28 სექტემბერი 2020 - 12:15

ვის მოსწონს დისტანციურ რეჟიმში მუშაობა და ვის - არა? დასრულდა თუ არა საოფისე ეკონომიკის ეპოქა?

ფოტო: shutterstock.com

ახალმა კორონავირუსმა საოფისე ეკონომიკაში რევოლუცია მოახდინა. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანი მუშაობს სახლიდან, არ სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით და არც კაფეებში სადილობს. ამ თემაზე ბევრს კამათობენ. ზოგს ხმაურიანი ბიზნესცენტრები, პირადი კონტაქტები და საქმიანი სადილები ენატრება. სხვებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისა და კოლეგებთან შეხვედრის გახსენებაზე ცივი ოფლი ასხამთ. ნაწილი კი დისტანციური მუშაობის რეჟიმის პირობებშიც კი ცოცხალ კონტაქტებს ეფექტიანად ინარჩუნებს. 

თუ როგორ დასრულდება საოფისე ეკონომიკის ისტორიაში უდიდესი ექსპერიმენტი, მხოლოდ პანდემიის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. თუმცა სანამ ეს მოხდება, BBC ოფისებში დაბრუნების მომხრეებისა და მათი ოპონენტების ძირითად არგუმენტებს გვაცნობს.

ვირუსზე უარესი კრიზისია თუ ჯანმრთელობა ყველაზე ძვირფასია? 

COVID-19-ის ახალი საშემოდგომო ტალღის მიუხედავად, ახალი კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა გაზაფხულთან შედარებით გაცილებით დაბალია. ამიტომაც საზოგადოება თანდათან კარგავს შიშს, კარანტინს არ ეთანხმება და ცხოვრების ნორმალურ რიტმთან დაბრუნების საშუალებად ვირუსთან თანაარსებობას განიხილავს. როგორც ამერიკის ყველაზე ცნობილმა ბანკირმა თქვა, ეკონომიკას „ვირუსზე მეტად აზიანებს ის ფაქტი, რომ ხალხი სახლში ზის“. „მეტი ადამიანი დაიღუპება დეპრესიისა და ზედოზირებისგან, თუკი მორიგი რეცესია მოხდება”, - განაცხადა JPMorgan Chase- ის ხელმძღვანელმა ჯეიმი დაიმონმა.


ამ მოსაზრებას ოპონენტები კატეგორიულად არ ეთანხმებიან. კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი მთელ პლანეტაზე მილიონს უახლოვდება. ზამთარი მოდის, მეორე ტალღის ალბათობა კი ახლა უფრო მეტია, ვიდრე - ოდესმე. ამ ადამიანების აზრით, პრიორიტეტები უნდა დავსახოთ: ჯერ ბავშვები სკოლებში დავაბრუნოთ, სტუდენტები კი - უნივერსიტეტებში. თუ ამისთვის მსხვერპლის გაღება იქნება საჭირო, ოფისში წასვლა როგორღაც უნდა გადავდოთ, ამტკიცებენ დაიმონის მოწინააღმდეგენი. 


ინფიცირების დღევანდელი დონის გათვალისწინებით, შეზღუდვების მოხსნა ნაადრევია - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი ეპიდემიოლოგი ენტონი ფაუჩი. ეს განსაკუთრებით ეხება დისტანციური მუშაობის რეჟიმს იმ ქვეყნებში, სადაც საქმიანი ცხოვრება  ერთ მეგაპოლისშია კონცენტრირებული, ფინანსური ცენტრები ცათამბჯენებით არის გარშემორტყმული და საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადატვირთულია. 


საოფისე საქმიანობის ყოველდღიური ქრონიკა აღნიშნულ პრობლემას კარგად ასახავს. ზაფხულის შუა რიცხვებში, ევროპის ქალაქებიდან ლონდონში ოფისის თანამშრომლების 50%-ი მთელი კვირა სახლიდან მუშაობდა. პარიზში, მილანში, ბერლინში, მაინის ფრანკფურტსა და მადრიდში ეს მაჩვენებელი ნახევარი იყო, დაახლოებით 25%-ს შეადგენდა -  ასეთია საინვესტიციო ბანკ Morgan Stanley-ის ეკონომისტების გამოთვლები.

ქალაქების ცენტრები დაცარიელებულია, სამაგიეროდ გარეუბნები გამოცოცხლდა!

