15 ნოემბერი 2020 - 11:28

5G ქსელის მხარდაჭერა და „კერამიკული ფარით“ დაცული ეკრანი. კიდევ რით არის გამორჩეული iPhone 12?

ფოტო: shutterstock.com

iPhone 12 mini, iPhone 12, iPhone 12 Pro და iPhone 12 Pro Max-ი - Apple-მა თავისი მორიგი 4 ახალი მოდელი წარადგინა. პირველ რიგში, კომპანიამ აღნიშნულ ტელეფონებს დაუბრუნა კუთხოვანი დიზაინი, რაც iPhone 4-ს, 5-სა და SE-ს აქვთ, ის ბოლო წლებში iPad Pro- შიც გამოიყენებოდა. სხვა მიმართულებით Apple-ის ახალმა ტელეფონებმა  წინა მოდელების მახასიათებლები შეინარჩუნა. თუმცა კომპანიამ მომხმარებლებს, რა თქმა უნდა, გარკვეული სიახლეებიც შესთავაზა.

5G ქსელის მხარდაჭერა

ბოლოს და ბოლოს, Apple- მა თავისი პირველი 5G მოდელები წარადგინა - ოთხივე მათგანი ახალი თაობის ქსელებზე მუშაობას შეძლებს. ერთი შეხედვით, ეს შეიძლება Android-ის სმარტფონების მწარმოებელ კონკურენტებთან შედარებით ცოტა დაგვიანებულიც იყოს, მაგრამ რეალურად ეს ასე სულაც არ არის: 5G ქსელი ჯერ კიდევ ბევრგან მიუწვდომელია. 


IPhone-ის 5G ქსელის მხარდაჭერის მიმართულებით ერთი მომენტია გასათვალისწინებელი: მილიმეტრული ტალღების დიაპაზონზე წვდომა მხოლოდ აშშ-ში გაყიდულ მოდელებს ექნებათ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ახალი თაობის ქსელი გიგანტურ, წამში რამდენიმე გიგაბაიტამდე სიჩქარის კავშირის დამყარებას სწორედ ამ დიაპაზონში ახერხებს. კიდევ ერთი რამ - ასეთი დიაპაზონი შესაფერისია მხოლოდ სტადიონებისა და ისეთი ადგილებისთვის, სადაც ბევრი ხალხია, ამ სიხშირის რადიოტალღები კედლებში, ხეებსა და სხვა ბარიერებში ძალიან ცუდად აღწევს. 


მოკლედ, 5G ქსელის მხარდაჭერა iPhone-ის შემთხვევაში აშშ-ის ფარგლებს გარეთ, სავარაუდოდ, წამში რამდენიმე ასეული მეგაბაიტი იქნება. ეს ხშირად უფრო სწრაფია ვიდრე LTE, თუმცა დაახლოებით კარგი Wi-Fi– ს შესაბამისია.

პროცესორი A14 Bionic

ახალი iPhone-ები, როგორც მოსალოდნელი იყო, Apple-ის ყველაზე თანამედროვე პროცესორით არის აღჭურვილი. მე -12 სერიის iPhone- ებში A14 Bionic-ია ჩამონტაჟებული. ის, კომპანიის მტკიცებით, უფრო სწრაფია, ვიდრე მისი წინამორბედი (ის ასევე გამოიყენება 2020 წლის iPad Air- ში). A14 Bionic-ი 5 ნანომეტრული ტექნოლოგიით შექმნილი Apple-ის პირველი პროცესორია. ასეთი რამის გაკეთება თითზე ჩამოსათვლელ კომპანიას შეუძლიათ. 


გარდა იმისა, რომ ახალი პროცესორი ძალიან სწრაფია, ის ნეიროქსელებთან უკეთ მუშაობს. ამაზე პასუხისმგებელია სისტემა Neural Engine-ი, რომელშიც  8-ის ნაცვლად 16 ბირთვია. ამან უნდა დააჩქაროს Deep Fusion ალგორითმის გამოყენება ფოტოებზე: ის გადაღების დროს დეტალიზაციას აუმჯობესებს. თუმცა iPhone-ის მფლობელებმა გადაღების დროსა და უკვე გალერეაში მოხვედრილი ფოტოების ხარისხს შორის მცირე განსხვავება შეიძლება მაინც შენიშნონ.

