18 ნოემბერი 2020 - 09:10

როგორ დავეხმაროთ ასაკოვან ადამიანს, რომელსაც გულის პრობლემა აქვს

ფოტო: shutterstock.com

ასაკი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების ერთ-ერთი რისკ-ფაქტორია. მთელ მსოფლიოში სიკვდილის გამომწვევი ძირითადი მიზეზიც სწორედ ეს პრობლემაა. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენი ოჯახის ასაკოვან წევრს გულ-სისხლძარღვთა დაავადება აწუხებს?

პირველ რიგში, მოიძიეთ მეტი ინფორმაცია  გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების შესახებ!

მნიშვნელოვანია, რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მქონე ადამიანს დიაგნოზი დროულად და სწორად დაუსვან. ეს ხელს შეუწყობს კონკრეტული სამედიცინო პრობლემის კონტროლს და საშუალებას მოგცემთ, ახლობელ ადამიანზე იზრუნოთ. მაგალითად, გულის უკმარისობის (მდგომარეობა, როდესაც გულის კუნთი დატვირთვას ვერ უმკლავდება და ადამიანის სხეული საჭირო რაოდენობის ჟანგბადს ვერ იღებს) სამკურნალოდ ერთდროულად შეიძლება რამდენიმე პრეპარატი დაინიშნოს. ისინი, რა თქმა უნდა, პაციენტმა ექიმის მითითებების ზუსტი დაცვით უნდა მიიღოს. თქვენ შეგიძლიათ ოჯახის წევრს დაეხმაროთ, რომ ამ ამოცანას გაუმკლავდეს და დაავადება მუდმივად აკონტროლოს. 


მნიშვნელოვანია იცოდეთ საგანგაშო ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდება. ასე რომ, გულის უკმარისობის შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, თუ პაციენტს შეშუპება და სუნთქვის გაძნელება და ხიხინი აღენიშნება. სიმპტომები, რომლებიც მიოკარდიუმის ინფარქტზე მიუთითებს, არის გულ-მკერდის არეში ტკივილი, ზეწოლა ან შემკუმშვა, დისკომფორტი ერთ ან ორივე მკლავზე, ზურგზე ან კისერში, ასევე - ქოშინი, გულისრევა და თავბრუსხვევა. ადამიანის სიცოცხლე ხშირად  საგანგაშო სიმპტომების ამოცნობისა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ოპერატიულობაზეა დამოკიდებული.

ყოველთვის გახსოვდეთ, რომ სპეციალისტთან რეგულარული კონსულტაცია ძალიან მნიშვნელოვანია!

აუცილებელია ექიმთან ვიზიტის განრიგის შედგენა, რათა სპეციალიsტმა მკურნალობის შედეგები რეგულარულად შეაფასოს და თვითშეგრძნების ცვლილებები დროულად შენიშნოს. ძალზე მნიშვნელოვანია ექიმთან კონტაქტი თავადაც დაამყაროთ და სპეციალისტთან სწორად ურთიერთობა პაციენტსაც ასწავლოთ. მან საკუთარ თვითშეგრძნებაზე დეტალურად უნდა ისაუბროს და ექიმს დამაზუსტებელი კითხვები დაუსვას. 


ზოგჯერ, გულის დაავადება შეიძლება არასპეციფიკური სიმპტომებით გამოიხატოს. მაგალითად, გულის ქრონიკული უკმარისობის დროს პაციენტს, შესაძლოა, სისუსტე, ქოშინი და შეშუპება ჰქონდეს. მნიშვნელოვანია, რომ ექიმს აცნობოთ ყოველი ახალი ჩივილისა თუ პრობლემის შესახებ, მაშინაც კი, თუ ისინი გულის დაავადებებს არ უკავშირდება. 


თუ გულის დაავადების მქონე ადამიანს ჰყავს თერაპევტი ან გერიატრი, რომელიც მას მრავალი წლის განმავლობაში აკვირდება, შეუძლია მკურნალობა გააგრძელოს, საჭიროების შემთხვევაში კი კარდიოლოგი ჩართეთ. 
 

დაეხმარეთ, რომ აუცილებელი გამოკვლევები დროულად ჩაიტაროს!

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანებისთვის (მაგალითად, გულის უკმარისობა, მოციმციმე არითმია ან ინფარქტის შემდგომი პერიოდი) მნიშვნელოვანია, რომ მან საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა რეგულარულად შეაფასოს. ამის გარეშე შეუძლებელია იმის გაგება, ეფექტიანია თუ არა თერაპია, საჭიროა თუ არა დამატებითი მედიკამენტების დანიშვნა ან პირიქით, მათი მიღების შეწყვეტის დროა. ეს შეიძლება იყოს არა მხოლოდ სტანდარტული გამოკვლევები (მაგალითად, არტერიული წნევისა და ქოლესტერინის დონის გაზომვა), არამედ - სპეციფიკურიც. რომელი მათგანია საჭირო კონკრეტული ადამიანისთვის, ექიმის პრეროგატივაა.


