18 ოქტომბერი 2020 - 22:26

როგორ მივხვდეთ, რომ ადამიანს ზედოზირება აქვს და რით დავეხმაროთ მას? ინსტრუქცია

ფოტო: shutterstock.com

ნარკოტიკული ზედოზირება ყოველთვის ფატალური შედეგით არ სრულდება. ამ მდგომარეობაში მყოფი ბევრი ადამიანის გადარჩენა შესაძლებელიახ, თუ სამედიცინო დახმარებას დროულად აღმოუჩენთ. რა სიმპტომები მიუთითებს ზედოზირებაზე და ასეთ სიტუაციაში რა უნდა გაკეთდეს?

პირველ რიგში, შეეცადეთ დაადგინოთ, არის თუ არა ეს ნამდვილად ზედოზირება?

იმის მიხედვით, თუ რომელი ნარკოტიკული საშუალება მიიღო ადამიანმა, ზედოზირების სიმპტომები შეიძლება განსხვავდებოდეს და უფრო მეტიც, ურთიერთგამომრიცხავი იყოს. მაგალითად, ოპიოიდების გადაჭარბებული დოზით მიღების შემთხვევაში, თვალის გუგები ვიწროვდება, ხოლო კოკაინით ზედოზირებისას ისინი ფართოვდება. ოპიოიდების ჭარბი დოზა ანელებს სუნთქვასა და პულსს, აქვეითებს ცნობიერებას და ზოგადად, ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობას აფერხებს. ისეთ სტიმულატორებს, როგორიც არის კოკაინი, ზედოზირებისას შეუძლია გულისცემის, არტერიული წნევის, სხეულის ტემპერატურის მატება გამოიწვიოს. ამ დროს შეიძლება ადამიანს გულმკერდის არეში ტკივილები, კრუნჩხვები, პარანოია და შფოთვა დაეწყოს, ასევე ინფარქტი ან ინსულტი განუვითარდეს. 


ამის მიუხედავად, არსებობს ზოგადი სიმპტომები, რომლებიც შეიძლება ზოგიერთი პრეპარატის (არ არის აუცილებელი ნარკოტიკული საშუალება იყოს) ჭარბ დოზაზე მიუთითებდეს:


-    ძალიან გაფართოებული ან შევიწროებული გუგები;
-    გუგები, რომლებიც სინათლის ზემოქმედებისას ზომებს არ იცვლის;
-    ძლიერი მოუსვენრობა და შფოთვა, ასევე - გაუაზრებელი მოძრაობები;
-    კრუნჩხვითი შეტევა და/ან კანკალი;
-    გალურჯებული ტუჩები და/ან ფრჩხილები;
-    ბოდვა, დეზორიენტაცია და/ან ჰალუცინაცია;
-    ქოშინი, იშვიათი სუნთქვა, ზედაპირული სუნთქვა, სუნთქვის შეჩერება და სუნთქვის სხვა სერიოზული პრობლემები;
-    გულისრევა და ღებინება;
-    მერყევი და/ან არამდგრადი სიარული;
-    ძილიანობა ან უგონო მდგომარეობა;
-    ოფლიანი ან ძალიან მშრალი კანი, ბუშტუკები ან გამონაყარი;
-    ძალიან დაბალი ან მაღალი ტემპერატურა;
-    აგრესიული ქცევა.

გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა! 

სასწრაფო დახმარებას რაც უფრო სწრაფად გამოიძახებთ, მით უკეთესია. პაციენტის მდგომარეობა სწორედ სამედიცინო პერსონალმა უნდა შეაფასოს და გაიგოს, ემუქრება თუ არა მის სიცოცხლეს საფრთხე. 


სპეციალისტების განმარტებით, სამწუხაროდ, ამ რეკომენდაციას ძალიან ცოტა ადამიანი ითვალისწინებს. ამის მიზეზი არის შიში, რომ სასწრაფო დახმარების გამოძახება ავტომატურად პოლიციის ჩართულობას ნიშნავს.

სასწრაფოს მოსვლამდე დაზარალებულს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეთ! 

შეეცადეთ, სასწრაფო დახმარების მოსვლამდე პაციენტს თავად დაეხმაროთ. ამისათვის უნდა დაადგინოთ, არის თუ არა ის გონზე - დაუძახეთ მას ან შეანჯღიეთ, თუ ის არ რეაგირებს, შეამოწმეთ, სუნთქავს თუ არა. 


პაციენტი ზურგზე დააწვინეთ და სასუნთქი გზები გაუხსენით. ეს შემდეგნაირად უნდა გააკეთოთ: დაზარალებულს შუბლზე ხელი დაადეთ და თავი ფრთხილად უკან გადაუწიეთ. თითის წვერებით ქვედა ყბა ჩამოუწიეთ და სასუნთქი გზები გაუხსენით. 