პანდემიის შედეგად, ნიუ-იორკისა და ლონდონის ბიზნეს რაიონებში, ფაქტობრივად, ზაზუნას დღე გამოცხადდა - არც ხალხმრავლობა, არც საცობები. ხელისუფლება შეშფოთებულია: ტურისტებისა და საოფისე პერსონალის გარეშე ცენტრები დაცარიელდა.


არაუშავს, აცხადებენ გარეუბნების მცხოვრებლები. ისინი ყოველდღიურად ათობით დოლარსა თუ გირვანქა სტერლინგს ზოგავენ ტრანსპორტირებაზე, ყავასა და სენდვიჩებზე. ამ თანხას სახლთან უფრო ახლოს ხარჯავენ, რითაც მხარს უჭერენ ადგილობრივ მცირე ბიზნესს  და არა - დიდ სარესტორნო ქსელებს. შედეგად, არაცენტრალური უბნები გამოცოცხლდა და თანდათან საცხოვრებელ ადგილებს დაემსგავსა, რაც ბევრს აწყობს.


ექსპერტების შეფასებით, მეგაპოლისების ბიზნესცენტრები მაინც არ ჩამოიშლება, მაშინაც კი, თუ ოფისში არ გამოცხადდება იმ ადამიანების 100%-ი, ვისაც სახლიდან  მუშაობა შეუძლია. ამერიკელი მეცნიერების ბოლო ანგარიშის თანახმად, დისტანციურ რეჟიმში საქმიანობას თეორიულად მსოფლიო ეკონომიკის სფეროში მომუშავეთა მხოლოდ 37%-ი შეძლებს. დანარჩენებს სახლიდან გასვლა მაინც მოუწევთ. 


ცუდი ამბავი კი ის არის, რომ სწორედ ამ 37%-ზე მოდის აშშ-ის ხელფასების 46% -ი. ძირითადად ესენი არიან ოფისის თანამშრომლები, რომელთაც საშუალოზე მაღალი შემოსავალი აქვთ. სწორედ მათზეა დამოკიდებული ურბანული ბიზნესცენტრების  ეკონომიკა: ოფისები, ტაქსები, ქიმწმენდები, ფიტნესკლუბები, გასართობი და კვების ობიექტები.

თუ სახლში ხართ, ტრანსპორტი გადატვირთული აღარ არის!

მთელ მსოფლიოში დისტანციური მუშაობის კიდევ ერთი მსხვერპლი საზოგადოებრივი ტრანსპორტია. ის დიდ ზიანს აყენებს აღნიშნულ ქსელს და სუბსიდირებას საჭიროებს, ამიტომ ხელისუფლებას სურს გიგანტურ მეგაპოლისებში საოფისე რიტმი აღადგინოს. 


გამოკითხვის თანახმად, ბევრი ადამიანი ოფისში მუშაობის წინააღმდეგი არ არის. მათ  ტრანსპორტი უფრო აშინებთ, ვიდრე - სამუშაო ადგილი, რომელიც პანდემიის შესაბამისად უკვე ადაპტირებულია. კარგად დისტანცირებული კოლეგების კომპანიაში ყოფნა ისე საშიში არ არის, როგორც გადატვირთულ ვაგონში დაავადებულ თანამოქალაქეებთან ერთად ერთსაათიანი მგზავრობა. ოფისში მუშაობას აქვს კიდევ ერთი - გარემოსდაცვითი ასპექტი: რაც უფრო ნაკლებს მგზავრობენ ადამიანები, მით ნაკლებია გამონაბოლქვი. 


თუმცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გადატვირთვის მიუხედავად, გაწერილი გრაფიკით მუშაობს. გარდა ამისა, სახლიდან მუშაობა სინათლისა და სითბოს მოხმარებას ზრდის. შესაბამისად, ატმოსფეროში ნახშირორჟანგის ემისიაც იმატებს.

იზრდება თუ არა პროდუქტიულობა?

ყველაზე ცხარე დებატები ამ ბოლო დროს შრომის პროდუქტიულობის შესახებ იმართება. ბანკირი დაიმონი ირწმუნება, რომ ორშაბათსა და პარასკევს მისი ქვეშევრდომები, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები, მკვეთრად დუნდებიან. ის თავად ოფისში ივნისში დაბრუნდა  და სექტემბრიდან JPMorgan-მა სხვა თანამშრომლებსაც მოუწოდა, თავიანთი უფროსისთვის მიებაძათ. 


