25 ნოემბერი 2020 - 10:03

ჩემს სმარტფონში ქაოსია, კომპიუტერში კი მეხსიერება არ მყოფნის! როგორ მოვიქცე?

ფოტო: shutterstock.com

დროთა განმავლობაში, სმარტფონებისა და კომპიუტერების მუშაობის ტემპი იკლებს. უფრო მეტიც, ეს შეიძლება მეტ-ნაკლებად ახალ მოწყობილობასაც დაემართოს. პრობლემა ხშირად "ტექნიკაში" კი არა, ბანალურ ციფრულ უწესრიგობაშია. ეს იმას ნიშნავს, რომ გაჯეტებში დაგროვდა ძალიან ბევრი აპლიკაცია, პროგრამული უზრუნველყოფა და სხვადასხვა ფაილი, რომლებიც მათ მუშაობას ანელებს. როგორ უნდა გამოვასწოროთ სიტუაცია?

ნოუთბუქი

თუ კომპიუტერი შენელებულია, შეიძლება ეს სხვადასხვა ფაქტორით იყოს გამოწვეული. პირველი არის ავტომატური გადატვირთვა, როდესაც  რამდენიმე პროგრამა  ერთდროულად იტვირთება. მეორე - როდესაც პროგრამები ფონურ რეჟიმში მუშაობენ, მაშინაც კი, თუ მათ არ იყენებთ. ეს კომპიუტერის მეხსიერებას იკავებს და პროცესორს ანელებს. მესამე არის სიტუაცია, როდესაც პროგრამა  განახლების საკუთარ გრაფიკს თავად ადგენს და ამ პროცესს მომხმარებლისთვის სრულიად მოულოდნელად იწყებს. მეოთხე არის გადავსებული დისკი. კარგი ამბავია ის, რომ ყველა ამ პრობლემის მოგვარება მარტივია. ამაში კი საფუძვლიანი ციფრული დასუფთავება დაგეხმარებათ. რას ნიშნავს ეს?

კომპიუტერი მტვრისგან გაასუფთავეთ!

კომპიუტერს შეუძლია  ბანალური გადახურების გამო შენელდეს. ამიტომაც, პირველ რიგში, უნდა შეამოწმოთ, ეგრეთ წოდებულ ქულერს რაიმე პრობლემ ხომ არ აქვს. მისი გაწმენდა თავადაც შეგიძლიათ. ამისთვის გჭირდებათ სახრახნისი, პინცეტი ან კლავიატურის მტვერსასრუტი (თუ ის არ გაქვთ, ჩვეულებრივიც გამოგადგებათ). თუ  გარისკვა არ გინდათ, შეგიძლიათ კომპიუტერი სპეციალისტს აჩვენოთ.

გაასუფთავეთ ქეშმეხსიერება! 

ქეში არის საქაღალდეები, რომლებიც გადმოწერილი აპლიკაციების მუშაობისთვის არის ჩამოტვირთული (პაროლები, ფოტოები მესენჯერიდან, სწრაფი ჩამოტვირთვის გვერდები). ისინი მოწყობილობის მეხსიერების საკმაოდ დიდ ნაწილს იკავებენ და შესაბამისად,  მის მუშაობას ანელებენ. ამიტომაც ქეშმეხსიერება აუცილებლად უნდა გაწმინდოთ.

წაშალეთ ინტერნეტიდან ჩამოტვირთული მასალები!

საქაღალდე, რომელშიც ინტერნეტიდან ჩამოტვირთული მასალები ინახება, ხშირად ჰგავს ძველ და მივიწყებულ საკუჭნაოს, სადაც უამრავი უინტერესო და ყოვლად უსარგებლო ნივთი ინახება. ეს ფაილები მყარი დისკის მნიშვნელოვან ნაწილს იკავებს, ამიტომაც მას დროდადრო უნდა გადახედოთ. მთავარია, რომ ქაოსის წინააღმდეგ ბრძოლაში, ყველა ფაილი ერთდროულად არ წაშალოთ, რათა სასარგებლო ინფორმაციაც არ მიაყოლოთ. უმჯობესია, ცოტა მეტი დრო დაუთმოთ მასალების სათითაოდ დახარისხებას და მნიშვნელოვანი საქაღალდეები სხვაგან შეინახოთ. მომავალში ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად შეგიძლიათ დააყენოთ კონფიგურაცია, რომ ამ საქაღალდიდან მითითებული დროის შემდეგ მასალები ავტომატურად წაიშალოს. Windows 10 – ში ამის გაკეთება შეგიძლიათ „პარამეტრებიდან“, macOS– ში კი Automator-ის გამოყენებით.

ბოლოს და ბოლოს, ელექტრონული ფოსტისთვისაც მოიცალეთ!

ეს ძალიან მოსაწყენი, მაგრამ ფრიად სასარგებლო საქმეა. პირველ რიგში, უსარგებლო გამოწერები გააუქმეთ. სავარაუდოდ, ეს არის არა ის ელექტრონული წერილები, რომელთა მიღებაც ოდესმე გსურდათ, არამედ ონლაიშოპინგის დროს უყურადღებოდ დატოვებული ინფორმაციის „დამსახურებაა“. არა და, ამ გამოწერის გასაუქმებლად ტექსტის ბოლოში არის პატარა ნაცრისფერი ღილაკი „Unsubscribe“. თუ შეტყობინებამ, რომელიც არც კი გამოგიწერიათ, „სპამ-ფილტრი“ გაიარა, უფრო ეფექტიანია მისი არა მხოლოდ წაშლა, არამედ „სპამში“ გადატანა. ეს თავდაცვის მექანიზმს უფრო ჭკვიანურს გახდის. ორი კურდღლის ერთდროულად დასაჭერად კი შეამოწმეთ, რამდენად დაცულია თქვენი ელექტრონული ფოსტის უსაფრთხოების ზომები.

