12 ოქტომბერი 2020 - 12:38

როგორ შევარჩიო ონლაინ კურსები? შევძლებ თუ არა დისტანციურად მიღებული ახალი პროფესიით სწრაფად დასაქმებას? 

ფოტო: shutterstock.com

არსებობს მოსაზრება,  რომ ონლაინ სწავლა უფრო ადვილი და სწრაფია, ვიდრე ოფლაინ. საინტერესოა, შესაძლებელია თუ არა ექვს კვირაში ახალ პროფესიას დაეუფლოთ და დიდ კომპანიაში მალევე დასაქმდეთ? რას უნდა ველოდოთ ონლაინ განათლებისგან და რა დაპირებებს უნდა მოვეკიდოთ სიფრთხილით?


ონლაინ კურსები არანაკლებ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე - უნივერსიტეტში ლექციებსა და სემინარებზე დასწრება. სტენფორდის უნივერსიტეტის დოცენტმა და კომპიუტერულ მეცნიერებათა პროფესორმა ენდრიუ ინმა აღიარა, რომ მის ონლაინ კურსზე დარეგისტრირებული 46 ათასი ადამიანიდან სერტიფიკატი მხოლოდ 13 ათასმა მსმენელმა მიიღო. აღმოჩნდა, რომ ონლაინ განათლება არც ისე ადვილია. 


კლასიკური განათლებისგან განსხვავებით, ინტერნეტით სწავლისას შედეგზე სრულ პასუხისმგებლობას მოსწავლე  იღებს, ამბობს ამერიკელი მასწავლებელი და „ხანის აკადემიის“ ონლაინ სასწავლო პლატფორმის დამფუძნებელი სალმან ხანი. ”აკადემიური სწავლების ტრადიციულ მოდელში თქვენ პასიური ხართ: სავარძელში ხართ მოკალათებული, მასწავლებელი კი ცდილობს ცოდნა გადმოგცეთ, საიდანაც ზოგს იღებთ, ზოგს - ვერ”, - განმარტავს მეცნიერი. ხანის აზრით, ადამიანს მასწავლებლის სიტყვებზე კონცენტრირება გადაბმულად მხოლოდ 15 წუთის განმავლობაში შეუძლია, შემდეგ კი მას ყურადღება ეფანტება. ამიტომაც მეცნიერი მიიჩნევს, რომ ცოდნა იმ მეთოდით უნდა იყოს მიწოდებული, რომელიც მხარეებისთვის უფრო კომფორტულია. ეს მიდგომა ბევრად შედეგიანია, ვიდრე - ჩვეულებრივი ლექციები. 


ონლაინ კურსზე დარეგისტრირებისას, ყოველდღე რამდენიმესაათიანი გაკვეთილებისთვის მოემზადეთ. თუ მათ დღეში 10 წუთს დაუთმობთ, სწავლა ათი წლის განმავლობაში მოგიწევთ. ონლაინ განათლების კომბინაცია ცხოვრების სხვა ასპექტებთან, როგორიც არის ოჯახი, სამსახური, მეგობრები თუ ჰობი ისეთივე უნდა იყოს, როგორც უნივერსიტეტში სიარულის შემთხვევაში. ზოგიერთი ონლაინ სკოლა ცდილობს სტუდენტებს ადაპტირებაში დაეხმაროს. მაგალითად, ისინი IT ინდუსტრიის ექსპერტების მოაწილეობით სამოტივაციო ონლაინ ლექციებს ატარებენ. თუ კურსის განმავლობაში  გაგიჩნდებათ განცდა, რომ არაფერი გამოგდით და შეუძლებელია, ახალ პროფესიას დაეუფლოთ, პირიქით, არ უნდა დანებდეთ და მცდელობა განაგრძოთ. 

ახალ პროფესიას 1 თვეში ვისწავლი? 

