27 ნოემბერი 2020 - 12:26

ამბობენ, რომ მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბო ახალგაზრდავდება, თუმცა მისი დროულად აღმოჩენა შესაძლებელია. როგორ?

ფოტო: shutterstock.com

მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბო (კოლორექტალური კიბო) არის იმ იშვიათ დაავადებათაგან ერთ-ერთი, რომლის პროფილაქტიკაც რეგულარული გამოკვლევებით არის შესაძლებელი. თუმცა თავისთავად ეს სამედიცინო პროცედურა შეიძლება პაციენტისთვის საზიანოც იყოს. რა შემთხვევაშია ამ მიმართულებით გამოკვლევის ჩატარება რეკომენდებული, ძალიან დიდ კითხვის ნიშანს ბადებს. სამედიცინო ორგანიზაციები ამ თემაზე ხშირად კამათობენ. ამიტომაც საინტერესოა, თუ ვინ და როდის უნდა გაიკეთოს მსხვილი ნაწლავის კიბოზე გამოკვლევა.

კოლორექტალური კიბო ახალგაზრდავდება (მაგრამ არა ყველა ქვეყანაში) 

პირველად აშშ-ში შეამჩნიეს, რომ სწორი ნაწლავის კიბო 50 წლამდე ასაკის ადამიანებში გახშირდა. თანდათანობით გამოჩნდა მონაცემები, რომ სხვა ქვეყნებშიც მსგავსი მდგომარეობაა, თუმცა ყველგან არა. 2017 წელს გამოქვეყნდა კვლევა, რომლის მიხედვითაც კოლორექტალური კიბოს შემთხვევები და სიკვდილიანობა 50 წლამდე ამერიკელებში იზრდება, 55 წელს გადაცილებულებში კი მცირდება. 


როდესაც კიბოთი დაავადებისა და გარდაცვალების რისკი არა ზოგადად, არამედ გარკვეული თაობის ადამიანებში იზრდება, ამას კოჰორტის ეფექტს უწოდებენ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აბსოლუტური თვალსაზრისით, ახალგაზრდები უფრო ხშირად ავადმყოფობენ, ვიდრე - უფროსები. როდესაც საქმე ონკოლოგიურ დაავადებებს ეხება, ასაკის მატებასთან ერთად ავადმყოფობისა და სიკვდილის რისკი ყოველთვის იზრდება. 


ევროპაში კოლორექტალური კიბოს განვითარების რისკი ახალგაზრდებში უფრო დაბალია, ვიდრე - ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამავდროულად, ზოგიერთ ქვეყანაში, ახალგაზრდებში კიბოს შემთხვევები არ იზრდება. სხვაგან კი ონკოლოგიური დაავადებები გახშირებულია როგორც ახალგაზრდებში, ისე - ასაკოვნებში (pdf ). ეს უკვე არის არა კოჰორტის, არამედ იმ პერიოდის ეფექტი, როდესაც ყველა ასაკში ინციდენტობის მაჩვენებელი ერთდროულად იზრდება. 


თუ გარკვეული თაობის ადამიანები უფრო ხშირად იწყებენ ავადმყოფობას, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ცხოვრების განსხვავებული წესით, ფიზიკური დატვირთვის ხარისხით, კვების რაციონითა და ჭარბწონიანობის გავრცელებით. თუ საქმე ყველა ასაკობრივ კატეგორიას ეხება, ამის მიზეზი, შესაძლოა, სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებში რისკფაქტორების ზოგადი გავრცელება იყოს. ავადობისა და სიკვდილიანობის ცვლილებების ზუსტი მიზეზის პოვნა კონკრეტული ქვეყნის მოსახლეობაში ძალიან რთულია. ამ დროს როგორ უნდა მოიქცეთ?

პირველ რიგში, იფიქრეთ პროფილაქტიკაზე! 

სკრინინგს შეუძლია თავიდან აიცილოს კოლორექტალური კიბოთი სიკვდილიანობის მხოლოდ ნაწილი. ეს დიაგნოსტიკური პროცედურების ხარისხსა და ეფექტიანობასთან არის დაკავშირებული. სკრინინგის გარდა, სწორი ნაწლავის კიბოს რისკი შეიძლება პროფილაქტიკის საშუალებით  შემცირდეს და ეს დეტალურად არის აღწერილი ევროპულ კოდექსში, რომელიც 2014 წელს გამოქვეყნდა. 


