07 იანვარი 2021 - 11:18

ისრაელი COVID-19-ზე აცრილთა რაოდენობით მსოფლიო ლიდერია, თუმცა ამ ტემპის შენარჩუნება უკვე შეუძლებელია. რატომ?

ფოტო: shutterstock.com

4 იანვრის მონაცემებით, ისრაელის მოქალაქეთა 13%-ზე მეტმა ახალი კორონავირუსის ვაქცინის პირველი დოზა მიიღო. თუმცა უახლოეს მომავალში ქვეყანას ამ ტემპის შემცირება მოუწევს. პრობლემას დასავლური მწარმოებლებისგან ახალი დოზებით მომარაგება წარმოადგენს. როგორ მოახერხა ისრაელმა რეკორდული მაჩვენებლის მიღწევა და რატომ უნდა შენელდეს ვაქცინაციის პროცესის ტემპი?

რა ხდება? 

ისრაელი ახალი კორონავირუსის ვაქცინის პირველი დოზის გავრცელების შენელებას გეგმავს, უახლოეს დღეებში კი ეს პროცესი შეიძლება სრულად შეჩერდეს, - წერს Times of Israel-ი. ამავდროულად, 4 იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში ვაქცინირებულთა რაოდენობამ 1,2 მილიონს მიაღწია, რაც ისრაელის მოქალაქეთა 13% -ზე მეტია. შესაბამისად, ერთ სულ მოსახლეზე ვაქცინირებულთა რაოდენობის მიხედვით, ქვეყანა მსოფლიო ლიდერი გახდა. შედარებისთვის, COVID-19-ზე აშშ-ის მოსახლეობის 1% -ზე ნაკლები აიცრა.

როგორ გახდა ისრაელი რეკორდსმენი? 

Washington Post-ის თანახმად, ვაქცინაციის მიმართულებით ისრაელის ასეთ წარმატებას თავისი მიზეზები აქვს. პირველ რიგში, ეს არის მოსახლეობის მცირე რაოდენობა (9 მილიონი ადამიანი) და მეორე მხრივ, ჯანდაცვის სისტემის თავისებურებები. ქვეყნის ყველა მოქალაქე ვალდებულია დარეგისტრირებული იყოს ერთ-ერთ იმ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც, თავის მხრივ, მიღებულ ვაქცინებს ცენტრალიზებულად ანაწილებს და საკუთარი პაციენტების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციას ფლობს. 


გარდა ამისა, ისრაელი ჩატარებული ვაქცინაციის შესახებ სისტემურ ჩანაწერებს  აწარმოებს. ეს კი ხელისუფლებას სიტუაციის მონიტორინგსა და მართვას უადვილებს. 


დაბოლოს, ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის ვაქცინაციის წარმატება პოლიტიკური საკითხიც არის. 2021 წლის მარტში, ისრაელში ბოლო ორი წლის განმავლობაში მეოთხე საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს და რა თქმა უნდა, პანდემიასთან ბრძოლა საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ძირითადი თემა იქნება. თუმცა ექსპერტებს ეჭვი ეპარებათ, რომ მემარჯვენე ნეთანიაჰუმ ყველა შესაძლო წარმატების საკუთარი თავისთვის მიწერა მოახერხოს, რადგან ვაქცინაციის მიმართულებით მიღებული შედეგი მრავალი თვალსაზრისით ემყარება ქვეყნის სამედიცინო სისტემის მუშაობას, რომელიც სოციალისტური პრინციპების შესაბამისად არის მოწყობილი.

რამ შეაფერხა ვაქცინაციის პროცესი? 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეზღუდვები გავლენას არ იქონიებს იმ მოქალაქეებზე, რომლებმაც ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიიღეს. მათ, როგორც წესი, მეორედ აცრაც შეეძლებათ. თუმცა ადგილობრივი მედიის ცნობით, ვაქცინის პირველ დოზას უახლოეს დღეებში გაცილებით ნაკლები ადამიანი მიიღებს, ვიდრე - ადრე, როდესაც აცრილთა რაოდენობა ყოველდღიურად 100 ათასს აღწევდა.