არასაჭირო ვებგვერდებსა და აპლიკაციებზე წვდომა გააუქმეთ!

Facebook-ით ან Google ID– ით ვებგვერდებზე რეგისტრაცია სწრაფი და მოსახერხებელია. ასეთ დროს არ არის საჭირო ახალი პაროლის მოფიქრება, ელ.ფოსტის დადასტურება და შემდეგ ამ ყველაფრის დამახსოვრება. თუმცა მედალს აქვს მეორე მხარე. თუ საეჭვო ვებგვერდზე დარეგისტრირდით და მასზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა, თქვენი ანგარიშის მონაცემები რისკის ქვეშ აღმოჩნდება. ამიტომაც უნდა შეამოწმოთ იმ ვებგვერდებისა და აპლიკაციების ჩამონათვალი, რომელთაც Facebook- ზე ან Google- ზე აქვთ წვდომა. 


ამავდროულად, თუ თქვენ გაქვთ წვდომა ისეთ მომსახურებაზე, რომლის გამოყენებას ხშირად არ აპირებთ, უმჯობესია, წაშალოთ. Facebook– ზე ეს შეგიძლიათ  „აპლიკაციებისა და ვებგვერდების“ ან „პარამეტრების“ განყოფილებაში გააკეთოთ, Google– ში კი ამისთვის თქვენი ანგარიშის გვერდზე  არსებობს „დაცვა“, რომლის ბოლოშიც უნდა მოძებნოთ „შესვლა Google– ით“.

წაშალეთ თქვენი საძიებო სისტემის ისტორია!

მაგალითად, Google-ი საძიებო სისტემის ყველა ისტორიას ინახავს. ამ ინფორმაციის ნახვა  „ჩემს საქმიანობაში“ შეგიძლიათ. აქ გაეცნობით თქვენს ყველა აქტივობას - საძიებო სისტემის ისტორიით დაწყებული YouTube-ზე ნანახი ვიდეოებით დამთავრებული. თუმცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ყველა ინფორმაცია შეიძლება წაიშალოს. ამისათვის ავტომატური წაშლა უნდა დააყენოთ ან თქვენი ქმედებების თვალყურის დევნება საერთოდ აკრძალოთ.

სმარტფონი

მიუხედავად იმისა, რომ სმარტფონები ბოლო 10 წლის განმავლობაში ფუნქციურად კომპიუტერების შესაძლებლობებს უფრო და უფრო მიუახლოვდნენ, მათ მაინც ბევრად ნაკლები მეხსიერება აქვთ. ამიტომაც, უპირველეს ყოვლისა, უნდა გამოიყენოთ ისეთი ღრუბლოვანი საცავები, როგორიც არის iCloud-ი, Google Drive-ი, Dropbox-ი და OneDrive-ი. სწორედ აქ უნდა გაგზავნოთ დიდი მოცულობის ფაილები ან  ფოტოებისა და ვიდეოების ავტომატური შენახვის ფუნქცია გაააქტიუროთ. თუმცა სხვა რამის გაკეთებაც შეგიძლიათ.

წაშალეთ ყველა ის აპლიკაცია, რომელთაც აქტიურად არ იყენებთ!  

აპლიკაციის წაშლის ოპტიმალური დროა მაშინ, როდესაც მისგან შეტყობინება მიიღეთ და ამით საერთოდ არ ხართ დაინტერესებული. ამის შემდეგ ყურადღებით დაათვალიერეთ ეკრანი და საქაღალდეები. სავარაუდოდ, იქ აღმოაჩენთ აპლიკაციებს, რომლებიც აღარც კი გახსოვთ. ეს შეიძლება იყოს ესა თუ ის თამაში, მუზეუმის აუდიოგიდი ან ავიაბილეთების რამდენიმე აპლიკაცია. გამოიყენეთ Screen Time Tracking იმის გასარკვევად, თუ რომელი მათგანი არ გჭირდებათ. ეს პრობლემა მომავალშიც რომ არ დაბრუნდეს, დააყენეთ გამოუყენებელი პროგრამების ავტომატური აღრიცხვის აპლიკაცია. ის iPhone–ის „iTunes და App Store“-ის პარამეტრებში ეძებეთ, ხოლო Android– ის შემთხვევაში - „Task Manager“-ში.

გადადით მესენჯერის პარამეტრებში! 

მესენჯერი მოსახერხებელია ფაილების, ფოტოებისა და ვიდეოების გასაგზავნად, მაგრამ ისინი მოწყობილობის მეხსიერებას იკავებენ. გამორთეთ თქვენთან გამოგზავნილი ფოტოებისა და ვიდეოების ავტომატური ჩამოტვირთვის რეჟიმი ან დააყენეთ ქრონომეტრი, რათა მეხსიერება რეგულარულად გაასუფთაოთ და  ადგილი დაზოგოთ.

სხვა თემები