სკრინინგისგან განსხვავებით, პროფილაქტიკური ზომები ზიანის ნაკლებად შემცველია. გარდა ამისა, ის მიზნად ისახავს არა მხოლოდ მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკის შემცირებას, არამედ სიმსივნის სხვა სახეობებსა და არაგადამდებ დაავადებებს ეხება. ნაადრევ სიკვდილს ძირითადად სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები იწვევს. მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკ-ფაქტორებია: 


-    მოწევა;
-    მჯდომარე ცხოვრების წესი;
-    ფიზიკური დატვირთვის არქონა;
-    ალკოჰოლის მოხმარება;
-    კვების რაციონში წითელი და დამუშავებული ხორცის ჭარბი ოდენობა; 
-    ჭარბი წონა.


ამიტომაც ექიმები რეკომენდაციას უწევენ ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინებას, თუ გსურთ შეამციროთ არა მხოლოდ კოლორექტალური კიბოს, არამედ სხვა დაავადებების განვითარების რისკიც.

ყურადღება მიაქციეთ, ხომ არ გაქვთ მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკი მომატებული?

ზოგიერთ ადამიანს, სხვებთან შედარებით, კოლორექტალური კიბოს განვითარების თანდაყოლილი რისკი აქვს. მათთვის რეგულარული შემოწმების სხვა სახელმძღვანელო მითითებები არსებობს და ეს ექიმთან უნდა შეთანხმდეს. თუ თქვენ გყავთ ოჯახის წევრი, რომელსაც კიბო შედარებით ახალგაზრდა ასაკში (50-წლამდე) დაუფიქსირდა, მაშინ მემკვიდრეობითობის სინდრომის ალბათობა აქტუალურად უნდა განიხილებოდეს. მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკის წინასწარი შეფასებისთვის, აშშ-ის ონკოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ვებგვერდს ეწვიეთ.

კიბოს თავიდან აცილება შესაძლებელია სკრინინგის საშუალებით, თუმცა ფრთხილად უნდა იმოქმედოთ! 

კოლორექტალური კიბო ყველაზე ხშირად პოლიპის გამო ვითარდება. ეს წარმონაქმნი კოლონოსკოპიაზე ჩანს. როგორც წესი, პოლიპი კიბოდ რომ გარდაიქმნას, დაახლოებით 10 წელი სჭირდება, თუმცა თუ მას დროულად მოიშორებთ, კიბოს განვითარების პროცესი შეწყდება. რეგულარული შემოწმებისთვის ასევე გამოიყენება ფეკალური ოკულტური სისხლის ტესტი. განავალში სისხლი პოლიპების ან უშუალოდ ნაწლავის კიბოს გამო ვლინდება, შეუიარაღებელი თვალით კი მისი შემჩნევა რთულია. 


მოცემულ მომენტში კოლორექტალური კიბოს სკრინინგის დაწყების ოპტიმალური ასაკი 50 წელია. ამის გაკეთება ორი მეთოდით არის შესაძლებელი: ფეკალური ოკულტური სისხლის ტესტი და კოლონოსკოპია. პირველი ნაკლებად საშიშია, მაგრამ პოლიპის ან კიბოს შეუმჩნევლად დარჩენის შანსი მაინც არსებობს და შეიძლება ჯანმრთელი ადამიანის ანალიზის პასუხი დადებითი აღმოჩნდეს. თავიდანვე კოლინოსკოპიის გაკეთებაც არის შესაძლებელი, თუმცა სკრინინგის პირველ ეტაპზე ამ მეთოდის სარგებლისა და ზიანის ბალანსი ჯერ ბოლომდე გარკვეული არ არის. 


ახლა უფრო დაწვრილებით განვიხილოთ თითოეული ის პრობლემა, რომელიც ექიმებმა და სამედიცინო ორგანიზაციებმა უნდა გადაწყვიტონ და რომელთა ცოდნაც პაციენტებისთვის მნიშვნელოვანია.

პრობლემა № 1: შესაძლოა, სკრინინგის ასაკი უნდა შემცირდეს, თუმცა ეს შეიძლება საზიანოც იყოს

2018 წელს ამერიკის ონკოლოგიის საზოგადოებამ რეკომენდაცია გასცა, რომ კოლორექტალური კიბოს შემოწმება 45 წლის ასაკიდან დაწყებულიყო. ამით ზღვარი ხუთი წლით შემცირდა. 2019 წლის ნოემბერში ამერიკის თერაპევტთა კოლეგიამ ამ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა და სკრინინგის დაწყების ასაკი 50-წლიან ნიშნულზე დატოვა. ეს დაპირისპირება გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ ჯერ კიდევ არ არსებობს საიმედო კვლევა, რომელიც კოლორექტალური კიბოს სკრინინგის ასაკის შემცირების სარგებელს დაადასტურებს. 


