09 იანვარი 2021 - 16:57

ვინ დაესხა თავს კაპიტოლიუმს? რა ელის აშშ-ის რესპუბლიკურ პარტიას და რას უპირებენ დონალდ ტრამპს?

ფოტო: shutterstock.com

7 იანვარს აშშ-ის კონგრესმა დაამტკიცა ამომრჩეველთა (ყველა შტატიდან) კენჭისყრის შედეგები, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ახალი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უნდა გახდეს. თუმცა კრიზისმა, რომელიც დონალდ ტრამპის მომხრეებსა და პოლიციას შორის კონგრესის შენობაში შეტაკებების შედეგად წარმოიქმნა, მნიშვნელოვანი ახალი კითხვები წარმოშვა: შენარჩუნდება თუ არა ამჟამინდელი ფორმით ორპარტიული სისტემა და რა ელის ახლა რესპუბლიკურ პარტიას? ვინ არიან ძალადობრივი მოძრაობის რეალური ლიდერები? რატომ ვერ შეძლო (ან არ ისურვა) პოლიციამ მომიტინგეები დაუყოვნებლივ შეეჩერებინა?

რა ელის ახლა რესპუბლიკურ პარტიას? ტრამპი ჯერ კიდევ ამ პარტიის წევრად ითვლება?

ფაქტია, რომ რესპუბლიკური პარტიის ელიტა დაიყო. განხეთქილება დაიწყო ჯერ კიდევ 6 იანვრის მოვლენებამდე, როდესაც დონალდ ტრამპის მომხრეებმა კაპიტოლიუმში არეულობა მოაწყვეს. წარმომადგენელთა პალატაში მყოფ ტრამპის ერთგულ მომხრეებსა და სენატორებს სურდათ, რამდენიმე შტატში არჩევნების შედეგები დაებლოკათ და კენჭისყრის „აუდიტის“ მიზნით, სპეციალური კომისია შეექმნათ.

როგორია პროცედურა? 

თუმცა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა, რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა სენატში მიჩ მაკკონელმა და წარმომადგენლობითი პალატის წევრებმა პარლამენტში არჩევნების შედეგების დამტკიცების შეფერხების მცდელობაზე უარი განაცხადეს. კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ კი, როდესაც ორივე პალატის ერთობლივი შეხვედრა განახლდა, ცხადი გახდა, რომ რესპუბლიკური პარტიის ელიტის მხრიდან ტრამპის მხარდაჭერა კიდევ უფრო შემცირდა. 


აშშ-ის აწ უკვე მიმავალი პრეზიდენტის მომხრეებმა არიზონასა და პენსილვანიაში ჩატარებული არჩევნების გასაჩივრება მოახერხეს (დანარჩენ საჩივრებს ხელი არც ერთმა სენატორმა არ მოაწერა და ისინი ხმის მიცემის პროცედურიდან მოხსენეს). საერთო ჯამში, ერთ საჩივარს მაინც 51 რესპუბლიკელი სენატორიდან საკუთარი ხელმოწერით 8 მათგანი დაეთანხმა, ხოლო წარმომადგენლობითი პალატის 203 წევრიდან გასაჩივრების ამა თუ იმ ფორმას 139-მა მოაწერა ხელი. ეს კონგრესმენები და სენატორები ჯერ კიდევ შეიძლება ტრამპის მომხრეებად ჩაითვალონ. თუმცა ბევრი მათგანი უახლოეს მომავალში ალბათ მას ზურგს შეაქცევს. 


კიდევ უფრო ღრმა განხეთქილებაა მოსალოდნელი რესპუბლიკელების საარჩევნო ბაზაში. ის ადამიანები, რომლებიც 6 იანვარს კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, კონგრესში მყოფ რესპუბლიკელებს და განსაკუთრებით მაიკ პენსს მოღალატეებად მიიჩნევენ. ინტერნეტ ფორუმებზე კი, სადაც ტრამპის მომხრეები იკრიბებიან, პარტიის დატოვების მასობრივი კამპანია ტარდება. ბევრი მათგანი მზად არის, მხარი დაუჭიროს პარტიას, რომელიც ტრამპმა უნდა შექმნას, რათა 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობა  მიიღოს (თავად დონალდ ტრამპს ამის შესახებ არაფერი უთქვამს). სხვები კი ემზადებიან, რომ "დემოკრატების ტირანიას" საკუთარი ძალებით დაუპირისპირდნენ.