ბრიტანეთის ორი უნივერსიტეტის მკვლევრებმა გააანალიზეს ქვეყნის სტატისტიკის მონაცემები და გაარკვიეს, თუ რას ფიქრობენ ისინი, ვინც დისტანციურად მუშაობენ. მოსაზრებები თითქმის თანაბრად გაიყო: დაახლოებით 30%-ი დარწმუნებულია, რომ სახლში უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე - ოფისში. იგივე რაოდენობა საპირისპირო აზრზეა. დანარჩენები კი ცვლილებას ვერ ამჩნევენ. 


ჰარვარდის უნივერსიტეტის კიდევ ერთმა კვლევამ კი აჩვენა, რომ დისტანციურად მუშაობის დროს სამუშაო დღე თითქმის ერთი საათით გაიზარდა.

მოსალოდნელია თუ არა თანამშრომლების შემცირება?

თუ დიდი ხნის განმავლობაში უფროსს არ დავენახვები, ჩემი კარიერა დასრულდება - ეს აზრი გავრცელებულია არა მხოლოდ გერმანიაში, იაპონიასა და დიდ ბრიტანეთში. "დაუბრუნდით სამსახურებს ან მოემზადეთ სამსახურიდან გათავისუფლებისთვის", - დააანონსა ბრიტანეთის პროსახელისუფლებო გაზეთმა Daily Telegraph-მა თავის პირველ გვერდზე პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონის მიერ ჩატარებული კამპანიის ფარგლებში.


სამსახურის დაკარგვის შიში ზოგს ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე მეტად აფრთხობს. იმის წარმოდგენაც კი, რომ როცა ერთი სახლშია, სხვები უფროსების წინაშე გამოჩენით ქულებს იწერენ, ოფისის თანამშრომლებს მათი დისლოკაციის ადგილზე გამოცხადებისკენ უბიძგებს. განსაკუთრებით ეს ეხება მაღალანაზღაურებად პროფესიებს, როგორიცაა ფინანსები და საჯარო სამსახური. სხვებს ეშინიათ არა ინტრიგების, არამედ ეკონომიკური მიზანშეწონილობის მსხვერპლნი არ გახდნენ. 


თუ სამუშაო დისტანციურად შეიძლება შესრულდეს, ეს იმას ნიშნავს, რომ საჭირო პერსონალს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იპოვით. თუმცა სანერვიულო ყველას არ აქვს: ახალმა კორონავირუსმა შრომის ბაზარზე არც მოთხოვნა შეცვალა და არც მიწოდება - კვალიფიციური კადრი ნებისმიერ ქვეყანაში ყოველთვის საჭირო იყო.

ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანია!

ახალმა კორონავირუსმა კარიერასა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის შესახებ დებატები ახალ დონეზე აიყვანა. ბევრი ადამიანი წლების განმავლობაში წუწუნებდა, რომ სახლისთვის დრო თითქმის არ რჩებოდა და ოჯახის წევრებს ვერ ნახულობდა. თუმცა ახლად გახსნილი ჰორიზონტები ყველასთვის სასიამოვნო არ აღმოჩნდა. 


კარანტინმა ამ მიმართულებით მოსაზრებები ორად გაჰყო. ერთი მხრივ არიან ისინი, ვინც თავიანთ შვილებთან, ქმრებსა და მშობლებთან მეტ დროს სიამოვნებით ატარებენ, მეორე მხრივ კი ისინი, ვისაც გარკვეული დროით მაინც საშინაო საქმეებისა და ნათესავებთან ურთიერთობისგან თავის დაღწევა აღარ შეუძლიათ, მათთვის დისტანციური მუშაობა წამებად იქცა. 
გამოკითხვების თანახმად, საბოლოო ჯამში დასაქმებულთა უმრავლესობა თანახმაა ნაწილობრივ მაინც იყოს დისტანციურ რეჟიში, რათა ოჯახთან ურთიერთობა მეტი დოზით შეძლოს. 


