04 ნოემბერი 2020 - 10:25

რა უნდა ვიცოდეთ ჭინჭრის ციების შესახებ

ფოტო: shutterstock.com

ჭინჭრის ციება ზოგჯერ ისეთ პრობლემებს იწვევს, როგორიც არის ექიმებთან ხანგრძლივი, არაეფექტიანი ვიზიტები და ზედმეტი, ყოვლად უსარგებლო სამედიცინო გამოკვლევები. ხანდახან ამ ყველაფერს არასაჭირო და ხშირად არც თუ ისე უსაფრთხო მედიკამენტებით მკურნალობაც ერთვის. ამის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა ვიცოდეთ, რა სიმპტომები აქვს ჭინჭრის ციებას? რა იწვევს მას და როგორ უნდა ვუმკურნალოთ ამ დაავადებას?

ჭინჭრის ციების სიმპტომი კანზე არსებული ბუშტუკებია? 

ეს მხოლოდ ერთ-ერთი სიმპტომია. ჭინჭრის ციების დროს კანზე ამობურცული ბუშტუკები ძალიან ხშირია. ისინი შეიძლება ერთმანეთისგან ოდნავ განსხვავდებოდეს, თუმცა არსი ერთი და იგივეა. ბუშტუკები არის ოდნავ ამობურცული მკრთალი, ვარდისფერი ან წითელი შეფერილობის ლაქები, რომელთაც ქავილი ახასიათებს. ანალოგიური სიმპტომი ვლინდება, როდესაც ადამიანი ჭინჭრით დაისუსხება. მათ მთელ სხეულზე გავრცელება შეუძლიათ. 


ჭინჭრის ციების დროს ბუშტუკებს შეიძლება ანგიონევროზული შეშუპებაც ახლდეს. ზოგიერთ შემთხვევაში კი მხოლოდ ეს სიმპტომი ვლინდება. ანგიონევროზული შეშუპება ვიზუალურად თითქოს ბუშტუკებს ჰგავს, მაგრამ მისი გავრცელების არეალი ერთ ბუშტუკზე გაცილებით დიდია, უფრო მეტ ქსოვილს აზიანებს  და ბევრად ღრმად აღწევს. ანგიონევროზული შეშუპება უფრო ხშირად იწვევს ტკივილს და არა - ქავილს. 


ჭინჭრის ციების დროს პოხიერი უჯრედები (ეს არის იმუნური სისტემის უჯრედები) აქტიურდება, რის შედეგადაც გამოიყოფა გარკვეული ნივთიერებები, მათ შორის - ჰისტამინი. ჩვეულებრივ, ეს გვეხმარება, თუ რაიმე სახის საფრთხე არსებობს. მაგალითად, როდესაც კანი ლურსმნით გაიკაწრეთ, პოხიერი უჯრედები სხვადასხვა ნივთიერებას  გამოყოფენ, რის შედეგადაც სისხლძარღვები ფართოვდება, მათი კედლები უფრო გამტარი ხდება, იმუნური სისტემის უჯრედები სისხლიდან მიმდებარე ქსოვილებში გამოდიან და ინფექციას ებრძვიან. სწორედ ამის შედეგია ის, რომ ჩვენ შეშუპებასა და ანთებას ვიზუალურად ვხედავთ. 


აი, ჭინჭრის ციებისას შეშუპება, სიწითლე და ქავილი კი, რომლებიც პოხიერი უჯრედების მუშაობით არის პროვოცირებული, ორგანიზმისთვის არანაირ სარგებელს არ წარმოადგენს.

ეს ხომ ალერგიის სიმპტომებია! 

თუ ვსაუბრობთ ჭინჭრის ციებაზე, რომელიც სწრაფად ქრება, მაშინ დიახ, ეს ალერგიის დროსაც  ხდება. თუმცა ის ამავდროულად ამა თუ იმ ინფექციის, მწერის ნაკბენის ან გარკვეული მედიკამენტის მიღების შედეგად ვლინდება. ჭინჭრის ციების ამ ფორმას "მწვავეს" უწოდებენ. 


