09 ნოემბერი 2020 - 11:29

რა საერთო აქვთ წარმატებულ კომპანიებს? რა უნდა გააკეთოთ, რომ თქვენი სტარტაპი მილიარდად შეფასდეს?

ფოტო: shutterstock.com

იცით თუ არა რას ნიშნავს ტერმინი „უნიკორნი“? არც გსმენიათ? ასე მოიხსენიებენ წარმატებულ სტარტაპებს, რომელთა საბაზრო ღირებულება მილიარდ დოლარს აჭარბებს. 


ტერმინი "უნიკორნი" (unicorn-ი - მითოლოგიური მარტორქა ცხენი), როგორც სტარტაპის მახასიათებელი, პირველად 2013 წელს ვენტურული ინვესტორის, ეილინ ლის სტატიაში გამოჩნდა და ის ბიზნესსაზოგადოებამ სწრაფად აიტაცა. ლის პირველი აღმოჩენა ის იყო, რომ წარმატებული სტარტაპები იშვიათობას წარმოადგენენ. ბოლო 10 წლის განმავლობაში 1 მილიარდ ამერიკულ დოლარად ვენტურული დაფინანსების მქონე სტარტაპების მხოლოდ 0,07% -ი შეფასდა. სწორედ ამ დროს მან მოიფიქრა აღნიშნული ტერმინი იმ კომპანიებისთვის, რომლებმაც ეს შეძლეს. ლი სახელწოდების რამდენიმე ვარიანტს განიხილავდა, მაგრამ არჩევანი „უნიკორნზე“ შეაჩერა, რათა გამოეხატა ის „უნიკალურობა და ალქიმია“, რაც მსგავს პროექტებს ახასიათებს.

რით არიან გამორჩეული „უნიკორნები“?

წარმატებულ სტარტაპებს მხოლოდ ღირებულება არ აერთიანებთ. 2018 წელს Business Insider-მა კიდევ ოთხი მახასიათებელი გამოჰყო. 


პირველ რიგში, „უნიკორნი“ სტარტაპები მომხმარებელზეა ორიენტირებული - მათი 62%-ი  B2C-ში მუშაობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ცდილობენ ახალი პროდუქტი ან მომსახურება ხელმისაწვდომი გახადონ მომხმარებლებისთვის და არა - პარტნიორი კომპანიებისთვის. მაგალითად, Uber-ი ტაქსის შეკვეთის სერვისს ამარტივებს, Airbnb-ი კი უცხო ქალაქში მოკლევადიანი პერსპექტივით საცხოვრებლის დაქირავებას აადვილებს. 


მეორე მხრივ, ეს სტარტაპები ტექნოლოგიურ კომპანიებს წარმოადგენენ - „უნიკორნების“ 87%-ი პროგრამულ უზრუნველყოფაზე მუშაობს. მაგალითად, Dropbox-ი საშუალებას გაძლევთ, ღრუბლოვანი ტექნოლოგიის გამოყენებით ფაილები გაგზავნოთ. 


სტარტაპების მუშაობის სქემა კომისიას ექვემდებარება. თუ ტაქსი ერთხელ მაინც გამოგიძახებიათ, ალბათ იცით, რომ მთელი თანხა პირდაპირ მძღოლს არ გადაეცემა: თითოეული მგზავრობიდან გარკვეული პროცენტი კონკრეტულ ორგანიზაციაში მიდის. მუშაობის ეს სქემა „უნიკორნების“ 33% -ისთვის არის დამახასიათებელი. 


და ბოლოს, ამ სტარტაპების ყველაზე პოპულარული ბაზარია საცალო ვაჭრობა და ელექტრონული კომერცია, სადაც „უნიკორნების“ 25%-ი მილიონებს შოულობს. 


2013 წელს ეილინ ლის ჩამონათვალში მხოლოდ 39 კომპანია იყო. პირველ ადგილზე Facebook-ი მოხვდა. აქვე იყო LinkedIn-ი, Twitter-ი, Instagram-ი, Pinteres-ი, YouTube-ი, Uber-ი, Airbnb, Dropbox-ი, Groupon-ი და სხვ. თუმცა დღეისათვის, Crunchbase– ის თანახმად, ეს ჩამონათვალი 629-მდე გაიზარდა. 


ბოლო დროს „უნიკორნების“ განსაკუთრებით მომრავლებამ დღის წესრიგში ახალი ტერმინის აუცილებლობა დააყენა. 2015 წელს ბიზნესგამოცემამ Bloomberg Businessweek– მა გამოიყენა ტერმინი „Decacorn“-ი (unicorn-ის საპირისპიროდ) იმ კომპანიებისთვის, რომელთა ღირებულებაც 10 მილიარდი ამერიკული დოლარი ან მეტია. იდეის ავტორებმა განმარტეს, რომ ”ეს არის გამოგონილი სიტყვა და ეფუძნება არსებას, რომელიც ბუნებაში არ არსებობს”. „დეკაკორნების“ ჩამონათვალში ლის პირველი სიის ზოგიერთმა სტარტაპმაც გადაინაცვლა. მათ შორის არის Airbnb-ი, Dropbox-ი, Pinterest-ი და Uber-ი ახდა სხვ.

