28 დეკემბერი 2020 - 14:34

რამდენიმე რჩევა, რომელიც საახალწლოდ თქვენს ონლაინ წვეულებას სადღესასწაულო იერს შემატებს

ფოტო: shutterstock.com

პანდემიის მეორე ტალღა, ახალი შეზღუდვები, ინფიცირებულთა რიცხვი კი თითქმის უცვლელია. შესაბამისად, იძულებული ხართ მეგობრებთან თავყრილობებს მოერიდოთ, არა და, მალე ახალი წელია! ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ონლაინ წვეულება უნდა გამართოთ. დღეისათვის დისტანციური გართობის გარკვეული წესები უკვე ჩამოყალიბდა. აქ მოცემულია რამდენიმე რჩევა, რომლებიც მზადების დროს უნდა გაითვალისწინოთ, რათა ონლაინ ახალმა წელმა იმედი არ გაგიცრუოთ.

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა - მოლოდინი მაქსიმალურად შეამცირეთ!

წინასწარ განეწყვეთ, რომ: 


-    სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლების შეკრებას სავარუდოდ ვერ შეძლებთ;
-    სტუმრები საერთო ინტერესების მიხედვით ვერ დაიყოფიან; 
-    ვერავის ჩაეხუტებით; 
-    რაღაც მომენტში, ყველა ერთდროულად დაიწყებს საუბარს და აზრის გამოტანა გართულდება; 

თუმცა ეს არ არის დღესასწაულის ონლაინ აღნიშვნაზე უარის თქმის მიზეზი! ასე რომ, ღრმად ჩაისუნთქეთ და ქვემოთ მოცემული რჩევები გაითვალისწინეთ.

არავითარი სპონტანურობა, ყველაფერი ზედმიწევნით უნდა იყოს დაგეგმილი!

მოულოდნელი ონლაინ წვეულება კარგი ვერასდროს იქნება. ამ შემთხვევაში ყველა მონაწილე საკმაოდ მალე მოიწყენს. საუბრის თემები რამდენიმე წუთში ამოიწურება და როდესაც ადამიანი ღიმილით დაიღლება, ცუდი ინტერნეტ კავშირის მომიზეზებით დისტანციურ შეხვედრას დატოვებს. თუმცა თუ გარკვეულ დეტალებს წინასწარ გათვლით, ყველაფერი კარგად იქნება. თქვენ უბრალოდ უნდა დაგეგმოთ თარიღი, დრო, სტუმრების სია და ჯგუფური ვიდეოზარის პლატფორმა. ეს უკანასკნელი შეგიძლიათ რამდენიმე ვარიანტიდან აარჩიოთ: Zoom-ი , Google-ი, Skype Meet-ი, Messenger Rooms-ი, whereby და სხვ.

წვეულებამდე შექმენით საერთო ჩატი

წვეულებამდე რამდენიმე დღით ადრე ყველა სავარაუდო მონაწილე მესენჯერში, ჯგუფურ ჩატში შეკრიბეთ. იმსჯელეთ თემატიკაზე (შესაძლოა, ეგრეთ წოდებული დრესკოდიც მოიფიქროთ), დანიშნეთ მუსიკაზე პასუხისმგებელი პირი, აუხსენით ასაკოვან ნათესავებს, თუ როგორ დააინსტალირონ პროგრამა. შეახსენეთ ბებიას, რომ უმჯობესია ყველა საჭირო ნივთი (საჭმელი, სასმელი, ტელეფონი) იქვე დაიდგას, რათა წინ და უკან არ იაროს და თუ გასვლა მოუნდება, მიკროფონს ხმა გაუთიშოს. 


მნიშვნელოვანია, რომ ონლაინ წვეულების ხანგრძლივობა წინასწარ დაგეგმოთ. მოიფიქრეთ, როდის და როგორ დაიწყება ყველაფერი. რაც მთავარია, უნდა იცოდეთ ონლაინ წვეულება როდის დასრულდება, რათა შესაბამისი აქტოვებები დაგეგმოთ. უმჯობესია, თუ სადღესასწაულო დისტანციური შეხვედრის ძირითადი ნაწილი მაქსიმუმ ორი საათი იქნება.

საკურიერო მომსახურების საშუალებით გაგზავნეთ თიზერი 

გამოაცხვეთ რამე გემრიელობა, მოამზადეთ ტკბილი ნაყენი და კურიერის მეშვეობით, დღესასწაულის წინა დღეს მეგობრებს გაუგზავნეთ. მაშინაც კი, თუ ისინი თქვენს ონლაინ წვეულებაზე დასწრებას აქამდე არ გეგმავდნენ, ახლა სინდისი მათ ამის საშუალებას აღარ მისცემს. ზოგადად, წვეულების დაწყებამდე ინტერესი მუდმივად უნდა გააღვივოთ.

თამადა არ დაგავიწყდეთ! 

ონლაინ წვეულებაზე უმჯობესია გყავდეთ ლიდერი (წამყვანი, მოდერატორი). არ აქვს მნიშვნელობა მას რას დაარქმევთ, მთავარია მისი როლი. წინასწარ შეუთანხმდით (იქნებ თავადაც მზად ხართ ამისთვის) - დეტალურად განიხილეთ რას გააკეთებთ და რაზე უნდა ისაუბროთ.

გამოიყენეთ ლეპტოპი და არა ტელეფონი!

