12 დეკემბერი 2020 - 22:18

კოვიდვაქცინის ეფექტიანობა 90 ან 95%-ს შეადგენს. რას ნიშნავს ეს? რატომ იცვლება აღნიშნული მაჩვენებლები მუდმივად? 

ფოტო: shutterstock.com

კორონავირუსის საწინააღმდეგო სხვადასხვა ვაქცინის შემქმნელები, მათი ეფექტიანობის დასადასტურებლად, ყოველდღიურად განსხვავებულ ციფრებს ასახელებენ. რატომ ხდება ასე და რას ნიშნავს ეს?

ჯერ ერთი, რას ნიშნავს ეფექტიანობა? 

ეს არის რაოდენობრივი განსაზღვრა იმისა, თუ რამდენად მცირდება არავაქცინირებულებთან შედარებით, აცრილი ადამიანების ინფიცირების რისკი.

ეს არის იმის პროცენტული მაჩვენებელი, ვაქცინირებულთა შორის რამდენი არ დაავადდება?

არა. ეს ეხება კონკრეტულად რისკის შემცირებას.

კარგი. როგორ გამოითვლება ვაქცინის ეფექტიანობა? 

სპეციალური ფორმულით. კლინიკური კვლევის III ფაზაში მოხალისეები ორ ჯგუფად იყოფიან. ერთი ნაწილი მიიღებს ვაქცინას, მეორე კი-პლაცებოს. 
როდესაც ორივე ჯგუფში შემთხვევათა საერთო რაოდენობა წინასწარ განსაზღვრულ ნიშნულს მიაღწევს, მკვლევრები პრეანალიზს ატარებენ. სწორედ ამ დროს ისინი გამოთვლიან თითოეულ ჯგუფში რამდენი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირების რისკის გამოსათვლელად, შემთხვევათა რაოდენობას ჯგუფში შემავალი ადამიანების საერთო მაჩვენებელზე ჰყოფენ.

ეფექტიანობის მაჩვენებელი გუშინ ერთი იყო, დღეს სხვაა. რატომ? 

იმიტომ, რომ კვლევის დროს ადამიანების ინფიცირება შემთხვევითი პროცესია. ეფექტიანობა, რომელიც პირველი ათეული შემთხვევის საფუძველზეა მიღებული, მოგვიანებით ზუსტდება. 


მონაცემების დაგროვების პროცესში (იმის მიხედვით, თუ როგორ ინფიცირდებიან კვლევის მონაწილეები) ეფექტიანობის მაჩვენებელი თანდათან ზუსტდება. გარკვეულ მომენტში კი უკვე შესაძლებელია იმის ხაზგასმით თქმა, გადალახა თუ არა მან წინასწარ განსაზღვრული ბარიერი. სწორედ ამის შემდეგ შეიძლება ეფექტიანობის შესწავლა დასრულდეს და გვერდითი მოვლენებისა თუ სხვა მეორეხარისხოვანი ინდიკატორების მონიტორინგი გაგრძელდეს.

95%-ი უმჯობესია თუ 92% -ი?

რა თქმა უნდა, 95%-იანი ეფექტიანობა უკეთესია, ვიდრე 92%-იანი. თუმცა ეს განსაზღვრა არ არის საკმარისად ზუსტი იმის სათქმელად, რომ აღნიშნული განსხვავება ჩვეულებრივი შემთხვევითობის შედეგი არ არის (სხვადასხვა კვლევის მონაწილეები და სხვადასხვა ჯგუფის წევრები განსხვავებულ მომენტებში ინფიცირდებიან და ამის პროგნოზირება შეუძლებელია). სწორედ ამიტომ მიღებული შედეგები პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა აღვიქვათ და ზემოთ ხსენებული შემთხვევითი კომპონენტი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. ამისათვის სხვადასხვა სტატისტიკური მეთოდი  არსებობს. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ნდობის ინტერვალის კონცეფცია: თუ შედეგები ერთი და იმავე მნიშვნელობის დიაპაზონში მოხვდება, ითვლება, რომ მათ შორის არსებითი სხვაობა აღარ არის.

გამოდის, საბოლოო ჯამში რა პროცენტი დაფიქსირდება, მხოლოდ ექსპერიმენტის დროს შემთხვევითობაზეა დამოკიდებული?

არა. რა თქმა უნდა, ეს სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. მაგალითად, მოხალისეების ასაკობრივ-სქესობრივი სტრუქტურული სხვაობა სხვადასხვა კვლევაში, ეპიდემიის დროს ინფიცირების ძირითადი გზების განსხვავება იმ ქვეყნებში, სადაც კვლევა ტარდება. ამ შემთხვევაში ექსპერიმენტის მონაწილე სუბიექტების კულტურულ და გენეტიკურ მახასიათებლებში არსებული განსხვავებაც კი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. 


სწორედ ამიტომ, მწარმოებლების პირველი პრესრელიზების მიხედვით ვაქცინების ერთმანეთისთვის შედარება ნამდვილად არ ღირს. საჭიროა ყველა დეტალის, სტატისტიკური ანალიზისა და ეფექტიანობის მკაფიოდ გათვლილ, ნდობის ინტერვალების შემცველ სრულფასოვან პუბლიკაციებს დაველოდოთ. 
კიდევ ერთი რამ, რაც არ უნდა დაგვავიწყდეს: კლინიკურ კვლევაში ვაქცინის ეფექტიანობა და ყოველდღიურ ცხოვრებაში მიღებული მისი შედეგი შეიძლება ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს. კვლევის დროს  პროცედურებზე ზედამხედველობა ძალიან დაკვირვებით და დაჟინებით მიმდინარეობს, პრაქტიკაში კი ეს ყველაფერი შეიძლება სხვანაირად იყოს. სწორედ ამიტომ, ვაქცინის მოსალოდნელი და რეალური ეფექტიანობის აღსანიშნავად ეპიდემიოლოგიაში სხვადასხვა ტერმინიც კი არსებობს: efficacy და effectiveness.

მაშასადამე, ის ციფრები, რაც ახლა გვაქვს, არაფერს ამბობს? 

ამბობს. ეს კარგი ციფრებია და მიანიშნებს, რომ ვაქცინები, დიდი ალბათობით, კარგად მუშაობენ, თუმცა ისინი არ გვეუბნებიან, რომელი მათგანია უკეთესი. ნებისმიერ შემთხვევაში, ეფექტიანობის მაჩვენებლებში არსებული განსხვავებები ახლა ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე - ვაქცინის საჭირო რაოდენობითა და სისწრაფით წარმოება. სწორედ ეს არის ყველაზე აქტუალური და არა- მცირედ განსხვავებული პროცენტები.

სხვა თემები