21 ნოემბერი 2020 - 08:00

QAnon-ი: შეთქმულების ყველაზე მასშტაბური თანამედროვე თეორია

ფოტო: shutterstock.com

მოძრაობა QAnon- ის მომხრეები დღეს ყველაზე ხშირად ახალ კორონავირუსთან ბრძოლისკენ მიმართული ღონისძიებების წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციებზე გვხვდებიან. თუმცა მსგავსი აქციები მათი მოქმედების ერთადერთი პლატფორმა სულაც არ არის. ეს ადამიანები უზარმაზარ Q-წარწერიან დროშებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში Brexit- ის მომხრეთა ღონისძიებებზე, ბავშვებზე სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ აქციებსა და ბევრ სხვა ქუჩის აქტივობებზე აფრიალებენ. QAnon- ის აქტივისტების პლაკატებს ხშირად ამშვენებს ისეთი ლოზუნგები, როგორიცაა "თავისუფლება შიშის ნაცვლად" და "შეაჩერე ბავშვებით ვაჭრობა". 


QAnon-ის მომხრეების მიერ გავრცელებული უკანასკნელი მოწოდება ეხება შეთქმულების თეორიას, რომლის თანახმადაც, გავლენიანი პედოფილების საერთაშორისო ჯგუფი სახელწოდებით Deep State-ი, იტაცებს ბავშვებს, რათა მათი სისხლისგან მარადიული ახალგაზრდობის ელექსირი დაამზადოს. მოძრაობის აქტივისტების აზრით, ამ დანაშაულის თანამონაწილეები აშშ-ის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჰილარი კლინტონი და ამერიკელი მილიარდერი ჯორჯ სოროსი არიან. 


აღნიშნული თეორიის თანახმად, Deep State-ი არის დაჯგუფება, რომელიც ერთგვარ მსოფლიო მთავრობას წარმოადგენს. სწორედ ამ უკანასკნელის ხელში სხვადასხვა სახელმწიფოს მმართველები მარიონეტებად არიან ქცეული. QAnon- ის აქტივისტები დარწმუნებული არიან, რომ Deep State- ის ღირსეული მოწინააღმდეგეა აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, შესაბამისად, თანამედროვე მსოფლიოს მხსნელიც სწორედ ის არის. QAnon-ის ფენომენსა და მისი პოპულარობის მიზეზებზე დასმულ კითხვებს Deutsche Welle-მ უპასუხა.

რას ნიშნავს Q და რა არის „პიცაგეიტი“? 

ეს მოძრაობა ინტერნეტში გაჩნდა. 2017 წლის ოქტომბერში, ერთ-ერთმა მომხმარებელმა სახელწოდებით Q შეთქმულების პირველი თეორია ფორუმ 4chan-ზე გაავრცელა. მან ამ მოსაზრებას საფუძვლად დაუდო მითი, რომელიც 2016 წლის საარჩევნო კამპანიის დროს წარმოიშვა. მაშინ ამბობდნენ, რომ ვაშინგტონის შტატის ერთ-ერთ პიცერიაში ჰილარი კლინტონთან დაკავშირებული („პიცაგეიტი“) პედოფილების ჯგუფი მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დაჯგუფების არსებობის შესახებ არანაირი ფაქტი არ დადასტურდა, ბრიტანელმა მომღერალმა რობი უილიამსმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ შესაბამის ინფორმაციას სანდოდ მიიჩნევს. 


თავად Q საკუთარ თავს უწოდებდა საიდუმლო სამსახურის თანამშრომელს, რომელიც შესაბამის ინფორმაციას ფლობს. მან იწინასწარმეტყველა, რომ ჰილარი კლინტონს მალე დააპატიმრებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ მომხდარა, Q-ს შეთქმულების თეორიებს მთელ მსოფლიოში სულ უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს. ლონდონის სტრატეგიული დიალოგის ინსტიტუტის (ISD) ექსპერტის, ჯეიკობ გულის თქმით, ბოლოდროინდელი შეტყობინებები, რომლებზეც მონიშნულია ჰეშტეგი Qanon-ი, ყველაზე ფართოდ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში ვრცელდება. კანადა და ავსტრალია ამ სიაში მეორე და მესამე პოზიციებს იკავებენ, მათ შემდეგ კი არის გერმანია.

მოძრაობა QAnon-ი გერმანიაში 

ჯეიკობ გულის აზრით, გერმანიაში QAnon– ის პოპულარობის მიზეზი შეიძლება იმაშიც მდგომარეობდეს, რომ აქ, მრავალი სხვა არაინგლისურენოვანი ქვეყნისგან განსხვავებით,  შეთქმულების სხვადასხვა თეორიის გავრცელებისთვის ნაყოფიერი ნიადაგი უკვე არსებობს. ექსპერტის აზრით, ანტისემიტური დაჯგუფება „რაიხსბიურგერების“ წარმომადგენლებს QAnon-ის აქტივისტებთან საერთო ენის გამონახვა არ გაუჭირდებათ. ამავდროულად, კორონა-დისიდენტების რიცხვი გერმანიაში არც ისე მცირეა. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ მათ მხარდასაჭერად საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ბევრი ადამიანი გამოდის (მათ შორის, მომღერალი ქსავიერ ნაიდუ და პოპულარული სატელევიზიო შეფმზარეული ატილა ჰილდმანი).


