22 სექტემბერი 2020 - 13:57

შემოდგომის დასაწყისიდან ევროპა COVID-19-ის ახალი ტალღისთვის ემზადება. რას ნიშნავს ეს? 

ფოტო: shutterstock.com

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ევროპის ქვეყნებში ახალი კორონავირუსის შემთხვევები იზრდება. ინფიცირებულთა მაჩვენებლის მატება შემოდგომის დაწყებასა და სკოლების გახსნას დაემთხვა (ყოველ შემთხვევაში, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში). თუმცა ამაში მოულოდნელი არაფერია, რადგან სპეციალისტები ახალი კორონავირუსის მეორე ტალღაზე ჯერ კიდევ ზაფხულში საუბრობდნენ. როგორია კოვიდვითარება დღევანდელ ევროპაში? ვინ და როგორ ემზადება COVID-19-ის მორიგი „შემოტევისთვის“?

ესპანეთი: ნაადრევად გაუქმებული კარანტინი

სექტემბრის დასაწყისში, ესპანეთში COVID-19-ით ინფიცირების ყოველდღიურად დაფიქსირებულმა ახალმა შემთხვევებმა გაზაფხულის ანალოგიურ მაჩვენებელს გადააჭარბა. აპრილის პირველ ორ კვირაში ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა (ეს მაჩვენებელი აქტიური შემთხვევების საერთო რაოდენობას ასახავს) პიკში 100 ათას ადამიანს მიაღწია, ახლა კი 120 ათასს აჭარბებს. ეს 100 ათას სულ მოსახლეზე 270 შემთხვევას ნიშნავს, რაც მთელი ევროკავშირის მასშტაბით რეკორდული მაჩვენებელია (მეზობელ საფრანგეთში შემთხვევათა წილი ორჯერ ნაკლებია).


თუმცა როდესაც ამ შედარებაზე ვსაუბრობთ, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ გაზაფხულზე ესპანეთს დაავადებულთა გამოსაკვლევად საკმარისი რაოდენობის ტესტი არ გააჩნდა. სწორედ ამიტომ სტატისტიკური მაჩვენებელი საგრძნობლად დაბალი იყო. გაზაფხულზე ჩატარებული ტესტების დაახლოებით მესამედს დადებითი პასუხი ჰქონდა, ამჯერად კი ეს წილი სამჯერ დაბალია. თუმცა რადგან ტესტირება დღეისათვის უფრო მასშტაბურად ტარდება, შემთხვევათა საერთო რაოდენობაც გაზაფხულის მაჩვენებელს აღემატება. ამავდროულად, დაავადების სიხშირე კიდევ უფრო სწრაფად იზრდება. ამას ივლისის შუა რიცხვებიდან დაფიქსირებული ტესტირებაზე დადებითი პასუხების წილის ზრდა მოწმობს. 


გაზაფხულთან შედარებით სიტუაცია ესპანეთში კიდევ ერთი მიმართულებით შეიცვალა. მაშინ საავადმყოფოები, ფაქტობრივად, გადატვირთული იყო და სამედიცინო დაწესებულებები COVID-19-ით ინფიცირებულ ყველა პაციენტს ვერ იღებდნენ. დღეისათვის კი მადრიდში, სადაც ყველაზე მეტი შემთხვევაა რეგისტრირებული, დატვირთული საწოლების წილი მხოლოდ 17% -ია, ქვეყნის მასშტაბით საერთო ჯამში კი - 7,5%-ი. 


ეს იმაზე მეტყველებს, რომ ამჟამინდელი შემთხვევების უმეტესობა მსუბუქ ფორმაში მიმდინარეობს. ეს, თავის მხრივ, ესპანელი მეცნიერებისა და ოფიციალური პირების საერთო მოსაზრებას ადასტურებს. მხარეები თანხმდებიან, რომ ინფექციის ახალი ტალღა გაზაფხულის პერიოდში დაფიქსირებული ეპიდაფეთქებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ახალდაინფიცირებულებს შორის ახალგაზრდების წილი მკვეთრად გაიზარდა და შესაბამისად, სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი შემცირდა. ესპანეთში ახალი ასაკობრივი ჯგუფების გარდა, ინფექციის მეორე ტალღა გავრცელდა იმ ტერიტორიებზეც, რომლებსაც პირველი ნაკლებად შეეხო. ამჯერად, ეპიცენტრებად პატარა ქალაქები იქცნენ. მაგალითად, მადრიდის გარეუბანი პარლა და მთლიანი პროვინციები, როგორიც არის სევილია.