რთული სათქმელია, რესპუბლიკელების რა რაოდენობაა ვაშინგტონში ხელისუფლების შეცვლის ასეთი სასტიკი მოწინააღმდეგე. ზოგიერთი გამოკითხვის თანახმად, ტრამპის მომხრეთა დაახლოებით ნახევარს მაინც, ასეა თუ ისე, სჯერა შეთქმულების თეორიების, რომელთა მიხედვითაც ქვეყანას ამ ორი უდიდესი პარტიის წარმომადგენელი სატანისტები და პედოფილები მართავენ. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ რესპუბლიკელ ამომრჩეველთა ორ მესამედზე მეტი კაპიტოლიუმზე თავდასხმაში ცუდს ვერაფერს ხედავს


პარტიული კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდება იმით, რომ რესპუბლიკელები კარგავენ შესაძლებლობას, მომდევნო ორი წლის განმავლობაში ვაშინგტონში მიღებულ გადაწყვეტილებებზე უშუალო გავლენა იქონიონ. სანამ ტრამპი არჩევნების შედეგების შესაცვლელად იბრძოდა, რესპუბლიკელებმა ჯორჯიის შტატში, იანვრის დასაწყისში, ორი სენატორის არჩევნების მეორე ტურისთვის თავიანთი ელექტორატის მობილიზება ვერ შეძლეს. შესაბამისად, დემოკრატმა კანდიდატებმა გაიმარჯვეს, რის შედეგადაც რესპუბლიკელებმა 2022 წლის შუალედურ არჩევნებამდე სენატში უმრავლესობა დაკარგეს. კონგრესის ორივე პალატაში დემოკრატების უმრავლესობა ბაიდენს შესაძლებლობას მისცემს ფართომასშტაბიანი რეფორმები გაატაროს. თუმცა ეს ალბათ არც ისე ადვილი იქნება, რადგან აშშ-ის დემოკრატიული პარტია ერთიანობისგან თავადაც შორს არის. შესაბამისად, ახალ პრეზიდენტს მოუწევს, თავის თანაპარტიელებთან რთული მოლაპარაკებები აწარმოოს.


ამრიგად, უახლოეს წლებში რესპუბლიკელებს ღრმა კრიზისი ელოდებათ. ჯერჯერობით რთული სათქმელია, როგორ და როდის შეძლებს პარტია ამ სიტუაციიდან თავის დაღწევას, ვინ გახდება მისი ლიდერი და დაკარგავს თუ არა ის ამომრჩეველთა მნიშვნელოვან ნაწილს.

ვინ შეიჭრა კაპიტოლიუმში და რა შეთქმულების თეორიებზეა საუბარი? 

როგორც ჩანს, იმ ჯგუფის ძირითადი წევრები, რომლებიც კონგრესში პირველები შეიჭრნენ, კონსპიროლოგიური სექტა QAnon- ის მომხრეები იყვნენ. ასე რომ, რქებიანი ჩაფხუტით წამოდგენილი ადამიანი (32 წლის ჯეიკ ანჯელი), რომელიც თავდამსხმელთა პირველ რიგებში იმყოფებოდა და შემდეგ სენატის სპიკერის ადგილი დაიკავა, ფორუმებზე ცნობილი იყო როგორც QAnon Shaman-ი.


2017 წელს წარმოქმნილი QAnon- ის თეორიის თანახმად, ამერიკას (და მთელ მსოფლიოს) მართავს ელიტარული ჯგუფი, რომელიც სატანისტებისა და ბავშვებით მოვაჭრეებისგან შედგება. მათივე რწმენით, ტრამპი და მისი ერთგული სამხედროების ჯგუფი 4 წლის განმავლობაში სატანისტების დამარცხებას  ცდილობდა (ისინი სატანისტების ლიდერებს აპატიმრებდნენ და სამხედრო სასამართლოს გადასცემდნენ. ამ ელიტარულ ჯგუფს კი ჰილარი კლინტონი და ჯორჯ სოროსი ხელმძღვანელობენ). სატანისტები მზად არიან, ტრამპი ყველანაირი მეთოდით ჩამოიშორონ, მათ შორის არჩევნებში ბიულეტენები შეცვალონ. 