მითიური არსებების აღლუმი 

CB Insights-ის თანახმად, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სტარტაპი ჩინური კომპანია ByteDance-ია. მისი ღირებულება 140 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ის ფლობს პოპულარულ აპლიკაციაTikTok- სა და შინაარსის აგრეგატორ Toutiao- ს, რომელიც თითოეული მომხმარებლისთვის ახალი ამბების პერსონალიზებას აკეთებს. 


მეორე ადგილიც კიდევ ერთმა ჩინურმა სტარტაპმა დაიკავა. კომპანია Didi მომხმარებელს სატრანსპორტო მომსახურებას (ტაქსი, მანქანის დაქირავება, პირადი მძღოლის მომსახურება და სხვ.) სთავაზობს. სტარტაპის ღირებულება 56 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. სიაში მესამე პოზიციაზეა ილონ მასკის კოსმოსური კომპანია SpaceX-ი (46 მილიარდი აშშ დოლარი). 


მხოლოდ 2020 წლის სექტემბერში „უნიკორნების“ მსოფლიო ჩამონათვალს კიდევ 28 სტარტაპი დაემატა. მათ შორის არის შემოქმედებითი ადამიანებისთვის შექმნილი პლატფორმა Patreon-ი (აშშ), შვედური კომპანია Klarna, რომელიც მომხმარებელს უპროცენტო განვადებას სთავაზობს (ამჟამად ის ევროპაში ყველაზე ძვირადღირებული „უნიკორნია“), ასევე- ინდური Zomato, რომელიც რესტორნების ქსელის მფლობელია და საკვების მიწოდების  მომსახურებით არის დაკავებული. სხვათა შორის, აშშ-სა და ჩინეთის შემდეგ, „უნიკორნი“ სტარტაპები ყველაზე ხშირად ინდოეთში იქმნება.

ჰგვანან თუ არა ერთმანეთს „უნიკორნების“ მფლობელები?

როდესაც ეილინ ლიმ ტერმინი "უნიკორნი" გამოიყენა, ის ცდილობდა დაედგინა შესამჩნევი მსგავსება ამ კომპანიების დამფუძნებლებს და არა თავად სტარტაპებს შორის. ამაში ის ეთანხმება ვენტურული ინვესტორების გავრცელებულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ფსონი უნდა დადო ადამიანზე და არა იდეაზე. 


აღმოჩნდა, რომ ბრწყინვალე კარიერის შესაქმნელად „უნიკორნის“ დამფუძნებელს უნივერსიტეტის მიტოვება სულაც არ ჭირდება. ბილ გეითსისა და მარკ ცუკერბერგის მაგალითები ამ წესის გამონაკლისია, წარმატებული სტარტაპერების საშუალო ასაკი კი 34 წელია. როგორც წესი, ამ დროისთვის სტარტაპის დამფუძნებელს უკვე აქვს შესანიშნავი განათლება, რასაც სტენფორდის ან ჰარვარდის დიპლონი ადასტურებს. ასევე აღმოჩნდა, რომ „უნიკორნის“ დამაარსებელი, როგორც მარტოხელა გენიოსი აკვალანგისტი, მორიგი მითია. ამ კატეგორიის სტარტაპების უმრავლესობას რამდენიმე თანადამფუძნებელი ჰყავს, საშუალოდ- სამი. მათგან ერთს მაინც უმუშავია ტექნოლოგიურ ორგანიზაციაში და საკუთარი კომპანიის შექმნის გამოცდილება აქვს, თუმცა- წარუმატებელი. წარმატების მისაღწევად საკუთარი შეცდომების გათვალისწინება ხომ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი მეთოდია.

სტარტაპების მარათონი

ტექნოლოგიური სტარტაპები ახალი პროდუქტების შექმნის მარათონში აქტიურად არიან ჩართული და ტემპიც სულ უფრო იმატებს. მოგებისთვის კი მხოლოდ მეტი ფულის მიღება საკმარისი აღარ არის. ამიტომაც ჩნდებიან ეგრეთ წოდებული "ჩუმი უნიკორნები“ - დიდი პოტენციისა და მაღალი ღირებულების მქონე ახალგაზრდა კომპანიები, რომლებიც გლობალურ ბაზარზე გასვლას არ ჩქარობენ. 


ბევრ „უნიკორნს“ სულაც არ აქვს ის შედეგი, რასაც ინვესტორი ელოდა. Რაშია პრობლემაა? ზოგი არარეალური შეფასებებისთვის ანალიტიკოსებს ადანაშაულებს, სხვა კი გადამეტებულ ხარჯებს იმიზეზებს. ორივე შენიშვნა საკმაოდ სამართლიანია. თუმცა არსებობს კიდევ ერთი, არანაკლებ საყურადღებო მიზეზი, რის გამოც „უნიკორნები“ იღუპებიან - შიში და ინოვაციის უუნარობა, როდესაც ზურგს უკან კონკურენტების სუნთქვას გრძნობენ.

როგორ გამოვზარდო ჩემი „უნიკორნი“? 

თუ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე არსებული საფრთხეები არ გაშინებთ და გსურთ წამოიწყოთ სტარტაპი, რომელიც მომავალში შეიძლება „უნიკორნი“ გახდეს, მაშინ ყურადღება მიაქციეთ აქტუალურ მიმართულებებს - ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, მანქანათმშენებლობა და საცალო ვაჭრობა. ახლა ყველა აქტიურად ეძებს ტექნოლოგიებს, რაც ხელს შეუწყობს ხარჯების შემცირებასა და ახალი ბიზნესმოდელების შექმნას.

სხვა თემები