შეიძლება იფიქროთ, რომ რასაც  უნივერსიტეტში ოთხიდან ექვს წლამდე ასწავლიან, ონლაინ კურსებზე რამდენიმე დღეში აითვისებთ. ეს სიმართლეა, მაგრამ მხოლოდ ზოგიერთ უნარს ეხება. წიგნის „პირველი 20 საათი“ ავტორი ჯოშ კაუფმანი საკუთარ მაგალითზე დაყრდნობით ჰყვება, თუ როგორ არის შესაძლებელი 20 საათში გიტარაზე დაკვრის, ბრმად ბეჭდვის ან ვებგვერდის სტრუქტურის შექმნის სწავლა, თუ მიზანს დაისახავთ და დავალებებს მცირე ელემენტებად დაშლით. თუმცა ახალი პროფესიის დაუფლება სხვადასხვა უნარის მთელ სპექტრს  მოიცავს. ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეული მათგანი გარკვეულ დავალებებად უნდა განაწილდეს.


უნივერსიტეტი ცოდნის ფუნდამენტურ ბაზას უზრუნველყოფს. ონლაინ კურსის პროგრამა კი ისეა შედგენილი, რომ ადამიანი პრაქტიკულ ცოდნას დაეუფლოს, რაც მას სწრაფად დასაქმებაში დაეხმარება. ამ შემთხვევაში ფუნდამენტური ცოდნა საკუთარი ძალებით უნდა შეიძინოთ - მუშაობისა და შემდგომი პროფესიული განვითარების პროცესში. ამიტომაც თუ კურსში ნათქვამია, რომ ტრეინინგი 50 საათს მოიცავს, როგორც წესი, ეს ნიშნავს, რომ საშინაო დავალებებსა და სხვა დამოუკიდებელ სამუშაოებზე კიდევ 100 საათი დაგჭირდებათ. 


ამრიგად, ტესტირების ინჟინრის პროფესიის დასაუფლებლად თქვენ 10 საათი სატესტო დოკუმენტაციის ტიპების შესწავლაზე უნდა დახარჯოთ, 45 საათი - ტესტის ანალიზსა და  დიზაინზე, კიდევ 45 საათი- მონაცემთა ბაზაზე მუშაობაზე, ვებ და მობილურ აპლიკაციებზე,  30 საათი-ტესტირების ავტომატიზაციის საფუძვლებსა და საბოლოო პროექტზე. ეს იმას ნიშნავს, რომ 250 საათი თითქმის ერთი თვეზე უწყვეტ ცხრასაათიან სამუშაო გრაფიკად უნდა გაანაწილოთ - შაბათ-კვირის დასვენებისა და ლანჩზე შესვენების გარეშე. ამგვარი დატვირთვით, სრულ განაკვეთზე მუშაობისთვის დრო აღარ დაგრჩებათ. არსებობს რისკი, რომ ამ ონლაინ კურსის გამო თქვენი ამჟამინდელი სამუშაოს დატოვება მოგიწიოთ. ამიტომ IT სპეციალობებში ონლაინ კურსები, ჩვეულებრივ, 4-10 თვეს გრძელდება, რათა სტუდენტმა  სწავლისა და ცხოვრების ჩვეული რიტმის შეთავსება შეძლოს.

ახალი სპეციალობით მაღალანაზღაურებად სამსახურს მალე ვიშოვი? 

ალბათ გგონიათ, რომ ონლაინ კურსების დასრულებისთანავე, თქვენი შემოსავალი რამდენჯერმე გაიზრდება. თუმცა ეს  ყოველთვის ასე არ არის. სპეციალისტები მაღალ ანაზღაურებას 3-5-წლიანი მუშაობის შემდეგ იღებენ. ტრენინგის დასრულებისთანავე IT სპეციალისტი აპლიკაციას დამწყებ პოზიციებზე აგზავნის, ზოგჯერ მას  წინა სამუშაოსთან შედარებით დაბალ ხელფასზე დათანხმებაც უწევს. ზოგიერთი ძირითად სამუშაოსა და ფრილანსერობას ერთმანეთს უთავსებს. ამ ყველაფერს კი იმისთვის აკეთებს, რომ მომავალში მეტი გამოიმუშაოს და ახალ პროფესიაში საკუთარი მოწოდება იპოვოს. 


