23 ნოემბერი 2020 - 11:48

როგორ გავაკონტროლოთ ასთმა? 5 ძირითადი რჩევა 

ფოტო: shutterstock.com

ბრონქული ასთმა ფილტვების ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელიც მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანს აწუხებს. სასუნთქი გზები (ბრონქები) სპაზმის ან ანთების დროს ვიწროვდება, ეს კი ქოშინს, ხველასა და ხრჩობის შეტევას იწვევს. ბრონქული ასთმა ქრონიკული დაავადებაა, მაგრამ მან, შესაძლოა, ადამიანის ცხოვრების ხარისხზე უმნიშვნელო გავლენა იქონიოს, თუ მისი სიმპტომები გაკონტროლდება. რა თქმა უნდა, ამისათვის ექიმი მკურნალობის კურსს  თავად განსაზღვრავს და გირჩევთ, როგორ შეცვალოთ თქვენი ცხოვრების წესი და რა ჩვევები უნდა გამოიმუშავოთ. საინტერესოა, როგორ უნდა გავაკონტროლოთ ბრონქული ასთმა?

პირველ რიგში, უნდა იცოდეთ რა იწვევს შეტევას?

ბრონქული ასთმის დროს სიმპტომები შეიძლება სხვადასხვა მიზეზით გამოვლინდეს. მდგომარეობის გაუარესება და ბრონქული ასთმის შეტევის გამოწვევა შეუძლიათ ისეთ გავრცელებულ ალერგენებს, როგორიც არის მტვრის ტკიპები, ყვავილის მტვერი, შინაური ცხოველები და მავნებლები (ტარაკნები). თუმცა ამის მაპროვიცირებელი შეიძლება თამბაქოს კვამლი, ცივი ჰაერი ან ფიზიკური ვარჯიშიც იყოს.


ექიმთან ერთად შეგიძლიათ არა მხოლოდ გაერკვეთ, თუ რა იწვევს კონკრეტული ადამიანის მდგომარეობის გაუარესებას, არამედ სხვადასხვა ბრონქული ასთმის შეტევის „პროვოკატორის“ მიმართ კონკრეტული მიდგომა შეიმუშავოთ. ზოგიერთ მათგანს ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა მიუდგეთ და მაქსიმალურად მოერიდოთ. მაგალითად, როდესაც საქმე ალერგენებს ეხება, ექიმი გირჩევთ, ეს ზუსტად როგორ გააკეთოთ. თუ  ასთმის შეტევას ფიზიკური ვარჯიში აპროვოცირებს, სპეციალისტმა, შესაძლოა, შესაბამისი პრეპარატების წინასწარ მიღება გირჩიოთ.

შეიმოწმეთ ფილტვის ფუნქცია!

ბრონქული ასთმით დაავადებულთათვის ექიმმა შეიძლება გირჩიოთ პიკის ნაკადის მრიცხველის შეძენა (პიკფლოუმეტრი) და სახლის პირობებში მისი რეგულარულად გამოყენება. ეს უკანასკნელი აფიქსირებს, თუ რამდენად სწრაფად შეუძლია ადამიანს ფილტვებიდან ჰაერის ამოსუნთქვა - რაც უფრო მაღალია ქულა, მით უკეთესია სასუნთქი გზების მდგომარეობა. აღნიშნული მონაცემები აუცილებლად უნდა ჩაიწეროთ, რათა მდგომარეობის გაუარესება არ გამოგრჩეთ მაშინაც კი, როდესაც აშკარა სიმპტომები ჯერ კიდევ არ არის. ამავდროულად ზემოთ ხსენებული მაჩვენებლები ექიმთან დაგეგმილი ვიზიტის დროს უნდა განიხილოთ. ეს მას მკურნალობის კურსის დაკორექტირებაში დაეხმარება. დრო და დრო (დაახლოებით ყოველ 1-2 წელიწადში ან უფრო ხშირად, ეს სიმპტომებზეა დამოკიდებული) შეიძლება ექიმმა სპირომეტრია გირჩიოთ. აღნიშნული კვლევის საშუალებით სასუნთქი გზების ფუნქციასა (რა მოცულობის ჰაერს ამოისუნთქავს ადამიანი კონკრეტულ დროში) და მათი შევიწროების ხარისხს დეტალურად ამოწმებენ.

აწარმოეთ დღიური! 

საკუთარ მდგომარეობაზე თვალყურის დევნების ერთ-ერთი გზაა ბრონქულ ასთმაზე დღიურის წარმოება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც სიმპტომებს ვერ აკონტროლებთ ან ექიმმა მკურნალობის ახალი კურსი დანიშნა. ასეთ დღიურში უნდა ჩაიწეროთ როდის და რა ვითარებაში ჩნდება ისეთი სიმპტომები, როგორიც არის ხველა, ქოშინი, ხიხინი. აქვე შეგიძლიათ ჩამოწეროთ წამლების სახელები და მათი მიღების დრო, ასევე -  ამოსუნთქვის პიკური დინების სიჩქარის მნიშვნელობები (პიკფლოუმეტრის მონაცემები).
ბრონქული ასთმის მქონე ადამიანისთვის შეიძლება სასარგებლო იყოს თვითშეფასების კითხვარი ან ტესტი, სადაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სიმპტომების სიმძიმისა და შეტევების სიხშირის შესახებ კითხვებს უნდა უპასუხოს. ეს ექიმს დაეხმარება განსაზღვროს, პაციენტს როგორ დაეხმაროს.

ექიმთან ვიზიტები რეგულარულად დაგეგმეთ! 

ბრონქული ასთმის კარგად გაკონტროლების მიზნით, ექიმთან ვიზიტი შეგიძლიათ წელიწადში 1-2 ჯერ დაგეგმოთ. თუმცა გარკვეული გართულებების შემთხვევაში შეიძლება უფრო ხშირადაც დაგჭირდეთ. ვიზიტის დროს სპეციალისტი აფასებს სიმპტომებსა და მკურნალობის ეფექტიანობას, საჭიროების შემთხვევაში კი დანიშნულებას აახლებს. 
ექიმთან კონსულტაციები ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შემუშავებაში დაგეხმარებათ, რათა ზუსტად იცოდეთ, როდის რა სიმპტომები შეიძლება წარმოიშვას, როდის რა პრეპარატი უნდა მიიღოთ და როდის არის აუცილებელი მორიგი ვიზიტის დაგეგმვა. ეს გეგმა, როგორც წესი, მოიცავს არა მხოლოდ მედიკამენტების მიღების რეკომენდაციებს, არამედ კონკრეტული პიროვნების შემთხვევაში ბრონქული ასთმის შეტევის მაპროვოცირებელ ფაქტორებსა და რჩევებს იმის შესახებ, მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეთ.

აკონტროლეთ სხვა დაავადებები! 

ბრონქული ასთმის სიმპტომებმა ზოგჯერ  შეიძლება სხვა დაავადებები გააუარესოს. ამიტომ მნიშვნელოვანია მათგან განკურნება ან მუდმივი კონტროლი. ეს ყველაზე ხშირად ეხება გასტროეზოფაგურ რეფლუქსს (გულძმარვის ყველაზე გავრცელებული მიზეზი), გაცხიმოვნებასა და ძილის აპნოეს (როდესაც ადამიანს სუნთქვის ხანმოკლე შეჩერება აქვს).

სხვა თემები