18 ოქტომბერი 2020 - 22:25

რა კრიტერიუმები უნდა გაითვალისწინოთ ვიდეომონტაჟისთვის ნოუთბუქის შესარჩევად 

ფოტო: shutterstock.com

არსებობს მცდარი მოსაზრება, რომ გრაფიკაზე, დიზაინსა თუ ვიდეომონტაჟზე მუშაობა მხოლოდ პერსონალური კომპიუტერით არის  შესაძლებელი, ლეპტოპით კი ამის გაკეთება მოუხერხებელია. რამდენიმე წლის წინ ნამდვილად ასე იყო, მაგრამ ახლა ბაზარზე არის ნოუთბუქები, რომლებიც საგანგებოდ ასეთი დავალებებისთვის არის შექმნილი. ამავდროულად, პერსონალური კომპიუტერისგან განსხვავებით, ლეპტოპის გამოყენება ნებისმიერ დროს და ნებისმიერ სიტუაციაშია შესაძლებელი. მსგავსი მოდელების ფართო არჩევანმა რომ არ დაგაბნიოთ, უნდა იცოდეთ, რომელი მახასიათებელი და რა დეტალია ნამდვილად მნიშვნელოვანი.

პირველ რიგში, ჩამოყალიბდით, რომელ პროგრამულ უზრუნველყოფაზე მოგიწევთ მუშაობა

თუ აპირებთ მუშაობას ფოტოებზე, გრაფიკაზე, შრიფტებზე ან ანიმაციებზე, სავარაუდოდ,  Adobe Photoshop-ი დაგჭირდებათ. პროგრამას, რომელიც უფრო მეტად რეტუშირებასა და ფერების კორექციასთან ასოცირდება, რეალურად შესაძლებლობების უზარმაზარი არსენალი  აქვს. თუ თქვენ მთლიანი ფოტოქსელის სწრაფად რედაქტირება გჭირდებათ, მაშინ Adobe Lightroom-ი გამოგადგებათ. მაგალითად, მისი მეშვეობით შეგიძლიათ მთლიანი ალბომის სურათების თეთრი ბალანსი რამდენიმე დაწკაპუნებით გამოასწოროთ. 


ვიდეოს რედაქტირებისთვის ხშირად Adobe Premiere Pro-ს ან DaVinci Resolve-ს იყენებენ. ამ პროგრამებს შესაძლებლობების ფართო სპექტრი აქვთ. მათი მეშვეობით შეგიძლიათ როგორც მარტივი ვიდეორგოლების მომზადება, ასევე რთული, მრავალდონიანი მასალის დამონტაჟება, რაც სურათების, ბგერების, ეფექტებისა და ხმების დამუშავებას მოიცავს. სამგანზომილებიან მოდელებზე სამუშაოდ კი შეგიძლიათ Adobe Dimension-ი გამოიყენოთ. ეს კომპოზიციური საშუალება სარეკლამო პოსტერებისთვის, სცენის ვიზუალიზაციისა და აბსტრაქტული ხელოვნებისთვის არის განკუთვნილი. 


თითოეულ პროგრამას კომპიუტერისადმი საკუთარი ტექნიკური მოთხოვნები აქვს. მაგალითად, Photoshop-ში ან Lightroom-ში მუშაობისთვის საჭიროა, სულ ცოტა,  2-გიგაჰერციანი სიხშირის პროცესორი, 16-გიგაბაიტინი ოპერატიული მეხსიერება და დაახლოებით 6-გიგაბაიტიანი ვიდეო მეხსიერება. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ თუ დიდი რაოდენობის პანორამებზე მოგიწევთ მუშაობა, რთულ ოპერაციებს შეასრულებთ (დიდი რაოდენობით ეფექტს გამოიყენებთ), ამან შეიძლება აპარატურა მნიშვნელოვნად დატვირთოს და დიდი დრო დაკარგოთ. ვიდეოსამონტაჟო პროგრამებს - Premiere-სა და DaVinci-ს კიდევ უფრო მეტი მოთხოვნები აქვთ, სამგანზომილებიან პროგრამებზე რომ აღარაფერი ვთქვათ (თანამედროვე ოთხბირთვიანი პროცესორი, 16-გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება და 6-გიგაბაიტინი ვიდეო მეხსიერება). ამიტომ უპირატესობა უფრო პროდუქტიულ მოდელებს უნდა მიანიჭოთ. 


ამ ყველაფრის გარდა მნიშვნელოვანია გარკვეული დეტალების გათვალისწინება. კონკრეტულად რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება? უნდა გაერკვეთ ნოუთბუქის ძირითად ტექნიკურ პარამეტრებში!

შიდა მეხსიერება

კომპიუტერის მუდმივი მეხსიერება ორი ტიპის არის - HDD და SSD. პირველი ჩვეულებრივი მყარი დისკია, მეორე კი - ფაქტობრივად, დიდი ფლეშ მეხსიერების ბარათი. ინტენსიური რესურსების მქონე პროგრამებისთვის SSD მეხსიერების მქონე ლაპტოპია რეკომენდებული, რადგან ის უფრო სწრაფად ფუნქციონირებს. თუ დიდი მოცულობის ფაილებზე მუშაობთ (მაგალითად, ვიდეოს რედაქტირებისას), მაშინ დიდი მოცულობის SSD-ის მქონე მოდელის არჩევა სჯობს, რადგანაც მყარი დისკი სისტემის მუშაობას ზღუდავს.

