაძვირდა და ამჟამინდელი ფასებით ოქროს ყიდვა მათთვის მიმზიდველად აღარ გამოიყურება. შესაძლოა, ინვესტორებმა აზრი კვლავ შეიცვალონ და ოქროს ყიდვა დაიწყონ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სწორად მოიქცევიან. მაშინაც კი, თუ ისინი მართლები აღმოჩნდებიან, ძალიან ცოტა არაპროფესიონალი შეძლებს ძვირფასი ლითონი ფასის მომატებამდე მათზე ადრე შეიძინოს. 


ამასთან, ოქროში ინვესტიციის ჩასადებად ძვირფასი ლითონის ზოდის ყიდვა აუცილებელი სულაც არ არის. არსებობს ბევრი ფინანსური ინსტრუმენტი, რომელთა შემოსავლიანობაც ოქროსთან არის დაკავშირებული. შეგიძლიათ ინვესტიცია ჩადოთ ურთიერთდახმარების ფონდებში, საბირჟო საინვესტიციო ფონდებში ან სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებში. ეს უფრო ადვილია, ვიდრე ნამდვილი ოქროს ზოდის შეძენა.

დაბოლოს, ზოდი რამდენს იწონის? 

ოქროს ზოდის მოცულობა განსხვავებულია. ის შეიძლება იყოს რამდენიმე გრამიც ან ასობით კილოგრამს იწონიდეს.

სხვა თემები