ესპანელი ეპიდემიოლოგის, დანიელ ლოპეს კოდინას აზრით, რომელთანაც The Guardian-მა ისაუბრა, ახალი კორონავირუსის მორიგი ტალღა სამი ძირითადი მიზეზით არის განპირობებული:


-    მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ნაადრევად მოიხსნა (ავტორის აზრით, ერთი თვით დაჩქარდა);
-    კარანტინის მოხსნის დროს კონტაქტის მოძიების მოქმედი სისტემა არ ფუნქციონირებდა;
-    ესპანელებს ჩამოუყალიბდათ დამოკიდებულება ახალი კორონავირუსისადმი, როგორც სეზონური გრიპის მიმართ, რომელიც ზაფხულში საშიში არ არის. 


დაბალი სიკვდილიანობისა და საავადმყოფოების გადატვირთვის მცირე მაჩვენებლის გამო, ესპანეთის ხელისუფლება ექსტრემალური გადაუდებელი ზომების მიღებას ჯერჯერობით არ გეგმავს. ინფექციის გავრცელება როგორ უნდა შეიზღუდოს, რეგიონების დონეზე გადაწყდება. უსაფრთხოების ნორმების დაცვის თვალსაზრისით კი, ქვეყანაში სავალდებულოა ნიღბების ტარება, ღამის საათებში ბარების მუშაობის გრაფიკი შეზღუდულია და 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება - აკრძალული.

იტალია: „გაახალგაზრდავებული“ COVID-19

დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარება იტალიაში ყველაზე მეტად ესპანეთის მსუბუქ ვარიანტს წააგავს. ორივე ქვეყანაში გაზაფხულზე იფეთქა ძლიერმა ეპიდემიამ, რამაც სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი გამოიწვია, ჯანმრთელობის დაცვის სისტემა კი ძალზე გადატვირთული იყო. გაზაფხულზე ორივეგან მკაცრი საკარანტინო რეჟიმი დაწესდა, რის შემდეგაც ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა სტაბილურად შემცირდა. ზაფხულში ამ მაჩვენებელმა თანდათანობითი ზრდა დაიწყო: ესპანეთში - ივლისის შუა რიცხვებში, იტალიაში კი - აგვისტოს მეორე ნახევრიდან. ამ ეტაპზე იტალიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა ჯერ კიდევ არ არის დიდი (ბოლო ორი კვირის განმავლობაში, 100 ათას სულ მოსახლეზე საშუალოდ 32 შემთხვევა დაფიქსირდა ), თუმცა უკვე მეხუთე კვირაა ზრდა გრძელდება. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ეპიდემიოლოგიური ვითარება ნელი ტემპით, მაგრამ თანდათან უარესდება. 


ინფექციის პირველ ტალღასთან შედარებით, იტალიაში COVID-19 მნიშვნელოვნად "გაახალგაზრდავდა“ - დღეისათვის ინცირებულთა საშუალო ასაკი 32 წელია. ეს იგივეა, რაც ესპანეთში ხდება. თუმცა მიმდინარე ზრდაში სასკოლო კომპონენტი გათვალისწინებული ჯერ კიდევ არ არის: საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ფუნქციონირება მხოლოდ ერთი კვირაა რაც დაიწყეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბოლო დროს იტალიაში ინფიცირებულთა დაახლოებით 17%-ი უცხოეთიდან არის იმპორტირებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ზრდის ერთ-ერთი მიზეზი ტურისტული სეზონის გახსნა გახდა. 


საშუალო ასაკის მასწავლებელთა რაოდენობით იტალია ევროპაში რეკორდსმენია. სავარაუდოდ, სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ ქვეყანაში სკოლების ნაადრევ გახსნაზე ძალიან ღელავენ. პედაგოგებს რეგულარული ტესტირება და გაკვეთილების დროს ნიღბების ტარება მოეთხოვებათ. თუმცა პირბადე იტალიაში ექვს წელს გადაცილებული ყველა ბავშვისთვისაც სავალდებულოა. დანარჩენ შეზღუდვებში ქვეყანა ჯერჯერობით ევროპულ სტანდარტებს მიჰყვება: ნიღბები საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სოციალური დისტანციის დაცვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და სხვ. 16 აგვისტოს კი ღამის კლუბები ისევ დაიხურა.

საფრანგეთი: პარიზში გასეინება მხოლოდ ნიღბით არის შესაძლებელი

13 სექტემბერს საფრანგეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 10 561 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გაზაფხულზე პიკის დღეების მონაცემებსაც კი მნიშვნელოვნად აღემატება  (მაშინ მაქსიმუმი დაფიქსირდა 1-ელ აპრილს, როდესაც დღეში 7 578 ადამიანი დაავადდა). რა თქმა უნდა, ეს ჩანაწერი თავისთავად არ ნიშნავს, რომ მდგომარეობა მარტის თვეზე უარესია - მაშინ ქვეყნის მასშტაბით საავადმყოფოები გადატვირთული იყო, დღიურად  3-4 ათასი ადამიანის ჰოსპიტალიზაცია ხდებოდა, ახლა კი 300-400 პაციენტზეა საუბარი. თუმცა ივლისიდან დადებითი ტესტების წილი ისევ გაიზარდა. ის 1-დან 5.4% -მდე მერყეობს. 


