04 დეკემბერი 2020 - 10:42

რას ნიშნავს იუვენალური იუსტიცია? არის თუ არა ის მშობლისთვის შვილის ჩამორთმევის საშუალება?

ფოტო: shutterstock.com

იუვენალური იუსტიციის მოწინააღმდეგენი მას ხშირად უწოდებენ ოჯახის კონტროლის სისტემას, რომლის მიხედვითაც მცირედი დანაშაულისთვის მშობლებს შვილებს ართმევენ (და უკან არასდროს უბრუნებენ). მათი აზრით, მსგავსი ფაქტები მუდმივად ხდება აშშ-სა და დასავლეთ ევროპაში, სადაც მართლმსაჯულების ეს ფორმა სახელმწიფო დონეზეა მიღებული. მართალია თუ არა ეს და რა უნდა ვიცოდეთ იუვენალური იუსტიციის შესახებ?

რა არის იუვენალური იუსტიცია?

იუვენალური იუსტიცია საბავშვო მართლმსაჯულების თანამედროვე ფორმაა. ის XIX საუკუნის ბოლოს გამოჩნდა როგორც სპეციალური სასამართლო ბავშვებისთვის, რომლებმაც ესა თუ ის დანაშაული ჩაიდინეს. ამგვარი მართლმსაჯულების მიზანი ჩვეულებრივისგან განსხვავდება. იუვენალური სასამართლო ხელმძღვანელობს იმით, რომ არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაული არის არა მისი ბრალი, არამედ - უბედურება. ამიტომაც, ამ ბავშვებისთვის ბრალის წაყენება და დასჯა კი არა, მათი ცხოვრების პირობების შეცვლა, აღზრდა სოციალიზაციაა საჭირო. 


აღნიშნული კატეგორიის არასრულწლოვნებთან მუშაობის მეთოდებს შორის იგულისხმება: შერიგების პროცედურები და მედიაცია (როგორც დაზარალებულთან, ისე  მის ოჯახთან), სოციალური დახმარების ზომები, რომლებიც საზოგადოებაში ბავშვის რეაბილიტაციას უნდა ემსახურებოდეს და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა. გარდა ამისა, არასრულწლოვანთა მიმართ საქმის განხილვისას შეიძლება გათვალისწინებული იყოს სპეციალური სანქციები და პროცედურები: დახურული სასამართლო სხდომების ჩატარების შესაძლებლობა (რათა ბავშვი მედიის მხრიდან ზედმეტი ჩარევისგან დავიცვათ), კანონიერი წარმომადგენლების სავალდებულო მონაწილეობა, ნასამართლეობის ნაცვლად იძულებითი აღმზრდელობითი ზომების მიღება და სხვ. 


უმეტეს ქვეყანაში იუვენალური იუსტიცია კანონმდებლობით არის გამყარებული. მათ შორის არის საბერძნეთი, აშშ, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, შვეიცარია და სხვ.

ქვეყნებში, სადაც იუვენალური ტექნოლოგიებია განვითარებული, მშობლის უფლებების ჩამორთმევის გადაწყვეტილებას იუვენალური სასამართლო იღებს? 

სხვადასხვა ნაციონალური სისტემა განსხვავებულად არის მოწყობილი. თუმცა, როგორც წესი, იუვენალური სასამართლოები არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილ სისხლის სამართლისა და სხვა სახის დანაშაულს განიხილავენ. მშობლის უფლებების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილებას კი საოჯახო ან ჩვეულებრივი სასამართლოები საოჯახო კანონმდებლობის შესაბამისად იღებენ.

რა საჭიროა იუვენალური იუსტიცია, თუკი ჩვეულებრივი სასამართლო არსებობს?

არასრულწლოვნებთან სამუშაოდ ბავშვის ფსიქოლოგია უნდა გესმოდეთ. განვითარებული იუვენალური ტექნოლოგიების მქონე ქვეყნებშიც არ არის აუცილებელი, რომ ყოველ ასეთ შემთხვევაში იუვენალური სასამართლო გაიმართოს. ზოგჯერ ჩვეულებრივ სასამართლო პროცესში ჩართულია სპეციალისტი, რომელსაც აღნიშნული პროფილის განათლება აქვს მიღებული და ბავშვებთან მუშაობის მიმართულებით სპეციალური მომზადება აქვს გავლილი.

როგორ მუშაობს იუვენალური მართლმსაჯულება? 

იუვენალური მართლმსაჯულების მიდგომის ფარგლებში, მოსამართლეები თანამშრომლობენ არასრულწლოვანთა საკითხების შემსწავლელ კომისიებთან, შერიგების სამსახურებსა და მედიატორებთან, სოციალურ სამსახურებთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს არასრულწლოვანთა საქმეების განყოფილებებსა და მეურვეობის ორგანოებთან. წინასწარი გამოძიების ეტაპზეც კი, არასრულწლოვანთა საკითხების შემსწავლელი კომისია ან სასამართლო სარეაბილიტაციო პროგრამებზე უკვე განცხადებას ამზადებს. ეს უკანასკნელი შეიძლება გულისხმობდეს როგორც მოძალადისა და მსხვერპლის შერიგებას, ასევე - კომპლექსურ მუშაობას ბავშვის ოჯახთან (თუ საუბარია პრობლემურ ოჯახზე). ნებისმიერ შემთხვევაში, სარეაბილიტაციო პროგრამა ეხება არა მხოლოდ არასრულწლოვან დამნაშავეს, არამედ - მის გარემოცვასაც. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბავშვი სარეაბილიტაციო პროგრამას სრულად გაივლის. 

სხვა თემები