ამასთან, QAnon- ის შეთქმულების თეორია მხოლოდ პედოფილების ისტორიით არ შემოიფარგლება. აღნიშნულ ფორუმებზე მტრებად არიან გამოცხადებული ებრაელი ბანკირები და ჟურნალისტები, მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების მფლობელები და სხვ. 


ამერიკელმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ კაპიტოლიუმზე თავდასხმა ფორუმებსა და შიდა მემარჯვენე სოციალურ ქსელებში  რამდენიმე კვირის განმავლობაში განიხილებოდა. თუმცა დემონსტრანტებს შორის იყვნენ არა მხოლოდ QAnon-ის წევრები, არამედ ზოგადად "პირდაპირი დემოკრატიის" მომხრეები. ეს უკანასკნელი არის ანტიელიტური მოძრაობა. მისი წევრები მიიჩნევენ, რომ ამერიკული დემოკრატიის ტირანიისაგან დაცვა შესაძლებელია მხოლოდ კონსტიტუციის მე-2 შესწორებით, რაც მოქალაქეებს იარაღის ფლობისა და „ტირანიასთან“ ბრძოლის შესაძლებლობას მისცემს.

რატომ ვერ ან არ შეძლო პოლიციამ დემონსტრანტების შეჩერება?

თავდაპირველად კაპიტოლიუმში პოლიცია ძალიან მკაცრად ნამდვილად არ მოქმედებდა. ამის მიზეზად კი თავდამსხმელთა განსაკუთრებული რაოდენობრივი უპირატესობა სახელდებოდა. თუმცა მოძრაობა BlackLivesMatter-ისა და მემარცხენე დაჯგუფება "ანტიფას" აქტივისტები დარწმუნებული არიან, რომ აქ ორმაგ სტანდარტს ჰქონდა ადგილი. მათი განცხადებით, ბევრი პოლიციელი და მათი ხელმძღვანელობა, უკიდურეს მემარჯვენეებს ღიად თანაუგრძნობს და შესაბამისად, მათ უფრო ლოიალურად ექცევიან, მაშინ როდესაც მემარცხენე მომიტინგეებს განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებიან


6 იანვრამდე თავად ტრამპის მომხრეებიც მეტწილად დარწმუნებული იყვნენ, რომ პოლიცია და სხვა ძალოვანი უწყებები (განსაკუთრებით, არაფედერალური) მათ მხარეს უნდა დამდგარიყვნენ. თუმცა კონგრესში განვითარებული მოვლენების შემდეგ, როდესაც მომიტინგე ეშლი ბებიტს ესროლეს (ის თავად შეიარაღებული ძალების ვეტერანი იყო), აზრი ბევრმა შეიცვალა. ახლა უკვე უკიდურესი მემარჯვენეები თვლიან, რომ პოლიცია შეიძლება პედოფილებისა და სატანისტების შეთქმულებაში თავადაც მონაწილეობდეს. ამავდროულად, ისინი ირწმუნებიან, რომ კაპიტოლიუმში არ შეჭრილან და პოლიციამ კარი მათ თავად გაუღო. თუმცა მოგვიანებით „გაირკვა“, რომ ეს იყო პროვოკაცია, რომლის მიზანიც მოძრაობის დისკრედიტაცია და საკრალური მსხვერპლშეწირვა გახლდათ. ტრამპის მომხრეთა ფორუმები სავსეა მოწოდებებით, რომ დაისაჯოს პოლიციელი, ვინც ბებიტს ესროლა. სავარაუდოა, რომ თუ პოლიციასთან მემარჯვენეთა შეტაკებები განმეორდება, ორივე მხარე გაცილებით მკაცრად მოიქცევა. 

სხვა თემები