16 ნოემბერი 2020 - 10:59

ქსოვილის ნიღაბი სჯობს თუ სამედიცინო? რა მასალისგან უნდა იყოს პირბადე დამზადებული და როგორ უნდა მოვიხმაროთ ის სწორად? 

ფოტო: shutterstock.com

ჯანდაცვის მიმართულებით მომუშავე ბევრი ორგანიზაცია ნიღბის ტარებას ღია სივრცეშიც უწევს რეკომენდაციას. თუმცა ხშირად საუბრობენ არა სამედიცინო პირბადეებზე, არამედ ზოგიერთი ექსპერტი ამტკიცებს, რომ სასურველია ნიღაბი ნაჭრის იყოს. ამასთან, ეს უკანასკნელი, სამედიცინოსგან განსხვავებით, ნაკლებად არის შესწავლილი და ზუსტად არ არის ცნობილი, თუ რომელია უფრო ეფექტიანი. უმეტესწილად ექსპერტების რეკომენდაციები ემყარება იმ ფაქტს, რომ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები საკმარისი სამედიცინო პერსონალისთვისაც არ არის და ერთჯერადი ნიღბების მარაგი სწორედ მათთვის უნდა დაიზოგოს. საინტერესოა, რა უნდა იცოდეთ, სანამ ნიღბის შეძენას ან მის თავად გაკეთებას გადაწყვეტთ?

სამედიცინო ორგანიზაციების ფარგლებს გარეთ ხშირად ქსოვილის ნიღბების ტარებას გვირჩევენ. რატომ?

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა გვახსოვდეს არის ის, რომ სამედიცინო დაწესებულებების ფარგლებს გარეთ ნებისმიერი ნიღაბი, უპირველეს ყოვლისა, დაავადებისგან თქვენს გარშემომყოფებს იცავს. ამ დროისთვის ძალიან მწირი მონაცემები არსებობს იმის შესახებ, რაც საშუალებას მოგვცემს ვთქვათ, იცავს თუ არა ნაჭრის ნიღბები თავად მათ მატარებლებს ვირუსული ინფექციისგან. 


ძირითადად, ოფიციალურ რეკომენდაციებში ნათქვამია, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირებულმა უსიმპტომო პაციენტებმა და ადამიანებმა, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებებში არ იმყოფებიან, ქსოვილის ნიღბები უნდა ატარონ. სწორედ ამ რეკომენდაციას გასცემენ ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (გამონაკლისს წარმოადგენენ რისკ-ჯგუფში მყოფი და თვისობრივი სიმპტომების მქონე პირები - მათ, ჯანმოს თანახმად, სამედიცინო ნიღბები უნდა ატარონ).


დიდ ბრიტანეთში შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, მოქალაქემ სამედიცინო ან ქსოვილის ნიღაბი უნდა ატაროს. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ევროპული ცენტრი კი უპირატესობას სამედიცინო დანიშნულების პირბადეს ანიჭებს. ქსოვილის ნიღბის ტარების მომხრეებიც კი აღნიშნავენ, რომ ადამიანებმა, რომლებიც COVID-19-ის მქონე პაციენტებზე ზრუნავენ ან მათთან ერთად ცხოვრობენ, სამედიცინო ნიღბები უნდა ატარონ. 

ქსოვილის ნიღბები (თეორიულად) შეიძლება ისეთივე ეფექტიანი იყოს, როგორც - სამედიცინო!

სამედიცინო ნიღბები მზადდება მასალებისგან (meltblown, spunbond), რომლებსაც უქსოვს უწოდებენ. ისინი ბრტყელ ზედაპირზე სპეციალური ნაერთის შესხურებით იქმნება. ქსოვილის ნიღბები კი ამა თუ იმ ნაჭრისგან მზადდება. სამედიცინო ნიღბები ჯანდაცვის დაწესებულებებში კარგა ხანია გამოიყენება და ინფექციების შეკავების მიმართულებით მათი ეფექტიანობა დადასტურებულია. არსებული მონაცემებით, ზოგიერთი სახის ქსოვილის პირბადე თეორიულად სამედიცინო ნიღაბს უტოლდება. ამასთან, ქსოვილის ნიღბების შესწავლისას, უმეტეს შემთხვევაში, გამოიკვლიეს მათი პრინციპული შესაძლებლობა, ვირუსის შემცველი წვეთები არ გაატაროს და არა - რეალურ ცხოვრებაში მათი ეფექტიანობა. ეს იმას ნიშნავს, რომ მეცნიერებმა გამოიკვლიეს არა ის, თუ რამდენი ადამიანი დაავადდა მათგან, ვინც ქსოვილის ან სამედიცინო ნიღაბს ატარებდა. ისინი აკვირდებოდნენ თუ რამდენად კარგად აკავებს ქსოვილი წვეთებს. ამ პროცესში მკვლევრები ზოგჯერ სპეციალურ აპარატს იყენებდნენ, ხანდახან კი ადამიანებს იკვლევდნენ. 