როგორც ჩანს, საფრანგეთში შემთხვევების ზრდა ესპანეთისა და იტალიის მაგალითისგან დიდად არ განსხვავდება. ეს იმას  ნიშნავს, რომ ინფექციის სრულად აღმოფხვრა ვერ მოხერხდა და ძლიერი შემცირების შემდეგ თანდათანობითი მატება დაიწყო. საფრანგეთში, ისევე როგორც ესპანეთში, ერთ მოსახლეზე ჰოსპიტალიზაციისა და  სიკვდილიანობის მიხედვით, ყველაზე მეტი ზარალი დიდ და მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებს მიადგა. მათ შორის არის პარიზი და მისი შემოგარენი, აგრეთვე ხმელთაშუა ზღვის სანაპირო. თუმცა საფრანგეთის დედაქალაქსა და პროვინციებს შორის ისეთი ფუნდამენტური სხვაობა ნამდვილად არ არის, როგორც ეს ესპანეთშია. 


საფრანგეთში ინფექციის გავრცელებას თუ როგორ უნდა ებრძოლონ, ამის შესახებ გადაწყვეტილებას მეტწილად ადგილობრივი ხელისუფლება იღებს. ამისათვის ფერადი კოდებია შემუშავებული: რეგიონები მწვანედ, ყვითლად და წითლად იყოფა. მაგალითად, ბორდოში, ეპიდემიის გავრცელების დაჩქარების გამო, საზოგადოებრივ ადგილებში ვიზიტორების დასაშვები რაოდენობა კვლავ შემცირდა (5000-დან 1000-მდე), მრავალი ღონისძიება გაუქმდა და კონკრეტული ინიციატივის გარეშე 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება  ისევ აკრძალულია. 20 ივლისიდან ქვეყნის მასშტაბით არსებულ ყველა დახურულ დაწესებულებაში ნიღბის ტარება სავალდებულოა, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში კი, სადაც სიტუაცია განსაკუთრებით რთულია, იგივე მოთხოვნა ღია ცის ქვეშ მდებარე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზეც ვრცელდება. ამ გადაწყვეტილებამ პარიზის, ლიონისა და მარსელის მოსახლეობის კრიტიკა გამოიწვია, რადგან სამივე ქალაქში  ადამიანმა ნიღაბი მარტო სეირნობის დროსაც კი უნდა ატაროს.

დიდი ბრიტანეთი: ბირმინგემში უკვე კარანტინია, ნიუკასლი და ლივერპული კი „მეთვალყურეობის ქვეშ არიან“ 

ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა  რაოდენობის ზრდა ინგლისსა და უელსში ჯერ კიდევ ივნისში დაიწყო. შემოდგომის დაწყებამდე ეს ტესტირების მასშტაბის ზრდასთან ასოცირდებოდა. თუმცა სექტემბრის პირველ რიცხვებში ინფექციის გავრცელების ტემპმა მოიმატა. ამის ახსნა კი მხოლოდ ახლად ინფიცირებულთა ეფექტიანი იდენტიფიცირებით უკვე რთული გახდა. სახელმწიფო უწყებებში მომუშავე ეპიდემიოლოგები თვლიან, რომ საგაზაფხულო კარანტინის მოხსნის შემდეგ, ინფიცირებულთა რაოდენობამ ასეთ მაჩვენებელს პირველად მიაღწია. ერთ-ერთმა სამთავრობო ეპიდემიოლოგმა ჯონ ედმუნდსმა 14 სექტემბერს განაცხადა, რომ ”მეორე ტალღა გარდაუვალია”. 


ეპიდემია დიდ ბრიტანეტშიც აშკარად ”გაახალგაზრდავდა”: გაზაფხულის აფეთქებისგან განსხვავებით, ინფიცირებულთა შორის (თითქმის მესამედი) ახალგაზრდები არიან (20-29 წლის ასაკობრივი ჯგუფი, გაზაფხულზე კი პაციენტების უმრავლესობა ხანშიშესული იყო). ერთი მხრივ, ეს სიკვდილიანობის მაჩვენებელზე დადებითად მოქმედებს. მთელ დიდ ბრიტანეთში ახალი კორონავირუსით ყოველდღიურად 10-ზე ნაკლები ადამიანი იღუპება. მეორე მხრივ კი, ეს ფაქტორი საგანგაშოც არის: სკოლებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის განახლებამ შეიძლება ეპიდემიის გავრცელება დააჩქაროს. შემდეგ კი ახალგაზრდებს "შეუძლიათ  ბებიები და ბაბუები დააინფიცირონ", რაც სიკვდილიანობის ახალ ტალღას გამოიწვევს, შიშობენ მეცნიერები. 