გულ-სისხლძარღვთა დაავადებები სხვა ორგანოების მუშაობაზეც მოქმედებს. ამიტომაც, შესაძლოა, ექიმმა თერაპიული კურსის დასაკორექტირებლად და დაავადების განვითარების უფრო ზუსტი პროგნოზის დასადგენად, დამატებითი ანალიზები დანიშნოს.

არ დაგავიწყდეთ სხვა დაავადებები! 

კონტროლს მხოლოდ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები არ მოითხოვს. თუ თქვენს ახლობელს სხვა ქრონიკული დაავადებები აქვს, მნიშვნელოვანია, რომ ისინი არ უგულებელყოთ. რიგ შემთხვევაში, ეს გულის დაავადებების უკეთ კონტროლს უწყობს ხელს. მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი გულის ქრონიკული უკმარისობის განვითარების რისკს ზრდის. გლუკოზის, ქოლესტერინისა და არტერიული წნევის რეგულარული კონტროლი, მედიკამენტების დროული მიღება და ცხოვრების ჯანსაღი წესი კი დიაბეტის მქონე ადამიანებს გულის დაავადებების განვითარების საფრთხის შემცირებაში ეხმარება. 


თირკმელების ქრონიკული დაავადება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს ზრდის და პირიქით. თუ ორივე დიაგნოზი უკვე დასმულია, ექიმს მკურნალობის კორექტირება შეუძლია (მაგალითად, ზოგიერთი პრეპარატის დოზის შემცირება). 


ხანდაზმული ადამიანები, განსაკუთრებით კი თუ მათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები  აქვთ, გარკვეული ინფექციური დაავადებებისგან უნდა დავიცვათ. ამიტომაც ექიმთან უნდა განიხილოთ, ასეთ შემთხვევაში რომელი ვაქცინაა რეკომენდებული.

დაეხმარეთ მას, რომ მავნე ჩვევა დაძლიოს! 

წამლის დროულად მიღების კონტროლი საკმარისი არ არის, აუცილებელი და მნიშვნელოვანი კომპონენტია მავნე ჩვევებზე უარის თქმა. მოწევა ყველა ასაკის ადამიანისთვის საზიანოა, თუმცა ვისაც გული აწუხებს, სიგარეტზე უარის თქმა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს შეუმცირებს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ახლობელ ადამიანს მავნე ჩვევის დაძლევაში დაეხმაროთ. 


ალკოჰოლს შეუძლია გულისცემის რიტმის დარღვევა  გამოიწვიოს, ხელი შეუშალოს გულის დაავადებების მქონე ადამიანების მიერ მიღებული მედიკამენტების ეფექტიანობას და  ინფარქტის რისკი გაზარდოს. უმჯობესია, ალკოჰოლის მიღების შესაძლებლობა ექიმთან ინდივიდუალურად უნდა განიხილოთ.

ყურადღება მიაქციეთ ფიზიკურ აქტიურობას! 

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანებისთვის ფიზიკური ვარჯიში არა მხოლოდ  სასარგებლოა, არამედ - აუცილებელი, თუ, რა თქმა უნდა, უკუჩვენებები არ არსებობს. მნიშვნელოვანი წინაპირობაა, რომ დატვირთვის ტიპი და ნორმა ექიმთან განიხილოთ. არ არის გამორიცხული, რომ ვარჯიშის დაწყებამდე სტრეს-ტესტის ჩატარება  მოგიწიოთ, რათა სპეციალისტმა თქვენი გულის მუშაობა შეაფასოს.

იყავით მის გვერდით!

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები შეიძლება იყოს დეპრესიის, სტრესისა და შფოთვის მიზეზი. ეს ხდება მაშინ, როდესაც პაციენტი საკუთარ დიაგნოზს შეიტყობს. იმისათვის, რომ ახლობელ ადამიანს საკუთარ გრძნობებსა და ემოციებთან გამკლავებაში დაეხმაროთ, ექსპერტების რეკომენდაციაა, რომ მასთან აქტიური კომუნიკაცია გქონდეთ, სტრესული სიტუაციები თავიდან აარიდოთ, მისი ცხოვრების წესისადმი უფრო ყურადღებით იყოთ. თუ ეს მიდგომა ეფექტიანი არ არის და ის ხშირად ტირის, გაღიზიანებულია წვრილმანების გამო, ძილის რეჟიმი დარღვეული აქვს და უმადობას უჩივის, სპეციალისტს უნდა მიმართოთ.

სხვა თემები