12 ოქტომბერი 2020 - 10:43

არის თუ არა რეკომენდებული პანდემიის დროს გრიპის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება? 

ფოტო: shutterstock.com

ახალი კორონავირუსის მეორე ტალღის დაწყებისთანავე განსაკუთრებით აქტიურად განიხილება, შესაძლებელია და საჭიროა თუ არა ამ სიტუაციაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. სპეციალისტების განცხადებით, ყოველწლიურად გრიპის ეპიდემიური სეზონი შემოდგომაზე იწყება და გამონაკლისი არც წელს იქნება. როგორც წესი, გრიპის შემთხვევები პიკს იანვარ-თებერვალში აღწევს. თუმცა 2009–2010 წლების სეზონზე რეკორდული ეპიდემია საკმაოდ ადრე, ოქტომბერში დაიწყო.


საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ სამედიცინო დაწესებულებებში სხვა მიზეზით გამოწვეული ვიზიტი ახალი კორონავირუსით ინფიცირების რისკს ზრდის. თუმცა სხვების მოსაზრებით, გრიპის საწინააღმდეგო აცრები საერთოდ არ არის საჭირო, განსაკუთრებით კი - ახლა. როგორ უნდა მოვიქცეთ პანდემიის დროს? არის თუ არა რეკომენდებული ასეთ სიტუაციაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია?

მაშ ასე, შემიძლია თუ არა პანდემიის დროს გრიპზე ავიცრა? 

დიახ და არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ - აუცილებელი. ამაზე პირდაპირ მიუთითებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის უწყებების რეკომენდაციები.


ახალი კორონავირუსის პანდემია და მასზე განსაკუთრებული აქცენტი არ ნიშნავს, რომ დანარჩენი ინფექციები გაქრა. როდესაც მსოფლიოში COVID-19-ის პანდემია დაიწყო, ორივე ვირუსი ცირკულირებდა - გრიპიც და ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციაც. თუმცა ამერიკის შეერთებულ შტატებში გრიპის ვირუსის შტამების რაოდენობა 2020 წლის გაზაფხულზე მნიშვნელოვნად დაეცა და ეს შეიძლება ზოგადი ანტიეპიდემიური ზომებით იყო განპირობებული.

როგორც კანადის იმუნიზაციის ეროვნულ საკონსულტაციო კომიტეტში (NACI) აცხადებენ, მცირე დროითაც კი მასობრივი ვაქცინაციის შეჩერება ინფექციებისადმი მგრძნობიარე პირთა რიცხვის დაუყოვნებლივ ზრდას გამოიწვევს. საბოლოო ჯამში, ამას შეიძლება სიკვდილიანობის მატება და ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვა მოჰყვეს. ეს უკანასკნელი პროცესი COVID-19-ის პანდემიის პირობებში ისედაც უკვე დაწყებულია.

ანალოგიურ მოსაზრებას ავრცელებს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი, რომელიც გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ითხოვს, მათ შორის, ”შესაძლოა, ჯანდაცვის არასაკმარისი რესურსების დაზოგვის მიზნით”.


ფინეთის ჯანმრთელობისა და სოციალური კეთილდღეობის ინსტიტუტი გასცემს რეკომენდაციას, რომ გრიპის აცრა არის საჭირო და აუცილებელი, რადგან ახალი კორონავირუსითა და გრიპით ერთდროულად ინფიცირების რისკი არსებობს. 

გრიპი ხომ უბრალოდ მწვავე რესპირატორული ინფექციაა. რატომ უნდა ავიცრა? 

დიახ, გრიპი ასობით მწვავე რესპირატორული ინფექციიდან ერთ-ერთია. თუმცა დანარჩენებისგან განსხვავებით, ვაქცინაციით თავის დაცვა მხოლოდ გრიპისგან არის შესაძლებელი. 