პრობლემა ისაა, რომ რეალურ ცხოვრებაში ნიღბების გამოყენების დროს შეიძლება წარმოიქმნას სხვადასხვა ფაქტორი, რაც საბოლოო შედეგზე აისახება. მაგალითად, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს მათი ხმარება დისკომფორტს უქმნის და ისინი ნიღბის ტარების წესებს უგულებელყოფენ ან ნიღბები სწრაფად სველდება და ამის გამო ისინი ნაკლებად ეფექტიანია. სწორედ ამიტომ ამ სახის კვლევის ნებისმიერი შედეგი გარკვეული დოზის სკეპტიციზმით უნდა მიიღოთ.

ქსოვილი რაც უფრო სქელია, მით უკეთესია? 

ქსოვილის ამა თუ იმ სახეობასთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული რეკომენდაციის მიცემა ძალიან რთულია. ამის მიზეზი არის ის, რომ სხვადასხვა კვლევისას ფორმალურად იდენტურმა ქსოვილებმაც კი სრულიად განსხვავებული შედეგები აჩვენა.


კვლევებით დასტურდება, რაც უფრო მეტია ძაფების სიმკვრივე ანუ რაც უფრო მეტი ძაფია ერთ სანტიმეტრზე, ქსოვილი მით უფრო ნაკლებ წვეთს ატარებს. მეტიც, ეს მაჩვენებელი ნიღბის ეფექტიანობაზე გაცილებით დიდ  გავლენას ახდენს, ვიდრე - ფენების რაოდენობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უმჯობესია, პირბადე მკვრივი ქსოვილის ერთი ფენისგან იყოს დამზადებული, ვიდრე - ორშრიანი ნაკლებ მკვრივი მასალისგან, მაშინაც კი, თუ ამ ორ ნიღაბში სანტიმეტრზე ძაფების რაოდენობის ჯამი ერთი და იგივეა. ქსოვილის ნიღბების ეფექტიანობაზე ჩატარებული კვლევების ავტორები რეკომენდაციას უწევენ ბამბას, რომელსაც დუიმზე, სულ ცოტა, 100-ძაფიანი სიმკვრივე აქვს (1 სმ-ზე დაახლოებით 39 ძაფი). 


თუ ნიღაბი წვეთებს ცუდად ფილტრავს, მაშინ ის შეიძლება არა თუ არ გამოგადგეთ, არამედ უარესიც კი იყოს. ერთი მცირე კვლევის მიხედვით, ასეთი ქსოვილის გამოყენების შედეგად იმაზე მეტი წვეთი დაგროვდა მასში, ვიდრე ნიღბის გარეშე საუბრისას. მეორე მხრივ, თუ ქსოვილი ძალიან მკვრივია და სუნთქვა რთულია, ის სწრაფად დასველდება და სასურველი შედეგიც აღარ ექნება. 


ქსოვილის ნიღბის არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ მას ამოსუნთქვის სარქველი არ უნდა ჰქონდეს. ქსოვილის ნიღბები შექმნილია, რათა ინფიცირებული უსიმპტომო ადამიანისგან სხვები დაიცვას. ზემოთ ხსენებული სარქველი კი საშუალებას აძლევს ამოსუნთქულ ჰაერს გარეთ გაფილტვრის გარეშე გამოიყოს (ამ გზით უფრო ადვილია სუნთქვა) და ჩასუნთქვისას იკეტება ისე, რომ ადამიანმა გაფილტრული ჰაერი შეისუნთქოს.

რა წესები უნდა დავიცვა ნიღბის ტარების დროს? 

იმისთვის, რომ ქსოვილის ნიღაბი ვირუსების წყარო არ გახდეს და სასურველი შედეგიც მოგცეთ, რეკომენდებულია შემდეგი წესების დაცვა:


-    შეცვალეთ ნიღაბი, თუ ის დასველდა, დაბინძურდა ან რაიმე მიზეზით მასში სუნთქვა  გიჭირთ. თუ პირბადე სველი ან ჭუჭყიანია, განათავსეთ პოლიეთილენის პარკში, რომელსაც თავი ეხურება. თუ ნიღაბი გარეგნულად მშრალი და სუფთა ჩანს, ქაღალდის ან ნაჭრის ჩანთაში ჩადეთ. ეს არის ამერიკული რეკომენდაციები. ჯანმო კი გვირჩევს, ნიღაბი ყოველთვის პოლიეთილენის პარკში განვათავსოთ. 


-    გარეცხეთ ქსოვილის ნიღბები ყოველდღიურად და უფრო ხშირადაც კი, თუ ის ბინძურდება. გამოიყენეთ საპონი ან სარეცხი ფხვნილი. ჯანმოს რეკომენდაციები ამ მიმართულებით საკმაოდ მკაცრია: ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ნიღბები 60 ° C ტემპერატურაზე უნდა გაირეცხოს. 


-    თუ ნიღაბი ცოტა ხნით უნდა მოიხსნათ, მაშინ ის აუცილებლად უნდა დადოთ უსაფრთხო ადგილზე (იგივე ქაღალდის ტომარა), სადაც მასზე შემთხვევით ვერავინ დაახველებს. 


-    დაიბანეთ ხელები ნიღბის მოხსნამდე და მის შემდეგ. რა თქმა უნდა, ამ პროცესში თქვენს თვალებს, ცხვირსა და პირს არ უნდა შეეხოთ.


არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნიღაბი უსაფრთხოების ზომების მხოლოდ ნაწილია და 2-მეტრიანი დისტანცია არ დაარღვიოთ მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანს ნიღაბი უკეთია. 

სხვა თემები