ჯეიკობ გულის მოსაზრებით, გერმანიაში ახალი კორონავირუსის შესახებ შეთქმულების თეორიების "ჭეშმარიტი მორწმუნეების ბირთვი" რამდენიმე ასეული ათასი ადამიანია. თუმცა ის კატეგორია, რომელსაც მოძრაობა QAnon- ის მომხრეების მიერ გავრცელებული თეორიების მიმართ ინტერესი ექნებოდა, გაცილებით მეტია. გერმანიაში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ახალ კორონავირუსთან ბრძოლის სამთავრობო ზომების კრიტიკოსების დემონსტრაციაზე ხშირად შეიძლება შეხვდეთ არა მხოლოდ ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებს, ეზოთერიკოსებსა და მემარჯვენე რადიკალებს, არამედ- QAnon- ის მომხრეებსაც. ლონდონის სტრატეგიული დიალოგის ინსტიტუტის კვლევის თანახმად, COVID-19-ის პანდემიის ფონზე, QAnon- მა თავისი პოზიციები მნიშვნელოვნად გაიმყარა. აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, 2020 წლის მარტიდან ივნისამდე Twitter-ზე, Facebook-სა და Instagram-ზე QAnon– თან დაკავშირებული უფრო მეტი პოსტი განთავსდა, ვიდრე - წინა წლების (დაარსების დღიდან) ანალოგიურ პერიოდში.

QAnon- ი როგორც შეთქმულების მეტათეორია 

QAnon-ის მითების თავისებურება ის არის, რომ ის მუდმივად ახალ დეტალებს იძენს, ხშირად კი მათ ანტისემიტური ელფერი დაჰყვება. ბრიტანელი ექსპერტების შეფასებით, QAnon- ის მომხრეების მიერ გავრცელებული თეორიები ადგილობრივ თემებზეა დაფუძნებული. ეს ქმნის შეთქმულების ერთგვარ მეტათეორიას, რომელიც სხვა დანარჩენს მოიცავს. მაგალითად, გერმანიაში "რაიხსბიურგერების" შეხედულებები, ბრიტანეთში - Brexit-ის მომხრეები და სხვ. ჯეიკობ გულის განმარტებით, QAnon- ის აქტივისტები არაერთხელ გამოცხადდნენ გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის მომხრეების დემონსტრაციებზე და  ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონს "მსოფლიო მხსნელ" დონალდ ტრამპის მოკავშირე უწოდეს. 


ჟურნალ Der Spiegel-ის ინტერნეტთან დაკავშირებული თემების მიმომხილველის, საშა ლობოსთვის QAnon-ის თავსატეხში ახალი დეტალების ამოხსნა მნიშვნელოვანია, რადგან ის „თანამედროვე შეთქმულების თეორიების ყველაზე წარმატებული და ყველაზე საშიში ქსელი გახდა". 


მას შემდეგ, რაც QAnon- ის მომხრეებმა აშშ-ში მთელი რიგი ძალადობრივი ქმედებები დაგეგმეს და განახორციელეს, 2019 წელს FBI- მ განაცხადა, რომ მოძრაობა პოტენციურ ტერორისტულ საფრთხეს შეიცავდა. 2020 წლის თებერვალში, ჰანაუში მომხდარ ტერაქტამდე ბოროტმოქმედმა დაწერა რასისტული პამფლეტი, რომელშიც QAnon- ის შეთქმულების ზოგიერთი თეორია იყო ასახული. მიუხედავად იმისა, რომ ტერორისტს ეს კონკრეტული მოძრაობა არ უხსენებია, ის საუბრობდა "მსოფლიო საიდუმლო სამსახურზე" , რომელიც ხალხს დისტანციურად აკონტროლებს.

მოძრაობა QAnon-ი და ანტისემიტიზმი 

2020 წლის ზაფხულში Facebook- მა და Twitter- მა მოძრაობა QAnon-ის მომხრეთა ათასობით ანგარიში დაბლოკა, 19 სექტემბერს კი, გერმანიის ფედერალური მთავრობის ანტისემიტიზმთან ბრძოლის სამსახურის წარმომადგენელმა ფელიქს კლაინმა მესენჯერებს მოუწოდა, ამ მოძრაობასთან დაკავშირებული შეტყობინებების გავრცელება უფრო ინტენსიურად შეზღუდონ. 


ლონდონის სტრატეგიული დიალოგის ინსტიტუტის ექსპერტი ჯეიკობ გული ამ ნაბიჯს სწორად მიიჩნევს. თუმცა ამავდროულად მეცნიერი ყურადღებას ამახვილებს სოციალური ქსელების ფუნდამენტურ პრობლემაზე, რაც შინაარსის მრავალფეროვნებისადმი მათ ტოლერანტობას გულისხმობს. ექსპერტის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლებმა სოციალური ქსელების ოსტატურად მართვა და ყალბი ამბების ცნობა ისწავლონ. ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე, რომლის დროსაც ადამიანები ძალიან მრავალფეროვან ინფორმაციას იღებენ, ეს ადვილი საქმე არ არის, - ამბობს გული. 

ზოგადად, ადამიანები შეთქმულების თეორიებისადმი განსაკუთრებულ მიდრეკილებას ავლენენ. თუ რა არის ამის მიზეზი, შეგიძლიათ აქ გაეცნოთ.

სხვა თემები