17 ნოემბერი 2020 - 08:48

ცნობილი დიზაინერი, რომელიც მკვეთრ ფერებსა და ველურ პრინტებს არ ერიდებოდა. ვინ იყო კენზო ტაკადა? 

ფოტო: shutterstock.com

მოდის სახლ Kenzo-ს დამფუძნებელი, იაპონელი მოდელიერი კენზო ტაკადა 81 წლის ასაკში, COVID-19- ით გამოწვეული გართულებებისგან გარდაიცვალა. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, კენზოს მოდის სახლის კონცერნ LVMH– ისთვის მიყიდვის შემდეგ, მასზე თითქმის აღარაფერი იყო ცნობილი. თუმცა მისი წვლილი მსოფლიო მოდის ისტორიაში ფასდაუდებელია. ტაკადამ გავლენა იქონია არა მხოლოდ იოჯი იამამოტოსა და რეი კავაკუბოს სტილზე, არამედ ევროპელების სიყვარული მკვეთრი და გამორჩეული დიზაინისადმი სწორედ მისი დამსახურებაა.

ვინ იყო კენზო ტაკადა?

კენზო ტაკადა ოსაკასთან ახლოს, მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. ის შვიდი დედ-მამიშვილიდან ერთ-ერთი იყო. მისი მშობლები იყვნენ სასტუმრო სახლის მეპატრონეები, რომლებსაც ჩაის დასალევად გეიშები და ქსოვილით მოვაჭრეები ხშირად სტუმრობდნენ. ბავშვობაში კენზოს შეეძლო მათ მდიდრულ კოსტიუმებსა და საქონელს საათობით დაჰკვირვებოდა. როგორც კი წამოიზარდა და უფროსი დების მოდის ჟურნალების გაცნობის შესაძლებლობა მიეცა, საბოლოოდ გადაწყვიტა, თავისი ცხოვრება ლამაზი სამოსის შექმნისთვის დაეთმო. განსაკუთრებული წარმატების გარეშე კენზომ უნივერსიტეტში ლიტერატურის შესწავლა სცადა. თუმცა საბოლოოდ, მამის სურვილის საწინააღმდეგოდ, ის ტოკიოს ცნობილ ბუნკას მოდის კოლეჯში ერთ-ერთი პირველი მამრობითი სქესის სტუდენტი გახდა. კენზომ მალევე მოიგო ყველაზე პრესტიჟული იაპონური მოდის ჟურნალ Soen-ის მთავარი ჯილდო და ადგილობრივ უნივერმაღში დიზაინერად დაიწყო მუშაობა. შეიძლებოდა ის სამუდამოდ იქ დარჩენილიყო, რომ არა იღბლიანი შემთხვევითობა.


1964 წელს კენზომ შეიტყო, რომ სახლი, სადაც ის ბინას ქირაობდა, უნდა დაენგრიათ, რადგან ეს ტეროტორია ოლიმპიური თამაშებისთვის უნდა გადაკეთებულიყო. კომპენსაციის სახით, მოიჯარეებს 10 თვის ქირის მოცულობის თანხა გადაუხადეს. ახალგაზრდა დიზაინერმა ამ ფულით თავისი დიდი ხნის ოცნების ასრულება გადაწყვიტა და პარიზის ბილეთები იყიდა. ეკონომიის მიზნით, ის საფრანგეთის დედაქალაქში გემით გაემგზავრა. მოგზაურობა 2 თვეს გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში მან შეძლო სინგაპურის, ინდოეთისა და ესპანეთის მონახულება. მას შემდეგ კენზო ტაკადას მოგზაურობა თავდავიწყებით შეუყვარდა და ეს სიყვარული სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდა. 
პარიზში ჩასულმა კენზომ პატარა ბინა იქირავა, ერთ ღამეში სულ რაღაც ცხრა ფრანკს იხდიდა. ის ფრანგებისთვის ეგზოტიკურ ნახატებს მოდის სახლებსა და ჟურნალებზე ჰყიდდა, ხოლო მკვეთრ და კაშკაშა ეთნიკურ ქსოვილებს ძველმანების ადგილობრივ ბაზრობებზე ყიდულობდა. 


სწორედ ძველმანების ერთ-ერთ ბაზრობაზე შეხვდა ის "შეშლილ მოხუცს", რომელმაც თავისი მაღაზიის დაქირავება ძალიან იაფად შესთავაზა. თავისი პირველი ბუტიკის კედლები კენზომ თავად მოხატა. მან შთაგონების წყაროდ ანრი რუსოს მისთვის საყვარელი ნახატი „ოცნება“ გამოიყენა. კენზომ თავის პირველ მაღაზიაში, ფაქტობრივად, ზღაპრული ჯუნგლები შექმნა. დიზაინერმა თავის მაღაზიას დაარქვა "Jungle JAP“-ი, რაც სლენგი და ოდნავ დამამცირებელი ტერმინია. მაშინ იაპონელებს ევროპასა და ამერიკაში სწორედ ასე მოიხსენიებდნენ. კენზოს არაორდინალურმა და ბოჰემურმა კოსტიუმებმა, ფერებისა თუ პრინტების მისეულმა საფირმო კომბინაციამ და თავისუფლების სულისკვეთებამ, რაც პარიზის მოდის ინდუსტრიისთვის უჩვეულო იყო, კრიტიკოსებში, ჟურნალისტებსა და მოდის ახალგაზრდა წარმომადგენლებში მიმდევრები მალევე მოიპოვა. მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, 1970 წლისთვის კენზო ტაკადა მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი დიზაინერი გახდა.

