ამბობენ, რომ COVID-19 ფილტვებს აზიანებს. ეს რამდენად საშიშია?

ფოტო: shutterstock.com
ახალი კორონავირუსის დადასტურების ან ინფიცირებაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში ექიმები ხშირად კომპიუტერულ ტომოგრაფიას ნიშნავენ. აღნიშნულ სამედიცინო დასკვნაში კი ფილტვის დაზიანების მოცულობა პროცენტებშია გამოსახული. ამ ციფრებმა შეიძლება შეგვაშინოს, თუმცა კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე გამოსახული სურათი ყოველთვის დაავადების სიმძიმეს არ აღნიშნავს.
მაშ, რას ნიშნავს ეს შედეგები?
ეს ნიშნავს, რომ ფილტვების გარკვეული პროცენტი, განვითარებული ინფექციის გამო, თავის ფუნქციას ცუდად ასრულებს. როგორც წესი, კოვიდინფიცირების შემთხვევაში ფილტვების დაზიანების აღწერისას, ექიმი ხედავს ცვლილებებს, რომლებსაც რადიოლოგიაში „დაბურულ მინას“ ან/და "კონსოლიდაციას" უწოდებენ. ეს პროცესი იწყება იმიტომ, რომ სისხლძარღვებსა და ალვეოლებს შორის ბარიერი იშლება და ალვეოლები სისხლძარღვების სითხით ივსება. მიუხედავად ამისა, სპეციალისტების განმარტებით, ყველა ალვეოლი „დაბურული მინის“ ზონაშიც კი არ ივსება სითხით. თუმცა ჰაერის მიმოქცევა აღნიშნულ მონაკვეთში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად გართულებულია. ეს კი შედეგად სუნთქვასთან დაკავშირებულ პრობლემებს იწვევს.
სწორედ ამიტომ, გარკვეულ შემთხვევებში ექიმებმა ფილტვების დაზიანების მოცულობა უნდა იცოდნენ. მაგალითად, თუ სპეციალისტმა უნდა გადაწყვიტოს სად მოხდეს პაციენტის ჰოსპიტალიზაცია - ჩვეულებრივ თუ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ან თუ ექიმისთვის აუცილებელია დაავადების დინამიკის მონიტორინგი. თუმცა სპეციალისტებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კომპიუტერული ტომოგრაფიიდან მიღებული ინფორმაცია, არამედ ისინი ყურადღებას ამახვილებენ ორგანიზმის ფუნქციონირების სხვა მაჩვენებლებზე.
ეს სხვა დაავადებების შემთხვევაშიც ასე ხდება?
დიახ. როდესაც ახალი კორონავირუსის შემთხვევაში ფილტვების დაზიანებაზე საუბრობენ, ყველაზე ხშირად პნევმონიას, იმავე ფილტვების ანთებას გულისხმობენ. ეს პროცესი სხვა დაავადებების პარალელურადაც ვითარდება. მაგალითად, პნევმონია შეიძლება იყოს გრიპის გართულების შედეგიც და ეს, რა თქმა უნდა, კომპიუტერულ ტომოგრაფიაზეც გამოჩნდება. თუმცა თუ თქვენ გაქვთ ჩვეულებრივი მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია, დიდი ალბათობით, ფილტვებზე ცვლილებები არ აისახება (და თუ მაინც აღინიშნა მსგავსი რამ, ეს არა პნევმონიით, არამედ სხვა დაავადებით იქნება გამოწვეული).
რაც უფრო დიდია დაზიანება, მით უარესია?
სინამდვილეში, ამ კითხვაზე ცალსახა პასუხის გაცემა რთულია. სპეციალისტების განმარტებით, კომპიუტერული ტომოგრაფიის ერთი და იმავე შედეგის მქონე ადამიანების მდგომარეობა და თვითშეგრძნება შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს. თუმცა ზოგადად, ფილტვების უფრო სერიოზული დაზიანების მქონე ადამიანი, არსებული სიმპტომების გამო, დიდი ალბათობით, საავადმყოფოში მოხვდება.
ამავდროულად, სიმპტომების გამოვლენის პირველ დღეებში შეიძლება კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე ცვლილებები საერთოდ არ გამოჩნდეს ან პირიქით- ცვლილებები შეიძლება დაავადების გარეგნული ნიშნების გამოვლენამდე აისახოს. აქვე ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ საავადმყოფოდან გაწერის დროს ადამიანს, რომელსაც, ბოლოს და ბოლოს, შეუძლია თავად ისუნთქოს, კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგი უარესი აქვს, ვიდრე- ჰოსპიტალიზაციის პირველ დღეს. ამის მიზეზი არის ის, რომ ფილტვებს გამოჯანმრთელებისთვის დრო სჭირდება და ვირუსი თავისი არსებობით მათ აღარ აზიანებს. ფილტვების დაზიანების მოცულობა შეიძლება იყოს 25%-ზე ნაკლები, 25-50%, 50-75% და 75%-ზე მეტი.
როდესაც ერთმანეთს ადარებენ იმ ადამიანების კომპიუტერულ ტომოგრაფიას, რომელთაც დაავადება სხვადასხვა სირთულით განუვითარდათ, ფილტვების უფრო ფართო დაზიანება უფრო ცუდ პროგნოზს ანუ გარდაცვალების მაღალ რისკს გულისხმობს. თუმცა ეს მხოლოდ პირველი გამოკვლევაა და ”მომატებული რისკი” 100%-იან მაჩვენებელს არ ნიშნავს. ექიმების განმარტებით, მხოლოდ კომპიუტერული ტომოგრაფიის მონაცემებზე დაყრდნობით პროგნოზის გაკეთება, სწორი არ არის, რადგან მომდევნო დღეებში სიტუაცია შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს. აქვე ისიც უნდა გახსოვდეთ, რომ სანამ კომპიუტერულ ტომოგრაფიას დაჟინებით მოითხოვთ, კარგად დაფიქრდით, ნამდვილად გჭირდებათ თუ არა ის.
მაშასადამე, ფილტვების დაზიანება გაივლის და არანაირი კვალი არ რჩება?
კვალი შეიძლება დარჩეს, მაგრამ ეს კონკრეტულად რა კატეგორიას ეხება, რთული სათქმელია. აქვე სპეციალისტები იმასაც დასძენენ, რომ კოვიდის შემთხვევაში ფილტვების დაზიანების წინააღმდეგ არანაირი განსაკუთრებული ბრძოლის მეთოდი არ არსებობს და არც არის საჭირო. იმისათვის, რომ თავი მაქსიმალურად კარგად იგრძნოთ, ნებისმიერ შემთხვევაში მნიშვნელოვანია რეაბილიტაციის კურსი გაიაროთ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დაავადება რთულ ფორმებში განგივითარდათ.