ამავდროულად დააკვირდით და მოუსმინეთ მის სუნთქვას.  გულის გაჩერებიდან პირველი რამდენიმე წუთის განმავლობაში დაზარალებულს შეიძლება ჰქონდეს ძალიან სუსტი სუნთქვა, ზოგჯერ კი ნელი და ხმაურიანი ოხვრა (აგონალური სუნთქვა). ეს ნორმალურ სუნთქვაში არ აგერიოთ. 


თუ სუნთქვა ნორმალურია, მაგრამ ადამიანი უგონო მდგომარეობაშია, შეეცადეთ ის გვერდულად დააწვინოთ, რათა ღებინების შემთხვევაში არ დაიხრჩოს.


კრუნჩხვითი შეტევის შემთხვევაში, შეეცადეთ დაზარალებული ბასრი ან საშიში საგნებისგან შორს იყოს. მაღალი ტემპერატურის დაკლება შეგიძლიათ ცივი კომპრესებით სცადოთ, ასევე დაზარალებულს ზედმეტად თბილი ტანსაცმელი მოაშოროთ. თუ ტემპერატურა დაბალია, საჭიროა პაციენტი გაათბოთ. სწორედ ამიტომ არ არის რეკომენდებული ოპიოიდების ზედოზირების ქვეშ მყოფი ადამიანის გამოსაფხიზლებლად მისი ცივი შხაპის ქვეშ დაყენება: ამ შემთხვევაში შეიძლება სხეულის ტემპერატურა ისედაც ნორმალურზე დაბალი იყოს.


თუ ადამიანი არ სუნთქავს ან ძალიან სუსტად სუნთქავს, გულ-ფილტვის რეანიმაციის დაწყება  შეიძლება. თუ ხელოვნური სუნთქვის ჩატარების არც გამოცდილება გაქვთ და არც თეორიული ცოდნა, მხოლოდ გულის არაპირდაპირი მასაჟის გაკეთება შეგიძლიათ. 


ეს ყველაფერი არის სტანდარტული ალგორითმი, რომელიც რეკომენდებულია ყველა იმ სიტუაციაში, როდესაც პირველადი სამედიცინო დახმარებაა საჭირო. სპეციალისტების განმარტებით, მაშინაც კი, თუ აღმოჩნდება, რომ გული ნორმალურად მუშაობდა და თქვენ პაციენტის სუნთქვაზე დაკვირვებით გულის არაპირდაპირი მასაჟის გაკეთების გადაწყვეტილება მაინც მიიღეთ, ამით არაფერი დაშავდება. ამან არ შეიძლება ფატალური შედეგი გამოწვიოს. უფრო მეტიც, ექსპერტები ამბობენ, რომ „ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში, უნდა იმოქმედოთ!“.


თუ ადამიანი გონზეა, მნიშვნელოვანია, რომ ის დაამშვიდოთ და შეეცადოთ გაარკვიოთ, თუ რა სახის ნარკოტიკი მიიღო (ამისათვის შპრიცის ან შეფუთვის მოძებნაც შეგიძლიათ, თუ ადამიანი უგონო მდგომარეობაშია). ზოგადად, ექიმები თავიდანვე ერთი და იმავე ალგორითმის მიხედვით მოქმედებენ, განურჩევლად იმისა, თუ რა დაემართა ადამიანს: ისინი პაციენტის მდგომარეობის დასტაბილურებას ცდილობენ, ატარებენ კვლევებს, თუ შესაძლებელია დიაგნოზის დასმა, ამის მიხედვით მკურნალობენ და თუ არა, დამხმარე თერაპიულ კურსს ატარებენ. თუმცა მიზეზის პოვნაში მათი დახმარება, მაინც კარგი იდეაა.

გამოიყენეთ ნალოქსონი (თუ, რა თქმა უნდა, გაქვთ)!

თუ ზუსტად იცით, რომ დოზის გადაჭარბება ოპიოიდების გამო მოხდა, საერთაშორისო და ნაციონალური ორგანიზაციები გვირჩევენ, რომ პაციენტს დაუყოვნებლივ ნალოქსონი შევუყვანოთ. ეს არის პრეპარატი, რომელიც ოპიოიდურ რეცეპტორებს უკავშირდება და ორგანიზმზე ამ ტიპის პრეპარატის ზემოქმედებას ბლოკავს. მაგალითად, აშშ-ში, კანადასა და ევროკავშირში ამ მედიკამენტს აფთიაქებში ყიდიან ან უფასოდ ცხვირის სპრეის სახითაც ავრცელებენ. ხშირად ის ექიმის დანიშნულებას არ საჭიროებს და ამ ფორმით ნალოქსონის გამოყენება სრულიად გამოუცდელ ადამიანსაც შეუძლია.

სხვა თემები