პარიზში - იაპონელი, ტოკიოში კი - ფრანგი

ბრენდის ირონიული სახელწოდება "Jungle JAP"-ი ევროპაში დამკვიდრდა, მაგრამ ამერიკულმა ბაზარმა ის თავიდანვე არაპოლიტკორექტულად მიიჩნია. 1972 წელს იაპონელებმა საპროტესტო აქცია გამართეს უნივერმაღ Macyʼs-ის  წინ, სადაც აშშ-ში კენზოს პირველი ჩვენება უნდა გამართულიყო. ამერიკის იაპონელ მოქალაქეთა ლიგამ კი დიზაინერს სასამართლოში უჩივლა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ სიტყვა "jap"-ი მათ პერლ-ჰარბორის დაბომბვის შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში იაპონელთა შევიწროებას ახსენებდა. კოსმოპოლიტი ტაკადა ამ მოსაზრებას არ იზიარებდა. ის იყო ადამიანი, რომელიც ამბობდა, რომ პარიზში თავს იაპონელად გრძნობდა, ტოკიოში კი - ფრანგად. თუმცა ბაზარზე თავისი ადგილი რომ შეენარჩუნებინა, მან ბრენდს სახელი შეუცვალა და Kenzo დაარქვა.

კენზო ტაკადა- მეოცნებე და ნოვატორი

თავისი ეგზოტიკური და არასტანდარტული მიდგომის, ზოგჯერ კი უბრალოდ უსახსრობის გამო კენზო თანამედროვე მოდის ინდუსტრიაში ახალ ტენდენციებს ამკვიდრებდა. ის ტანსაცმელს პირდაპირ პოდიუმიდან ყიდდა, მაშინ როდესაც მისი კოლეგები ამას კოლექციის გამოშვებიდან მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ აკეთებდნენ. კენზო მთელ მსოფლიოში სტანდარტული შოუების ნაცვლად მომხიბლავ თეატრალურ წარმოდგენებს მართავდა. ”ეს სიგიჟე იყო“, - ამბობდა კენზოს სადებიუტო ჩვენებებზე მომუშავე ვიზაჟისტი პატრიკ ურკადი - მან მთელი მაღაზია ძველმანების ბაზრობაზე ნაყიდი აბრეშუმით, ხალიჩებითა და იაფფასიანი წულით მორთო. როდესაც ერთ-ერთი მოდელი აკნეთი მოვიდა, ჩვენ მისი სახე მწვანე რგოლებით დავფარეთ. ეს იყო სრული სიურეალიზმი ”.


1975 წელს, ციურიხის ცირკის არენაზე გამართული შოუს ფინალზე, კენზო პოდიუმზე გამოვიდა და მაყურებელს მიესალმა. ორი წლის შემდეგ კი, ცნობილი მოდელები და სხვადასხვა სფეროს პოპულარული წარმომადგენლები მის ახალ კოლექციას ნიუ-იორკში, დეკადენტურ ღამის კლუბ „სტუდია 54“-ში წარადგენდნენ, რასაც გრეის ჯონსის ცოცხალი შესრულება ახლდა თან. 


კენზო იყო დიდი დიზაინერი, მაგრამ არა - დიდი ბიზნესმენი. მისი ფანტაზიების რეალობად ქცევაში  ტაკადას მეგობარი და პარტნიორი ქსავიე დე კასტელა და მისი მარჯვენა ხელი, აცუკო კონდო დაეხმარნენ.
კასტელა  1990 წელს, შიდსთან ხუთწლიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა. მალევე ინსულტის გამო, მუშაობის გაგრძელება ვერც კონდომ შეძლო. "ორივე ფრთა დავკარგე", - განაცხადა კენზომ. იმისათვის, რომ გონზე მოსულიყო, დიზაინერი კორსიკის გარშემო იახტით სამოგზაუროდ წავიდა. მას ამ დროს გარესამყაროსთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. დაბრუნების შემდეგ მან შეიტყო, რომ მოგზაურობის დროს დედა გარდაეცვალა. კენზომ მშობლის დაკრძალვაზე მისვლაც ვერ მოასწრო. 


მთელი რიგი დანაკარგების შემდეგ, კენზო ამჯერად პარიზში საკუთარი სახლის დიზაინით დაკავდა. მან აქ  თავისი არამდიდრული ბავშვობის ყველა ოცნება აისრულა: სვეტებიანი აუზი, წვეულებების დარბაზი და სახურავზე ბაღიც კი გაიშენა.

კენზოს დასასრული

1993 წელს კენზომ თავისი მოდის სახლი კონცერნ LVMH-ს მიჰყიდა, მაგრამ მის შემოქმედებით დირექტორად 1999 წლამდე რჩებოდა. კენზომ მოდის ინდუსტრიიდან საკუთარი წასვლა კიდევ ერთი ექსტრავაგანტული ჩვენებით აღნიშნა. მან მაყურებლები ვირტუალურად ჰონგ კონგში, რუსეთში, აფრიკაში, იაპონიასა და რა თქმა უნდა, პარიზში გაგზავნა. 
2000-იანი წლების დასაწყისში კენზო სახლის დეკორაციის დიზაინით დაინტერესდა. მან 2004 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის იაპონიის ეროვნული ნაკრების ფორმა შექმნა, 2019 წელს კი ტოკიოს ოპერაში „მადამ ბატერფლაის“ წარმოდგენისთვის კოსტიუმები მოიფიქრა.


კენზო ტაკადა 2020 წლის 4 ოქტომბერს, პარიზის მოდის კვირეულის შუაგულში, COVID-19- ით გამოწვეული გართულებებისგან გარდაიცვალა. როგორც ამბობენ, მისი სტილი არ შეიძლება ვინმეში აგერიოთ. ეს არის ფერების, ყვავილებისა და თავისუფლების საოცარი სინთეზი.

სხვა თემები