იძულებითი შეფერხების ძირითადი მიზეზი ისრაელის ვაქცინით მომარაგების არასაკმარისი ტემპია. ამჟამად ამ ქვეყნის მოქალაქეები Pfizer/BioNTech-ის მიერ წარმოებული პრეპარატით იცრებიან. თუმცა უახლოეს დღეებში Moderna-ს ვაქცინის მილიონიან პარტიას ელოდებიან.  ამ ინფორმაციის გათვალისწინებითაც კი, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო თვლის, რომ პირველადი ვაქცინაციის მიმართულებით, სულ ცოტა, ორკვირიანი შესვენების გაკეთება იქნება საჭირო. 


ისრაელის Channel 12-ის ცნობით, Pfizer-თან მოლაპარაკებებში სირთულეები სწორედ ვაქცინაციის რეკორდულმა ტემპმა გამოიწვია. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სხვა ქვეყნების მთავრობებმა კომპანიისგან ვაქცინის თანაბრად განაწილება მოითხოვეს, მას კი წარმოების სწრაფად გაზრდა არ შეუძლია. თავად Pfizer-ში უარყოფენ, რომ რაიმე სახის გარე ზეწოლას ამა თუ იმ ქვეყნისთვის ვაქცინის მიწოდების შეფერხება შეუძლია. 


ამასთან, თავად ვაქცინაციის პროცესიც შეუფერხებლად არ მიმდინარეობს. ისრაელში მოქმედი წესების თანახმად, აცრის პრიორიტეტული უფლება 60 წელს გადაცილებულ პირებსა და რისკჯგუფების წარმომადგენლებს აქვთ. თუმცა ვაქცინაციაზე ყველა მათგანი არ მიდის და ფლაკონი კი, რომელიც ხუთი პაციენტისთვის საჭირო დოზას შეიცავს, თუ მაცივრიდან გამოიტანეს, მოკლე დროში გამოუსადეგარი ხდება. ნაწილობრივ ამის თავიდან ასაცილებლად, იცრებიან ის ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ რისკჯგუფს არ მიეკუთვნებიან. შესაბამისად, საერთო ჯამში, 20-დან 40 წლამდე ასაკის ისრაელის 100 000- მა მოქალაქემ ვაქცინა უკვე მიიღო. ამავდროულად, აცრილთა შორის აღმოჩნდნენ ჩინოვნიკები, რომლებიც რისკჯგუფებს ასევე არ განეკუთვნებიან. 


ვაქცინაზე უარის განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი (40% -მდე) ფიქსირდება იმ ადგილებში, სადაც არაბულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს. ამავდროულად, ისრაელი პალესტინის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის აცრაზე უარს ამბობს. მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ ღაზას სექტორისა და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს მოსახლეობის აცრა, საერთაშორისო შეთანხმების თანახმად, ადგილობრივი ადმინისტრაციის კომპეტენციაში შედის. ამავდროულად, ისრაელის ხელისუფლება აღიარებს, რომ პალესტინელების ვაქცინაციით ნაწილობრივ თავადაც არის დაინტერესებული, რადგან ათასობით მათგანს ისრაელში მუდმივი სამუშაო ადგილი აქვს. 


ვაქცინაციის შეჩერებამ, შესაძლოა, ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში კიდევ უფრო გააუარესოს. თანაც იმ ფონზე, რომ ისრაელში ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე მესამე ლოქდაუნი გამოცხადდა და  წესები შეიძლება კიდევ უფრო გამკაცრდეს. დაავადების აქტიური შემთხვევების რაოდენობა ისრაელში 49,5 ათასს აჭარბებს, 3 იანვარს კი 5135 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ბოლო თვეების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. უკვე ამ ეტაპზე საავადმყოფოები იძულებული არიან გადაუდებელი ოპერაციების 10% -დან 40% -მდე გადადონ. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ახალი კორონავირუსის მორიგი ტალღა წინაზე უფრო სერიოზულია, მძიმე შემთხვევების რაოდენობაც მეტია და COVID-19-თან საბრძოლველად სულ უფრო მეტი დაწესებულების პროფილის შეცვლაა საჭირო.

სხვა თემები