02 დეკემბერი 2020 - 10:34

ჩემს შვილს სწავლა არ უნდა. ამბობს, რომ გაკვეთილები მას არაფერში გამოადგება. როგორ გადავარწმუნო?

ფოტო: shutterstock.com

თქვენი შვილი ამბობს, რომ სწავლა არ უნდა და ის, რაზეც გაკვეთილებზე მას ესაუბრებიან, არასდროს არაფერში გამოადგება? თქვენ ეს ძალიან გაღელვებთ და ფიქრობთ, რა უნდა უპასუხოთ? საინტერესოა, რა არგუმენტებით შეიძლება გაამყაროთ მოსაზრება, რომ სასკოლო საგნები სამომავლო საქმიანობაში ნამდვილად გამოსადეგია.

ზოგჯერ სკოლა მეც უსიამოვნოდ  მახსენდება. ბევრი რამ ხომ ნამდვილად უაზრო იყო?

კი და არა. ბევრს სკოლაზე სასიამოვნო მოგონებები ნამდვილად არ აქვს. თუმცა ეს უფრო სწავლების მეთოდთან იყო დაკავშირებული. კარგად გვახსოვს, როგორ გვაზეპირებინებდნენ ყველაფერს და გვაკეთებინებდნენ იმას, რაც არ მოგვწონდა. დღეს უკვე სწავლების მეთოდების შეცვლაზე სულ უფრო ხშირად საუბრობენ. სტანდარტიზებული განათლება თანდათან ინდივიდუალური მიდგომებით იცვლება. თანამედროვე მეთოდები ცალკეული მოსწავლის ინტერესების გათვალისწინებას გულისხმობს და მას მოქნილი ტრაექტორიის შექმნის შესაძლებლობას აძლევს. მაგალითად, მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროგრამის პარალელურად  ციფრული პლატფორმები გამოიყენოს და შესაბამისი მასალები მოიპოვოს. ასე რომ, საქმე მხოლოდ სასკოლო საგნებში არ არის.

და მაინც, რატომ უნდა ისწავლოს ჩემმა შვილმა მათემატიკა? სუპერმარკეტის სალაროში ფული რომ დაითვალოს?

არა მხოლოდ. Global Education Futures-ისა და WorldSkills-ის ექსპერტები ლოგიკასა და სივრცით აზროვნებას ასახელებენ იმ მთავარ უნარ-ჩვევებს შორის, რაც ადამიანს მომავალში დასჭირდება. მათ განვითარებას კი მათემატიკა ხელს უწყობს. მისი ცოდნა ადამიანს კარიერულ პერსპექტივებს უქმნის. ექსპერტების მონაცემებით, მთელ მსოფლიოში მოთხოვნა იზრდება მონაცემთა ანალიტიკოსებზე, პროგრამული უზრუნველყოფისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში მომუშავე სპეციალისტებზე. თუმცა საქმე მხოლოდ კარიერას არ ეხება. მათემატიკური აზროვნება სასარგებლოა ცხოვრებაშიც: ის საშუალებას გაძლევთ ინფორმაცია უკეთ გააანალიზოთ, ყველაზე ქაოტურ პროცესებშიც კი ფარული სტრუქტურები დაინახოთ, უფრო მკაფიო გეგმები შეადგინოთ და გადაწყვეტილებები ფაქტებზე და არა ემოციებზე დაყრდნობით მიიღოთ.

ყველგან დიჯიტალიზაცია და IT მესმის! გამოდის, რომ ჰუმანიტარული საგნები აღარავის სჭირდება?

პირიქით. ისეთი საგნები, როგორიც არის ლიტერატურა და უცხო ენები, ხელს უწყობს კრეატიული აზროვნების განვითარებას, საკუთარი მოსაზრებების უკეთ გაანალიზებასა და იმის განსაზღვრას, თუ როგორ შეიძლება მზარდი ტექნოლოგიური შესაძლებლობები ყოველდღიურ ცხოვრებაში ეფექტიანად გამოვიყენოთ. ჰუმანიტარები სილიკონის ველსაც კი სჭირდება. გარდა ამისა, ასეთ ცოდნას ბევრი პრაქტიკული სარგებელი მოაქვს. მაგალითად, სპეციალისტები, რომლებიც უცხო ენაზე საუბრობენ, სხვებზე 11%-ით მეტს გამოიმუშავებენ. ამავდროულად, უცხო ენების ცოდნა საშუალებას გაძლევთ ფილმებს ორიგინალში უყუროთ, თქვენი საყვარელი სიმღერის ტექსტი გაიგოთ, უცხოენოვან პოდკასტებს მოუსმინოთ და არ დაელოდოთ თქვენთვის საინტერესო წიგნი მშობლიურ ენაზე როდის ითარგმნება.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ საბუნებისმეტყველო საგნების გარეშე ხომ ცხოვრება ნამდვილად შეიძლება! 

ხუმრობთ? საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, სულ ცოტა, საკუთარი თავის უკეთ გაგებასა და მსოფლმხედველობის განვითარებაში დაგეხმარებათ. მაგალითად, ბიოლოგია გასწავლით ბაქტერია ვირუსისგან როგორ უნდა განასხვავოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ აღარ გექნებათ ცდუნება, მწვავე რესპირატორულ ვირუსულ ინფექციას ანტიბიოტიკებით უმკურნალოთ. ქიმია კი დაგეხმარებათ კოსმეტიკური და სარეცხი საშუალებები ოპტიმალური შემადგენლობით შეარჩიოთ და ფულს აღარ დახარჯავთ ისეთ მარკეტინგულ ხრიკებში, რომლებიც მარადიულ ახალგაზრდობას გპირდებათ. გარდა ამისა, ბიოლოგებსა და გენეტიკოსებზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება. მაგალითად, აშშ-ში ბიოქიმიკოსები უკვე წელიწადში საშუალოდ 90 ათას დოლარზე მეტს გამოიმუშავებენ, ბიოსამედიცინო ინჟინრები - 88 ათასს, ხოლო მიკრობიოლოგები - 70 ათასს.

შესანიშნავია, მაგრამ როგორ გავუღვივო ჩემს შვილს სწავლის მოტივაცია?

ამისათვის სხვადასხვა მეთოდი არსებობს. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს მიეცეს შესაძლებლობა მიღებული ცოდნა ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენოს. მაგალითად, შეგიძლიათ შესთავაზოთ, რომ ნაცნობი პროდუქტების შემადგენლობა ინგლისურიდან თარგმნოს. ან თუ გადაწყვეტთ, რომ თქვენს შვილს ცალკე საბანკო ბარათი ჰქონდეს, მიეცით მას საშუალება სხვადასხვა ვარიანტი თავად გააანალიზოს და მისთვის შესაფერისი აარჩიოს. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი სასკოლო სახელმძღვანელოების მიღმაც წაახალისოთ. დღეს საამისოდ უამრავი დამატებითი შესაძლებლობა არსებობს. მაგალითად, სახალისო საგანმანათლებლო ბლოგები, ონლაინ-თამაშები და დისტანციური კურსები, რაც თქვენი შვილის პოტენციალის უკეთ გამოვლენას შეუწყობს ხელს. 


Sutton Trust- ის კვლევის თანახმად, ახალგაზრდების 88%-ი, დამსაქმებელთა 94%-ი და პედაგოგების 97%-ი  მიიჩნევს, რომ ”ცხოვრებისეული უნარები” ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც - აკადემიური (ზოგჯერ უფრო მნიშვნელოვანიც კი).

სხვა თემები