კერამიკული ფარი

ეს არის მინის წარმოების ახალი ტექნოლოგია, რომლითაც ახალი iPhone- ების ეკრანებია დაფარული (თუმცა არა უკანა პანელები, რომლებიც ასევე მინისაა). „ჩვენ არ ვართ მინის წარმოების ექსპერტები, მაგრამ Apple–ს სურს აჩვენოს, რომ ეს მიღწევაა - კომპანიამ ისწავლა სტრუქტურაში კერამიკული ნანოკრისტალების დამატება, რათა მასალის გამჭვირვალობა ყოველგვარი დაზიანების გარეშე შენარჩუნდეს“.


როგორც Apple-ში ამტკიცებენ, ეს სიახლე 4-ჯერ ზრდის იმის შანსს, რომ iPhone 12 iPhone 11-თან შედარებით, დავარდნის შემთხვევაში არ დაზიანდება.

MagSafe

რაღაც ნაცნობია, არა? Apple- მა ბრენდი MagSafe-ი MacBook-ის პორტატული დამტენებისთვის USB-C-ის გამოჩენამდე უკვე გამოიყენა. ამ შემთხვევაში დამმუხტველი სადენი პორტს მაგნიტების საშუალებით უერთდებოდა, ხოლო თუ სადენს შეეხებოდით, ის კომპიუტერიდან უბრალოდ ითიშებოდა. ამ პროცესში კი არც არაფერი ტყდებოდა ან ფუჭდებოდა. 

მაგნიტებმა MacBook-ები დატოვეს და iPhone-ებს მიაშურეს. ახლა MagSafe-ი არის აქსესუარების სისტემა, რომელიც მაგნიტებს iPhone 12-ის ყველა ვერსიის კორპუსის უკანა მხარეს იყენებს. პირველ რიგში, ეს არის უკაბელო დამტენები, რომლებიც მაგნიტიზებულია ზუსტად იქ, სადაც iPhone-ის დამუხტვის სისტემა მდებარეობს. 

ყურსასმენები და დამტენის ადაპტერები 

ისინი კომპლექტში არ იქნება - ზედმეტი ნაგვისგან ბუნებას ვიცავთ!


ნაკრებში იქნება დამტენი კაბელი Lightning -ითა და USB-C–ით. ასე რომ, თუ თქვენ ძველი iPhone– ის ადაპტერი გაქვთ კლასიკური USB პორტით, ის არ გამოგადგებათ.

მაშ ასე, რით არის გამორჩეული თითოეული მოდელი? დავიწყოთ iPhone 12-ით

iPhone-ის საბაზისო მოდელს აქვს Super Retina XDR OLED ეკრანი, რომლის დაზიანება უფრო ძნელია, რადგანაც მას Ceramic Shield-ის (კერამიკული ფარი) წინა პანელი აქვს. ამავდროულად, ფერების მაქსიმალური სიკაშკაშე აქ ორჯერ მეტია, ვიდრე iPhone 11-ის შემთხვევაში. ეკრანის დიაგონალი კი 6,1 დუიმია.
ახალი iPhone 12 ხუთ ფერშია ხელმისაწვდომი: წითელი, თეთრი, მწვანე, ლურჯი და შავი. მოწყობილობას აქვს სამი კამერა - ერთი წინა და ორი უკანა პანელზე. მათ ულტრა ფართოკუთხოვანი და განახლებული ფართოკუთხოვანი დიაფრაგმა f / 1.6 აქვთ. ღამის რეჟიმი და Deep Fusion ფუნქცია სამივე კამერაზე მუშაობს. ახალი კამერები დაბალი განათების პირობებში უკეთ იღებენ, რაც ნაწილობრივ ნეიროქსელების დამსახურებაა.


მობილურ ტელეფონს HDR ვიდეოს ჩაწერა და Dolby Vision ფორმატში რედაქტირება შეუძლია, რასაც კომპანია პროფესიონალური სტუდიების მიერ გადაღებულ ფილმებს ადარებს. გარდა ამისა, ღამის გადაღების რეჟიმში timelapse-ია შესაძლებელი. 
 

iPhone 12 mini

iPhone 12 mini იგივეა რაც iPhone 12, განსხვავება მხოლოდ ეკრანის ზომასა და კვების ელემენტის სიმძლავრეშია. ეს მოდელი არის იმ ადამიანებისთვის, ვინც დიდი ზომის ტელეფონებით დაიღალა და უნდა თავისი მობილური ჯიბეში მარტივად მოათავსოს, თუმცა არც მოძველებული iPhone SE-ს ხმარება სურს.  