ეფექტიანი სკრინინგი კიბოთი გარდაცვალების რისკს მხოლოდ ერთი მესამედით ამცირებს. გარდა ამისა, ნებისმიერ გამოკვლევას მთელი რიგი ნეგატიური შედეგი აქვს: საუკეთესო ტესტიც კი შეიძლება ამა თუ იმ მიმართულებით შეცდეს. ის შეიძლება იყოს დადებითი მათთვის, ვისაც დაავადება არ აქვს და უარყოფითი შედეგი აჩვენოს იმ პაციენტებისთვის, ვისაც კიბო აქვს. მაგალითად, ფეკალური ოკულტური სისხლის ტესტი კიბოს ან პოლიპს დაავადებული ადამიანების მხოლოდ 40-60% -ში აფიქსირებს, ხოლო დადებითი პასუხი პოლიპის ან კიბოს არმქონე ადამიანთა 5%-ს უფიქსირდება.  


გარდა ამისა, ნებისმიერმა გამოკვლევამ შეიძლება იშვიათად, მაგრამ მაინც სერიოზული გართულებები გამოიწვიოს. კოლინოსკოპიის შედეგად მწვავე სისხლდენისა და გარდაცვალების შემთხვევებიც არის ცნობილი. საერთო ანესთეზიაც უსაფრთხო არ არის. საფრანგეთში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ყოველ 100 ათას პროცედურაზე, 40–75 წლის დაახლოებით 5 ადამიანი შეიძლება დაიღუპოს. თუ ჩვენ ბევრ დიაგნოსტიკურ პროცედურას გავიკეთებთ (და სკრინინგი სწორედ ამას გულისხმობს), მაშინ ყველა ამ პრობლემის რისკი შეიძლება სერიოზულ მაჩვენებელში გადაიზარდოს. თუმცა თითოეული ადამიანისთვის ეს საფრთხე მაინც დაბალია. 

პრობლემა № 2: თავდაპირველი სკრინინგისთვის რომელი მეთოდი ავირჩიო? 

სკრინინგისთვის თეორიულად შეიძლება გამოყენებულ იქნას ოთხი მეთოდი: ფეკალური ოკულტური სისხლის ტესტი (რაოდენობრივი და ხარისხობრივი), კოლონოსკოპია და სიგმოსკოპია. 
უმარტივესი ვარიანტია ფეკალური ოკულტური სისხლის ტესტი, რომელიც ხელს უწყობს განავალში სისხლის ელემენტების აღმოჩენას, რაც შეუიარაღებელი თვალით არ შეინიშნება. ასე შესაძლებელია ერთ სანტიმეტრზე მეტი პოლიპების 20-40%-ის აღმოჩენა. დღეისათვის ყველაზე ეფექტიანად  იმუნოქიმიური ტესტები ითვლება, თუმცა ისინი განსხვავებულია. 


რომელი ტესტია უკეთესი - ხარისხობრივი თუ რაოდენობრივი, ცნობილი არ არის. ზოგადად, მათ შორის დიდ განსხვავებაზე სპეციალისტები არ საუბრობენ, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ბევრი რამ კონკრეტულ ტესტზეა დამოკიდებული. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სკრინინგის დროს კოლონოსკოპია და სიგმოსკოპიაც გამოიყენება. თუმცა ამ ოთხიდან რომელია საუკეთესო, ამაზე სპეციალისტები ცალსახა პასუხს არ იძლევიან.

პრობლემა № 3: კოლონოსკოპიას ყველა ერთნაირად კარგად ვერ აკეთებს 

კოლონოსკოპიის მთავარი ამოცანაა პოლიპების გამოვლენა და მათი მოცილება. ამ უკანასკნელის გაკეთებას სპეციალისტები პირველივე პროცედურის დროს ცდილობენ, რათა პაციენტი განმეორებითი კოლონოსკოპიის დამატებითი რისკის წინაშე არ დააყენონ. 


კოლონოსკოპიის ჩატარების ხარისხი დამოკიდებულია სამედიცინო ორგანიზაციაზე, სადაც სპეციალისტი მუშაობს, მის კვალიფიკაციასა და აპარატურის ხარისხზე. ამიტომაც სანამ აღნიშნული პროცედურის ჩატარებას გადაწყვეტთ, აუცილებელია ზემოთ ხსენებული კრიტერიუმებით იხელმძღვანელოთ.

სხვა თემები