დიდი ბრიტანეთის მთავრობამ "ექვსის წესი" შემოიღო, რაც  ექვსზე მეტი ადამიანის შეკრებას კრძალავს. ზოგიერთ ქალაქში, სადაც სიტუაცია განსაკუთრებით საგანგაშოა (მაგალითად, ბირმინგემში), ლოკალური კარანტინი დაწესდა. ადამიანებს საკუთარი ოჯახის წევრების გარდა სხვებთან კომუნიკაცია ეკრძალებათ. ნიუკასლი და ლივერპული კი "მეთვალყურეობის ქვეშ არიან". მსგავსი ზომების შემოღება შეიძლება საჭირო იქაც გახდეს. დაბოლოს, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ განაახლა მუშაობა  ტელეფონის სპეციალურ აპლიკაციაზე (მასზე უარი ორიოდე თვის წინ თქვეს), რომელიც ინფიცირებულთა თვალყურის დევნების საშუალებას იძლევა. თუმცა მისი გამოყენება სავალდებულო არ არის. აპლიკაცია 24 სექტემბერს მთელ ინგლისსა და უელსში ამოქმედდება.

შვეიცარია: გაზაფხულზე პირველი ტალღის სწრაფი აღკვეთა და მორიგი „შემოტევა“

ახალი კორონავირუსის პირველი ტალღა შვეიცარიაშიც ისეთივე მასშტაბური და მოულოდნელი იყო, როგორც იტალიაში, საფრანგეთსა და ესპანეთში.  თუმცა შვეიცარიელმა ექიმებმა სიტუაციის გაკონტროლება ძალიან სწრაფად შეძლეს. სწორედ ამიტომ ქვეყანაში სიკვდილიანობა მნიშვნელოვნად დაბალი იყო, ვიდრე - ალპების ორივე მხარეს მდებარე მეზობელ ქვეყნებში. 


ზაფხულის პერიოდში გამოვლენილი ინფექციების რაოდენობა თანდათან იზრდებოდა. ივნისის პირველ კვირაში ქვეყანაში ასამდე ახალი პაციენტი გამოვლინდა, აგვისტოს ბოლო კვირაში კი უკვე - 1800-ზე მეტი. თუმცა შვეიცარიის ზოგიერთ რეგიონში ინფიცირების მაჩვენებელი შედარებით დაბალია. მათი უმრავლესობა ციურიხისა და ჟენევის კანტონში ფიქსირდება. 


დაავადების შემთხვევების სტაბილური ზრდის მიუხედავად, შვეიცარიის ჯანდაცვის სამინისტროში მიიჩნევენ, რომ მეორე ტალღაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. უწყების წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ძირითადი რეპროდუქციული საბაზისო მაჩვენებელი კვლავ ერთზე ნაკლებია, ამიტომაც ქვეყანაში შემთხვევათა ექსპონენციალური ზრდა არ აღინიშნება.


სექტემბრის დასაწყისში შვეიცარიის ხელისუფლებამ 1000-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით მასობრივი ღონისძიებების განახლების შესახებ განაცხადა. თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში ორგანიზატორებმა ნებართვა კანტონის ხელისუფლებისგან უნდა მიიღონ. მაყურებლებმა ნიღბები უნდა ატარონ და მხოლოდ თავიანთ ადგილებზე ისხდნენ. ასეთი ღონისძიებებისთვის ადგილების საერთო რაოდენობის 2/3-ზე მეტის გაყიდვა არ შეიძლება.


COVID-19-ით ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნების მცხოვრებლებმა შვეიცარიაში ვიზიტისას კარანტინი უნდა გაიარონ. თუმცა მეზობელი ქვეყნების გარკვეული სასაზღვრო რაიონების მოსახლეობისთვის ქვეყნის ხელისუფლებამ გადაწყვიტა გამონაკლისი დაეშვა, რათა სოციალური, კულტურული და ეკონომიკური კავშირები არ დარღვეულიყო. გარდა ამისა,  სავალდებულო კარანტინი შეჯიბრებიდან დაბრუნებული სპორტსმენებისთვის, საზღვარგარეთ კულტურული ღონისძიებების მონაწილე  მხატვრებისა და პროფესიული კონფერენციებიდან დაბრუნებული ცალკეული პირებისათვის გაუქმდა.

სხვა თემები