ცალკე თემაა ის ადამიანები, ვინც კარანტინში სხვადასხვა გარემოების გამო მარტო აღმოჩნდა. მათი უმეტესობა ცდილობს, აქტიურ სოციალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. ბევრისთვის ოფისი ერთადერთი ფანჯარაა მსოფლიოში, კოლეგები კი - ერთადერთი სოციალური წრე. სწორედ აქ ფიზიკური ჯანმრთელობისა და ფსიქიკური წონასწორობის პრობლემას მივადექით.

სახლში ჯდომა ჯანმრთელობისთვის საზიანოა, თუმცა მეორე მხრივ, ძილისა და ვარჯიშისთვის მეტი დრო გრჩებათ!

ერთია მუხის მაგიდასთან, საკუთარ კაბინეტში ან გაშლილ ვერანდაზე მუშაობა და მეორე - საძინებელში ლეპტოპით ბავშვის ტირილის ფონზე ან სადმე პატარა ოთახში განცალკევება. 


გასაკვირი არ არის, რომ ბევრი ადამიანი ოფისის კომფორტული სავარძლებს, დიდ მონიტორებსა და საოცნებო სიჩუმეს ეტანება. სხვები კი თვლიან, რომ სახლიდან მუშაობა ჯანმრთელობისა და სიმშვიდის შენარჩუნებისთვის იდეალურია. მათ ძილის დამატებითი საათი იზიდავთ, ასევე სადილისა და სიესტის საკუთარი განრიგი ხიბლავთ.

იჯარის გადასახადზე ეკონომია რომ გავაკეთო და ეს ფული ბიზნესში დავაბანდო? 

მსოფლიოს მეგაპოლისების ბიზნესცენტრებში საოფისე ფართი კოლოსალური თანხა ღირს. საიჯარო ხელშეკრულებები კი ათი წლის ან მეტი ხნის ვადით იდება. ამ ხარჯების სწრაფად შემცირება ვერ ხერხდება, ამიტომაც ბევრი კომპანია მათ გამართლებას თანამშრომლების ოფისებში დაბრუნებით ცდილობს. 


ოპონენტები ამბობენ, რომ ძვირადღირებული ღია სივრცის კონცეფციამ 5G ინტერნეტის, ტელეკონფერენციების, ღრუბლოვანი საცავებისა და ელექტრონული კომერციის საუკუნეში  თავი ამოწურა. თუმცა საოფისე ეკონომიკის დასამარებას არავინ აპირებს. ნაწილობრივ მასზე მოთხოვნა გაიზარდა კიდეც იმის გამო, რომ ახალი სანიტარული რეგულაციების გათვალისწინებით, ნაკლები თანამშრომლის უსაფრთხოდ ყოფნას მეტი სივრცე ჭირდება.

შეიცვალა თუ არა სამუდამოდ საოფისე ეკონომიკა?

”მიუხედავად იმისა, რომ სახლიდან მუშაობას ადამიანების პროდუქტიულობაზე განსხვავებული გავლენა აქვს, ჩვენ მიერ შეგროვებული მონაცემები მიუთითებს, რომ ის უფრო მეტად და ხშირად იქნება გამოყენებული. როგორც ჩანს, კოვიდ-კრიზისმა კორპორაციული კულტურა სამუდამოდ შეცვალა“, - ნათქვამია ჰარვარდის ბიზნეს სკოლის კვლევაში. 


ამერიკის მცირე ბიზნესის კვლევებისა და ეკონომისტთა ეროვნული ასოციაციის გამოკითხვების თანახმად, რესპონდენტების დაახლოებით მესამედი დარწმუნებულია, რომ იმ პირთა 40%-ი, ვინც კარანტინის დროს დისტანციურად მუშაობდა, ოფისებში აღარასდროს დაბრუნდება. 


ამერიკული საინვესტიციო ბანკის, Morgan Stanley-ის ეკონომისტები კი პროგნოზირებენ, რომ მომდევნო 3-5 წელიწადში აშშ-ში დისტანციური მუშახელი 30%-მდე გაიზრდება  და ამას „ახალ რეალობას“ უწოდებენ.


Netflix-ის დამფუძნებელმა რიდ ჰასტინგსმაც განაცხადა, რომ სახლიდან მუშაობას "არანაირი პლუსი არ აქვს, მხოლოდ - მინუსები“. თუმცა იქვე დასძინა, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ, მათი უმეტესობა, ვინც დისტანციურად მუშაობდა, საქმიანობას კვირაში ერთხელ მაინც ამ რეჟიმში გააგრძელებს.

სხვა თემები