მეტი თვალსაჩინოებისთვის სტატისტიკას გადავავლოთ თვალი. მხოლოდ 2008 წელს, 43 კვლევის სისტემური მიმოხილვისა და მეტაანალიზის შედეგების თანახმად, გრიპით გამოწვეული ქვედა სასუნთქი გზების ინფექცია 8 მილიონ ბავშვს აღენიშნა. ამის შედეგად კი ხუთ წლამდე ასაკის 111,5 ათასი პაციენტი გარდაიცვალა.

სიკვდილიანობის ამ მაჩვენებლის 99%-ი დაფიქსირდა განვითარებად ქვეყნებში, სადაც ან ვაქცინაციის ეროვნული პროგრამები არ არსებობს, ან ცუდად მუშაობს. თუმცა აშშ-შიც კი, სადაც გრიპის ვაქცინაცია ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო, გრიპისგან ყოველწლიურად 25 ათასზე მეტი ადამიანი იღუპება


აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის წინასწარი შეფასებით, გასული სეზონის განმავლობაში გრიპის გამო ქვეყანაში 410-დან 740 ათასამდე ადამიანის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო. ჯამში, 2019 წლის ოქტომბრიდან 2020 წლის აპრილამდე, გრიპით 39-დან 56 მილიონამდე ამერიკელი დაავადდა.

ვინ უნდა აიცრას? 

უპირველეს ყოვლისა, გრიპი მცირეწლოვანი ბავშვებისთვის, ორსული ქალებისთვის, ხანდაზმული ადამიანებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის არის საშიში. ამიტომაც რეკომენდაციები, როგორც წესი, ამ კონკრეტულ რისკ ჯგუფებს დეტალურად აღწერს. ახალი კორონავირუსითა და გრიპით ერთდროულმა ინფიცირებამ შეიძლება სერიოზული გართულება გამოიწვიოს. ამიტომაც წელს კანადაში კორონავირუსული ინფექციის მძიმე ფორმით განვითარების რისკის ქვეშ მყოფი პირებისთვის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია განსაკუთრებით მკაცრად არის რეკომენდებული. აცრა აუცილებელია მათთვისაც, ვისაც ზემოთ ხსენებულ რისკ-ჯგუფის წარმომადგენლებთან პირდაპირი კონტაქტი აქვს.


ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში ბევრი ქვეყანა (აშშ-ი, კანადა) გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე მითითებებს ააქტიურებს. ბოლო რეკომენდაციებით, ექვსი თვის ასაკიდან ყველა ბავშვი და ზრდასრული უნდა აიცრას. ამასთან, გერმანიაში იმასაც ამბობენ, რომ გრიპისგან მთელი მოსახლეობის დაცვა შეუძლებელი იქნება, რადგან ვაქცინა ყველას არ ეყოფა. ამიტომაც რეკომენდაციები კვლავ ძირითადი რისკ-ჯგუფებისკენ არის მიმართული. არასაკმარის მარაგზე საუბრისას, გერმანელები ორსულ ქალებს, ხანდაზმულებს, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებსა და გრიპთან შემხებლობის გამო მაღალი პროფესიული რისკის მქონე ადამიანებსაც გულისხმობენ.

შეიძლება თუ გრიპზე ავიცრა, თუ COVID-19 დამიდგინდა? 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ახალი კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომები ვაქცინაციისთვის უკუჩვენება სულაც არ არის. თუმცა ადამიანი, რომელსაც COVID-19 დაუდასტურდა, საკარანტინო სივრცეში უნდა დარჩეს, რათა სხვები არ დააინფიციროს და მხოლოდ გამოჯანმრთელების შემდეგ აიცრას. 


ასეთ სიტუაციაში ვაქცინაციის გადადებაზე საუბრობენ აშშ-სა და კანადაშიც. კოვიდინფიცირებული პაციენტი გრიპზე მხოლოდ საკარანტინო ზონის დატოვების ან თვითიზოლაციის დასრულების შემდეგ უნდა აიცრას.

და თუ მე კარგად ვარ, მაგრამ ჩემი ოჯახის წევრს COVID-19 დაუდასტურდა?