თუ თქვენ არჩევანი შეაჩერეთ არა მონათესავე, არამედ სრულიად ახალ პროფესიაზე, მზად იყავით, რომ საწყის პოზიციაზე მუშაობა დაახლოებით ერთი წელი მაინც მოგიწევთ. თუმცა კარგი ამბავი ის არის, რომ სამსახურის გარეშე დიდი ალბათობით არ დარჩებით. დღეს მართლაც უამრავი IT ვაკანსიაა. მომსახურების, კომპანიებისა და პროგრამების რაოდენობა, რომლებიც დეველოპერებს ითხოვენ, მუდმივად იზრდება, ხოლო ამ ინდუსტრიაში ხელფასები 2020 წლის იანვარ-ივნისში საშუალოდ 8% -ით გაიზარდა.

ონლაინ კურსის გავლის შემდეგ, მაშინვე პრესტიჟულ კომპანიაში დავიწყებ მუშაობას?

ნაკლებად სავარაუდოა. იმ თანამდებობის პოვნას, რომლებზეც მცირე ან არანაირი გამოცდილების მქონე ადამიანს იყვანენ, საშუალოდ ხუთი თვე სჭირდება და ამ ხნის განმავლობაში რამდენიმე უარის მიღებაც მოგიწევთ. უმჯობესია, სწავლის დასრულებამდე გაარკვიოთ, რომელი კომპანიები იღებენ სტაჟიორებსა და პრაქტიკანტებს, ასევე რომელ პროფესიებზეა ყველაზე მეტი მოთხოვნა რეგიონში. IT კომპანიებს შეუძლიათ მართლაც ონლაინ სკოლების დახმარებით ახალი თანამშრომლები მოძებნონ და კურსდამთავრებულებს სატესტო დავალებები შესთავაზონ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას არა ონლაინ სკოლა, არამედ ორგანიზაცია იღებს. 


ონლაინ სკოლები მათი კურსდამთავრებულების დასაქმების შესახებ სტატისტიკას ხშირად აქვეყნებენ. ნუ შეგრცხვებათ ამ ინფორმაციის გადამოწმება: სოციალურ ქსელებში მისწერეთ მათ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, მიიღეთ რჩევები და რეკომენდაციები პედაგოგებისგან. ამავდროულად, თქვენ შეამოწმებთ რამდენად სანდოა ეს სტატისტიკა.

კურსის დასრულებიდან რამდენიმე თვეში შევძლებ დამოუკიდებლად შევქმნა ისეთი პროექტები, როგორიცაა Uber-ი და Amazon-ი?

ახალი IT პროფესიის შესწავლის მთავარ შედეგად თქვენს პორტფოლიოში ნამდვილად უნდა იყოს ერთი ან რამდენიმე პროექტი - თამაში, ონლაინ მაღაზია და სხვ. თუმცა დიდი სირთულის უნიკალური პროექტის დაუყოვნებლივ შექმნა ნაკლებად სავარაუდოა.


საგანმანათლებლო პროექტების დონის გასაგებად უნდა გაეცნოთ იმ განყოფილებას, სადაც სტუდენტების საბოლოო იდეებია ატვირთული. ეს საშუალებას მოგცემთ გაიგოთ ზუსტად რისი სწავლა შეგიძლიათ ამ სკოლაში და საკუთარი თავიც შეამოწმოთ: ეს ნამდვილად არის ის, რაც გჭირდებათ და გსურთ? რა თქმა უნდა, დამწყებთათვის ადვილი არ არის განსაზღვროს, რამდენად აქვს ამა თუ იმ ამოცანას რეალიზების პოტენციალი. ამიტომაც შეიძლება ცრუ მოლოდინი წარმოიშვას. შესაბამისად, უმჯობესია ყურადღება გაამახვილოთ არა დაპირებულ შედეგებზე, არამედ იმ უნარებზე, რომელთა შეძენაც კურსის განმავლობაში შეგიძლიათ.

სხვა თემები