ჭინჭრის ციება, რომელიც ექვს კვირაზე მეტს გრძელდება, გაცილებით რთული ფორმაა. ის შეიძლება სპონტანურად, აშკარა მიზეზის გარეშე გამოვლინდეს. მას "ქრონიკულ სპონტანურ ჭინჭრის ციებას" უწოდებენ. ხანდახან ამ დაავადებას ზოგიერთი კონკრეტული მოვლენა აპროვოცირებს (მაგალითად, ფიზიკური დატვირთვა, სიცივე და სხვ.). ქრონიკული ჭინჭრის ციების გამომწვევი მიზეზი ალერგია ძალიან იშვიათად არის. 


ქრონიკული ჭინჭრის ციება მთელი ცხოვრების განმავლობაში ადამიანთა დაახლოებით 1% -ს აქვს, მწვავე ჭინჭრის ციება - კი 20% -ს. დიაგნისტურებისა და მკურნალობის მეთოდები ორივე შემთხვევაში განსხვავებულია.

კანზე ბუშტუკები გამომივლინდა. როგორ მოვიქცე?

მკურნალობა ურეცეპტოდ, ანტიჰისტამინური საშუალებებით (ისინი, როგორც წესი, ალერგიის დროს გამოიყენება) არის შესაძლებელი. ისინი ქავილის შეგრძნებას ხსნიან და კანს ბუშტუკებისგან ათავისუფლებენ. თუმცა მეორე თაობის პრეპარატების მიღება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაშია სასურველი.

იქნებ ეს სერიოზული დაავადების მხოლოდ დასაწყისია? 

როდესაც თავდაპირველად აღმოაჩენთ, რომ ჭინჭრის ციება  გაქვთ, ძნელია იმის თქმა, არის ეს მწვავე მდგომარეობა, რომელიც გაქრება და კვალს არ დატოვებს თუ ეს ქრონიკული შემთხვევაა, რომელიც შეიძლება წლობით გაგრძელდეს. თუმცა უფრო სავარაუდოა, რომ ეს პირველი ვარიანტია (შემთხვევათა ორი მესამედი სწორედ ასეა). 


ბრიტანეთის ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სამსახური გვირჩევს, მივმართოთ ექიმს (ეს შეიძლება იყოს ფართო პროფილის ექიმი. მაგალითად, თერაპევტი და არა ვიწრო სპეციალისტი), თუ: 


-    ორი დღის განმავლობაში თქვენი მდგომარეობა არ გამოსწორდა;
-    თქვენს შვილს ჭინჭრის ციება აქვს, რაც ძალიან გაღელვებთ;
-    გამონაყარი მთელ სხეულზე ვრცელდება;
-     ჭინჭრის ციება ისევ და ისევ გიბრუნდებათ;
-    გაქვთ მაღალი სიცხე და თავს ცუდად გრძნობთ;
-    კანქვეშ შეშუპება შეამჩნიეთ.


ექიმთან წასვლა საჭიროა მაშინაც, თუ ჭინჭრის ციება ფიზიკური დატვირთვის დროს (და არა ამის შემდეგ) აქტიურდება: ეს შეიძლება საშიში მდგომარეობის ნიშანი  იყოს.

რა იწვევს ჭინჭრის ციებას? 

იმ ეტაპზე, როდესაც ჭინჭრის ციება ახალი დაფიქსირებულია, ხშირ შემთხვევაში მიზეზის დადგენა რეკომენდებული არ არის და უფრო მეტიც, შეუძლებლადაც კი ითვლება. ხშირად ჭინჭრის ციება თავისით ქრება, თუმცა ეს პროცესი შეიძლება რამდენიმე კვირას გაგრძელდეს (თუმცა, როგორც წესი, ბევრად უფრო სწრაფად - ერთ ან ორ დღეში სრულდება). ამავდროულად უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვებში მწვავე ჭინჭრის ციების შემთხვევათა 80% -ის მიზეზი ვირუსული ინფექციებია (კერძოდ, მწვავე რესპირატორული სინდრომი). ამიტომაც თუ საგანგაშო სიმპტომები არ არსებობს, რეკომენდებულია სახლში მკურნალობა. მაშინაც კი, თუ ექიმთან მიხვალთ, დიდია ალბათობა, რომ ის გამოკვლევებს არ ჩაგიტარებთ და მხოლოდ კონსულტაციით შემოიფარგლება. 