ამ შემთხვევაში მოსაზრებები განსხვავებულია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ შეგიძლიათ აიცრათ, თუნდაც კოვიდინფიცირებულთან  კონტაქტი გქონოდათ, ასევე - ინკუბაციის პერიოდში. ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგება გერმანიის, აშშ-ის, ფინეთისა და კანადის პრაქტიკული რეკომენდაციები, რადგან, მათი აზრით, COVID-19-ით დაავადებულთან კონტაქტში მყოფ პირს სხვების ინფიცირება შეუძლია.

არსებობენ ისეთი ადამიანები, რომელთათვისაც აცრას უკუჩვენება აქვს? 

საბჭოთა პერიოდში ალერგია ვაქცინაციის უკუჩვენებად ითვლებოდა. ზოგი ახლაც ასე ფიქრობს. თუმცა პროფესიული ასოციაციები გრიპის საწინააღმდეგო აცრას, პირველ რიგში, სწორედ ალერგიის მქონე ადამიანებს ურჩევენ. 


ამასთან, ვაქცინის ინსტრუქციაში გარკვეული თავისებურებები მითითებულია. რა თქმა უნდა, თუ ადამიანს ვაქცინის რომელიმე კომპონენტზე ალერგია აქვს ან ამ კონკრეტულ პრეპარატზე მას მწვავე ალერგიული რეაქცია უკვე ჰქონდა, მაშინ აღნიშნული ვაქცინის გაკეთება დაუშვებელია.

რა წესები უნდა დავიცვა პანდემიის პირობებში ვაქცინაციისას? 

უპირველეს ყოვლისა, დაიცავით დისტანცია. ჯანმოსა და გერმანიის ხელისუფლების რეკომენდაციით, ვაქცინაციის პროცესი ისე უნდა წარიმართოს, რომ აცრა და ყველა სხვა ვიზიტი ექიმთან ან ექთანთან სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა სივრცეში მოხდეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ არ გადაიკვეთონ ის პაციენტები, რომლებიც სპეციალისტთან ინფექციასთან დაკავშირებით მიდიან და ისინი, ვინც ვაქცინაციას გეგმავენ. თუ აპირებთ ბავშვის აცრას, მაშინ შეძლებისდაგვარად მისი და-ძმა თან არ წაიყვანოთ  (თუ ვაქცინა მათაც არ სჭირდებათ).


კანადის იმუნიზაციის ეროვნული საკონსულტაციო კომიტეტი გვირჩევს ვაქცინაციას იქ, სადაც ერთმანეთთან კონტაქტი ნაკლებ ადამიანს აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ რაც უფრო პატარაა კლინიკა, საავადმყოფო ან ლაბორატორია, მით უკეთესია. ვაქცინაციის ადგილი შეგიძლიათ ამ პრინციპით შეარჩიოთ.

ახლავე უნდა ავიცრა? 

ჯობს, არ გადადოთ. თუ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ არ გაგიკეთებიათ, არ იდარდოთ: სეზონის დაწყებამდე დრო ჯერ კიდევ არის. თუმცა ვაქცინაციას ძალიანაც ნუ გადადებთ, რადგან სპეციფიკური იმუნიტეტის ჩამოყალიბებას რამდენიმე კვირა ჭირდება.

გრიპის აცრა ახალი კორონავირუსის წინააღმდეგაც ეფექტიანია? 

არა. აღსანიშნავია, რომ გრიპისა და პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინები მხოლოდ გრიპისა და პნევმოკოკური ინფექციისგან იცავს. ისინი ხელს არ უშლიან არც COVID-19-სა და არც სხვა რომელიმე ვირუსულ ინფექციას. თუ პნევმონიის გეშინიათ, მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ გრიპის აცრა მხოლოდ გრიპოზული პნევმონიისგან გიცავთ, ხოლო პნევმოკოკური ვაქცინა მხოლოდ პნევმოკოკურ პნევმონიას ეწინააღმდეგება.

სხვა თემები