19 ნოემბერი 2020 - 10:00

არის თუ არა ძვლის ტვინის გადანერგვა დონორისთვის საშიში? მითი და რეალობა

ფოტო: shutterstock.com

ლეიკოზისა და სხვა დაავადებების სამკურნალოდ ორმოცდაათ წელზე მეტია, რაც ძვლის ტვინის გადანერგვა გამოიყენება. დღეს ეს მეთოდი საკმაოდ გავრცელებული და ზოგ შემთხვევაში ერთადერთი საშუალებაა სისხლის ონკოლოგიური დაავადების მკურნალობის მიმართულებით. ბევრ ადამიანს კარგად არ ესმის, რა არის ძვლის ტვინი და როგორ ხდება მისი გადანერგვა. შესაბამისად, ძვლის ტვინის დონაციაზეც არასწორი წარმოდგენები, შიშები და სპეკულაციები არსებობს.

მართალია თუ არა, რომ დონორისგან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოს ნაწილს იღებენ?

ძვლის ტვინი თავისა და ზურგის ტვინისგან არსებითად განსხვავდება. ზურგის ტვინი ნერვული სისტემის ნაწილია და ის ძირითადად ნერვული უჯრედებისგან შედგება. ძვლის ტვინი სისხლმბადი სისტემის უმნიშვნელოვანესი ორგანოა. ის შედგება სისხლის უჯრედებისგან უფრო სწორად ღეროვანი უჯრედებისგან, რომლებიც ერითროციტებად, ლეიკოციტებად და თრომბოციტებად ვითარდებიან. ისინი გამოიყოფიან სისხლის მიმოქცევის პერიფერიულ სისტემაში, რათა შეცვალონ ის უჯრედები, რომელთა სიცოცხლის ციკლიც დასრულებულია. 


ასაკთან ერთად ძვლებში ღეროვან უჯრედებს ცვლის ცხიმოვანი ქსოვილი, რომელსაც „ყვითელი ძვლის ტვინი“ ეწოდება. "წითელი ძვლის ტვინი" კი ზრდასრულებში  სისხლის წარმოქმნას უზრუნველყოფს და ორგანიზმს  სისხლის ახალი უჯრედებით „ამარაგებს“. ის  ძირითადად განლაგებულია მენჯის ძვლებში, თავის ქალის ძვლებში, ნეკნებში, ხერხემალსა და მხრების ძვლებში. მას გადანერგვისთვის ზოგადი ანესთეზიით მენჯის ძვლებიდან ნემსით იღებენ ან სპეციალური მედიკამენტების დახმარებით ღეროვანი უჯრედები სისხლის მიმოქცევის პერიფერიულ სისტემაში გამოიდევნება და ვენიდან ნემსით იღებენ (ზოგადი ანესთეზიის გარეშე). პროცედურა  რამდენიმე საათს გრძელდება. 

მართალია თუ არა, რომ პაციენტი და დონორი ერთმანეთს ძალიან ჰგვანან? 

სულაც არა. იმისათვის, რომ დონორის ძვლის ტვინი რეციპიენტის შესაბამისი იყოს, საკმარისია მცირე რაოდენობის გენების გარკვეული ნაწილის თანხვედრა და ისინი გარეგნობაზე პასუხისმგებლები საერთოდ არ არიან. ამავდროულად ცნობილია, რომ დონორის პოვნა უფრო ადვილია იმავე ეთნოსსა თუ რასაში, რომელსაც რეციპიენტი მიეკუთვნება, რადგან ამა თუ იმ მსგავსების არსებობის ალბათობა მეტია. ტრანსპლანტაციის გარკვეული ფორმების შემთხვევაში ხშირია პაციენტის მშობლების ან შვილების დონორობის შემთხვევები.

ძვლის ტვინის დონორობა მხოლოდ ერთხელ არის შესაძლებელი? 

არა. არის შემთხვევები, როდესაც გადანერგვის პირველი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა და ამ პროცესის ჩატარება ხელმეორედ გახდა აუცილებელი. ამ დროს ერთი და იმავე დონორის ძვლის ტვინს იყენებენ და ეს საფრთხეს არ შეიცავს. მსოფლიოში განმეორებითი ტრანსპლანტაციის პრაქტიკაც არებობს. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ერთი ადამიანი სხვადასხვა მიმღების დონორი გამხდარა.

დონორობა ჯანმრთელობისთვის საზიანოა? 

სინამდვილეში, საქმე არც ისე ცუდად არის. დონორობის ეს ფორმა უსაფრთხოდ ითვლება და უმეტეს შემთხვევაში, შედეგები რამდენიმე დღეში ან კვირაში ქრება. ძვლის ტვინის ამოღების დროს ადამიანი ზურგის ან მენჯის არეში ტკივილს გრძნობს, შეიძლება დაღლილობის შეგრძნებაც ჰქონდეს. იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს ანესთეზიასთან დაკავშირებული სერიოზული გართულება (მაგ. ძლიერი თავის ტკივილი, ფილტვის შეშუპება და სხვ.) ან ნემსის შეყვანის დროს ნერვი დაზიანდეს. ღეროვანი უჯრედების გადანერგვისას, ამა თუ იმ პრეპარატის შეყვანის დროს შეიძლება კუნთის ტკივილი ან გრიპის მსგავსი სიმპტომები წარმოიქმნას. შეიძლება დონორს დაეწყოს გულისრევა, ძილთან დაკავშირებული პრობლემები და ტემპერატურის მცირე მატება. 


აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ ძვლის ტვინისა და ღეროვანი უჯრედების გადანერგვის გამო, სიკვდილის ერთეული შემთხვევები მაინც დაფიქსირდა. ყველაზე სენსაციური ამბავი იყო ის, რაც 2019 წელს, ნიუ ჯერსის შტატის ბერგენის კლინიკაში მოხდა. ერთთვიანი კომის შემდეგ დონორი დერიკ ნელსონი გარდაიცვალა. დონაციამდე შემოწმების დროს აღმოჩნდა, რომ ის იყო გენის ისეთი ვარიანტის მატარებელი, რომელიც ორმაგ ეგზემპლარად ნამგლისებურ-უჯრედოვანი ანემიის განვითარებას იწვევს. დონორს ასევე ჰქონდა ძილის აპნოე, რამაც ექიმები შეაშფოთა. მიუხედავად ამისა, მათ პროცედურის ჩატარება გადაწყვიტეს. გადანერგვის დროს ნელსონი კომაში ჩავარდა და რამდენიმე კვირის შემდეგ გარდაიცვალა. ის გმირივით დაკრძალეს.


მსოფლიოში ძვლის ტვინის დონორების ერთ-ერთი უდიდესი რეგისტრის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ ძვლის ტვინის დონაცია უფასოა: „დონორი არასდროს იხდის დონაციისთვის და არც ანაზღაურებას იღებს“. მისი ერთადერთი ხარჯი შეიძლება იყოს სამუშაოზე არყოფნა. სწორედ ამ წესს იცავენ ძვლის ტვინის დონორების რეესტრები მთელ მსოფლიოში.

სხვა თემები