არსებობს მხოლოდ რამდენიმე სიტუაციაა, როდესაც მოკლევადიანი ჭინჭრის ციების დროს შეიძლება გარკვეული გამოკვლევები საჭირო გახდეს:


-    ზოგჯერ ჭინჭრის ციება შეიძლება სერიოზული დაავადებების ნიშანი (მაგალითად, ღვიძლის ან ფარისებრი ჯირკვლის დაავადება, სისტემური წითელი მგლურა) იყოს. თუმცა ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, ადამიანს სხვა შესამჩნევი სიმპტომებიც აქვს, რაც თავისთავად ექიმთან მიიყვანს. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს მუდმივი დაღლილობა, სახსრების ტკივილი, წონაში უმიზეზო კლება. ამიტომაც რაიმე სერიოზული რომ არ გამოგრჩეთ, საკმარისია ამ გამაფრთხილებელ სიმპტომებს ყურადღება მიაქციოთ.
-    სამედიცინო გამოკვლევას აზრი აქვს, თუ არსებობს ეჭვი ისეთ ძირითად დაავადებებზე, რომლებიც ჭინჭრის ციებას იწვევს. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ალერგია. 
-    თუ ანტიჰისტამინური საშუალებები არაეფექტიანია ან აშკარად ძლიერდება სიმპტომები, რომლებიც მკურნალობას ცუდად ექვემდებარება.

თუ ჭინჭრის ციებამ ქრონიკული ხასიათი მიიღო, მაშინ რა ვქნა? 

ქრონიკული ჭინჭრის ციების დროს (ექვს კვირაზე მეტს გაგრძელდა), დეტალური გამოკითხვის გარდა, საჭირო იქნება გამოკვლევა. ეს უკანასკნელი კი ექიმთან საუბრის შედეგებზეა დამოკიდებული. ქრონიკული სპონტანური ჭინჭრის ციება სისხლის გარკვეულ ანალიზს მოითხოვს. ეჭვის ქონის შემთხვევაში კი ექიმს  შეუძლია  პაციენტი სხვადასხვა ინფექციაზეც შეამოწმოს. თუმცა ქრონიკული სპონტანური ჭინჭრის ციების ძირითადი მიზეზი ზრდასრულებში ვერ დგინდება. 


გაცილებით იშვიათად და გარკვეული სიმპტომების არსებობისას შეიძლება საჭირო გახდეს კანის ბიოფსია. ეს იმას ნიშნავს, რომ ექიმი თქვენი ბუშტუკიდან კანის მცირე ნაწილს აიღებს და გამოსაკვლევად გაგზავნის. ეს აუცილებელია ზოგიერთი მსგავსი დაავადების, კერძოდ, ურტიკარული ვასკულიტის გამოსარიცხად.

ჭინჭრის ციება საშიშია? 

ქრონიკული ჭინჭრის ციების შემთხვევათა აბსოლუტური უმრავლესობა ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის. თუმცა ამ დაავადებას ცხოვრების ხარისხის გაფუჭება ნამდვილად შეუძლია, რადგან რთულია ნორმალური მდგომარეობა შეინარჩუნო, როდესაც მუდმივი ქავილის შეგრძნება გაქვს. ეს მდგომარეობა შეიძლება გულის იშემიური დაავადების მქონე ადამიანის ყოფას გავუტოლოთ: ეს დაადასტურა ერთ-ერთმა კვლევამ, რომელშიც  მეცნიერებმა ძილის ხარისხი, ენერგია, სოციალური კავშირები და ემოციური მდგომარეობა შეადარეს. ამავდროულად, თქვენ გარშემო მყოფ ადამიანებს შეიძლება კანზე არსებულ წითელ ლაქებზე რეაქცია ჰქონდეთ, თუმცა ჭინჭრის ციება გადამდები არ არის.

ჭინჭრის ციება სამუდამოა?

უცნობია. ზოგიერთი ანგარიშის თანახმად, ქრონიკული ჭინჭრის ციების დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, ადამიანების ნახევარს ის აღარ აქვს, ხუთი წლის შემდეგ კი ეს დაავადება პაციენტების მხოლოდ  14% -ს აღენიშნება. 


ქრონიკული ჭინჭრის ციების მქონე პაციენტებს სპეციალისტები ურჩევენ, რომ რამდენიმე თვეში ერთხელ ექიმს მიმართონ, რათა მდგომარეობა სწორად შეფასდეს, საჭიროა თუ არა მკურნალობის გაგრძელება და შესაძლოა, მედიკამენტების დოზის შემცირება გახდეს საჭირო. ჭინჭრის ციების სხვადასხვა სახეობა განსხვავებულ თერაპიას საჭიროებს.

სხვა თემები