ოპერატიული მეხსიერება 

ის ინახავს ყველა იმ მონაცემს, რომლებზეც მოცემულ მომენტში მუშაობთ. ოპერატიული მეხსიერების ნაკლებობა იწვევს იმას, რომ აქტუალური ინფორმაცია მყარ დისკზე იწერება და ბევრად ნელა იტვირთება. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ოპერატიული მეხსიერება ნებისმიერ ფოტოს ან მის ცვლილებას, პროგრამის პარამეტრებსა და ყველა სხვა პარამეტრის ვარიაციას ასახავს - ეს ყველაფერი კი დიდ ადგილს იკავებს.

პროცესორი

მისი ამოცანა ფაილებზე მუშაობისას რთული გამოთვლების განხორციელებაა. საუბარია გრაფიკული საქაღალდეების გახსნის, რედაქტირებისა და შენახვის სიჩქარეზე, რეალურ დროში ვიდეოს დამუშავებაზე. სამგანზომილებიანი ვიზუალიზაციის შექმნა კი პროცესორისა და ვიდეო ბარათის სიმძლავრეზეა დამოკიდებული.

ვიდეობარათი 

ფაქტობრივად, ეს არის კომპიუტერი კომპიუტერში, რომელიც გრაფიკაზე სამუშაოდ არის გათვლილი. ვიდეობარათის გრაფიკული პროცესორი ეფექტიანად უმკლავდება ისეთ პარალელურ გამოთვლებს, რომლებიც გრაფიკაზე, სამგანზომილებიან მასალაზე, ვიდეორედაქტირებაზე, კოდირებაზე ან დეკოდირებაზე მუშაობისას გამოიყენება. ამავდროულად ვიდეობარათს აქვს საკუთარი მეხსიერება, რომელიც ოპერატიულ მეხსიერებაზე უფრო სწრაფადაც კი მუშაობს. სწორედ მის მოცულობაზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ არა ვიდეობარათი რთული სამგანზომილებიანი სცენის დარენდერებას. უახლესი ტენდენციები კი ისეთია, რომ სამუშაო პროგრამების ტემპი სწორედ  გრაფიკული პროცესორის ხარჯზე იზრდება. შესაბამისად, ის რაც უფრო ძლიერია, სისტემის უსაფრთხოების მაჩვენებელი და მისი აქტუალობა უფრო მაღალია (იმის გათვალისწინებით, რომ ლეპტოპების უმეტესობაში ვიდეობარათი არ იცვლება და არც მისი განახლებაა შესაძლებელი).

ეკრანი 

გრაფიკაზე, ფოტოებსა და ვიდეოებზე მუშაობის დროს ეკრანის ფერები მნიშვნელოვან როლს ასრულებს: ის რაც უფრო ზუსტია, მით უკეთესია. ამ მახასიათებელზე მატრიცის ტიპი და  SRGB ფერის სივრცესთან ეკრანის შესაბამისობა ზემოქმედებს. დღეისათვის ლეპტოპების უმეტესობა IPS, TN ან VA- მატრიცებს იყენებს. მათგან  ფერების საუკეთესო გადაცემა IPS- ს აქვს, ამიტომაც უპირატესობაც მას ენიჭება. IPS- მატრიცების კიდევ ერთი პლუსი არის ხედვის კარგი კუთხე. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში ეკრანის კუთხეებში გამოსახულება არ ქრება. 


ახლა კი დროა SRGB ფერის სივრცესთან შესაბამისობა შეამოწმოთ. თუ ეკრანს 100% -იანი შესაბამისობა აქვს, მასზე ფერები მაქსიმალურად ბუნებრივად და რეალისტურად გამოჩნდება. თუ ეს მაჩვენებლი 90% -ზე ნაკლებია, გამოსახულება შედარებით მკრთალი იქნება. თუ შესაბამისობა 110% -ზე მეტია, სურათი ძალიან ნათელი და მკვეთრი გამოჩნდება.


ეკრანის დიაგონალი და  გარჩევადობა თქვენს საჭიროებებზეა დამოკიდებული. მაგალითად, თუ შედარებით იაფი, მაგრამ პროდუქტიული ვარიანტი გჭირდებათ, უმჯობესია, Full HD რეზოლუციის მქონე ეკრანი აირჩიოთ. თუ ძალიან ზუსტი დეტალიზება და სიცხადე გჭირდებათ, მაშინ არჩევანი 2K ან 4K რეზოლუციაზე უნდა გააკეთოთ (თუმცა ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს ვარიანტები ვიდეობარათს უფრო მეტად ტვირთავს). 


რაც შეეხება დიაგონალს, ამ შემთხვევაში ყურადღება მოხმარების ძირითად სცენარზე უნდა გაამახვილოთ: სახლისა და ოფისისთვის შეგიძლიათ უფრო დიდი დიაგონალი (15-17 დუიმი და მეტი) შეარჩიოთ, გადასაადგილებლად კი შედარებით კომპაქტურ ვარიანტებზე (დაახლოებით 15 დუიმი და ნაკლები) შეაჩეროთ არჩევანი.

გაფილტრეთ ლეპტოპის  შესაფერისი მოდელები!

თქვენთვის შესაფერისი ნოუთბუქის შერჩევა ინტერნეტში არსებული მონაცემებით შეგიძლიათ. საჭირო პარამეტრების (მეხსიერება, პროცესორი, ვიდეობარათი, ეკრანი, ფასი) შეყვანით, შესაძლებელია პოტენციურად სასურველი ვარიანტების გაფილტრვა და შემდეგ მათი დეტალურად განხილვა.

სხვა თემები