ზომისა და წონის მიხედვით, iPhone 12 mini რაღაც საშუალოა iPhone SE- სა და მეორე თაობის iPhone SE- ს შორის. თუმცა ბიუჯეტური მოწყობილობებისგან განსხვავებით, მინის ეკრანი (ასევე OLED) მთელ წინა პანელს იკავებს. მისი დიაგონალი 5,4 დუიმია (მეორე თაობის iPhone SE– ის 4,7 დუიმი იყო). 


რაც შეეხება აკუმულატორს, მოდელის აღწერით თუ ვიმსჯელებთ, ერთ დატენვაზე iPhone 12 mini ოდნავ ნაკლებს ძლებს, ვიდრე - iPhone 12. უფრო კონკრეტულად კი, ეს სხვაობა დაახლოებით 1-2 საათს შეადგენს. 

iPhone 12 Pro და iPhone 12 Pro Max

გაცილებით ძვირადღირებული iPhone 12 Pro თითქმის არაფრით განსხვავდება iPhone 12-ისგან: იგივე ზომა, იგივე OLED Super Retina XDR ეკრანი იმავე გარჩევადობით. განსხვავება - ალუმინის ნაცვლად უჟანგავი ფოლადის მასალა და კამერის სისტემა. 


შარშანდელი მოდელების მსგავსად, Pro ვერსიას სამი უკანა კამერა  აქვს: ძირითადი, ულტრა ფართოკუთხოვანი და ტელეფოტო. ულტრა ფართოკუთხოვანი კამერა, როგორც ჩანს, უცვლელი დარჩა, თუმცა ამჯერად მას უკვე ღამის რეჟიმში გადაღება შეუძლია. 


სამაგიეროდ ძირითადი კამერა განახლდა - მას f / 1.8 – ის ნაცვლად (iPhone 12-ის მსგავსად) f / 1.6 დიაფრაგმა აქვს. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ციფრები მიუთითებს იმაზე, რომ ობიექტივს კამერასთან ახლოს მყოფი უძრავი თუ მოძრავი საგნის გადაღებისას მეტი სინათლის გატარება და ფონის უფრო დაბლარვა შეუძლია.


IPhone 12 Pro Max-ის ძირითადი კამერაც ახალია, თუმცა - განსხვავებული. მასში მატრიცა და პიქსელები გაიზარდა, რაც ობიექტივს საშუალებას აძლევს მეტი სინათლე დაიჭიროს. გარდა ამისა, აქ მატრიცის ცვლასთან  ერთად გამოსახულების სტაბილიზაციის შესაძლებლობა გაჩნდა.


12 Pro და 12 Pro Max-ის ტელეფოტო კამერებიც განსხვავებულია. პირველი მოდელის შემთხვევაში ის ორმაგი გადიდებით არის (როგორც ადრე იყო), ხოლო მეორე მოდელს  2,5-იანი გადიდება აქვს. 


ორივე Pro ვერსიას კამერის ბლოკში კიდევ ერთი სენსორი დაემატა. ეს საშუალებას იძლევა, კადრში ობიექტებამდე მანძილი გავზომოთ, რაც რეალობის აღქმის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. სენსორი ასევე ეხმარება კამერას ფოკუსირება მწირი განათების პირობებშიც კი შეძლოს. IPhone 12 Pro-მ და Pro Max– მა ღამის რეჟიმში პორტრეტებისა და Timelapse ვიდეოების გადაღების შესაძლებლობაც მიიღეს. წინა კამერას კი ღამის რეჟიმი და Deep Fusion-ი დაემატა. 


IPhone 12 Pro Max– ს აიფონების ისტორიაში ყველაზე დიდი ეკრანი აქვს. მისი დიაგონალი 6,7 დუიმია. ახალი Pro მოდელები ხელმისაწვდომი ოთხ ფერში იქნება, მათ შორის არის ახალი- Pacific Blue. IPhone 11 Pro-ს მუქი მწვანე ვერსია კი ამ შემთხვევაში აღარ გამოიყენება.
 

სხვა თემები