შეეცადეთ გამოიყენოთ დიდი ეკრანი - რაც უფრო დიდია, მით უკეთესი. თუ წვეულებას ბევრი ადამიანი დაესწრება, ტელეფონში მათ გარჩევას ძნელად შეძლებთ.

აირჩიეთ რაკურსი და იფიქრეთ ფონზე!

წინასწარ ექსპერიმენტი ჩაატარეთ: შეამოწმეთ როგორ გამოიყურებით კადრში და ფონად რა გაქვთ. არ დადგათ ეკრანი სინათლის წყაროს საპირისპირო მხარეს და საკუთარი თავი ქვემოდან არ გაანათოთ (თუ ეს ჰორორ-წვეულება არ არის). უმჯობესია, თუ შუქი გვერდითა მხრიდან დაგეცემათ (ტორშერი ან მაგიდის სანათი შესაბამისად გადააადგილეთ). 


ლეპტოპი შეგიძლიათ შემაღლებულ ადგილზე დადოთ, თუ ეს თქვენთვის უფრო მოსახერხებელია. ზოგიერთ აპლიკაციაში ასევე შეგიძლიათ სხვადასხვა ფონი იპოვოთ. თუ ბინის მოსაწესრიგებლად საკმარისი დრო არ გქონდათ, დელფინებისა და პალმების დაყენება მარტივად არის შესაძლებელი. სტუმრები ასეთი ხედებით უფრო გაერთობიან, ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ ლექცია არ არის. ამავდროულად, სახალისო ფონები ერთმანეთის ყურადღების მიქცევას გაგიადვილებთ.

დარწმუნდით, რომ ყველა დროულად ჩაერთვება

რამდენადაც ჩვეულებრივ წვეულებაზე დროულად მისვლა იშვიათი მოვლენაა, იმდენად აუცილებელია ამის გაკეთება ონლაინ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაზე პუნქტუალური სტუმარი მარტო იჯდება და დაელოდება დანარჩენებს, კომუნიკაციის მცირედი შანსის გარეშე.

მაშ ასე, რით დავიწყოთ წვეულება? 

მოდით, ყველაფერი ონლაინ ბარის ფორმატით დაიწყოს. წვეულებისთვის მოიფიქრეთ სასმელი, წინასწარ მოამზადეთ ინგრედიენტები და კოქტეილი ინსტრუქციის თანახმად შეაზავეთ (უმჯობესია, ინსტრუქციები საერთო ჩატში წინასწარ გაგზავნოთ). 


გახსოვდეთ, სავარაუდოდ, წვეულების ყველა მონაწილე ერთმანეთს არ იცნობს და ზრდილობა ონლაინ რეჟიმში ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ახალი ფანჯარა გამოჩნდა, აუცილებლად გააცანით სტუმარი ყველას, მოკლედ მოყევით როგორ გაიცანით ერთმანეთი, რას საქმიანობს ის და საერთო აქტივობაში დაუყოვნებლივ ჩართეთ.

კონკრეტულად, რით უნდა დავკავდეთ ონლაინ წვეულებაზე? 

აქ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ წვეულება მოსაწყენი არ იყოს. თუ საუბარს აპირებთ, თემები და კითხვები წინასწარ მოიფიქრეთ. შეგიძლიათ ზოგიერთი აქტივობაც დაგეგმოთ - ბევრი მათგანი ონლაინ ფორმატისთვის უკვე ადაპტირებულია. მაგალითად, შეგიძლიათ აუქციონის ორგანიზება (ნივთები ყველამ წინასწარ უნდა მოამზადოს), საშინელებათა ფილმის ერთად ყურება (Netflix-ი მსგავს რამეს უკვე გთავაზობთ ), პოეზიის საღამოს მოწყობა, სამაგიდო თამაშების გამართვა ან რაიმე უჩვეულოს მომზადება. ბოლოს და ბოლოს, Youtube-ზე ხომ კარაოკესა და ცეკვების ძალიან ფართო არჩევანია.

არ გააჭიანუროთ!

კიდევ ერთხელ, წვეულების ხანგრძლივობა ძალიან მნიშვნელოვანია! მაშინაც კი, თუ თქვენ ყველაფერი წინასწარ დეტალურად დაგეგმეთ, საუბრის ძირითადი თემა შეიძლება მაინც გაწყდეს და მონაწილეებს ყურადღება დაეფანტოთ. ამიტომაც აუცილებლად აირჩიეთ მომენტი, როდესაც საღამოს ძირითადი ნაწილი დასრულდება. თუმცა როგორც ნებისმიერ სხვა წვეულებაზე, რა თქმა უნდა, აქაც აღმოჩნდებიან ისეთები, ვისაც სამზარეულოში, შედარებით მცირე კომპანიონებთან ერთად შეყოვნება სურს.

თუ წვეულების ნაადრევად დატოვება გსურთ, ყველას დაემშვიდობეთ!

სანამ ვიდეოჩატს დატოვებთ, სხვა მონაწილეებს დაემშვიდობეთ. ონლაინ წვეულებაზე გაქცევის შესაფერისი მომენტი არ გექნებათ - ეს  უხეშობის უმაღლეს გამოვლინებად ჩაგეთვლებათ.

ნუ იდარდებთ, რომ ყველაფერი დასრულდა!

ონლაინ წვეულების ვიდეოჩანაწერი აუცილებლად გააკეთეთ, რათა ეს საღამო სამახსოვროდ დაგრჩეთ. გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!

სხვა თემები